"ბავშვებთან ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ" - გზაპრესი

"ბავშვებთან ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ"

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გია გოგიშვილის პერსონაჟის - ბონდოს გამოჩენა მაყურებლისთვის თითქმის ყოველთვის ღიმილის მომგვრელია: ობლობაში გაზრდილი სოფლელი კაცი შვილის "გადიდკაცებას" ალღოს ვერ უღებს და ცოტა არ იყოს, დაბნეულია... როგორც მსახიობმა გვითხრა, ბონდოს პერსონაჟის გამო, მისი რეალური შვილებიც ხალისობენ.

- ამჟამად, თეატრებში ვმუშაობ. ზოგ მათგანში, მსახიობობასთან ერთად, ტექნიკურ საქმესაც ვხელმძღვანელობ. ახლა ძალიან მძიმე პერიოდი მაქვს: თოჯინების თეატრს ვაშენებთ. ფაქტობრივად, 70-კაციან დარბაზს უფულოდ ვაკეთებთ, როგორც შეგვიძლია; სოხუმის თეატრში განათების ფერმებს ვკიდებთ... რეპეტიციებიც მაქვს, სპექტაკლებშიც ვთამაშობ და "ჩემი ცოლის დაქალებშიც" ვმონაწილეობ...

- შვილებისთვის სათანადო დროის დათმობას ახერხებთ?

- ბოლო თვეა, რაც სახლში ძალიან გვიან ვბრუნდები, მაგრამ შვილებთან ერთად დროის გატარებას მაინც ვახერხებ, რადგან ბავშვები ძალიან მიყვარს და რაღაცნაირად ვცდილობ, მათთან მამაშვილური ურთიერთობა მქონდეს. უფროსი შვილი - სანდრო 16 წლის არის. მას უკვე სხვაგვარი მიდგომა სჭირდება. უმცროსი - ანა მარია 12 წლისაა. უკვე კეკლუცობს, იპრანჭება... ყურადღება მასაც სჭირდება. ამიტომ საღამოობით შვილებთან დალაპარაკებას ვახერხებ.

- შვილებთან თქვენი ურთიერთობა განსხვავდება იმ ურთიერთობისგან, რომელიც მამასთან გქონდათ?

- კი, რა თქმა უნდა! მამაჩემი ცოტათი მკაცრი კაცი გახლდათ. პირადად მე, ბავშვებთან ყვირილი არ მიყვარს. ჩემი მეუღლე უფრო მკაცრია. სწავლასთან დაკავშირებით ბავშვებთან ურთიერთობა მას უფრო უწევს - ისწავლეთ, ადრე ადექითო... ჩემს შვილებს სწავლა არ უჭირთ. მგონი, ყოჩაღები არიან. როცა მეუღლე მათ მიმართ სიმკაცრეს იჩენს, ბავშვები ჩემთან მორბიან - ვიცავ ხოლმე (იღიმის)... მამაჩემი ჩემს სწავლა-განათლებაში არ ერეოდა. მგონი, არც იცოდა, რომელი სკოლა დავამთავრე. მახსოვს, მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა დედამ უთხრა, - ბავშვს წიგნები არა აქვს, მოუტანეო. მეშვიდე კლასის მოსწავლეს მამამ მეოთხე კლასის სახელმძღვანელოები მომიტანა (იცინის)... სამაგიეროდ, ძალიან მკაცრი იყო: რომ დამიძახებდა, ოთახში შემოდიო, მერიდებოდა - ვიცოდი, რაღაცაში იყო საქმე... მე და ჩემი უფროსი შვილი ვძმაკაცობთ. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, მასთან ვიმეგობრო და რამე ისეთი არ გამომეპაროს, რაც მერე გვანერვიულებს...

- მამას დაუსჯიხართ?

- არა. რომ გითხრათ, ხელი მოუქნევია ან რამე მსგავსი მომხდარა-მეთქი, ტყუილი იქნება. ჩემთვის ნამდვილად არასოდეს დაურტყამს. ერთადერთხელ ფეხი მომიქნია, რადგან ძალიან ვანერვიულე: მაშინ პატარა ვიყავი. სკოლიდან ბავშვები მდინარეზე საბანაოდ გავიპარეთ. წარმოიდგინეთ, მშობლები ავტომობილებით გვეძებდნენ - ეგონათ, დავიხრჩვით, ჩვენ კი ვიბანავეთ, საზამთრო ვჭამეთ და სადღაც წავბორიალდით... ჰოდა, მამამ რომ დამინახა, გავიქეცი, გამომეკიდა და ალბათ ინსტინქტურად პანღურის ამორტყმა უნდოდა...

ჩემს შვილებთან დიდად მკაცრი არ ვარ: შეიძლება, "შე მაიმუნო" ვუთხრა ან რაღაცის გამო გავბრაზდე, მაგრამ ჩემი ლმობიერი ხასიათის შესახებ იციან... მოკლედ, როცა მათ მიმართ დედა სიმკაცრეს იჩენს, ბავშვები ჩემთან მორბიან, რომ დავუყვავო, მეუღლეს ვუთხრა - დაანებე თავი, ეს ბავშვები ნუ შეჭამე, ცოდოები არიან, ამდენი სწავლა არ შეიძლება. ველოსიპედს ბორბლებიც ვერ გაუცვითეს-მეთქი. მეუღლე ამბობს, - სხვა ცხოვრება დადგა, სხვაგვარი ტემპიაო. მინდა, ჩემი შვილები ბავშვობაში გაერთონ, ეზოში ჩავიდნენ, ცოტათი "იმაიმუნონ", გორგოლაჭებით ისეირნონ...

- შვილების აღზრდის თქვენeulი მიდგომა ამართლებს?

- ხანდახან მანერვიულებენ, მაგრამ უკმაყოფილო არ ვარ. თან, სწავლის პარალელურად, სანდრო მუშაობასაც ახერხებს. გერმანულ ენაში მომზადების სურვილი თავად გამოთქვა - მსურს, უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ სწავლა გერმანიაში გავაგრძელოო... სკოლის დამთავრებამდე წინ კიდევ წელიწად-ნახევარი აქვს. გადაწყვეტილებებს თავად იღებს... უმცროს შვილს პროფესია ჯერ არ აურჩევია. კარგად ხატავს. ამჟამად ფრენბურთითაა გატაცებული.

- თავდაპირველად, მუშაობის დაწყების შესახებ სანდროს ინიციატივა როგორ მიიღეთ?

- კარგად. თუ უნდა, იმუშაოს, ოღონდ - როგორც არასრულწლოვანს, სრულ განაკვეთზე მუშაობის უფლება არ აქვს: კვირაში 2 დღე რამდენიმე საათს საავადმყოფოში მუშაობს - ექიმებს ეხმარება. ექიმობა სურს. მოვხუცდი და მოვლა-პატრონობა მჭირდება (იღიმის)... სამედიცინო ლიტერატურას კითხულობს. პროფესია თავად აირჩია. მის საქმეში არ ვერევი. არც არავის ვეუბნები, - ჩემი შვილია-მეთქი. დამოუკიდებლობას უნდა მიეჩვიოს. ყველაფერს ჩემზე უკეთ "დაალაგებს". მასთან საავადმყოფოში მისულს რომ მეუბნებიან, ბატონი სანდრო პაციენტთანააო, მეცინება ხოლმე (იღიმის)...

- შვილებთან ურთიერთობის რთული პერიოდი გქონიათ?

- მე - არა, მაგრამ თავად ბავშვებს რთული პერიოდი ხომ აქვთ, არა? მშობლის ნების წინააღმდეგ მიდიან, მაგალითად - ჩაცმულობასთან დაკავშირებით. პირადად მე, პრობლემა არ მაქვს - რაც უნდათ, ის ჩაიცვან, როგორი ვარცხნილობაც სურთ, ატარონ... მთავარია, ზრდილობიანები იყვნენ. ჩაცმულობასთან დაკავშირებით, გართულება მამაჩემს ჰქონდა. არ მეჩხუბებოდა, მაგრამ მაგალითად, "ესპადრელები" მოდაში რომ შემოვიდა, მისი უწინდოდ ჩაცმა იყო მოდური. მამა მეუბნებოდა, - ბიჭო, "უნასკოდ" როგორ გაცვია, თავს მჭრი, ხალხი იფიქრებს, რომ "ნასკის" საყიდლად საჭირო ფული არ გვაქვსო (იცინის)... მაშინ ფართო შარვლები გახლდათ მოდაში. მამა მეუბნებოდა, - კინტოსავით რატომ დადიხარ, ეს რა უბედურებააო (იცინის)?!.

- თქვენს საქმიანობასთან შვილებს როგორი დამოკიდებულება აქვთ? სპექტაკლებს ესწრებიან?

- პრემიერებზე უფრო მოდიან ხოლმე. ჩემს ხასიათს იცნობენ: არ მიყვარს, როცა სპექტაკლზე დასასწრებად ახლობელი მოდის, რადგან თუ დაპატიჟებული მყავს, როლის ნაცვლად იმაზე ვფიქრობ, სტუმარი დარბაზში შემოვიდა თუ არა... შეიძლება, ჩემი მონაწილეობით გადაღებული ფილმის პრემიერაზეც არ მივიდე. ერთი ასეთი შემთხვევა მქონდა: "სუსას" (რომელშიც მთავარ როლს ვასრულებ) პრემიერაზე მისვლა არ მინდოდა და მოვიტყუე, - მაღალი სიცხე მაქვს, ვერ მოვალ-მეთქი. ფილმს მთავარი პრიზი მიენიჭა... სულ ვამბობ, რაღა საკუთარ თავს, გამოჩერჩეტებულ გოგიშვილს ვუყურო? 150 ლარი ვღირვარ. არ მირჩევნია, 25-მილიონიან ალ პაჩინოს უფასოდ ვუცქირო-მეთქი (იღიმის)?!. საერთოდ, ჩემი მონაწილეობით გადაღებულ ფილმებს იშვიათად ვუყურებ.

- "ჩემი ცოლის დაქალებს" უყურებენ თქვენი შვილები?

- კი, როგორ არა! მეუბნებიან ხოლმე, რა მოსწონთ და რა - არა. ამის უფლება აქვთ. რაღაცები ძალიან მოსწონთ, იცინიან...

- როგორი მამაა თქვენი პერსონაჟი - ბონდო?

- თავისი შვილი - ბაქარი ძალიან უყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, მოხიბლულია იმით, რასაც ბაქარი აკეთებს-მეთქი. ბონდო უბრალო კაცია. შვილთანაც უბრალო დამოკიდებულება აქვს. იბნევა... ისევ პატარა ასაკის ჰგონია. უნდა მოეფეროს, "მიემაიმუნოს", მაგრამ ბაქარი ისე იქცევა, რომ ალბათ, ბონდო განიცდის - შვილი "დაკარგა"... სოფლელი, ობლობაში გაზრდილი კარგი კაცია. "ჩასიძდა", რბილად და თბილად არის. დასალევი აქვს. წავა, მიწას მოთოხნის ხოლმე... ალბათ უნდოდა, ასე ეცხოვრა...

- მეზობლად საყვარელიც ჰყავს.

- ჰო, მასთან "დაძვრება". ცოტათი ბოთეც არის. ეგ შტერი ვერც ხვდება, რას აკეთებს. მისთვის მიღებული საქციელია: "კაცს საყვარელი უნდა ჰყავდეს, ეპატიება" - ამ "პონტშია", რა...

giorgi-gogishvilis-0jaxi-copy-1638262045.jpg

- შვილების მესაიდუმლე ხართ?

- მათთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა კი მაქვს, მაგრამ მგონი, ბავშვების მესაიდუმლე ჩემი მეუღლე უფროა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან შედარებით, მკაცრია. ალბათ, თუ სერიოზული პრობლემა ექნებათ, ამის შესახებ მეტყვიან. 16 წლის მოზარდს თუ ვინმე შეუყვარდება, ისედაც ვხვდები - ამ ასაკში, ადამიანებს თვეში ერთხელ უყვარდებათ. მეც ასე ვიყავი: სულ მეგონა, პირველი და უკანასკნელი სიყვარული მეწვია, რაც დაახლოებით თხუთმეტჯერ განმეორდა...

- შვილების სამეგობროსთანაც მეგობრობთ?

- კი, უფრო ბიჭის სამეგობროსთან მაქვს ახლო ურთიერთობა. სანდრო 16 წლის კი არის, მაგრამ 17-19 წლის ბიჭებთან ძმაკაცობს. თუკი შვილისთვის რამის პირდაპირ თქმა არ მინდა, მათ ველაპარაკები, რომ სანდროს გადასცენ - ხომ არსებობს რაღაცები, რაც სჯობია, ძმაკაცმა აუხსნას, არა?.. მოზარდს პირდაპირ რომ "ეტაკები" და ლაპარაკს უწყებ, მისი მხრიდან კედელი გხვდება... ძმაკაცს მოუსმენს. რაც მთავარია, ჩემი სათქმელი მის ყურამდე მივა. რჩევას მიიღებს თუ არა, ეს უკვე თავად უნდა გადაწყვიტოს.

- შვილებთან ურთიერთობისას თქვენი რომელიმე საქციელი გინანიათ?

- ადამიანი იმისთვის ცხოვრობს, რომ შვილი სწორ გზაზე დააყენოს. იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა მშობელს შვილი იმედს გაუმართლებს. რა თქმა უნდა, პატარ-პატარა უსიამოვნო სიტუაციები ყოფილა: ხანდახან გავფიცხებულვარ, მინერვიულია... მერე შვილებს ამის შესახებ დავლაპარაკებივარ... როცა მცირეწლოვნები იყვნენ, ხელში ამყავდა, ვასეირნებდი. ბავშვები გრძნობენ, რომ მიყვარს ისინი. ჩახუტებით, მოფერებით სიყვარულის გამოხატვა არ შემიძლია.

- თქვენი და თქვენი შვილებისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის, დროს ერთად როგორ ატარებთ ხოლმე?

- სადმე დასასვენებლად მივდივართ, ველოსიპედით ვსეირნობთ... ვგეგმავ, რომ ზაფხულში მთელ საქართველოს წრე შემოვარტყათ... მთავარია, მეცალოს, თორემ დედაჩემი იმდენი ხანი არ მყავდა ნანახი, რომ წელს, ქუთაისში ჩასულს დედა სიმაღლეში გაზრდილი მომეჩვენა (იცინის).

- რას ურჩევთ მამებს, ვისაც შვილებთან ურთიერთობა უჭირთ?

- მგონი, თავშეკავება მშობლებს უფრო მართებთ, ვიდრე ბავშვებს. ბავშვი თავს არ იკავებს, გარდატეხის ასაკში კი შეიძლება, მშობლებს საერთოდ "ხელიდან გაექცეს". უფროს თაობას ეს სჭირს: პატარებთან საუბარი, ახსნა არ შეუძლია. ბავშვებთან ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ - მათ ისე უნდა მოვექცეთ, როგორც თანატოლებს. ბავშვთან ბავშვივით ლაპარაკი სისულელეა - აქაოდა, თავად მეტი იცი, ვიდრე მან. ჯერ ერთი, დარწმუნებული ვარ, ჩემმა გოგონამ გარკვეულi საკითხები ჩემზე უკეთ იცის. მაგალითად, ველოსიპედის მართვაც ჩემზე უკეთ გამოსდის, "როლიკებზეც" დგება და შეიძლება, გარკვეულ სიტუაციებში, ჭკუაც დამარიგოს - ასე ჯობიაო...

ეთო ყორღანაშვილი