გივი სიხარულიძე: "სააკაშვილმა დაშლილი ქვეყანა ჩაიბარა" - გზაპრესი

გივი სიხარულიძე: "სააკაშვილმა დაშლილი ქვეყანა ჩაიბარა"

მწერალი, მსახიობი და უბრალოდ, კოლორიტული ადამიანი - გივი სიხარულიძე, როგორც ყოველთვის, დაუფარავად გვიზიარებს თავის შეხედულებებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე:

- ბატონო გივი, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს ლამის მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. როგორია თქვენი აზრი ამ საკითხზე?

- დასაწყისში უნდა ვთქვა, რომ მე არანაირი სიძულვილი არა მაქვს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. ზოგს ის ეჯავრება, ზოგს თავის კერპად მიაჩნია, მე კი, ლოიალურად ვარ განწყობილი. მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ თანამედროვე, ცივილიზებური მართლმსაჯულება, პროკურატურა და სასამართლო გვაქვს, მაშინ საქართველოში განსაკუთრებული პატიმარი არ უნდა არსებობდეს. პატიმარი პატიმარია და ნებისმიერმა მსჯავრდადებულმა კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი, ოღონდ, ერთი პირობით - სიმართლემ უნდა იზეიმოს. თუ ადამიანს არასწორ ბრალდებას უყენებენ, ეს სასამართლომ უნდა გამოავლინოს და მისი ბედი სამართლიანად გადაწყვიტოს - თუ მტყუანია, გაამტყუნოს და თუ მართალია - გაამართლოს.

- სააკაშვილს არამიზნობრივ ხარჯვას აბრალებენ, თუმცა, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არ შეიძლება პრეზიდენტი თავისი ფონდის ფულის დახარჯვის გამო გაასამართლონ.

- ჩემი ნება რომ იყოს, მარტო კოსტიუმების შეძენის, ბოტოქსის ან სამედიცინო პროცედურების გამო, ყოფილ პრეზიდენტს ხმასაც არ გავცემდი, ღმერთმა მოახმაროს! რატომ? - მას დაშლილი ქვეყანა ჩაბარდა, რომელსაც ფეხზე დაყენება სჭირდებოდა და ის ამას ცდილობდა, მაგრამ მის მმართველობას ერთი სერიოზული ხარვეზი ჰქონდა: სააკაშვილმა შექმნა კანონები, რომელიც მერე თვითონვე დაარღვია, არადა, კანონი მაშინ არის კარგი, როცა მას ყველა იცავს. თუ შენს მიერ შექმნილ კანონებს დაარღვევ, რასაკვირველია, ხალხი ამას არ გაპატიებს.

- რა აზრის ხართ ყოფილ "ნაციონალებზე", რომლებიც წინა ხელისუფლების დროს კორუფციის გამო დასაჯეს, მერე "ოცნებაში" გადაინაცვლეს და ახლა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე არიან?

- მე მგონი, ხალხმა "ოცნება" იმიტომ აირჩია, რომ სიმართლეს ეზეიმა და თავიანთ რიგებში საეჭვო ხალხი თუ ჰყავთ, მაშინ დიდი შეცდომა დაუშვიათ. ქართველი ხალხი "ოცნებას" იმიტომ მიემხრო, რომ ახალი ცხოვრება დაწყებულიყო, რომ ის უბედურება აღარ გამეორებულიყო, რომელიც ადრე ხდებოდა. "ოცნება" თუ ისე მოიქცევა, რომ ყველაფერი მართლა ოცნებად დაგვრჩეს, ეს ძალიან ცუდი იქნება. ალალად გეტყვით: მე არავის დაჭერა არ მინდა და ძალიან ბედნიერი ვიქნები, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბოდიში მოიხადოს ქართველი ერის წინაშე: თქვას, რომ დიდი შეცდომებიც დაუშვია, მერე კი, უკრაინაში გაუშვან ისე, რომ პასუხი არ აგებინონ. მე, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილის დაჭერა ნამდვილად არ გამიხარდება. საერთოდ, განაწყენებული და გაუბედურებული ადამიანის დანახვა ყველაზე მეტად მაწუხებს. ქვეყანას მართავდა და შეცდომები ჩაიდინა? - აპატიონ და გაუშვან. დაიღალა ჩვენი ქვეყანა მუდმივი არეულობით, პარალიზებული ქალაქებით, გადაკეტილი გზებით და თუ ყოფილ პრეზიდენტს გამოუშვებენ, მე ამის წინააღმდეგი არ ვიქნები.

- თვალს ადევნებთ მის სასამართლო პროცესებს?

- როგორც ყველა, ამ პროცესებს მეც ვაკვირდები და იცით, რა მიკვირს? - სასამართლოს პოზიცია: როგორ, ნიკა გვარამიაა პროკურორი, ახლანდელ პროკურორს რომ აჩუმებს? სიმართლე გითხრათ, რა ხდება ჩვენს თავს, ვეღარ გამიგია.

- ბატონო გივი, უვადოდ დანიშნული მოსამართლეებსა და ჩვენი პოლიციის საქციელზე რას იტყოდით?

- ვფიქრობ, რომ მოსამართლეებს უვადოდ არ უნდა ირჩევდნენ, რადგან ეს, პირველ რიგში, მათთვის არის მძიმე ტვირთი. თუ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა უვადო მოსამართლეების წინააღმდეგია, ეს ხმამაღლა უნდა ითქვას და საკითხი ხალხის, ოპოზიციის და მთავრობის ურთიერთთანხმობით უნდა გადაწყდეს. სახელმწიფოს მართვა რთული საქმეა და ბევრ ნიუანსს მოიცავს. მაგალითად: მე არც ოპოზიციის მომხრე ვარ და არც - პოზიციის, მაგრამ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, რომელიც ვიღაცებს არ მოსწონთ, მე მომწონს. მისი გაკეთებული საქმეებიც მომწონს, რადგან ყველაფერში თავის გულს და ჯიგარს დებს. თანაც, ღარიბაშვილი ის კაცია, რომელმაც საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება არ დაუშვა. ამის გამო ის ჩემთვის იდეალური პრემიერი და კარგი ადამიანია. დანარჩენი, ვინ მტყუანია და ვინ - მართალი, უფალმა უნდა გაარჩიოს და რა თქმა უნდა, მიუკერძოებელმა, ნორმალურმა სასამართლომ. რაც შეეხება ჩვენს პოლიციას: ეს ბიჭები მიზერულ ჯამაგირს იღებენ და 24 საათის განმავლობაში ქუჩაში დგანან. კი არ უხარიათ ქუჩაში დგომა, მაგრამ რა ქნან? - პოლიციამ წესრიგი უნდა დაიცვას, ეს მათი მოვალეობაა და ისინი რომ არ იყვნენ, საერთოდ ბაკქანალია იქნებოდა. სახლში რომ შემოგვიცვივდნენ და დაგაყაჩაღონ, პირველად ვის დაურეკავთ? - პოლიციას. იმ "კაპიკებზე", რომელსაც იღებენ, კიდევ კარგად მუშაობენ.

- ხელისუფლება ამტკიცებს, რომ წინა ხელისუფლების დროს უამრავი დანაშაული ხდებოდა, ოპოზიცია კი, მაშინვე ახსენებს მაჩალიკაშვილის, სირაძის, ბაჩალიაშვილის და სხვათა საქმეებს, რომელიც დღემდე ბუნდოვანი და გამოუძიებელია...

- დანაშაული ყოველთვის ხდებოდა და ხდება, ადამიანები ანგელოზები არც ადრე იყვნენ და არც ახლა არიან, მაგრამ მაშინ თანამდებობის პირები ძალიან ცუდ საქმეებს სჩადიოდნენ: ამდენი ხალხი დახოცეს, ამდენი ოჯახი დააობლეს, ოჯახებში შეუცვივდნენ, რომ ქონება წაერთმიათ, ხალხს თავმოყვარეობა შეულახეს და ვიღაცამ პასუხი ხომ უნდა აგოს? მე არ ვამბობ, რომ ესენი ანგელოზები არიან, მაგრამ გუშინდელი სისხლისმსმელები დღეს მშვიდობის მტრედები რომ გახდნენ, ეს როგორ მოხდა? ზოგჯერ აღარ ვიცი, ვის დავუჯერო, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ვინც დააშავა, ყველამ პასუხი უნდა აგოს. უკვე ვთქვი, რომ არავის დაჭერა არ მინდა, ღმერთმა ყველა ბედნიერი ამყოფოს, მაგრამ დანაშაულზე ყველას პასუხი უნდა მოეთხოვოს!

1-copy-1639131731.jpg

- რას ფიქრობთ იმ ხალხზე, ვინც თავად კორუფციაშია ჩაფლული და სხვის კორუფციულ დანაშაულებზე ლაპარაკობს?

- არ ვიცი ვის გულისხმობთ, მაგრამ ეს ამბავი მეც არ მომწონს. როცა ადამიანი პოლიტიკაში "ცალი კალოშით" მოდის და ცოტა ხანში მილიონერი ხდება, ეს ამაზრზენია, მაგრამ ზოგჯერ ამას ისეთ ხალხს აბრალებენ, რომ ვერ ვიჯერებ. თუნდაც, კახი კალაძეს - მე ვერავინ დამაჯერებს, რომ მან სახელმწიფოს ფული შეჭამა, პირიქით, მას ერთი სული აქვს, ყველა ქართველი ბედნიერი იხილოს. ეს არ არის კაცი, რომელიც ხალხის ფულს შეჭამს - ის ამგვარ საქმეზე წამსვლელი არ არის! სწორედ ამიტომ გვჭირდება სამართლიანი სასამართლო, რომ მტყუან-მართალი დაადგინოს და ვინმე უდანაშაულოდ არ დაისაჯოს, ოღონდ, კანონის წინაშე ყველა ერთი უნდა იყოს!

- დაბოლოს, რას ეტყოდით ქართველ საზოგადოებას, რომელიც დღეს უკიდურესად პოლარიზებულია?

- ბედნიერი ვიქნებოდი, ეს დაპირისპირებული მხარეები რომ შერიგდნენ და ერთ საქმეს ემსახურონ - საქართველოს ბედნიერებას. ზოგიერთები დღევანდელ სიტუაციაზე მსჯელობისას, 1990-ინ წლებთან ავლებენ პარალელს, როცა ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ძმათამკვლელი ომი წამოიწყეს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს განმეორდეს! მე ნებისმიერი ადამიანი მიყვარს, რომელიც ქართულ საქმეს აკეთებს, გინდ ოპოზიციაში იყოს და გინდ - პოზიციაში. პირველ რიგში, ჩემი ერის გულშემატკივარი ვარ და ვინც საქართველოს ერთგულია, ყველას მხარში დავუდგები. ჩემთვის არც ერთი მხარეა მტერი და არც - მეორე! მინდა, ქართველებმა საქართველოს ბედნიერებისთვის ერთად იღვაწონ. რაც იყო, იყო, როგორმე უნდა შევრიგდეთ, მოვრიგდეთ და ყველამ საქართველოსთვის სასიკეთო საქმეები აკეთოს.

ხათუნა ჩიგოგიძე