"მივხვდი, ყველა ქალი როგორი მაგარია, ვინც ამ ტკივილს უძლებს" - გზაპრესი

"მივხვდი, ყველა ქალი როგორი მაგარია, ვინც ამ ტკივილს უძლებს"

შიშის დაძლევის მცდელობა იმით დასრულდა, რომ ციაკო პანიკაში ჩავარდა - კიდურების ცახცახი დაეწყო... "დღესდღეობით, ავტომობილი ფუფუნების საგანი კი არა, საჭიროებაა. მეც მჭირდება, თუმცა ისე მეშინია, რომ არ ვიცი, ავტომობილის მართვის შესწავლას როდემდე გადავდებ", - გვითხრა ციაკომ, რომელსაც "ქალურ-დიასახლისურ" თემებზე ვესაუბრეთ...

- ალბათ, ძლიერი ქალი ვარ, რადგან მგონია, რომ ყველა ადამიანი ძლიერია, ვინც თავის ცხოვრებას თავად მართავს, ბავშვობიდან ყველაფერს აკეთებს, რომ წარმატებას საკუთარი შრომით მიაღწიოს. მშობლებიც, ბებია-ბაბუაც ამას მასწავლიდნენ, რომ შრომის გარეშე არაფერი გამოდის. ზარმაცი არასოდეს ვყოფილვარ. ბევრი ვიშრომე, რომ ის ვყოფილიყავი, ვინც დღეს ვარ. ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო, რომ სცენაზე, მიკროფონთან რაც შეიძლება ახლოს ვყოფილიყავი... ზარმაცი არც სახლში ვარ: სამსახურიდან დაბრუნებულს სადილი ხშირად მომიმზადებია, სახლი დამილაგებია, თუმცა, რა თქმა უნდა, მყავს ოჯახის წევრები, ვინც ამას ჩემ გარეშეც არაჩვეულებრივად ახერხებენ. უბრალოდ, ჩემს ქმარს ჩემ მიერ მომზადებული კერძები ძალიან უყვარს. თან, მეც მიხარია, როცა მეუბნება, - შენ მომიმზადეო... ეს სტიმულს მაძლევს. ვცდილობ, ახალ-ახალი კერძების მომზადება ვისწავლო და მეუღლე გავაკვირვო ხოლმე.

- ყველაზე უკეთ რისი მომზადება გამოგდის?

- ჩემს შვილს ე.წ. ფანქეიქი ძალიან უყვარს. შოკოლადით ვამზადებ... ისე, ჩემი მომზადებული კერძებიდან მადამ ბოვარი, ბეფსტროგანოვი, ბაჟე მიყვარს...

- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნია თავი?

- კი (იცინის). სანამ ფანქეიქის მომზადებას ვისწავლიდი, ვერ აღგიწერ, რამდენი ვიწვალე და ვიტანჯე, რომ შესაბამისი ფორმა და გემო ჰქონოდა. ხან გემო მომწონდა, მაგრამ ფორმა არ ვარგოდა, ხან - პირიქით... არ დავნებდი. ვამზადებდი, ვაგდებდი, ისევ ვამზადებდი... იცი, მაშინ როგორი სასოწარკვეთილი ვიყავი? ვამბობდი, - სამზარეულო საერთოდ აღარ მინდა-მეთქი. ჩემი ქმარიც დამეხმარა და ბოლოს, ორივეს ერთად, ფანქეიქის მომზადება კარგად გამოგვივიდა.

- როგორ ქალზე ამბობენ, ქალურიაო, შენი აზრით?

- სხვათა შორის, დაახლოებით 25 წლის რომ ვიყავი, ისეთი ქალის შესახებ ვამბობდით, ქალურიაო, ვინც ბევრ სამკაულს, აკულულავებულ თმას, მძიმე მაკიაჟს ატარებდა (იცინის). დღეს სიტყვა "ქალური" ძალიან მოვლილ ქალთან ასოცირდება, რომელიც ლამაზად გამოიყურება.

- თავს როგორ უვლი? რას აკეთებ იმისთვის, რომ კარგ ფორმაში იყო?

- ერთადერთი, სახეზე ბიორევიტალიზაცია მაქვს გაკეთებული. საერთოდ, ტკივილის ატანა არ შემიძლია... მშობიარობის შემდეგ ლოყებზე სიწითლე მაქვს. ბიორევიტალიზაციის პროცედურა ერთ-ერთმა ესთეტიკურმა ცენტრმა გვაჩუქა. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ თავად პროცედურა საშინელება იყო. მივხვდი, ყველა ქალი როგორი მაგარია, რომ ამ ტკივილს უძლებს!.. რომელ "ფილერსა" და წარბის ტატუაჟზეა საუბარი, როცა ბიორევიტალიზაციას ძლივს გავუძელი (იცინის)?!. სახეზე სხვა არაფერი გამიკეთებია... მოგეხსენება, გადაღებებისთვის გრიმი გვისვია ხოლმე, რომელსაც შემდეგ აუცილებლად მინერალური წყლით ვიშორებ, მერე კი სახეს დასაბანი გელითა და ღრუბლით ვიბან, სახის კანს ვიტენიანებ... სხვას განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. მყავს კოსმეტოლოგი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი. პერიოდულად მასთან დავდივარ, ისიც - წარბის "გასაკეთებლად". ცოტა ხნის წინ, წარბის ძაფებით აქაჩვაზე ვფიქრობდი, მაგრამ გადავიფიქრე - შეიძლება, მეტკინოს-მეთქი... მთელ სხეულზე ანტიცელულიტურ მასაჟს ვიკეთებ.

- შენს მთავარ შარმად რას მიიჩნევ?

- ალბათ - თვალ-წარბს, რადგან ჩემ შესახებ ბავშვობიდან მესმოდა - გადაკალმული თვალ-წარბი აქვსო. ბოტოტიკა ფეხებზე ვერაფერს ვიტყვი (იცინის)...

- ციაკო, ისეთი სადაქალო თუ გყავს, რომელსაც კვირა არ გავა, რომ არ შეხვდე?

- კი. თუ ერთმანეთს ვერ შევხვდით, სოციალურ ქსელში ჩატი გვაქვს შექმნილი და 2 დღეში ერთხელ მესენჯერში ვიდეოთვალით ვსაუბრობთ. ბავშვობის 5 დაქალი ვართ. ერთ-ერთი მათგანი კანადაში ცხოვრობს და იქიდან გვერთვება ხოლმე. ერთმანეთს თავს არ ვანატრებთ. საბავშვო ბაღიდან ერთად მოვდივართ...

- მეორე ნახევრებთან არსებულ პრობლემებსაც განიხილავთ ერთმანეთთან?

- კი. თუმცა საერთოდ, სხვის პირად ცხოვრებაში უხეშად ხელის ფათური სწორად არ მიმაჩნია. რა თქმა უნდა, ბავშვობის დაქალები ერთმანეთს რჩევებს ვეკითხებით. პრობლემური პირადი ცხოვრება არც ერთს არ გვაქვს, მაგრამ თუ ვინმეს რჩევა დასჭირვებია, საკითხი განგვიხილავს...

- ყოფილა შემთხვევა, როცა შენი პრობლემის შესახებ ანონიმურ ჯგუფში "დაგიპოსტავს"?

- არასოდეს. საერთოდ, ვერ ვიტყვი, რომ ინტერნეტსივრცეში ძალიან აქტიური ვარ. ერთი პერიოდი გადავწყვიტე, რომ "ინფლუენსერი" გავმხდარიყავი. ყველა ერთად მეღადავებოდა: ქმარი, მეგობრები, ჩვენი გუნდის ბიჭები... "ინფლუენსერების" შრომას დიდ პატივს ვცემ - ამ საქმეს მართლაც ბევრი დრო, ენერგია და ძალისხმევა სჭირდება. ისეთი რეჟიმი მაქვს, რომ "ინფლუენსერი" ნამდვილად ვერ ვიქნები. ერთადერთი, სოციალურ ქსელში ფოტოს ან მოკლე ვიდეოს თუ ავტვირთავ ხოლმე.

- სქესის გამო დისკრიმინაციის ფაქტს შესწრებიხარ?

- სამსახურში გოგონებიც და ბიჭებიც ძალიან კარგად ვართ. ალბათ ცხოვრებაში გამიმართლა: 29 წლის ვარ და მსგავსი დისკრიმინაცია არასოდეს არ მიგრძნია, თუმცა ჩემ გარშემო ბევრი ქალისგან გამიგონია, რომ სამარშრუტო ტაქსიში ან მეტროში შეუვიწროებიათ... ეს ძალიან ცუდია. ჩემი აზრით, წესით, დისკრიმინაციის ფაქტები დღეს უფრო შემცირებული უნდა იყოს, რადგან ქალებმა უკვე ყველას აჩვენეს, რომ ძლიერები არიან - საკუთარი თავის დაცვაც შეგვიძლია და ერთმანეთისაც. რაც მთავარია, ნებისმიერი ადამიანი, ვინც დისკრიმინირებულად იგრძნობს თავს, არ უნდა გაჩუმდეს.

- შვილის აღზრდის შენი მეთოდი თუ განსხვავდება იმ მეთოდისგან, რომელსაც დედა შენი აღზრდისას იყენებდა?

- ვერ ვიტყვი, რომ 24/7-ზე ჩემს შვილთან ერთად ვარ. როცა ალექსანდრე დაიბადა, ვფიქრობდი, რომ სამსახურში მალევე უნდა გავსულიყავი. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი (დედამთილს ვგულისხმობ), რომელმაც მითხრა, - ბავშვს მე გავზრდი, თუ მენდობიო. რა თქმა უნდა, მასზე უკეთესს ვის ვენდობოდი?! 10 დღის ალექსანდრე ხელიდან ხელში გადავაბარე, - აბა, ხათო, შენ იცი, თავიდან ბოლომდე გენდობი-მეთქი. ასე რომ, ვერ დავიბრალებ, შვილი მხოლოდ მე აღვზარდე და გავზარდე-მეთქი, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ პროცესში მეც ვმონაწილეობდი. თავისუფალ დროს ყოველთვის შვილთან ვატარებ. ვერც იმას ვიტყვი, რომ ძალიან მკაცრად ვზრდი და ვერც იმას, რომ საუბრის ტონისთვის ოდნავაც არ ამიწევია. როგორც კი ტონს ოდნავ ავუწევ, ჩემს შვილს ეტირება - ჩემგან ყველაფერი სწყინს... ცხადია, ცემა-ტყეპით ბავშვის გაზრდას არანაირად არ ვემხრობი. სხვათა შორის, ახლახან ძალიან კარგი წიგნი - "მშობელსა და შვილს შორის" წავიკითხე. მასში ბევრი საინტერესო ინფორმაცია აღმოვაჩინე: მანამდე რომ მეგონა, ბევრ რამეს სწორად ვაკეთებდი, თურმე ასე არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობას ყველა ადამიანი გმობს, ბავშვთან საუბრისას ტონის აწევაც კი არასწორია. პატარასთან ურთიერთობას ბევრი ლაპარაკი, ახსნა (თუ საჭიროა - რამდენჯერმე) სჭირდება, რისთვისაც მშობელს ძლიერი ნერვები უნდა გქონდეს. ალექსანდრე ძალიან ცელქია. მიმაჩნია, რომ ადამიანების რიდი მაინც უნდა ჰქონდეს (ბუნებრივია, ამაში შიშს არ ვგულისხმობ). ბევრი მშობელი მინახავს, ვინც შვილს ძალიან "რბილად" ზრდის. ამ "სირბილის" გამო ბავშვი "ფუჭდება" და ცოტა არ იყოს, ქცევა უზრდელობაში გადასდის. არ მინდა, ალექსანდრეს საქციელი უზრდელობაში გადაიზარდოს, ამიტომ ვცდილობ, ნეიტრალური მშობელი ვიყო. უფროსების, ქალის მიმართ პატივისცემას ვასწავლი... მსურს, პირველ რიგში, მისთვის კარგი მეგობარი ვიყო. სულ ვეუბნები, - დედიკო, არ მომატყუო და არ გეჩხუბები. მთავარია, სიმართლე თქვა. დავსხდეთ და დავილაპარაკოთ-მეთქი. შემიძლია, დავიფიცო, რომ რაც უნდა დაეშავებინა, როცა ვკითხავ, რა მოხდა, აუცილებლად სიმართლეს მეტყვის. ამას მივაჩვიეთ... ჩემთვის დედა ძალიან კარგი მეგობარი, მესაიდუმლე იყო და არის. ყოველთვის ისე მეპყრობოდა, რომ მისგან რამის დამალვის სურვილი არ მიჩნდებოდა. ამაში დედას ვბაძავ: ვცდილობ, ალექსანდრეს სიმართლის თქმა შევაყვარო... აქვე იმასაც ვიტყვი, რომ დედაჩემი ძალიან მკაცრი იყო: წარბს რომ ასწევდა, სამივე დედმამიშვილი სიმაღლის მიხედვით ვდგებოდით... კიდევ, ჩემი შვილისთვის მითქვამს, - თუ ამას არ გააკეთებ, თოვლის ბაბუა საჩუქარს არ მოგიტანს-მეთქი. თურმე ბავშვისთვის ამის თქმა არ შეიძლება. არც ის უნდა უთხრა, - რა ყოჩაღი, მაგარი ხარო! მის მიერ გაკეთებული საქმის შედეგი უნდა შეაქო და არა - თავად ის. მაგალითად, თუ კარგად დახატა, უნდა უთხრა, რომ კარგად დახატა და არა - რა კარგი მხატვარი ხარო! წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, მერე სხვა რაღაც დახატოს, კარგად არ გამოუვიდეს და არ გაჩვენოს, დახიოს... მოკლედ, ბევრ საკითხს სხვაგვარად შევხედე.

dsc02497-1638521853.jpg

- მშობლისა და შვილის ურთიერთობის შესახებ წიგნი მიზანმიმართულად მოიძიე?

- არა. ბესტსელერი: წიგნების ერთ-ერთი მაღაზიის შესახებ სიახლეები გამოწერილი მაქვს და "ამომიგდო", დავინტერესდი... თან, მაშინ "კოვიდი" მქონდა, შინ ვიყავი... საერთოდ, ფსიქოლოგიურ ლიტერატურას ხშირად ვკითხულობ. რთულია, ბავშვი სწორად, კარგ ადამიანად აღზარდო.

- როგორ ფიქრობ, საქართველოში ქალად ყოფნა რთულია?

- არა, თუმცა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ალბათ მაინც რთულია, რადგან ჩვენთან ის აზრი ჯერ მაინც არის შემორჩენილი, რომ ქალი მხოლოდ დიასახლისი უნდა იყოს, გათხოვდეს, დარეცხოს, დაალაგოს, საჭმელი ამზადოს და ა.შ. თითქოს ეს აზრი ჩვენმა თაობამ შეცვალა. პირადად მე 16 წლიდან ვმუშაობ. ყოველთვის ვცდილობდი, დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. გათხოვილი ვარ, მაგრამ მაინც დამოუკიდებელი ვარ, ჩემი ხელფასი მაქვს, ყველაფერს დამოუკიდებლად, ვინმეს დახმარების გარეშე მივაღწიე... ალბათ თავად ქალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული - თავი არავის უნდა დააჩაგვრინო. ვერც იმას ვიტყვი, რომ ვინმეს ჩემი დაჩაგვრა უცდია... ჩემი აზრით, მთავარია, მებრძოლი ადამიანი იყო...

ეთო ყორღანაშვილი