"ოქროს სამკაული არ გამაჩნია“ - გზაპრესი

"ოქროს სამკაული არ გამაჩნია“

„ბევრი წლის წინ ერთი კაბა დედამ ჩამომიტანა უცხოეთიდან, რომელიც ნაქსოვია, შალისაა და მოკლე მკლავები აქვს - დღემდე არ ჩამიცვამს, ჩრჩილმა შეჭამა. არადა ახლა, ძალიან თანამედროვე და პოპულარულია“... - ამბობს ქალბატონი მაკა მახარაძე...

- რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაში?

- რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა, ოჯახი... თუმცა,

ზოგჯერ ოჯახს და გარემოსაც არ აქვს მნიშვნელობა: შეიძლება ძალიან უბრალო ოჯახში აღიზარდოს გამორჩეულად დახვეწილი გემოვნების ადამიანი, ყველაფერი ინდივიდუალურია! ის, რაც შეიძლება მე მომწონს, თქვენ შეიძლება სულ არ მოგწონდეთ და ამ დროს, უგემოვნო არც ერთი ვიყოთ. ამიტომაც, გემოვნება ძალიან რთული თემაა და ერთპიროვნულად ვერაფერს ვიტყვით...

სხვადასხვა ეპოქას სხვადასხვა სტილი აქვს... მაგალითად, მე-17 საუკუნის პერიოდი მნიშვნელოვნად ითვლება, ყველაფერი მორთული იყო ჭრელაჭრულა ყვავილებით, კაცებს მაკიაჟი, პარიკები და რაღაც სასწაულები ჰქონდათ... დღეს მსგავსი რაღაცები შეიძლება მოდური აღარ არის, მაგრამ წარსულის გავლენა ყოველთვის რაღაც დოზით იგრძნობა. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია!

258405685-186318450286971-7165495122663390975-n-copy-1638522160.jpg

- მოგზაურობა სად გირჩევნიათ?

- ყველაფერი მაინტერესებს და ალბათ, მსოფლიოში ადგილი არ არის, სადაც წასვლას არ ვისურვებდი... ერთადერთი, უნდა ვიცოდე, რომ გველი არსაიდან შემოსრიალდება და მიუხედავად ამისა, ინდოეთში წასვლა მაინც ძალიან მინდა...

თბილისის შემდეგ, პირველად რასაკვირველია, რუსეთში აღმოვჩნდი... პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ყველაფერი გრანდიოზული და ლამაზი ჩანდა... ახლა კარგს ვეღარაფერს იტყვი რუსეთზე, მაგრამ პეტერბურგში რომ მოხვდე, გაოცდები - ეს ხომ მსოფლიოს გამორჩეულად ულამაზესი ქალაქია!

საზღვარგარეთ პირველად პოლონეთში ვიყავი... მერე უკვე დაიწყო მოგზაურობა და უამრავ ქვეყანაში გახლდით. პარიზი ჩემი ოცნების ქალაქია. ჩვენს ბავშვობაში სულ ფრანგულ ლიტერატურას ვკითხულობდით, საბალეტო სკოლაში ფრანგულს გვასწავლიდნენ, კერძო გაკვეთილებზეც დავდიოდი ფრანგულის პედაგოგთან. ბავშვობიდან ძალიან ბევრი წლების შემდეგ, 1997 წელს აღმოვჩნდი პარიზში და ვიცოდი, რომელი ქუჩა რომლის შემდეგ იყო... პარიზის მოსახლეობაზე ვერ ვიტყვი, რომ ეს ხალხი განსაკუთრებული გემოვნებით დამამახსოვრდა. ქუჩაში ისე არ დადიან, როგორც ფილმებში ვხედავთ. უფრო მეტად ნაცრისფერი და შავი იგრძნობა, ამ სიტყვების ყველანაირი გაგებით. გეგონება, საერთოდ აფრიკულ ქვეყანაში აღმოჩნდი.

იტალია სხვა სამყაროა და არასოდეს მბეზრდება. ამ ქვეყანას თავიდან ბოლომდე ვერასოდეს დაათვალიერებ. გემოვნებიანი მოსახლეობა უფრო მეტად, იტალიაში მახსოვს. რომში ხუთი დღე ვიყავით, 6 სპექტაკლი გვქონდა, მაგრამ დანარჩენი დრო სულ ვსეირნობდით და შემიძლია ვთქვა, რომი ნამდვილი სასწაულია! შემდეგ გენუაში ვიყავით ერთი თვე, სადაც ჩემი ძმა - თემურ ჩხეიძე და ჩემი მეუღლე, მხატვარი მურაზ მურვანიძე სპექტაკლზე მუშაობდნენ. მე და ნანი ჩიქვინიძე ქალაქში ბევრს დავსეირნობდით და რაც დღემდე მკვეთრად დამამახსოვრდა, ძალიან კეკლუცი ქალები იყვნენ, მამაკაცებს მათკენ თვალები გაურბოდათ... ზამთარი იყო და ჩექმა არც ერთ ქალზე არ დამინახავს, ყველას თხელი ფეხსაცმელი ეცვა... 1996 წელი იყო და წარმოიდგინეთ, მაშინდელ საქართველოში რა რეალობა იყო. ჰოდა, იქ კიდევ უფრო უცნაურად გვეჩვენებოდა ეს ყველაფერი... საქართველოში უშუქობა, სიცივე და იმდენად ყველაფრის დეფიციტი გახლდათ, რომ აუარებელი პროდუქტი წამოვიღეთ და ჩემმა მეუღლემ მხოლოდ წამოღებაში 700 დოლარი რომ გადაიხადა, ვიცინოდით, - ამდენი ფულით საქართველოშიც ტონობით პროდუქტს შევიძენდით-თქო...

იტალიაში ყოფნისას, ჩემთვის მოულოდნელი და გასაკვირი იყო ის ფაქტი, რომ პრემიერაზე დარბაზში ქალები ქურქებით ისე შემოდიოდნენ, აშკარად იყო, ერთმანეთს აწონებდნენ თავს. მერე ამ ქურქს ზერელედ აგდებდნენ გვერდზე სავარძელზე. სნობური იყო მათი ჟესტი, მაგრამ სასიამოვნო...

ამაზე გამახსენდა კლაუდია კარდინალეს მოსკოვში ვიზიტი. იგი საბჭოთა ფილმში გადაიღეს, სადაც ოთარ კობერიძეც მონაწილეობდა... კლაუდია იხსენებდა, - სულ ვოცნებობდი რუსული ბალეტი მენახა და მოსკოვში რომ ჩამოვედი, მაშინვე დიდი თეატრისკენ გავეშურე და როგორც ჩვენთან არის მიღებული, დარბაზში ქურქით შევედი, იქ კი მითხრეს, რომ მათთან დარბაზში ქურქით შესვლა აკრძალულიაო და ეს უკვირდა...

- ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან ვინ გახსენდებათ, როგორც განსაკუთრებულად გემოვნებიანი? ბევრი ასახელებს ლეგენდარულ მედეა ჩახავას...

- მე ლიანა ასათიანს დავასახელებ!.. რაც შეეხება დედას, ძალიან ქალური იყო, მაგრამ მასზე რომ ვისაუბრო, ცოტა არ იყოს, მეუხერხულება... ისე, ის სამოსს მნიშვნელობას არასოდეს ანიჭებდა და ყველა ასე ვართ ოჯახში: არ მესმის, რამე თუ მომწონს, მისი მარკა რაღატომ უნდა ვაკონტროლო?! მომწონს? - ჩავიცვამ და თუ არ მომწონს, მარკაც ვერ უშველის... ერთხელ დედას უთხრეს, ალბათ სულ ფრანგულ სუნამოს ხმარობთო. დედაჩემს უპასუხია: არაფერი ვიცი, რასაც მაჩუქებენ, იმას ვიყენებო. ოქროს ნივთი დედას არასოდეს ჰქონია. გამორჩეულად უყვარდა მძივი, რომელსაც ფაქტობრივად არ იხსნიდა - თეთრი და შავი პლასტმასის რგოლები იყო.

ვიღაცისთვის სისადავე მიუღებელია, ჩემთვის კი სამკაულების "აჩორჩხვლა" არ ასოცირდება სილამაზესთან, მაგრამ კაცია და გუნება!

ცნობილ, გემოვნებიან ქალბატონებზე საუბარს რომ დავუბრუნდეთ, მეტი მსურს გითხრათ ლიანა ასათიანის შესახებ, რომელიც ნამდვილი არისტოკრატი, ძალიან ძლიერი და თავდაჯერებული ქალბატონი იყო! სულ ვეუბნებოდი: ლიანა დეიდა, საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდათ-მეთქი... განსაკუთრებული ქარიზმა ჰქონდა. ჩვენ კარგა ხანს ერთსა და იმავე სართულზე, ერთ ოჯახად ვცხოვრობდით და მახსოვს, სულ საოცარ ფორმაში იყო. ნამდვილად მისაბაძი ქალი გახლდათ, ძალიან ღირსეული!

საოცრად გემოვნებიანია გოგი ალექსი-მესხიშვილის მეუღლე - მაკა მიქაძე. ის ყოველთვის გამორჩეულად იმოსება... როცა გემოვნებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ ნანი ბრეგვაძე! ეს საოცარი ქალია, მოვლენა!

- ქართველი დიზაინერების ნამუშევრებზე რას იტყვით?

- დღეს დემნა გვასალიაა პირველი, ყველა შეპყრობილი ვყავართ... მისით ყველა ვამაყობთ და ბედნიერები ვართ. არ მოგწონთ, ბატონო? - ნუ ჩაიცვამთ! ვისაც მოეწონა, ძალიანაც დააფასა... მომწონს ასევე: გიორგი შაღაშვილი, ჯაბა დიასამიძე...

- თქვენ თვითონ ჩაცმულობის როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

- ჩემი სამოსი ყოველდღიური და გამოსასვლელიც - შარვლით შემოიფარგლება... არც კაბა მაქვს და არც ქვედაბოლო. შარვალი უფრო მოვიხდინე, რადგან კაბაში ორჯერ დიდი ვარ, ვიდრე სინამდვილეში და ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს... ერთი ყაბალახი მაქვს, რომელიც მაჩუქეს და შარფივით ვიყენებ. საერთოდ, შარფები ძალიან მიყვარს, ასევე - პლასტმასის საყურეები, მძივები. ოქროს ნივთები, დედაჩემის მსგავსად, საერთოდ არ მაქვს...

259255731-268470278445444-7743353784054379220-n-copy-1638522173.jpg

- ალბათ ძალიან ცოტა ქალბატონს თუ უხდება თქვენსავით ვარცხნილობა კარე...

- ახლა ვარცხნილობა ოდნავ შევცვალე... წინამოთი მაქვს შუბლი დაფარული და ნიღბით - ცხვირ-პირი...

- რამდენად მიესალმებით გარეგნობაში ხელოვნურ ჩარევებს?

- ძალიანაც მივესალმები! თუ ადამიანს უნდა და თავდაჯერებას შემატებს, სურვილი აუცილებლად უნდა აისრულოს! რაც უნდა უთხრას დედამ, მამამ, მეგობარმა, მისი გადასაწყვეტია და მორჩა! კი ბატონო, მე არ მომწონს ეს საშინლად დაბერილი ტუჩები, მაგრამ მას ხომ მოსწონს და აბედნიერებს?! მართალია, ინდივიდუალურობა დაიკარგა და ლამის ყველა ერთმანეთს ემსგავსება, მაგრამ ალბათ ესეც გაივლის... ზომიერება ყველაზე კარგი რამ არის, მერწმუნეთ, მაგრამ ვიღაცას გაუჩნდა სურვილი, ხალხის ყურადღება მიიქციოს და მაგალითად, ამის გამო, თმას წარმოუდგენელ ფერად იღებავს. მიზეზი ერთია, რომ შეამჩნიონ...

- რას ურჩევდით ქალბატონებს, რათა ყოველთვის გემოვნებიანად გამოიყურებოდნენ, მიუხედავად ძალიან რთული პერიოდისა?

- ადამიანი პრობლემებს თუ აჰყვები, ეს ძალიან შორს ჩაგითრევს. სასოწარკვეთილება ერთ-ერთი ცოდვაა... გაჭირვებაში ვერაფერ სიკეთეს ნახავ, ამიტომ უნდა ეცადო, შენს ცხოვრებაში ნათელი შემოიტანო. აი, მეორე მსოფლიო ომის, ისპანკის თუ აგერ, პანდემიის დროსაც ქალბატონები ახერხებდნენ და ახერხებენ ფორმაში იყვნენ... მიკვირს, რომ ამბობენ, დავწყდით სახლში ყოფნითო... რატომ, სახლი არ გიყვარს? სახლში ვართ, ციხეში ხომ არა! ქალს სახლში საქმე არასოდეს დაელევა.

- ამბობენ, თბილისური მოდა დაიკარგა... ეთანხმებით?

- წინა თაობა იძახდა, ჩვენს დროს დაიკარგაო; იმათზე წინა თაობაც ალბათ, ამას ჩიოდა... ხომ არ შეიძლება, სულ ერთ დროში ვიყოთ ჩარჩენილები? წინ მიდის ცხოვრება და ყველაფერი იცვლება. იმას ხომ ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ დახეული სამოსი მოდაში იქნებოდა და ამაშიც ფულს გადაიხდიდნენ...

ადრე ქალბატონები საგანგებოდ იკერავდნენ თეატრში წასასვლელად კაბებს, მაგრამ დღევანდელ ახალგაზრდობას ამას ვეღარ მოსთხოვ. კი, მეც ძალიან რთულად ვეგუები დახეულ ჯინსს, მაგრამ ეგ არაფერი. ყველაზე მეტად ის არ მომწონს ახალგაზრდებშიც და ძველგაზრდებშიც, რომ მუცელგადმოგდებული დადიან, ეს კი არაესთეტიკურად ჩანს. სარკე ხომ არსებობს? მხოლოდ იმიტომ, რომ მოდაშია, არ უნდა ჩაიცვა.

მართალია, ამერიკაში არ ვყოფილვარ, მაგრამ იქ არის თურმე სრული თავისუფლება ამ მხრივ და საერთოდ არ აინტერესებთ, რა უხდებათ და რა არა...

იცით, მე ახლაც მაქვს ჩემი ჩემოდანი, სადაც ჩემი ძალიან ძველი კაბები, ასევე - ჩემი შვილების და შვილიშვილების კაბები მიდევს... ცოტა ხნის წინ ჩემმა 19 წლის შვილიშვილმა ეს კაბები ნახა და გადაირია, ისე მოეწონა. მართალია, არც ერთს არ ჩაიცვამს, მაგრამ ყველაზე იძახდა, ეს მინდაო... მთელი ზაფხული ისე გავიდა, არც ერთი არ ჩაუცვამს, მაგრამ თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლობს და შეიძლება სცენაზე გამოადგეს...

მანანა გაბრიჭიძე