"ყველა ადამიანსა და ყველა ამბავში პოზიტივს ვეძებ" - გზაპრესი

"ყველა ადამიანსა და ყველა ამბავში პოზიტივს ვეძებ"

"ის ბოლომდე არასდროს არავის ენდობა, თავგამოდებით იცავს სიმართლეს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას, უზომოდ მგრძნობიარეა, ვალდებულებებისა და შეზღუდვების პანიკურად ეშინია. ძალიან უყვარს გარშემო მყოფთათვის საკუთარი ძალების და რაც მთავარია, უპირატესობის დამტკიცება. სასწორზე დადებს ყველაფერს, ოღონდ სკეპტიკოსს საკუთარი ნიჭი დაანახვოს. გულის სწორმა პერიოდულად მისი მხრიდან წამოსული ცინიზმი და აგრესიის შეტევები მოთმინებით უნდა აიტანოს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვირთხის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი მსახიობ თემო ნიქაბაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიით დიდად დაინტერესებული არა ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ვირთხის წელში დაბადებული ვერძი ვარ.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ ვირთხის წელში დაბადებული ადამიანები აგრესიულები არიან, ეთანხმები?

- ჩემს შემთხვევაში ასე არ არის, მშვიდი ვარ, თუმცა ვერძებზე გამიგონია, ბრაზიანები არიანო. რიგ საკითხებთან დაკავშირებით, შეიძლება კამათში ჩავერთო, მაგრამ აგრესიას არასდროს და არც ერთ შემთხვევაში არ გამოვხატავ.

- "მისი მშვიდი და ინდიფერენტული გამომეტყველება ნუ გაგაკვირვებთ. შესანიშნავად ეხერხება, სიმშვიდის ნიღბის მიღმა საკუთარი ემოციები დამალოს".

- ზოგჯერ ასეც ხდება. როცა გაბრაზებული ვარ, ემოციას არ ან ვერ გამოვხატავ და ჩემში ვმალავ.

- "უზომოდ მგრძნობიარეა".

- მგრძნობიარე ვარ, მაგრამ არა მგონია, სიტყვა "უზომოდ" შემეფერებოდეს. ფილმებზე ტირილი არ შემიძლია, თუმცა ჩემთვის გულის აჩუყება რთული არ არის. ადამიანური ამბები გულთან ახლოს მიმაქვს. დროთა განმავლობაში გამოვიმუშავე უნარი, უარყოფითი ემოცია ავისხლიტო, პოზიტივით გადავფარო.

- "ეს ადამიანი ცვალებადი ხასიათით გაგაკვირვებთ".

- უმეტესად კარგ ხასიათზე ვარ. ცუდ ხასიათზე როცა ვარ, ეს მხოლოდ მე ვიცი და სხვები ვერ ამჩნევენ, ასეთ განწყობას სხვას არასდროს გადავცემ. ყველა ადამიანსა და ყველა ამბავში პოზიტივს ვეძებ, ეს უნარი დროთა განმავლობაში გამოვიმუშავე. ჩვენ იმდენად ცოტა ხნით ვართ მოსულები ამ ქვეყანაზე, ასე თუ არ მოვიქცევით, საკუთარ თავს დავაზარალებთ.

- "ის ბოლომდე არასდროს არავის ენდობა".

- ადამიანებთან ურთიერთობას ძალიან იოლად ვამყარებ, კომუნიკაბელური ვარ, პიროვნების შეცნობაც ადვილად შემიძლია. აქედან გამომდინარე, ვგრძნობ, ვინ როგორია, ვისთან რა ურთიერთობა შეიძლება მქონდეს.

- გამოდის, რომ ინტუიციაც კარგი გაქვს.

- შეიძლება ასე ითქვას.

- იმედგაცრუება არ გქონია?

- როგორ არ მქონია?! ზოგჯერ ადამიანს ენდობი, მერე უეცრად აღმოაჩენ, რომ საერთოდ შეცვლილია, ისეთ ყურადღებას და ნდობას შენგან არ იმსახურებდა, როგორსაც იჩენდი. ეს ცხოვრების ნაწილი მგონია, აქeდანაც რაღაცას ვსწავლობ. გამოცდილება შემდეგში მსგავსი უსიამოვნებისგან თავის დაცვაში მეხმარება. ხომ გაგიგონია, "ზოგი ჭირი მარგებელია".

- ემოციების გამოხატვისას თავშეკავებული ხარ?

- გააჩნია, სად ვარ და როგორი ემოცია მაქვს. სტადიონზე ემოციას ყოველთვის ღიად გამოვხატავ,

- სად ან რა დროს არ გამოხატავ?

- როცა ვინმესგან რაღაც მწყინს, არ გამოვხატავ. მირჩევნია, იმ წუთში ჩემთვის შევინახო, მაგრამ შემდეგ სხვაგვარად ვაგრძნობინო, მივახვედრო. უარყოფით ემოციას თითქმის არასდროს გამოვხატავ.

- "ის ყოველთვის ცდილობს, ნებისმიერი ურთიერთობიდან ნახოს გამორჩენა. ამიტომ, ამ ადამიანისთვის არც საკუთარი შარმისა და მომხიბვლელობის გამოყენებაა უცხო, სასურველი მიზნის მისაღწევად".

- "გამორჩენა" ძალიან ცუდი სიტყვაა, ჩემთვის მიუღებელია და მიხარია, რომ საერთოდ არ მაქვს. რა ემოციასაც გავცემთ, სამყაროსგან იგივე გვიბრუნდება, - ამისი ძალიან მჯერა. ადრე თუ გვიან ასეთ გამომრჩენ ადამიანებს მათი განწყობა და ემოცია უკან აუცილებლად დაუბრუნდებათ. მიზნის მისაღწევად ბრძოლის ყველა საშუალება გამართლებულად არ მიმაჩნია. მიზნამდე ბინძური ნაბიჯების გარეშე თუ ვერ მიდიხარ, მაშინ ის მიზანი საერთოდ რად გინდა?!. საკუთარი მორალის წინააღმდეგ ვერასდროს წავალ. მიღწეული ჩემთვის ძვირფასი აღარ იქნება.

- "ვალდებულებებისა და შეზღუდვების პანიკურად ეშინია".

- შეზღუდვების ალბათ მეშინია, ეს ერთგვარი დისკომფორტია. 25 წლის ვარ და ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიმიღია, შეყვარებულიც კი არ ვარ.

- როგორ ფიქრობ, ეს თვისება პირადი ცხოვრების აწყობაში ხელს ხომ არ გიშლის?

- არა. ახლა საქმეზე ვარ კონცენტრირებული. როცა ოჯახს შევქმნი, ფეხზე მყარად უნდა ვიდგე.

- ქორწინება შეზღუდვად მიგაჩნია?

- რაღაც ფორმით და დოზით შეზღუდვაა. როცა ქორწინდები, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხარ, ამას ეგუები, ბუნებრივიც არის.

- ეჭვიანი ხარ?

- არა.

- "ფინანსური ალღო აქვს, მაგრამ დღევანდელი დღით ცხოვრებას ამჯობინებს და იშვიათად ფიქრობს მომავალზე".

- ვერ ვიტყვი, რომ მფლანგველი ვარ. ჩემი აზრით, ერთი დღით ცხოვრება დიდი სიბრიყვე, უპასუხისმგებლობაა. მთელი ცხოვრება ასე რომ გაატარო, უკან რომ მოიხედავ, არაფერი გექნება. რაც შეეხება ფინანსურ ალღოს, არა მგონია, ამაში განსაკუთრებული და ძალიან "ნიჭიერი" ვიყო.

- "გულის სწორმა პერიოდულად მისი მხრიდან წამოსული ცინიზმი და აგრესიის შეტევებიც მოთმინებით უნდა აიტანოს".

- ცინიკოსი საერთოდ არ ვარ, მით უმეტეს - საყვარელი ადამიანების მიმართ. იმ ურთიერთობაში, სადაც ცინიზმია, მგონია, ყველაფერი რიგზე ვერ არის. მეუღლესთან ცინიკოსი და აგრესიული რატომ უნდა ვიყო?.. ასეთი დამოკიდებულებები არ მიყვარს.

- "მას უყვარს ხალხთან ურთიერთობა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ადვილად ექცევა".

- არ უარვყოფ, 100%-ით სიმართლეა (იცინის).

- ფიცხი ხასიათი გაქვს?

- არა. როცა ვბრაზდები ან რაღაც მწყინს, ნაკლებად გამოვხატავ, ჩემში ვინახავ. ყვირილი, წონასწორობიდან გამოსვლა არ მჩვევია.

- საკუთარი თავი ბავშვურ გულუბრყვილობაში გამოგიჭერია?

- მიმნდობი ვარ, ადამიანებთან კომუნიკაციაში იოლად შევდივარ, მერე ისე ვშინაურდები, ნდობის ფაქტორიც მიჩნდება.

- "მას ძალიან უყვარს გარშემო მყოფთათვის საკუთარი ძალების და რაც მთავარია, უპირატესობის დამტკიცება. ის სასწორზე დადებს ყველაფერს, ოღონდ სკეპტიკოსს საკუთარი ნიჭი დაანახვოს".

- რთული სათქმელია. ვაკეთებ საქმეს, რომელიც მომწონს. სხვას აქვს უფლება, ის საქმე მოსწონდეს ან არ მოსწონდეს. ისეთი ძლიერი კარიერისტი, როგორც ასტროლოგები ამბობენ, არა ვარ.

- "მიუხედავად ხიფათიანი ბუნებისა, აქვს უნარი, ნებისმიერი კრახისა და ფიასკოს შემდეგ, ფეხზე ღირსეულად წამოდგეს".

- ხიფათიანი დიდად არა ვარ, მაგრამ ფეხზე წამოდგომაში ხელს ის მიწყობს, რომ ყველაფერ უარყოფითს ვისხლეტ.

- "თუ რამე ირწმუნა, მისი გადარწმუნება შეუძლებელია, მასში "დონ კიხოტის სული" ცხოვრობს".

- გაჯიუტება მჩვევია, მაგრამ თუ დამარწმუნებენ, შეიძლება აზრი შევიცვალო და სხვისი ნათქვამი გავითვალისწინო.

10995935-455737351241815-2805038121783743447-n-copy-1638262629.jpg

- საქმეს ალღოს იოლად უღებ?

- მთავარია, იმ საქმეზე ვიყო კონცენტრირებული. ამ დროს მნიშვნელოვანია, გარკვეული ვიყო საკუთარ შესაძლებლობებშიც.

- "თავგამოდებით იცავს სიმართლეს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას".

- ესეც ჩემი თვისებაა, დაჩაგრულს ყოველთვის ვიცავ, ვცდილობ, სიმართლის მხარეს ვიდგე, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია.

- ასეთ შემთხვევას ხშირად უსიამოვნებაც ახლავს, ამას არ უფრთხი?

- არა. როცა ადამიანს მშვიდად და დაწყნარებულად უხსნი, უფრო ადვილად იგებს, ვიდრე ყვირილისას. აქედან გამომდინარე, ეს სიმშვიდე კონფლიქტსაც გამორიცხავს.

- "წყენას ადვილად ივიწყებს, საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს".

- მართალია, წყენას ადვილად ვივიწყებ, "გულში ჩაკვრა" კი - არა, ერთი სიტყვაც საკმარისია, გაბრაზების უნარი აღარ მაქვს (იცინის). ძალიან დიდი წყენის შემთხვევაში, იმ პიროვნებას შეიძლება შევურიგდე, მაგრამ ისეთი ურთიერთობა, როგორიც მანამდე მქონდა, ვეღარ მექნება.

თამუნა კვინიკაძე