"მითხრა, - ამ ძაღლის მოვლას არ ჯობია, შვილები გააჩინოო?" - გზაპრესი

"მითხრა, - ამ ძაღლის მოვლას არ ჯობია, შვილები გააჩინოო?"

გარშემო მყოფების უხერხულ შეკითხვებს ძირითადად, ღიმილით პასუხობს; აბედნიერებს მზრუნველი მეუღლე, რომელიც ყვავილებს ახლა უფრო ხშირად ჩუქნის, ვიდრე - შეყვარებულობის პერიოდში; საყვარელ საქმეს აკეთებს - ტელეწამყვანი გახლავთ... თაკო კორინთელს "ქალურ-დიასახლისურ" თემებზე ვესაუბრეთ...

- დაოჯახების შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იმაზე ბევრად უკეთესად არის, ვიდრე მანამდე იყო - საყვარელ ადამიანთან ერთად ვცხოვრობ (იღიმის)...

- როგორ ინაწილებთ საოჯახო საქმეებს?

- თანაბრად. კონკრეტული საქმეები განაწილებული არ გვაქვს. ბუნებრივად ხდება, რომ საოჯახო საქმეებში ორივე ერთნაირად ჩართულები ვართ. ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით ვაკეთებთ. ძირითადად, სახლს მე ვალაგებ. კერძების მომზადებას რაც შეეხება, ვაღიარებ, რომ რეალურად, ეს საქმე ლევანს ბევრად უკეთ გამოსდის. ამიტომ ვცდილობ, სამზარეულოში ასპარეზი ხშირად დავუთმო (იცინის), თუმცა ძირითადად, კერძებს მაინც მე ვამზადებ...

- სამსახურებრივ საქმეებს ცოლ-ქმარი ერთმანეთთან განიხილავთ?

- ყოველთვის, რადგან საერთოდ, როცა სახლში დაბრუნებულს, გარკვეულ თემასთან დაკავშირებით სხვისი აზრის მოსმენა მჭირდება, პირველად ყოველთვის ლევანს ვუყვები. ერთად განვიხილავთ და საერთო, ჭეშმარიტ დასკვნამდე მივდივართ... ლევანიც ასე იქცევა.

- დაოჯახების შემდეგ, შენს სადაქალოსთან შეხვედრები ხომ არ შემცირდა?

- არა. ჩემს დაქალებსაც თავიანთი საქმე, სამსახური აქვთ, ოჯახი ჰყავთ... "თავზე საყრელი" დრო მანამდეც არ გვქონია, რომ 24 საათი ერთად ვყოფილიყავით. ყოველ შემთხვევაში, დრო ისე გვაქვს განაწილებული, რომ როცა გვცალია, ვცდილობთ, შევიკრიბოთ. ვერ ვიტყვი, გათხოვების შემდეგ დაქალებს ჩემი ყურადღება მოაკლდათ-მეთქი.

- ლევანი თუ ყოფილა შენი სამეგობროს განხილვის საგანი, თუნდაც - თქვენი შეყვარებულობის პერიოდში?

- კი. ლევანი იყო თუ იყო "დატკეპნილი", "გადავლილი" თემა (იცინის)!.. პრინციპში, როცა სამეგობროში ვთქვი, ეს ადამიანი მიყვარს-მეთქი, ზედმეტი საკითხების განხილვა დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ლევანის ქება-დიდება მესმოდა (იცინის)...

- ერთმანეთის თაყვანისმცემლების, საქმროების მიმართ დაქალები ყოველთვის ასეთი კეთილგანწყობილები ხართ?

- არა, რა თქმა უნდა. ამას დამსახურება უნდა, ლევანმა კი დაიმსახურა. ყოფილან ჩემი დაქალების ისეთი თაყვანისმცემლები ან შეყვარებულები, რომლებიც სადაქალოს არ მოგვწონდა. სიტუაციის შესაბამისად ვმოქმედებდით და ვსაუბრობდით - ამ თემას თამამად განვიხილავდით, რადგან ვფიქრობ, მეგობარი იმისთვისაა, რომ თუკი თავად რამე "მინუსს" ვერ ხედავ, მეგობარმა აუცილებლად უნდა დაგანახვოს, ცოტათი აზრზე მოგიყვანოს. პირადად მე, ყოველთვის ასე ვიქცევი: თუ ვხედავ, რომ ჩემი დაქალი რამეში ცდება და ვერ ამჩნევს, მირჩევნია, მწარე სიმართლე ვთქვა, ვიდრე დავმალო და თავი მოვაჩვენო - თითქოს ყველაფერი კარგადაა. სხვა შემთხვევაში, ეს უკვე მეგობრობა არ იქნება.

- ასაკის მატება გაშინებს?

- სხვათა შორის, ამაზე ბოლო დროს დავფიქრდი, რადგან მავიწყდება ხოლმე, რომ 29 წლის გავხდი. რამდენჯერმე ვთქვი, - 28-ის ვარ-მეთქი... როცა დავფიქრდი, შემეშინდა, მაგრამ ხომ ამბობენ, - ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვსო? არ ვიცი, ამას თავს ვაჯერებ თუ მინდა დავიჯერო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მაინც ასე "გადამაქვს", რომ არ ვინერვიულო (იღიმის)...

- ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს სტუმრობ?

- არა. იმიტომ კი არა, რომ რამეს ვეწინააღმდეგები? პირიქით, ასაკის მომატების მერე, თუ ქალს ნაოჭები გაგიჩნდება, რაც არაესთეტიკურად გამოჩნდება, აუცილებლად უნდა გაისწორო. არ მინდა, ამბიციურად ნათქვამი გამომივიდეს - მეც ბევრი ხარვეზი, ნაკლი მაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, მიმაჩნია, რომ ესთეტიკური მედიცინის ჩარევა არ მჭირდება: მსურს, ბუნებრიობა მაქსიმალურად შევინარჩუნო.

- შენთვის ფორმაში ყოფნა დიდ ფინანსებს უკავშირდება?

- არ დავკვირვებივარ - ხარჯები არ დამიწერია. სალონს მხოლოდ ფრჩხილების მოსაწესრიგებლად და ეპილაციისთვის ვსტუმრობ. ვარცხნილობის კორექცია ან მაკიაჟი თუ მჭირდება, ამის საშუალება ტელევიზიაში მაქვს.

- როგორ ფიქრობ, საქართველოში ქალობა რთულია?

- აუ, რთული არაფერია. გააჩნია, სიტუაციას როგორ შეხედავ, საკუთარ თავს როგორ "მომართავ". ფსიქოლოგიურ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. კი, რა თქმა უნდა, ისეთი პერიოდი ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის, როცა შეიძლება, ემოციებს აჰყვე, ინერვიულო, თავი ვერ გააკონტროლო, მაგრამ თუკი ყველაზე გამოუვალ სიტუაციაშიც კი სიმშვიდეს ინარჩუნებ, ჩემი აზრით, ძალიან მაგარი ქალი მაშინ ხარ. ბევრისგან მომისმენია - საქართველოში ცხოვრება რთულიაო... მთავარია, შრომისმოყვარე იყო და ის საქმე აკეთო, რომელიც გიყვარს. საქართველოში კი არა, საერთოდ, სამყაროში რთული არაფერია, რადგან თუ რამეს მოინდომებ, მიზანს დაისახავ, ყოველთვის ყველაფერი გამოგივა. მთავარია შრომა და ფსიქოლოგიური მხნეობა.

- სიტყვა "ქალური" რას ნიშნავს? ვინ გახსენდება, ვისზეც შეიძლება ითქვას, რომ ქალურია?

- ბევრი ვინმე გამახსენდა - ქართველიც და უცხოელიც: მსახიობი, მომღერალი... მაგალითად, მონიკა ბელუჩი არის ქალური, დახვეწილი...

- ანუ ქალურობა დახვეწილობას გულისხმობს. კიდევ რა თვისებები უნდა ახასიათებდეს ასეთ ქალს?

- ნაზი უნდა იყოს, იმავდროულად - იდუმალად ძლიერი. ჩემი აზრით, ქალს აბსოლუტურად ყველაფერი შეუძლია, მაგალითად - სიფრიფანამ შეიძლება, მთა აიღოს და გადადგას, თუ მოინდომებს, მაგრამ როდესაც ქალის გვერდით ღირსეული მამაკაცი დგას, ამის გაკეთება არ დასჭირდება.

thako-wyvili-1638260826.jpg

- ქალებთან დაკავშირებული რომელი სტერეოტიპის დასახელება შეგიძლია?

- "ქალი ვიცი "კუხნაში". არ ვიცი, 21-ე საუკუნეში ისეთი მამაკაცები თუ კიდევ არსებობენ, ვინც დამახინჯებული აზროვნების ამ გადმონაშთს იზიარებენ. ჩემი აზრით, გვერდით წარმატებული ქალის ყოლა ყველას აბედნიერებს.

- "კვირაში 9 პარასკევი" გაქვს?

- საკითხს გააჩნია. შეიძლება, საღამომდე განწყობა ათჯერ შემეცვალოს, მაგრამ არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც მყარ გადაწყვეტილებებს ვიღებ. მაგალითად, თუ საღამოს სადმე წასვლა დაიგეგმა, მაგრამ მე ეს დიდად არ მინდა, შეიძლება გადაწყვეტილების მიღება გავაჭიანურო, გავაჯანჯლო, აზრი ბევრჯერ შევიცვალო და ბოლოს მიზეზი მოვძებნო, რომ არ წავიდეთ...

- მელანქოლიურ ფიქრებს როგორ უმკლავდები?

- საკუთარ თავზე ვმუშაობ: თუ ფიქრები უარყოფითისკენ "გამექცა", ვცდილობ, სწორი მიმართულება მივცე - ფსიქოლოგიურად ვაკონტროლო... სხვათა შორის, სიხარულისგან უცებ აჟიტირებაც არ მიყვარს.

- ეჭვიანი ხარ?

- არა. პირადი ურთიერთობა იქნება თუ საქმიანი, თუკი ადამიანი საბაბს არ მომცემს, არ ვეჭვიანობ. ამ ეტაპზე, ეჭვიანობა არ მჭირდება და იმედია, არც დამჭირდება (იღიმის)...

- როცა გეფლირტავებიან, როგორ იქცევი?

- თითზე იმხელა ბეჭედი მიკეთია, ხელს რომ ავწევ, აბა, ფლირტის გაბმა ვინმემ გაბედოს (იცინის)!.. საერთოდ, გააჩნია, ასეთ სიტუაციაში თავად ქალი როგორ მოიქცევი...

- სოციალურ ქსელში, მეუღლის აქტიურობას თვალყურს ადევნებ, კომენტარი ვინ დაუწერა, ვისი ფოტო მოიწონა?..

- არა, ასეთი რაღაცები არ მაინტერესებს, მაგრამ სხვადასხვა ჯგუფში ჩემი ქმარი პოლიტიკური შინაარსის კომენტარებს წერს, რომლებსაც შემთხვევით ვაწყდები - ბევრჯერ "გამიფაქტავს" (იცინის). პირადად მე, ყოველთვის აპოლიტიკური ვარ - პოლიტიკასთან დაკავშირებით, ჩემს აზრს არასდროს ვწერ, არ მაინტერესებს, ამ საკითხში არ ვერევი. ლევანი ხანდახან თავის აზრს აფიქსირებს, რის გამოც მერე ვბრაზდები ხოლმე.

- თანაცხოვრების დაწყებიდან ლევანის ხასიათის რა თვისება აღმოაჩინე, რის შესახებაც შეყვარებულობის პერიოდში არ იცოდი?

- აღმოვაჩინე, რომ ბევრად მეოჯახეა, ვიდრე მეგონა. საერთო ჯამში, კარგი ბიჭია, რა უჭირს (იცინის)?.. კიდევ უფრო მზრუნველი და ყურადღებიანია, ვიდრე მანამდე იყო, მაგალითად - შეყვარებულობის პერიოდში ჩემთვის ყვავილები ხშირად მოჰქონდა. ახლა უფრო ხშირად მოაქვს (იღიმის).

- გარშემო მყოფები არ გეკითხებიან, - შვილის გაჩენას როდის აპირებთ, აღარ არის ამის დროო?

- პერიოდულად ასეთი შემთხვევები არის. მეუბნებიან, - უკვე ბავშვზეც უნდა იფიქროთო. ასეთ ადამიანებს ხუმრობით ვპასუხობ: ჯერ დამაცადეთ-მეთქი ან ყურს მოვიყრუებ ხოლმე. ძირითადად, მსგავს ფრაზებს ღიმილით, ხუმრობაში "ვატარებ".

- უხერხულ შეკითხვებს არასოდეს გაუღიზიანებიხარ?

- მაგალითად, ერთი შემთხვევა მწარედ დამამახსოვრდა: ვინც მიცნობს, იცის, რომ ცხოველები განსაკუთრებულად მიყვარს. შესაბამისად, ქუჩის ძაღლებთანაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს - შემიძლია, მივიდე და მოვეფერო. ბევრისთვის ეს მიუღებელია. სანამ ლევანს ცოლად გავყვებოდი, ჩემს ეზოში, ერთ-ერთ ძაღლს სახლი დავუდგი, საჭმელს ვუყრიდი, პლედებით ვამარაგებდი (რადგან პლედებს იპარავდნენ)... ერთხელ ძალიან ცივი ამინდი იყო. ძაღლს ვეფერებოდი, როცა მეზობელი ქალი მომიახლოვდა და მითხრა: ამ ძაღლის მოვლას არ ჯობია, რომ შვილები გააჩინო და მათ მოუაროო?.. ვიფიქრე, ხნიერი ქალია-მეთქი და მისი ნათქვამი ამით გავამართლე...

- თავს ძლიერ ქალად მიიჩნევ?

- საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს და საერთოდ, ამბიციური ადამიანი არ ვარ, მაგრამ კი, თავს ძლიერ ქალად მივიჩნევ, რატომაც არა! თუნდაც, კარიერაში ყველაფერი ჩემი შრომით გავაკეთე - ჩემს სამუშაო სფეროში ახლობლები არ მყოლია, ვინც დამეხმარებოდნენ. საჭირო დროს საჭირო ადგილზე ვხვდებოდი - ეს ბედისწერაცაა, მაგრამ სუსტი რომ ვყოფილიყავი, იმას მაინც ვერ გავაკეთებდი, რაც გავაკეთე...

ეთო ყორღანაშვილი