"ისეთ ადამიანებთან არ ვიმეგობრებ, ვისაც მომაკვდავისთვის გვერდის ავლა შეუძლია" - გზაპრესი

"ისეთ ადამიანებთან არ ვიმეგობრებ, ვისაც მომაკვდავისთვის გვერდის ავლა შეუძლია"

მომღერალი ოთო ნემსაძე ცხოველებთან ბავშვობიდან მეგობრობს. თურმე, ერთხელ ვეტექიმთან გველიც კი მიუყვანია - მომაკვდავი უყურადღებოდ ვერ დატოვა... ამჟამად, 2 ძაღლი ჰყავს...

სოციალურ ქსელში რამდენჯერმე წავაწყდი ინფორმაციას, რომ ოთო ნემსაძე მიუსაფარ ლეკვს დაეხმარა. ერთ-ერთი შემთხვევა ლაბრადორის ჯიშის ლეკვს უკავშირდება, რომლის გადასარჩენადაც ოთო და მისი ძმა თიანეთში გაემგზავრნენ...

- "ფეისბუკზე", ჯგუფში - "ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი" (რომელიც ბევრ კარგ საქმეს აკეთებს) ვიდეოს წავაწყდი: თიანეთის ერთ-ერთ სოფელში, ლაბრადორის ლეკვი ძალიან ცუდად იყო - ავტომობილი დასჯახებია... იმ ავტომობილის მძღოლს მივმართავ: რაღაცას რომ დაეჯახები, მეგობარო, კეთილი უნდა ინებო, ადგე და მიხედო, რადგან ცხოველებიც ცოცხალი არსებები არიან, ისინიც სუნთქავენ, ტკივილს გრძნობენ... მე და ჩემი ძმა გვიან ღამით თიანეთში გავემგზავრეთ, ლეკვი თბილისში ჩამოვიყვანეთ და კლინიკაში მივიყვანეთ. ჩვენთან ერთად, მის გადასარჩენად ვეტექიმებმა დილამდე იბრძოლეს, მაგრამ სამწუხაროდ, ლეკვი დილის 8 საათზე მოკვდა - ფილტვების შეშუპებას ვეღარ გაუძლო... თიანეთში ცოტათი ადრე რომ მივსულიყავით, ლეკვს გადარჩენის მეტი შანსი ექნებოდა... სამწუხარო რეალობა გვაქვს: მიუსაფარი ცხოველებისთვის სახელმწიფო არაფერს აკეთებს. ხშირად ადამიანებსაც ვერ ეხმარებიან... კარგი იქნებოდა, რომ განვითარებული სახელმწიფო გვქონოდა, რომელიც გარკვეულწილად, ცხოველებს უპატრონებდა. რაკი ეს ასე არ არის, ცხოველებს ადამიანები თავად უნდა დავეხმაროთ. მე განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია: ჩემს ცხოვრებაში, ეს შემთხვევა არც პირველი ყოფილა და არც უკანასკნელი იქნება. თუ სადმე ვხედავ, რომ ცხოველს უჭირს, მის დახმარებას ვცდილობ.

- ცხოველების მიმართ შენს დამოკიდებულებას გარშემო მყოფები ადეკვატურად აღიქვამენ?

- კი. ალბათ, ისეთ ადამიანებთან არასოდეს ვიმეგობრებ, ვისაც შეუძლია, მომაკვდავ არსებას გვერდი აუაროს (ასეთი ჩემ გარშემო არც მეგულება). 99% თავადაც იაზრებს, რომ ცხოველებს უნდა დავეხმაროთ და ეხმარებიან კიდეც. მიმაჩნია, რომ ჩვენი მოვალეობაა, ერთმანეთსაც გავუფრთხილდეთ და ირგვლივ მყოფ სხვა ცოცხალ არსებებსაც, სანამ ყველაფერი თავზე ჩამოგვექცევა...

- შენი ოთხფეხა მეგობრები გაგვაცანი...

- 2 ძაღლი მყავს: მალტეზეს ჯიშის ლიბუ, რომელიც 3 წლის გახლავთ და ჯეკ რასელ ტერიერის ჯიშის სანი (ქართულად - მზევინარი), რომელიც უკვე 8 წელს გადასცდა. ორივე ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრია. ლიბუ და სანი ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანენ. სანი ჩემი მშობლების სახლში ცხოვრობს, ლიბუ კი – ჩვენთან. ლიბუ უფრო ჩემი მეუღლის - სოფოს ცუგაა, მაგრამ ჩვეულებრივ, მეც პატრონად მიმიჩნევს, რადგან ერთად გავზარდეთ. სულ თან დამყავს, არსად ვტოვებ. ახლაც ავტომობილში, ჩემთან ერთად იმყოფება - "მამიკოს გოგოა" (იღიმის)... საერთოდ, მნიშვნელოვანია, ძაღლს როგორ გაზრდი, რას მიაჩვევ, შინ როგორი აურაა. იმ აზრს ვიზიარებ, რომ ძაღლი პატრონს ჰგავს... ლიბუს ძაღლები ლეკვობიდანვე არ უყვარს. არ აინტერესებს, მის წინ დიდი ზომის ძაღლი დგას თუ პატარა - შეუძლია, კანე კორსოს ჯიშის ძაღლს თავზე შეახტეს და უკბინოს. ადამიანებთან ურთიერთობისას საერთოდ ავიწყდება, რომ ძაღლია: არავის ერჩის. ვინმეს მხოლოდ იმიტომ უყეფს, რომ ყურადღება მიიქციოს, მოეფერონ... მაგალითად, ჩვენთან მოსულ სტუმარს მანამდე უყეფს, სანამ სტუმარი კალთაში არ ჩაისვამს და არ მოეფერება... ჭკვიანი "გოგოა", ყველაფერი ესმის: "ახტი", "დაჯექი", "მოიტანე", "გადაკოტრიალდი"... შინ მარტო ყოფნა არ უყვარს. თუ მაინც მოუწია, ვცდილობთ, რომ კარადაზე, თაროებზე ნივთები არ დაგვრჩეს, თორემ ყველაფერს ჭამს და შეიძლება, ცუდად გახდეს. თუ აბაზანის კარი ღია დაგვრჩება, შეიძლება, ტუალეტის ქაღალდი გამოიტანოს და მთელ სახლში აგორაოს. ასევე, ურნაში ნაგავი არ უნდა დაგვრჩეს... ვინც აწყენინებს და შინ დატოვებს, მის ფეხსაცმელებს ერჩის - თუ მიაგნო, ჩათვალე, რომ ის ფეხსაცმელები აღარ არსებობს.

- ყველაზე გულდასაწყვეტი ოინი რა მოუწყვია?

- "რობერტო კავალის" სათვალეები "შეჭამა", თან - ისე, რომ აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა. ასევე, ახალი ბოტასები "შემიჭამა"... ასეთ რაღაცებს პატარაობისას უფრო აკეთებდა. ახლა შეიძლება, პარკები გაგლიჯოს. მერე პარკები ეყლაპება და ცუდად არის ხოლმე. შესაბამისად, მარტო არ ვტოვებ... ლიბუს 1 მინუსი აქვს: საბელის გარეშე, ქუჩაში ვერ გაგვყავს, რადგან ძაღლი, კატა ან ჩიტი თუ დაინახა, მისდევს და შეიძლება, ვეღარ იპოვო... მეორე ცუგა - სანი ძალიან დინჯია, ჯეკ რასელ ტერიერის ჯიშის ძაღლებისგან განსხვავებით. ხმას საერთოდ არ იღებს. უკვე ბევრი შვილის დედაა. გასასეირნებლად საბელი საერთოდ არ სჭირდება. ჩემი მშობლები კორპუსის ბინიდან ეზოში მარტო უშვებენ. სანი ეზოში ჩადის, თავის საქმეს აკეთებს და უკან ამოდის. თუ ცოტათი შეაგვიანდა, დედაჩემი აივნიდან ეძახის, რომ ამოვიდეს. სანის მთელი გორი იცნობს - ადამიანებიც და ძაღლებიც. ყველასთან მეგობრობს. თუ სანი და ლიბუ ერთად მოხვდნენ, ლიბუ სანის უკან დასდევს, მერე სანი მასზე ეჭვიანობს, ლიბუ უყეფს და არის ერთი ამბავი...

- სანი შენთან განშორებას როგორ ეგუება?

- როცა მარტო ვცხოვრობდი, შინ მისი მარტო დატოვება მიწევდა.ამიტომ გორში, დედ-მამას ჩავუყვანე - მისი მოვლა-პატრონობის ვალდებულებას საკუთარ თავზე ვერ ავიღებდი. ყველას ვურჩევ, რომ თუ ძაღლს ვერ უვლის, ჯობია, გააჩუქოს. ძაღლის (ისევე, როგორც სხვა ცხოველების) მოვლა დიდი პასუხისმგებლობაა... სანის მამაჩემთან ერთად სძინავს, ერთად ჭამენ, სვამენ... მამაჩემის ძაღლია. მათთან ხშირად ჩავდივარ.

- ლიბუს "მეგობარი ბიჭი" ჰყავს?

- "შეყვარებული" ჰყავს, ვისგანაც შვილები გააჩინა, ოღონდ - "შეყვარებულს" დასანახავად ვეღარ იტანს, არ უყვარს...

- სამოსი, აქსესუარები აქვს?

- შინ ყველაფერი აქვს: კედები, ბოტები, ტანსაცმელი... სამოსი არ უყვარს, რადგან ტალღოვანი "თმა" აქვს და სამოსში გამოწყობილს კანი ეფხანება. ახლა თხელი ქსოვილისგან შეკერილი სარაფანი აცვია, რომელსაც ასე თუ ისე, ეგუება. ქურთუკები არ უყვარს. მაგალითად, როცა ზამთრის ცივ ამინდში ქუჩაში ვასეირნებ, დუტის ქურთუკს ვაცმევ. სახლიდან გასვლამდე გაუნძრევლად დგას - ქურთუკში გამოწყობილი თავს ცუდად გრძნობს. გარეთ რომ გავიყვან, ჩვეულებრივად დადის.

oto-1-copy-1638521468.jpg

- მის ჩაცმულობაზე ზრუნვას დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება?

- არა მხოლოდ ჩაცმულობას... საერთოდ, ამ ჯიშის ძაღლზე არც ერთ ადამიანს ალერგია არ აქვს. სამაგიეროდ, მალტეზეს ჯიშის ძაღლები თავად იტანჯებიან ალერგიით. ამის გამო ცრემლები სდით. თვალები ჩაშავებული ამიტომ აქვთ. მე და სოფომ ძაღლის კარგ საკვებს მივაგენით, რომელიც შედარებით ძვირი ღირს. ასე რომ, ძაღლის მოვლა იაფი არ არის, თუმცა ვისაც საშუალება არ აქვს, შეიძლება, ის საჭმელი უწილადოს, რასაც თავად მიირთმევს, ოღონდ - რაც ძაღლის საკვებად დასაშვებია. ერთხელ ლიბუ შინ მთვრალი დაგვხვდა: ვიღაცამ ალკოჰოლიანი ბომბონიერი მოგვიტანა, რომელიც მერე, დიდხანს ხელუხლებლად გვედო. ბოლოს, შინ მარტო დატოვებულმა ლიბუმ ფოლგებიანად შეჭამა, შემდეგ კი სახლი "დანაღმა" - მოისაქმა და ყველგან "რკინის ნაღმები" დადო (იცინის).მას მერე ძალიან ვფრთხილობთ, რომ რამე ისეთი არ შეჭამოს, რაც მისთვის არ შეიძლება.

- კიდევ რა სპეციფიკური თვისებები ახასიათებთ მალტეზეს და ჯეკ რასელ ტერიერის ჯიშის ძაღლებს? რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, ვიდრე მათ შინ მიყვანას გადაწყვეტენ?

- ორივე ძალიან აქტიურია. ჟეკ რასელ ტერიერის ჯიში ამერიკელებმა ფერმისთვის გამოიყვანეს. სადაც ჯეკია, იქ გველი, ვირთხა, თაგვი ვერ ჩერდება, რადგან ეს ძაღლი ყველაფერს ანადგურებს - მიწის ქვეშ "მოძრაობს". ჩემი სანი ასეთი აქტიური არ არის. უბრალოდ, როცა ტყეში გამყავს, მაშინ აქტიურობს: მიწის თხრა უყვარს და ორმოებს აკეთებს, ერთ ამბავშია ხოლმე... მალტეზე სახლის ძაღლია. ესეც ძალიან აქტიურია... ალბათ, როცა დიდი სახლი მექნება, შინ ბევრ ოთხფეხა მეგობარს მოვიყვან. სამომავლოდ, ძაღლს თავშესაფრიდან ავიყვან და მასთან ვიმეგობრებ...

ეთო ყორღანაშვილი