"ადვოკატი ადამიანებს როგორც რენტგენში, ისე ხედავს და სულაც არ არის ეს კარგი დასანახავი" - გზაპრესი

"ადვოკატი ადამიანებს როგორც რენტგენში, ისე ხედავს და სულაც არ არის ეს კარგი დასანახავი"

ადვოკატი ლია მუხაშავრია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადამიანია თავისი პროფესიის წარმომადგენლებს შორის. რამდენიმე წლის წინ ის თავის მშობლიურ მხარეში - გურიაში, ლანჩხუთის რაიონში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ პროფესიას მაინც ვერ უღალატა... ქალბატონი ლია თავისი ცხოვრების ყველაზე საინტერესო ამბებზე გვესაუბრა.

- გურიაში მეგრული გვარები ხშირად გვხვდება. არსებობს გადმოცემა, რომ ისინი დადიანების მიერ გაჩუქებული ყმების შთამომავლები არიან. მეც, როცა ვამბობ, რომ გურული ვარ, მაშინვე ეშმაკური ღიმილით მეკითხებიან, - "ძაღლზე გაცვლილი გურული ხარ, ხომ?" გურიაში ამბობენ: დადიანი ცუდ ყმას არ გააჩუქებდაო, ამიტომ ყველას ვეუბნები - აქ მხოლოდ საუკეთესო მეგრელების შთამომავლები ცხოვრობენ-მეთქი. რაც შეეხება ჩემი გვარის წარმოშობას, ის მეგრული არ არის, რადგან მის ფუძეში სიტყვა "მუხაა". მუხას მეგრულად "ჭყონი" ჰქვია, ამიტომ, ჭყოიძე, ჭყონია, ჭყონდიდელი - ისინი მართლა მეგრელები არიან, მუხაშავრია - არა, თუმცა ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, ქართველი ვარ. ძალიან ვამაყობ, რომ მეგრელი დედა მყავდა, გვარად - შარია. გალში დავიბადე და ნათესავები იქ ახლაც მყავს. თითქმის მთელ ზაფხულს გალში ვატარებდი და მეგრული ძალიან კარგად ვიცი. გურულებისა და მეგრელების ურთიერთობაზე ბევრს აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ ერთს ვიტყვი: გურულები ხშირად მეხუმრებიან, ამისთანა მწარე იურისტი იმიტომ გახდი, რომ დედა მეგრელი გყავდა და მამა - გურულიო...

- მცდელობას, რომ თქვენი შესაძლებლობები სოფლის მეურნეობაშიც გეცადათ, როგორ შეხვდნენ გურულები?

- საკმაოდ სკეპტიკურად: მაფრთხილებდნენ, არაა აგი იურისტი ქალის საქმეო... 2014 წელს საცხოვრებლად აქ რომ გადმოვედი და გადავწყვიტე, კოოპერატივი დამეფუძნებინა, ყველა ეჭვის თვალით მიყურებდა. დაახლოებით 4 თვე დავდიოდი კარდაკარ და ყველას ვარწმუნებდი, ჩემს კოოპერატივში გაერთიანებულიყვნენ. ეზოში რომ შევიდოდი და კოოპერატივზე ლაპარაკს ჩამოვუგდებდი, საყვედურის კილოთი მეუბნებოდნენ: - რას მეუბნები, ცა, ძლივს მევიშორეთ მაი კომუნისტები და ახლა შენ გინდა ისევ კოლექტივში დაგვაბრუნოო? მეც ვუხსნიდი, რომ კოოპერატივი სხვაა და კოლექტივი - სხვა. ძალიან ბევრს იურიდიულ კონსულტაციასაც ვუწევდი. ბევრი მცნობს და ყოფილა შემთხვევა, როცა ქუჩაში უთხოვიათ იურიდიული კონსულტაცია. ჩემი სოფლელები, როგორც მეზობელთან გადადიან მწვანილის სათხოვნელად, ისე მოდიან ჩემთან საკონსულტაციოდ. ამის გამო დედა სულ მეხუმრებოდა, - მოსიარულე ადვოკატი ხარო.

- ახლობლები თავიდან თქვენს იურისტობას ეჭვით ხომ არ უყურებდნენ?

- დიახ, ასე იყო, განსაკუთრებით, სტუდენტობაში. პირველ კურსზე მითხრა ერთმა ახლობელმა: დროზე გათხოვდი, ბიძია, სანამ მაი იურიდიული ფაკულტეტი დაგიმთავრებია, თუ არა, მერე გათხოვებისთვის სადღა გეცლებაო. ერთხელ, ბიძაჩემმაც მისაყვედურა: რას გადაეკიდე ბიძია ამ იურისტობას, ოჯახში არავინ იურისტი არ გვყავს და შენ რატომ გადაწყვიტე, ამიხსენიო. მაშინ ახსნა-განმარტებით თავი არ შემიწუხებია, მაგრამ გულში კი მეწყინა. წლების მერე, როცა დავამთავრე, ამ ბიძის დაცვა მომიხდა: მას ავტოავარია შეემთხვა, რომელიც ძალიან მძიმე შედეგით დასრულდა - ადამიანი გარდაიცვალა. ზაფხული იყო, ვისვენებდი, როცა დედაჩემი ჩამოვიდა და მითხრა, აუცილებლად უნდა წახვიდე და ბიძაშენი დაიცვაო. საბედნიეროდ, ეს საქმე მოვიგე, ბიძაჩემი პატიმრობიდან გაათავისუფლეს და გაამართლეს. თავიდან არ სჯეროდა, რომ თავისუფალი იყო. როცა უთხრეს, შენმა დისშვილმა ექსპერტიზა ჩაატარა და დაამტკიცა, რომ დამნაშავე არ ხარო, ჩემთან მოვიდა და მითხრა: აუცილებლად უნდა მოგიხადო ბოდიში, მარტო ჩემი გათავისუფლებისთვის ღირდა შენი იურისტობაო. მარტო ბიძაჩემი არ ფიქრობდა, რომ ეს ქალის საქმე არაა... თავიდან, როცა ადვოკატობა დავიწყე და ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ჩემთვის კლიენტებსაც უთქვამთ: შენ როგორ უნდა დამიცვა, შვილიშვილის ტოლი ხარო. მერე ბოდიშს მიხდიდნენ.

- თქვენს პრაქტიკაში კურიოზული საქმეები ბლომად გქონიათ?

- ამბობენ, რომ ყველაზე მეტი კურიოზი განქორწინების საქმეებს ახლავს, მაგრამ მე ამ სფეროში არ მიმუშავია: არ მინდოდა ვინმეს ოჯახის დანგრევაში მონაწილეობა და პრინციპულად ვამბობდი უარს, მაგრამ ერთმა ჩემმა კურსელმა და მეგობარმა ძალიან გამაოცა: ჩემი გამოცდილების მიხედვით გეტყვი, როგორ უნდა შეუშალო ხელი ოჯახის დანგრევასო - ჯერ ხუთჯერ მეტი ოდენობის საბუთის მოტანას დავავალებ, რომ სარჩელი შევადგინო. ამ დოკუმენტების მოგროვება იმდენად რთულია, ეზარებათ და თავიანთ განზრახვაზე ხელს იღებენო. თუ კლიენტს განქორწინება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და საბუთებს მაინც მოაგროვებს, მერე ვეუბნები: ახლა სექსოლოგის ცნობა უნდა მომიტანოთ, რომ თქვენი თანაცხოვრება შეუძლებელიაო... წინასწარ შეთანხმებული ვარ ნაცნობ სექსოლოგთან და იმასთან ვუშვებ. მან იცის, რომ ჩემს კლიენტებს ასეთი ცნობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეს. ამ "მეთოდით" ერთი წლის განმავლობაში 28 ოჯახი გადავარჩინე დანგრევასო... ასეთი ადვოკატებიც არსებობენ. მერე მეც მქონდა შემთხვევა: წლების წინ, ზუბალაშვილების ქუჩაზე, იურიდიულ კონსულტაციაში ვმუშაობდი. ადამიანები შემოდიოდნენ და ადვოკატის კონსულტაციას იღებდნენ. შემოვიდა ერთი კაცი, ცოტა ფეხარეული მოდიოდა, მიიხედა, მოიხედა და მთხოვა: განქორწინების სარჩელი უნდა შემიდგინოო. მივხვდი, ნასვამი და გაბრაზებული იყო, ეს სერიოზული გადაწყვეტილება არ გახლდათ. ვუთხარი, რომ ასე იოლად სარჩელს ვერ შევადგენდი და ჩემი კოლეგის მსგავსად, იმდენი საბუთის მოტანა დავავალე, რომ გაოცებულმა მკითხა, - როგორ, ამდენი ქაღალდია საჭიროო? ძალიან დადარდიანებული წავიდა და განქორწინების თხოვნით ჩემამდე აღარ მოსულა. ყოველთვის, როცა ასეთი საკითხის გამო მომმართავდნენ, სულ ვცდილობდი მხარეები მომერიგებინა.

- თუ გახსენდებათ საქმე, როცა კლიენტი მძიმე დამნაშავე იყო და მისი დაცვა არ გინდოდათ?

- ადვოკატს შეუძლია უარი თქვას საქმეზე, მაგრამ თავიდან, როცა ახალბედა ვიყავი, კლიენტებს სახაზინო წესით ვიცავდი: ჩემს ანაზღაურებას ბიუჯეტი იხდიდა და არა - კლიენტი. როცა ყველაფერი მის დანაშაულს ადასტურებდა, ყოველთვის ვურჩევდი - შენთვის ჯობია, ნაწილობრივ მაინც ცნო თავი დამნაშავედ და მოსამართლის კეთილგანწყობა მოიპოვო-მეთქი. მერე კი, როცა საშუალება მქონდა, ყოველთვის ვწყვეტდი ისეთი ადამიანის დაცვას, რომლის პოზიცია ჩემთვის მიუღებელი იყო. იმის განცდა, რომ ადამიანი სამართლიანად დაიცავი და სასურველ შედეგს მიაღწიე, ძალიან კარგი რამ არის და ამ განცდას დღესაც ვერაფერზე გავცვლი. ალბათ ეს მშველის, რომ მხნეობა შევინარჩუნო. როცა კოლეგები მხვდებიან, უკვირთ, როგორ შევინარჩუნე ძველებური ხალისი და იუმორი, მე ხომ ყველაზე მძიმე კატეგორიის საქმეებზე ვმუშაობ. ვფიქრობ, ყველაზე მძიმე სიტუაციაშიც კი, ადამიანმა იმედი და იუმორის გრძნობა არ უნდა დაკარგოს. იუმორის წყალობით ყველაზე რთული მდგომარეობიდანაც კი შეიძლება გამოსვლა.

- რომელი იყო ყველაზე მძიმე საქმე, რომელიც ვერ მოიგეთ?

- ყველაზე მძიმე, რომელიც დღესაც ცუდად მახსენდება, ერთი ახალგაზრდა, ლეკი გოგონას საქმე იყო: მას მოძალადის მკვლელობას აბრალებდნენ და გაუფრთხილებელი მკვლელობის მუხლი მიუყენეს. მე ვამტკიცებდი, რომ ეს აუცილებელი მოგერიება იყო და ასეთ დროს ჩადენილი მკვლელობა პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს. ჩემი კლიენტი 19 წლისა იყო - კაფანდარა, გამხდარი გოგო, რომელიც ავტომობილში მოძალადე მამაკაცთან ერთად აღმოჩნდა. ეს კაცი 32 წლისა იყო - მაღალი, ახოვანი, 100 კილოგრამზე მეტს იწონიდა... მან მსხვერპლს ავტომანქანის ოთხივე კარი ჩაუკეტა და მას სხვა საშუალება აღარ დარჩა, ძალადობისგან თავი რომ დაეცვა. გოგონამ მოძალადეს ლანცეტი დაახვედრა, რომელიც პირდაპირ გულში მოხვდა და მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. სასამართლო პროცესზე მისი ოჯახის წევრები ბოლო ხმაზე გაჰკიოდნენ: ამ ერთი ციდა გოგომ ჯან-ღონით სავსე ვაჟკაცი როგორ მოკლაო?! სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა... ეს ამბავი ახლაც ცუდად მახსენდება და დღესაც განვიცდი, რომ ვერ ვუშველე! ეჭვი მაქვს, მოკლულის ოჯახმა ქრთამიც გაიღო, რომ გოგონას სასჯელი არ ასცდენოდა.

- რომელია ყველაზე წარმატებული საქმე, რომელიც პირიქით, სიამოვნებით გახსენდებათ?

- ყველაზე წარმატებული საქმე ევროსასამართლოში მოვიგე. მას ასე ერქვა: "შამაევი და 12 სხვა - საქართველოს და რუსეთის წინააღმდეგ". 13 ჩეჩენი გახლდათ დასაცავი და მოპასუხე ორი მთავრობა იყო - საქართველოსი და რუსეთის. ძალიან ბევრი სამუშაო ჩავატარეთ: საბუთები, დოკუმენტები, მტკიცებულებები - უამრავი რამ უნდა მომეგვარებინა. შედეგად, საქართველოს მთავრობამ მოითხოვა, შეეჩერებინათ ჩეჩნების რუსეთში ექსტრადიცია და ჩემი კლიენტები რუსეთში აღარ გადაგზავნეს. ერთ-ერთი მათგანი ევროპაში წავიდა, ლტოლვილის სტატუსი მიიღო და ახლაც შვედეთში ცხოვრობს. ის, სხვების მსგავსად გადაურჩა სიკვდილზე უარეს წამებას, რაც მოელოდა - ეს ჩემთვის, როგორც მათი დამცველისთვის, სასიხარულო ამბავი იყო!

- მძიმე დამნაშავეების დაცვა ან მათთან ურთიერთობა არ გიჭირდათ?

- არასოდეს მქონია პრობლემა, რადგან ვიცოდი, ჩემი კლიენტი მე არაფერს დამიშავებდა. იზოლატორში ყველაზე საშიშ დამნაშავეებთანაც მარტო შევდიოდი და მათგან უდიერი მოპყრობა არ მახსენდება. ზოგს ჰგონია, დამნაშავის დაცვა ცუდია, მაგრამ ეს ადვოკატის მოვალეობაა: ამ დროს მთავარია, ბრალი მეტისმეტად არ დაუმძიმონ. შეიძლება ადამიანს მართლა აქვს ჩადენილი მკვლელობა, მაგრამ ეს აუცილებელი მოგერიების მიზნით რომ მოხდა, ამას დამტკიცება ხომ უნდა? გამომძიებელმა ბრალდებულს სასჯელი თუ დაუმძიმა, ადვოკატმა ეს უნდა გამოასწოროს. ბრალდებულს ზუსტად ისეთი სასჯელი უნდა მიუსადაგონ, რასაც იმსახურებს.

- თქვენთვის, როგორც ქალისთვის, ალბათ მოძალადის დაცვა ყველაზე რთულია...

- სხვათა შორის, სექსუალური მოძალადეები არასდროს დამიცავს, ამ კატეგორიის საქმეებზე არ მიმუშავია.

- რა თავისებურება აქვს თქვენს პროფესიას?

- 1989 წლიდან მე ადვოკატი ვარ ანუ 30-წლიანი გამოცდილება დამიგროვდა. გამოცდილი ადვოკატი ადამიანებს როგორც რენტგენში, ისე ხედავს. გამოგიტყდებით, რომ ეს ნამდვილად არ არის კარგი დასანახავი.

ხათუნა ჩიგოგიძე