საბედისწერო შემთხვევები მსახიობის ცხოვრებაში და სიტყვები, რომლებიც მოტივაციად იქცა
მსახიობობაზე ბავშვობიდან არ ოცნებობდა, ჩოგბურთს თამაშობდა, მაგრამ ტრავმის გამო თავი დაანება, მერე მის ცხოვრებაში იყო შემთხვევა, რომელმაც მთელი მისი მომავალი განაპირობა. ნიკა კუჭავა დღეს მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობია. "საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ" "კრეიცერის სონატა" "თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევრად", ხოლო "მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებლად" - ნიკა კუჭავა, ამ სპექტაკლში ნათამაშები პოზნიშევის როლისთვის დაასახელა.
- ამ წარმატებას გილოცავთ! "მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად" დასახელებას, რამდენად ელოდით?
- საერთოდ არც ვიცოდი, წარდგენილი თუ ვიყავი ამ პრემიაზე. იმ დღეს, სპექტაკლის შემდეგ შინ მივედი, მეორე დღეს "შინელის" აღდგენითი რეპეტიცია მქონდა და დივანზე წამოწოლილი "შინელს" ვკითხულობდი, ფანქრით ადგილებს ვინიშნავდი. ეკა მაზმიშვილმა დამირეკა, - გილოცავ, გილოცავო! გახარებული იყო. - ვერ გავიგე, რას მილოცავ-მეთქი? "წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის" ტიტული აგიღიაო. მერე მამაჩემს ახლობელმა დაურეკა და მიულოცა, ჩემს სიმამრსაც დაურეკეს... მოულოდნელი და სასიხარულო ამბავი იყო, მესიამოვნა.
- რა არის ამ სპექტაკლის მთავარი სათქმელი?
- ის, რაც ლევ ტოლსტოიმ თავის ეპოქაში თქვა, დღესაც აქტუალურია. ეს არის ამბავი ადამიანზე, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან კარგი პიროვნებაა, მაგრამ მეორე მხრივ, მასში მონსტრი ცხოვრობს, ეჭვიანობის ნიადაგზე კლავს ცოლს. ის იმდენად დარწმუნებულია საკუთარ თავში, იმდენად გამართლებულად მიაჩნია თავისი საქციელი, რომ მაყურებელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. სპექტაკლის შემდეგ, არაერთმა დამისვა შეკითხვა, იმ ქალმა მართლა უღალატაო? მაყურებლის ნაწილი კაცს ამართლებდა, ნაწილი - არა. ყველა ამბობდა, რომ ადამიანი არ უნდა მოეკლა, მაგრამ... რადგან სიტყვა "მაგრამ" არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ სათქმელი სწორად ითქვა, რომ ცხოვრება ვარდისფერი არ არის, რომ სიყვარულს თან ახლავს სირთულეები. ოჯახი ხომ ყველა ნორმალური ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ვიგებთ, ოჯახში სამი შვილი იზრდება, გიხარია, თუმცა ამ ბედნიერებას ახლავს ბევრი "მაგრამ". მართალია, სამი შვილი ჰყავს, მაგრამ არსებობს სოციალური პრობლემები, მაგრამ ვერ აძლევს განათლებას, მაგრამ მკურნალობა სჭირდება და თანხა არ აქვს, მაგრამ...
- "სიყვარული ნარკოტიკია", ამბობს თქვენი პერსონაჟი. რას ფიქრობ, სიყვარული ნარკოტიკია?
- სიყვარული ამოუწურავი თემაა. ამბობენ, აუხსნელიაო, თუმცა არაფერიც არ არის აუხსნელი. სიყვარული მიჩვევააო, - ესეც მსმენია. თუ მიჩვევა სიყვარულია, მიჩვევა იცის ნარკოტიკმაც, სასმელმაც, აზარტულმა თამაშებმაც. ასე რომ, შეიძლება თქვა, სიყვარული ნარკოტიკია.
- ჩოგბურთელი ბიჭი სცენაზე როგორ აღმოჩნდით?
- IX კლასი რომ დავასრულე, შემდგომ კლასში გადასასვლელი გამოცდები ჩავაბარე. სკოლიდან გასვლას არ ვფიქრობდი. მეგობარი გამოვიდა IX კლასიდან, კოლეჯში უნდა ჩაებარებინა. მან მითხრა, ჩემს კოლეჯში კასკადიორის ხელოვნების შემსწავლელი ფაკულტეტი არის, რაც მთავარია, მანქანის ტარებას გასწავლიან, შეგიძლია იარო და მართვის მოწმობებს აძლევენო. რთული პერიოდი იყო, მანქანა და მოტოციკლი დღეს აღარავის უკვირს, მაშინ სხვაგვარად იყო. ამ წინადადებამ მომხიბლა. მშობლებიც ძალიან არ შემეწინააღმდეგნენ და კოლეჯში კასკადიორობის სწავლა დავიწყე. იქ სამსახიობო ფაკულტეტიც იყო. ამ პროფესიაზე არ ვგიჟდებოდი, არც არასდროს მქონდა ნაფიქრი. რუსულ ენას ბავშვობიდან კარგად ვფლობ, რაღაც დავაშავე, ვიცელქე და რუსულის ლექტორმა ლექციიდან გამაგდო. მაშინ სასწავლებელში მხოლოდ აუდიტორიები თბებოდა, დერეფანში სასტიკი სიცივე იყო, მე კი ქურთუკიც აუდიტორიაში დამრჩა და სიცივეში რამდენ ხანს გავძლებდი? რამდენიმე წუთის შემდეგ, ერთ-ერთ კარზე დავაკაკუნე, ლექცია ტარდებოდა. ვითხოვე, თუ შეიძლება შემოვალ-მეთქი. იქ მყოფი ბავშვების ნაწილს ვიცნობდი. ლექტორი ვიღაც წვერიანი კაცი იყო და ნება დამრთო, შემოდი, მაგრამ ხელი არ შემიშალოო. კუთხეში დავჯექი, არც მერხი იყო, არც დაფა, ბავშვები სკამებზე წრეზე ისხდნენ. ვერ გავიგე, რა ხდებოდა. ვიღაც ადგა და მაიმუნი განასახიერა, მეორემ - ძაღლი. ახლა ვხვდები, ეტიუდებს აკეთებდნენ, მაგრამ მაშინ მათი შემხედვარე, გულში ვიცინოდი, - ესენი კარგად ვერ არიან-მეთქი. ის პედაგოგი თურმე, რეჟისორი ცოტნე ნაკაშიძე ყოფილა. მის ლექციაზე კვირაში ერთხელ დავდიოდი, როცა რუსულის პედაგოგი აუდიტორიაში არ მიშვებდა. ნელ-ნელა ეტიუდების გაკეთება მეც დავიწყე.
- მსახიობობის, როგორც პროფესიის ინტერესი, როდის მოვიდა?
- ცოტნე ნაკაშიძე თავის მოსწავლეებს უფასო აბონემენტს ურიგებდა, სპექტაკლებზე რომ ევლოთ. მეც მათ ავყევი, მაგრამ ინტერესი დიდად არ მქონდა. თუმანიშვილის თეატრში "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" რომ ვნახე, მოვიხიბლე, თეატრში სიარული აქტიურად დავიწყე. იმ წელს თითქმის ყველა სპექტაკლი ვნახე. "ცხოვრება იდიოტისა" გამორჩეულად დამამახსოვრდა, ნატა მურვანიძე თამაშობდა. მაშინ რას ვიფიქრებდი, მომავალში პარტნიორები თუ გავხდებოდით. ზაფხულში დასასვენებლად წავედი და გადამავიწყდა ეს სფერო. კოლეჯში დავდიოდი, ვსწავლობდი კასკადიორობას, მაგრამ იმ ჯგუფში აღარ შევდიოდი. მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა ცოტნემ რამდენჯერმე შემაქო, მირჩია, მსახიობობით დავინტერესებულიყავი, მაგრამ სერიოზულად არც კი დავფიქრებულვარ. ერთი წლის შემდეგ, სახლის ტელეფონზე ზარი შემოვიდა. - ნიკა, გამარჯობა, ცოტნე ნაკაშიძე ვარ, სამეფო უბნის თეატრი ყალიბდება, "მასოვკაში" ახალგაზრდები სჭირდებათ და ხომ არ მოხვალო? იზა გიგოშვილი ახსენა, მაგრამ თეატრალურად იმდენად გაუნათლებელი ვიყავი, ეს სახელი და გვარი არაფერს მეუბნებოდა. პირველად ამ თეატრის სცენაზე დავდექი. ზურა ცინცქილაძე, ხათუნა იოსელიანი, იზა გიგოშვილი თამაშობდნენ. ამ სპექტაკლს მეორე სპექტაკლი მოჰყვა, იქაც "მასოვკაში" ვიდექი, მაგრამ ორი სიტყვაც მათქმევინეს. მოქმედი მსახიობები გავიცანი, დასი არ არსებობდა, მიწვეული მსახიობები თამაშობდნენ, ყველა თავის სპექტაკლზე მეპატიჟებოდა. შექება მათი მხრიდანაც რომ მოვისმინე, გადავწყვიტე, თეატრალურში ჩამებარებინა, მაგრამ იმ წელს ამბობდნენ, სამედიცინოზე და თეატრალურში ფულის გარეშე მოხვედრა შეუძლებელიაო. ავიჩემე, ჩავაბარებ-მეთქი. მაშინ სახლებში კომპიუტერი იშვიათობა იყო. ნათესავები მყავდა ავსტრალიაში. დედაჩემმა მთხოვა, მეილზე მათთვის წერილი გამეგზავნა. კომპიუტერი ჩემი დის სამსახურში იყო და წავედი, მივუჯექი კომპიუტერს და დედაჩემის დაწერილი წერილის დაბეჭდვა დავიწყე. ჩვეულებრივი მოკითხვის შემდეგ, წერდა; ნიკუშამ თეატრალურში ჩაბარება გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, წელს ვერ შეძლებს, მაგრამ მე და ნიკოლოზი (მამაჩემსაც ნიკოლოზი ჰქვია) ვეცდებით, მომავალ წელს მას რამით დავეხმაროთო. ეს სიტყვები იქცა ჩემს ძალიან დიდ მოტივაციად: გავბრაზდი, მეწყინა, გულზე მომხვდა, ჩემი როგორ არ სჯერათ-მეთქი?! ძალიან მოვინდომე და თეატრალურში პირველსავე წელს ჩავაბარე. ჩემი რიტუალი მქონდა, სანამ გამოცდა დამეწყებოდა, ქაშუეთის ტაძარში შევდიოდი და უფალს ვთხოვდი, ჩემთვის ძალა მოეცა. იმ წელს პროფესიაში ერთადერთი "ათიანი" დაიწერა ბიჭებში და ისიც მე მივიღე.
- მშობლებმა რა გითხრეს?
- მათთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო. დედა მკაცრად მზრდიდა, მამა შვილების აღზრდის საკითხში დედას ენდობოდა. ჩემთან მეგობრულად იყო. რამეს თუ დავაშავებდი, მერჩივნა, მამას გაეგო, ვიდრე - დედას. დედა აუცილებლად დამსჯიდა. თეატრალურში ლექციები შეიძლება 3 საათი გაგრძელდეს, შეიძლება 9 საათი. ნუკრი ქანთარიას ჯგუფში ვიყავი, ხშირად სასწავლებლიდან ღამის 12-ზე გამოვდიოდით, ტრანსპორტი რომ აღარ დადიოდა, ტაქსის ფულს თავად გვაძლევდა, სახლებამდე რომ მივსულიყავით. მამაჩემს არ ეჯერა, რომ ღამის 12 საათზე სწავლას ვამთავრებდი და დედას ეუბნებოდა, ეს ბავშვი სადღაც დადის, ცუდ რამეს არ სჩადიოდესო. მანამდე არ დაიჯერეს, სანამ სცენაზე არ მნახეს.
- თქვენს ცხოვრებაში იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ზარი გიზო ჟორდანიასგან. ამ დღეს როგორ გაიხსენებთ?
- უკვე მეოთხე კურსზე ვიყავი, მე და ჩემი კურსელი გიორგი ზანგური გამორჩეულად ვძმაკაცობდით. მეტყველების ლექციიდან სამსახიობო ოსტატობამდე 2-საათიანი შესვენება გვქონდა. ერთ დღეს თანხა შევაკოწიწეთ, 200-გრამიანი ბოთლი არაყი ვიყიდეთ. ოპერის ბაღში გავედით, ვლაპარაკობდით, ადრე რა კარგი იყო, თეატრალურს რომ ამთავრებდნენ, მსახიობებს თეატრებში ანაწილებდნენ, აი, ჩვენ ვამთავრებთ და ხვალ, ზეგ რა იქნებაო?.. ამ დროს ტელეფონზე ზარი შემოვიდა, დეკანატიდან მირეკავდნენ, ხვალ მარჯანიშვილის თეატრში ხარ დაბარებულიო. საუბარი დავასრულე თუ არა, გიორგისაც დაურეკეს და მასაც იგივე უთხრეს. დავეჭვდით, ხომ არავინ გვეხუმრებოდა, დაუჯერებლად გვეჩვენა, ისეთი ემოცია და ინტერესი მქონდა, იმ ღამეს ვერ დავიძინე, მეორე დღეს თეატრში მივედით, გიზო ჟორდანიასთან და გაიოზ კანდელაკთან გვქონდა შეხვედრა. 2 დღეს გაძლევთ მოსაფიქრებლად, გინდათ თუ არა მარჯანიშვილის თეატრის დასში იყოთო. სპექტაკლში კი არა დასშიო, ვაა! ეს რა სასწაული იყო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, გიორგი ზანგურმა ლადო მესხიშვილის თეატრში წასვლა ამჯობინა.
- დღეს მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობი ხართ, ამ თეატრთან თანამშრომლობა იღბლიანი აღმოჩნდა.
- მართალია, მაგრამ თავიდან იყო ბევრი სირთულე, ძლიერი განცდები. როლანდ ოქროპირიძე, ზვიად სხირტლაძე, ბექა გოდერძიშვილი და მე ერთად მივედით, დასის წევრები ფეხზე ადგნენ და ტაში დაგვიკრეს. თურმე ამ თეატრში ახალგაზრდა მსახიობი, წლების განმავლობაში არ ჰყავდათ მიღებული, დიდი წყვეტა ჰქონდათ. მაშინ თან ინსტიტუტში დავდიოდი, თან - თეატრში და თეატრალურში პირველ და მეორეკურსელები, როგორც შემდგარ არტისტს ისე მიყურებდნენ. ვიფერებდი, მსიამოვნებდა, მაგრამ თავში არასდროს ამვარდნია.
- არც მაშინ, როცა "ჩიფსების თაობაში", "გოგოები და ბიჭები" თამაშობდით და ძალიან პოპულარული იყავით?
- არც მაშინ. ტელევიზია ძალიან პოპულარულს გხდის. კარგი გამოთქმაა, ტელევიზორში ორი დღე ცხენის უკანალი რომ აჩვენო, მესამე დღეს იმ ცხენს სახეზე იცნობენო. თავიდანვე, ჩემთვის ტელევიზია არ იყო პრიორიტეტული და ამ დამოკიდებულებამ სატელევიზიო კარიერაში ხელი ძალიან შემიშალა.
- მხატვრულ ფილმებში შესრულებული გაქვთ ეპიზოდური როლები რეზო ესაძესთან, გიგა ლორთქიფანიძესთან...
- გიგა ლორთქიფანიძემ ფილმში "ღმერთო, რისი გულისთვის" რომ გადამიღო, მაშინ პირველ კურსზე ვიყავი. ვთვლი, რომ ეს ფილმი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და უიღბლო ნამუშევარია. ჩემი აზრით, პირველკურსელი ფილმში არ უნდა გადაიღო.
- როდესაც ახალ როლზე მუშაობას იწყებთ, ეს პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. როგორც მსახიობისთვის, გამორჩეულად საინტერესო ეტაპი რომელია?
- ძიების პროცესია ძალიან საინტერესო. არაერთხელ მქონდა შემთხვევა, როცა პერსონაჟი ბოლო რეპეტიციაზე, პრემიერის წინ ვიპოვე. ამის გამო ადრე ძალიან ვნერვიულობდი, ახლა შევეჩვიე.
- მაშინ რა ხდება, როცა აღმოაჩენ?
- გაქვს განცდა, როგორი მარტივი ყოფილა, ეს ხასიათი მანამდე როგორ ვერ იპოვე. რთულია იმ შეგრძნებების ბოლომდე გადმოცემა. ერთდროულად ბევრი ემოცია მოდის: სიამოვნება, ნერვიულობა, შიში... მერე ყველაფერი ლაგდება. მთავარია, შეცდომას მიხვდე, გამოსწორება ადვილია. ჯვარი მწერია, ჯერ როლი ასეთი მიუგნებლობისგან არ ჩამიგდია. პერსონაჟის ქმედება, როგორც არ უნდა მოგწონდეს, შენს თავში მაინც უნდა გაამართლო, ეს უნდა შეძლო, მერე იწყება პროფესიით "კაიფი". მერე გავიწყდება ყველაფერი ცუდი: დაბალი ხელფასი, დაუფასებლობა სახელმწიფოს მხრიდან და ა.შ.
- შეგიძლიათ საყვარელი როლი დამისახელოთ?
- მე მაქვს სპექტაკლები, რომლებიც გამორჩეულად მიყვარს.
- მაგალითად?
- "ჟოლო", რომელიც ახლა 3 საათში უნდა ვითამაშო, მიყვარს "კრეისერის სონეტა" და კიდევ რამდენიმე სპექტაკლი.
- პარტნიორს ყველა მსახიობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ცუდი პარტნიორის გამო, შეცდომა დაგიშვია?
- შეიძლება ორი გენიალური არტისტი იდგეს სცენაზე და ერთმანეთისთვის კარგი პარტნიორები არ იყვნენ. მანანა კაზაკოვა მეუბნება, როცა სცენაზე შენთან ერთად ვარ, არაფრის მეშინიაო. შეიძლება ვიღაცისთვის ცუდი პარტნიორიც ვარ, თუმცა ეს ჯერ არ უთქვამთ.
თამუნა კვინიკაძე