"თუ გაიმარჯვებ საკუთარ თავზე, იცოდე, ყველა პრობლემაზე გაიმარჯვებ" - გზაპრესი

"თუ გაიმარჯვებ საკუთარ თავზე, იცოდე, ყველა პრობლემაზე გაიმარჯვებ"

დღეს ჩვენი თაობა ყველაზე დიდი პრობლემის წინაშე დგას - ეს არის ნარკომანია და ლუდომანია. ჩვენმა რესპონდენტმა გადაწყვიტა თავისი ამბავი მოგვითხროს და სხვა ადამიანებისთვის მაგალითი გახდეს.

„ჩემი ისტორია თუ ერთ ადამიანს მაინც დაეხმარება, ვიტყვი, რომ ამ ცხოვრებაში ჩემი მისია შევასრულე და ალბათ, მშვიდად წავალ ამ ქვეყნიდან“, - გვითხრა ქალბატონმა ნინომ. ცნობილი მოქანდაკეა ესპანეთში და მისი ნამუშევრები საკმაოდ ძვირად ფასობს. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ადამიანი იცნობს და მის ნაკეთობებს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, გადაწყვიტა, ვინაობა გაასაჯაროოს. მიზეზი ერთია - მომავალი თაობა იხსნას იმ „სიბინძურისგან“, რასაც ნარკოტიკი და ლუდომანია ჰქვია.

- უკვე 19 წელია ემიგრანტი მქვია, მაგრამ ამ სტატუსს მაინც ვერ ვეგუები და ის ისეთივე მძიმე ტვირთია ჩემთვის, როგორიც 19 წლის წინ იყო. როდესაც თვითმფრინავის ტრაპზე ფეხი დავდგი, მახსოვს, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელი საქართველო ზურგზე მეკიდა. უკან არც ერთხელ არ მიმიხედავს და მხოლოდ გულში ვიმეორებდი სიტყვებს: „უფალო შემაძლებინე“. უნდა შემძლებოდა, ვყოფილიყავი ძლიერი; იმდენად ძლიერი, რომ ჩემი ჯვრის ტარება შემძლებოდა, იმ ჯვრის, ემიგრანტობა რომ ჰქვია და ყველა სხვა ტვირთზე მძიმეა. ვფიქრობდი ყველასა და ყველაფერზე, მაგრამ ჩემი მთავარი ფიქრი მაინც ერთი იყო, როგორ მიმიღებდა უცხო ქვეყანა და ოდესმე შევძლებდი თუ არა ესპანეთის ნაწილად ქცევას?

- და მერე, როგორ მიგიღოთ ესპანეთმა და დღეს, 19 წლის შემდეგ, ხართ მისი ნაწილი?

- მე ჩემი სამშობლოს ნაწილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ფეხზე აქ დავდექი; მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ცნობილი ადამიანების სახლებში დგას ჩემი ქანდაკებები, მე ესპანეთის ნაწილი მაინც ვერ გავხდი. ისევ ისე მიმძიმს ემიგრანტობა, როგორც პირველ დღეს. ბევრჯერ წავიბორძიკე და დავეცი, მაგრამ ისევ წამოვდექი; ყოველი დაცემის შემდეგ ვდგებოდი და გზას ვაგრძელებდი, მაგრამ ერთხელაც საბედისწერო აღმოჩნდა ჩემი დაცემა.

- რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ საბედისწერო აღმოჩნდა ეს დაცემა?

- ყველა ადამიანის ფსიქიკა ერთნაირად ვერ ეგუება სამშობლოს, ოჯახის, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნას. მოსამსახურე ხარ, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში მიგიღეს და პატივისცემით გეპყრობიან, შენ იცი შენი სტატუსი. თვიდან თვემდე ცდილობ მცირედით გაიტანო თავი და დანარჩენი იქ, ცხრა მთას იქით რომ ოჯახი დატოვე, მათ გაუნაწილო. ეს ძალიან რთული გადასატანი აღმოჩნდა ჩემთვის. ჯერ მწეველი გავხდი, მეგონა, ჩემს დარდს ამით გავიქარვებდი, მაგრამ ამაოდ. შემდეგ კოკაინი შევისუნთქე. ნელ-ნელა ჩემი მოთხოვნილება იზრდებოდა. როდესაც ეს იმ ოჯახმა შენიშნა, სადაც ვმუშაობდი, რამდეnჯერმე მისაყვედურეს. მითხრეს, თუ არაფხიზელ მდგომარეობაში ისევ შემნიშნავდნენ, სამსახურს დამატოვებინებდნენ. სამსახური საკუთარი ნებით დავტოვე და ქუჩაში გავედი. ისეთი შეგრძნება მქონდა, იქ თითქოს უკეთესი რამ მელოდებოდა და ჩიტივით თავისუფალი ვიქნებოდი, ვიფრენდი ლაღად და ყველა ჩემი დარდი გაიფანტებოდა. მესამე დღეს გროშიც აღარ მედო ჯიბეში და აღმოვჩნდი ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში, სადაც ნარკომანები იკრიბებოდნენ, ბარიგები ყიდდნენ წამალს ე.წ. ბესოს მარზე - ეს უბანი ალბათ ბევრისთვის არის ცნობილი, ვინც ბარსელონაში და არა მხოლოდ აქ ცხოვრობს. კრიმინალების უბანია. უფულოდ, უსახლოდ და უმეგობროდ აღმოვჩნდი ქუჩაში. ღამის გასათევიც არ მქონდა და ბანკის შენობაში ვიძინებდი. მუყაოს ყუთებს ვშლიდი, ვწვებოდი და დილით საგულდაგულოდ ვინახავდი. აღარც წამლის ფული მქონდა და მასწავლეს, რომ „სოციალ ასისტენტი“ დამეხმარებოდა. მართლაც, მივაკითხე და უარი არ უთქვამს, ჩამსვეს უფასო წამლის პროგრამაში. ყოველდღე მივდიოდი და უფასოდ მაძლევდნენ ერთ დოზა წამალს - ეს წლები გრძელდებოდა. ქუჩაში ყოფნას და ბანკის შენობებსა და სკვერებში ძილს თითქოს შევეჩვიე მანამ, სანამ ერთ დღესაც არ დავინახე მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გამეგრძელებინა სიცოცხლე.

- ასეთი რა მოხდა?

- სკვერში ჩემ წინ პატარა გოგონა თამაშობდა, მასთან შორიახლოს იყო დედამისიც და იმხელა სიყვარული დავინახე მათ შორის, რომ დიდხანს ვუყურებდი და ამის შემდეგ რატომღაც, ჩემს ცხოვრებაზე ბევრი ვიფიქრე. სამი დღის შემდეგ დადგა დრო, როდესაც ჩემს სოციალს, ქალბატონ ლაურას შევხვდი. ვთხოვე, ჩემთვის მოეცა შანსი და გადავეყვანე სარეაბილიტაციო კლინიკაში, სადაც დამეხმარებოდნენ, წამლისთვის თავი დამენებებინა. მახსოვს მისი გაკვირვებული სახე. მითხრა, დამელოდეო. ოთახიდან გავიდა და უკან ორ ადამიანთან ერთად დაბრუნდა. მკითხეს, დარწმუნებული ვიყავი თუ არა ჩემს გადაწყვეტილებაში და ამიხსნეს, ცენტრში რა სირთულეებთან მომიწევდა შეჯახება. ვუთხარი, რომ მზად ვიყავი ყველაფრისთვის. მეორე დღისთვის დამიბარეს და მათი თანხლებით მივედი კლინიკაში.

- როგორი იყო კლინიკაში გატარებული დრო?

- გოლგოთას ჰგავდა-მეთქი, რომ ვთქვა, დაიჯერებთ? ყოველგვარი გადამეტების გარეშე გეტყვით, რომ ასე იყო. განსაკუთრებით ურთულესი გახლდათ პირველი 45 დღე. მიუხედავად ექიმების, ფსიქოლოგებისა და ბევრი სხვა ადამიანის დახმარებისა, ეს გზა ყოველდღე უფრო და უფრო რთულდებოდა. თუმცა, მე შევძელი და 3 თვეში სულ სხვა ადამიანად ვიქეცი. ყველაზე საინტერესო სარეაბილიტაციო კურსები იყო. ვხატავდით, ვწერდით, ვძერწავდით…- ჩემს ტკივილს ამ ყველაფერში ვაქსოვდი და ჩემი ქანდაკებების გამოთლაც დავიწყე. თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული ვარ და ცოდნამ გაიღვიძა ჩემში. იქ თითქმის ერთი წელი გავატარე და იმ დროის განმავლობაში ჩემი ორი პერსონალური გამოფენა მოეწყო მედპერსონალის მიერ, რაც ჩემთვის დიდი სტიმული იყო. მათვე ჩამრთეს სხვადასხვა პროექტში, ყველას მოსწონდა ჩემი ნამუშევრები. ამან დიდი ძალა მომცა და შეიძლება ითქვას, ჩემი ქანდაკებებისა და ნახატების საშუალებით ახალი ცხოვრება „გამოვჩარხე“.

barselona-quchaaaaaaaaaaa-1638264231.jpg

- დღესდღეობით როგორ ცხოვრობთ?

- თამამად გეტყვით, რომ დღეს ესპანეთში ძალიან ცნობილი თუ არა, ერთ-ერთი ცნობილი ვარ ჩემი საქმით და არაერთი ცნობილი ადამიანის სახლში ინახება ჩემი ნახატი ან ქანდაკება. არა მხოლოდ ესპანეთში, ასევე იტალიასა და სხვა ქვეყნებშიც. მე ვარ ქალი, რომელმაც რთული გზა გამოიარა და დღეს, მინდა ვთქვა, რომ შეუძლებელი არაფერია! ერთადერთი ოცნება დამრჩა და ალბათ, ღმერთმა დამსაჯა ჩემი შეცდომების გამო. ისეთი პატარა გოგონა არ მაჩუქა, წლების წინ, აი, იმ სკვერში რომ თამაშობდა დედასთან ერთად და ჩემი სტიმული რომ გახდა. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რაც შევძელი.

- ამ ყველაფრის შემდეგ, როგორც საუბრისას ახსენეთ, კვლავ იყო შეცდომები და ეს იყო აზარტული თამაშები.

- როდესაც „მაღალი საზოგადოების“ წევრი გავხდი, რამდენჯერმე გასართობად დამპატიჟეს. ვითამაშეთ, დავლიეთ და ამ ყველაფერმა ისე ჩამითრია, რომ ბევრი რამ წავაგე, რაზეც საუბარი არ მსურს. ამიტომაც მინდა, ყველას მოვუწოდო: უთხარით არა აზარტულ თამაშებს და არა - ნარკოტიკს! მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გაამკაცროს რეგულაციები კაზინოებისთვის და გააკონტროლოს უმკაცრესად. აზარტს სუიციდამდე მიჰყავს სუსტი ნებისყოფის ადამიანი, მით უმეტეს, ახალგაზრდა. ჩემს თავს დღემდე ვაიძულებ, უარი ვთქვა ამ მავნე ჩვევაზე, ისევე როგორც ნარკოტიკზე. არ არსებობს დაუძლეველი პრობლემა და შენ თუ გაიმარჯვებ საკუთარ თავზე, იცოდე, ყველა პრობლემაზე გაიმარჯვებ!

ფიქრია რობაქიძე