"ნამდვილ სიყვარულს არ სჭირდებოდა სიტყვები" - გზაპრესი

"ნამდვილ სიყვარულს არ სჭირდებოდა სიტყვები"

მწერალი ირმა ბეგლარიშვილი წლებია, ამერიკაში ცხოვრობს. მისი შემოქმედება ჩვენი ჟურნალის საშუალებით უკვე გაგაცანით. მოთხრობების, ნოველებისა და ლექსების გარდა, თავს გადახდენილ ამერიკულ ამბებზეც საინტერესოდ წერს "ფეისბუკ"-მეგობრებისთვის. ეს ამბავი მოხუცთა სახლში მყოფი ამერიკელი წყვილის სიყვარულზეა, ემოციური და ამაღელვებელი:

"ათეული წლები გავიდა იმის მერე, როცა პირველად აღმოვაჩინე, რომ მოხუცებთან მუშაობით ისე გეცლებოდა ენერგია, როგორც მზეზე გაფენილ ხილს, ბოლომდე რომ გამოშრებოდა და ჩირად გადაიქცეოდა. მე წერამ მიშველა! მარტო დარჩენილი ვწერდი დღისით, ღამით... მახსოვს, შეშლილი ბებია როგორ დამყვიროდა, რომ ეს მისი სახლი იყო და არ მქონდა უფლება საშინაო დავალება მეკეთებინა. ორი წელი და რვა თვე თითქოს მძიმე სასჯელისთვის მოვიხადე. მეტყვით ალბათ, რამ გაგაძლებინაო! იმდენად მეჩქარებოდა ჩემს პატარა ბიჭთან დაბრუნება, მისი სიყვარულით ჯოჯოხეთშიც გავბედავდი მუშაობას... ვინმემ რომ მითხრას, იმ წლებს უკან დამიბრუნებს, ხელებს გავასავსავებ და უარს ვიტყვი. მე არაფერი მქონია უკან კარგი, რომ მისი დაბრუნება ვინატრო, სიყვარულიც კი გამოგონილი მქონდა...…

ე.წ. მოხუცთა სახლში ვმუშაობ, სადაც ღარიბსა და უფულოს მოხვედრა არ შეუძლია. ყველას თავისი საცხოვრებელი ბინა აქვს. ზოგს ორი საძინებლით, ზოგს - ერთით. ამ შენობაში 250-ზე მეტი მოხუცია. ბევრი ას წელსაცაა მიტანებული, ბევრმა გადააბიჯა კიდეც. აქ ის მოხუცები ცხოვრობენ, ვისაც დამოუკიდებლად შეუძლია თავის მოვლა და ბაგა-ბაღის ბავშვებს ჰგვანან. ყველას უჭირს სიარული და ყოველ ნაბიჯზე გvხვდება თვალებ და სახეჩალურჯებული მოხუცი. ამ განყოფილებაში აქვთ კინოთეატრი, ერთი კაფე, დიდი სასადილო დარბაზი, სავარჯიშო კომპლექსი დიდი აუზით, რომელიც ზამთარ-ზაფხულs მოქმედებს. დაბადების დღეებს უხდიან, კონცერტებს უმართავენ. ერთი სიტყვით, ყველაფერია იმისთვის, რომ სიბერეში სიცოცხლით დატკბნენ, მაგრამ აქ ვერ ვხედავ ბედნიერ ხალხს. თვალებში ყველას ლოდინი აქვს ჩაmoწოლილი. მიბარებული ბავშვებივით ელოდებიან შაბათ-კვირას, შვილებმა რომ მოაკითხონ. როცა შენობაში შემოვდივარ, თითქოს სხვა სამყაროში ვხვდები. თითქოს აქ მოხუცებს სქესი აღარ აქვთ, ყველა ისე ჰგავს ერთმანეთს.

სამედიცინო კლინიკა გრძელი დახურული დარბაზის ბოლოშია. კლინიკას ცოტა რომ გასცდები, დიდი რკინის ჩაკეტილი კარია, თეთრად შეღებილი - აქ უკვე ის მოხუცები ჰყავთ ჩაკეტილები, რომლებსაც გადაადგილება უჭირთ და მარტო არ შეიძლება მათი დატოვება. უმრავლესობა ალცჰაიმერითაა დაავადებული. საკუთარი სახელიც აღარ ახსოვთ და გარკვეული პერიოდით აგრესიაც უჩნდებათ ყველას მიმართ. იყო შემთხვევა, როცა 94 წლის კაცმა თითქმის იმავე ასაკის ცოლს სცემა და დააცილეს ერთმანეთს, სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს.

ორი წლის წინ მუშაობა რომ დავიწყე, ძალიან გამიჭირდა. მეგონა, ეს სულ სხვა სამყარო იყო, სხვა გამარტივებული კანონებით და წესებით. აქ ხვალინდელი დღე არ არსებობდა, მხოლოდ წარსულითა და ლოდინით ცხოვრობდნენ. მახსოვს, ყოველ ოთხშაბათს, მოხუცები როიალის გარშემო რბილ სავარძლებში იკრიბებოდნენ. ჩიfსებითა და ჭიქა ღვინით ხელში მუსიკას უსმენდნენ. როიალს ყოველთვის საკმაოდ ელეგანტური გარეგნობის მამაკაცი, მაილი უჯდა და სასიამოვნო მელოდიებს უკრავდა. ის ძველი პიანისტი იყო. ცოლიც ყოველთვის მის გვერდით იჯდა და ისეთი სიყვარულით შეჰყურებდა, რომ სულ ვფიქრობდი მათი შემხედვარე, ამ სამყაროში ყველაზე დიდი შეცდომა ამათი არშეხვედრა იქნებოდა-მეთქი! ქალს არაჩვეულებრივი ხმა ჰქონდა. კაცი ყოველთვის უკრავდა და ქალი მღეროდა!

თითქმის ყოველთვის ერთსა და იმავე მუსიკას უკრავდა მაილი. როიალი რამდენიმე ადგილას იდგა და ხშირად მესმოდა მისი გულში ჩამწვდომი ხმა. ბოლო დროს შეწყდა, ისეთი სიხშირით აღარ ისმოდა. ერთ დღეს კი მაილი მარტო დავინახე.

მეუღლე მოვიკითხე და ნაღვლიანად თავი სინანულით გადააქნია: ვერაა კარგად, ის „ჰეალტჰ ცარე“-ში გადაიყვანეს, მე ვეღარ შევძელი მისი მოვლაო! გული დამწყდა.

„ჰეალტჰ ცარე“ რაღაცით ჰგავდა სიკვდილთან ლოდინის ადგილს. ფაქტი ჯიუტი იყო და ვერსად გაექცეოდი! იქ უკვე სიკვდილს ელოდებოდი და შენ თვალწინ ყოველდღე კვდებოდნენ ადამიანები. ცარიელდებოდა საწოლები, რომლებსაც ისევ დროებით ავსებდნენ სხვები. რაღაც თითქოს წრეზე ტრიალებდა, ძალიან გამარტივებულად, თვალსაჩინოდ. აქ ყველაფერი ზედაპირული და მარტივი იყო, თითქოს ნამდვილ ცხოვრებაზე საკერებელი დაედოთ.

საერთო კი ბევრი რამ ჰქონდათ აქ მოხვედრილ მოხუცებს, პირველ რიგში, თვალები. ყველას ნაცნობი სევდით ჰქონდა მზერა ამოვსებული, უსაშველო ტკივილი და ლოდინი გაბატონებულიყო, რაც მზარავდა; რასაც არაფრით ვინატრებდი ჩემი სიცოცხლის დასასრულს. ამას მერჩივნა უარი მეთქვა სიბერეზე და წლები სხვანაირ სიკვდილზე გადამეცვალა.

ჩემი ბებიის ქალიშვილმა აიჩემა, რომ 92 წლის დედამისს მასაჟები დაეხმარებოდა და უკეთესად ივლიდა. მე საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. ბებიას ერთი საათი ვტოვებდი დარბაზში სხვა მოხუცებთან ერთად და იქ, სადაც როიალი იდგა, ბუხართან რბილ სავარძელში მოკალათებული ველოდებოდი... დღესაც დავტოვე ანაბელა მასაჟისტთან და მე უკან დავბრუნდი - იქ, სადაც როიალი იდგა. მოვკალათდი რბილ სავარძელში, კალამი და პატარა წიგნაკი სულ თან დამაქვს. რაღაც მომაწვა და ვცადე გადმომეტანა ფურცელზე, რაც შიგნით ტკივილად ცდილობდა შედედებას. მუსიკამ მართლა მომწყვიტა რეალობას და სადღაც მიმავალი უცბად დამაბრუნა. მაილს ინვალიდის ოთხთვალათი მოჰყავდა ცოლი.

ღმერთო, იმხელა სიყვარული, სინათლე დავინახე ამ ადამიანის სახეზე, ისე სათუთად მოჰყავდა მეუღლე, ისეთი აუწონავი სიყვარულით ავსებოდა თვალები, რომ გაოცებული შევყურებდი. პირველად ცოლმა შემამჩნია და მაილს გადაულაპარაკა, რომ დარბაზში სხვა იყო. ჩემს სმენას მაილის ხმა მოსწვდა: "არა უშავს!" და მხარზე ხელი სიყვარულით მოუთათუნა. ოთხთვალა როიალთან ისე გაასწორა, რომ ცოლი მის გვერდით ძალიან ახლოს ყოფილიყო. რა დავუკრა? – სიყვარულით ჩაეკითხა ქალს. ქალმა რაღაც უთხრა და ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში მუსიკის სასიამოვნო ჰანგები დაიღვარა.

შევყურებდი ამ მოხუცებს - ქალს მაილის მხარზე ედო თავი და ისეთი გრძნობით მღეროდა, რომ დარწმუნებული ვარ, არც ოთხთვალას გრძნობდა და არც იმას, რომ ცოტა ხანში ისევ იქ უნდა შებრუნებულიყო, ისევ მძიმედ მიიხურებოდა თეთრად გადაღებილი კარი! ქალი ისე სევდიანად, ისეთი გულში ჩამწვდომი ხმით მღეროდა, რომ უკვე გული ამიჩუყდა და ცრემლებიც დაიძრა ჩემს სახეზე. არ ვიცი, იმ წუთში რას ვტიროდი! იმას, რომ მთელი ცხოვრება ველოდი იმ ადამიანის გამოჩენას, ვისაც ასე თავისუფლად, ასე ნდობით ჩამოვადებდი თავს მხარზე და არაფრის შემეშინდებოდა თუ ამ ასაკში ამ დიდი სიყვარულის დანახვამ ამატირა, რომელიც სიტყვების გარეშეც ისე ცხადი და მეტყველი იყო, რომ მისი შემხედვარე ნებისმიერი ატირდებოდა. ნამდვილ სიყვარულს არ სჭირდებოდა სიტყვები...

ქალმა იცოდა, რომ ეს ის ხე იყო, რომელიც მხოლოდ მისი გახლდათ და ყველგან ასე ყავარჯენივით, ასე ძლიერი ხესავით იდგებოდა. შეეძლო ჩამოეძინა, შეეძლო განუსაზღვრელი დროით ჩამოედო თავი და უკან ეყურებინა, ლამაზ წარსულში თითქოს ზღაპარივით გასრულებულ წუთისოფელში, სადაც ბედნიერი იყო…დაუძლურებულ სხეულში ისევ დიდი, ულამაზესი სიყვარული სუნთქავდა და მისი თვალებიდან უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა. კაცი კი... ღმერთო, მისი უსიტყვო მოძრაობა, ცოლის ჭაღარა თავზე თავით მოფერება, ხელზე დადებული ხელი... ეს ყველაფერი იყო! წამოვდექი, მათთან მივედი და ორივეს მხრებზე თბილად მოვუთათუნე ხელი. ღმერთმა დაგლოცოთ! - ჩავიბუტბუტე ჩემთვის, - თქვენმა ყურებამ დამიმტკიცა, რომ ნამდვილი სიყვარული არ კვდება. ის ყოველთვის იმ ადამიანებთანაა, ვისაც ნამდვილად შეუძლია მისი განცდა-მეთქი! ორივემ სიყვარულით შემომხედა. ქალმა თითქოს დაიმორცხვა კიდეც და უფრო მიეკრო ქმარს.

შეიძლება სურათი გადაგიღოთ? - მორიდებით ჩავეკითხე. როგორ არა! - ახალგაზრდული სიმკვირცხლით წამოიძახა მაილმა და ცოლს მიმართა: სურათს გვიღებს ჩვენი მეგობარი და გაიღიმეო. ორივემ ცოტა ნაღვლიანი, მაგრამ მაინც ბავშვივით სუფთა და კრიალა თვალები ამომანათა.

1116088-10200559525686852-957615456-o-copy-1638267097.jpg

დიდი ბავშვები! – ჩემთვის გავიფიქრე და ყელში რაღაც ბურთივით მომაწვა. ვგრძნობდი, თუ დროზე არ მოვცილდებოდი ამ ცოლ-ქმარს, ბავშვივით ავქვითინდებოდი, მაგრამ მეც აღარ ვიცოდი, რას ვიტირებდი ასე გულამომჯდარი - ჩემს აუხდენელ ოცნებას თუ ასე ცხადად ნამდვილ სიყვარულთან პირისპირ შეხვედრას?!.

მაილმა როიალს დააფარა, ეტლი ფრთხილად შემოაბრუნა და ოდნავ წელში მოხრილი იმ გზით წავიდა, საიდანაც ნახევარი საათის წინ მოვიდა. უხმოდ ვიდექი და საკუთარ თავს ბავშვივით ვუბრაზდებოდი, რომ არ შემეძლო ცრემლების შეკავება. საოცარი გრძნობა დამეუფლა. რაღაც ისე გამეტებით მიჭერდა შიგნით, რომ სუნთქვა გამიჭირდა.

მაინც რა არის ეს სიყვარული... მოდიხარ, ეძებ, ელოდები... სულ მეგონა, რომ მოვიდოდა დაღლილი, ასე ჩამომადებდა თავს მხარზე და თვალებით მეტყოდა: "მე მოვედი!" ამ ორი სიტყვის თქმას ველოდი მთელი ცხოვრება. შეცდომით სხვას გავუღე გულის კარი. მეგონა ამ სიტყვის თქმა დაავიწყდა-მეთქი, მაგრამ მერე, მოგვიანებით მივხვდი, რომ შემეშალა და ის, ვისაც ველოდი, მე გამოვიგონე.

ტელეფონს დროის გასაგებად დავხედე და ცოტა დრო ისევ მქონდა, სანამ ჩემს ბებიას მივაკითხავდი. სასადილოს შესასვლელთან სხვა წყვილი იჯდა, საკმაოდ ასაკიანები. ქალი ის-ის იყო დაბრუნდა კლინიკიდან და ქმარი აქ ელოდებოდა. ისეთი დღე დააწია ქალს, ისე ეჩხუბებოდა, რომ ამ ყოველივემ უცებ დამაბრუნა მიწაზე და მივხვდი, რამხელა განსხვავება იყო იმ და ამ წყვილს შორის... ერთი შევხედე საცოდავ, მობუზულ ქალს, რომელიც არაფრისთვის იმართლებდა თავს და გულდაწყვეტილი წავედი იმ გზისკენ, საითკენაც სიყვარულით გულანთებული წყვილი გაუჩინარდა!"

ნინო ჯავახიშვილი