"დავიღალეთ!!!"
"დავიღალეე! შეიძლება ყოველდღე ამათ უსმინო და უყურო?! კობახიძე-მდინარაძე, მდინარაძე-კობახიძე, უგულავა-მელია-სააკაშვილი, მელია-უგულავა, შიმშილობა, "კოვიდი", გვარამია, ადვოკატი, ექიმები, გადაიყვანეს, გადმოიყვანეს, სასამართლო, შეეფარდა, გვარამია, კობახიძე, მდინარაძე, სააკაშვილი... დავიღალეეთ!.. ღმერთო, ვიწყებ შიმშილობას, მოთხოვნით - ეს ხალხი გააქრე ამ ქვეყნიდან. არ მაინტერესებს, როგორც გინდა გააქრე, გააქრე!" - ამ სასოწარკვეთილი პოსტის ავტორი მსახიობი ნიკა ქაცარიძეა. ალბათ ბევრი თქვენგანი იტყვით, რომ თქვენი სათქმელიც თქვა, თქვენი ემოციაც გადმოსცა. წესით, პოლიტიკური დღის წესრიგის ავტორებსაც უნდა აინტერესებდეთ როგორია ხალხის პოზიცია, რას ფიქრობენ მათ მიერ შექმნილ რეალობაზე, რა უნდათ, რისი იმედი აქვთ, ვინ უყვართ ან ვინ სძულთ.
ნიკა ქაცარიძე:
- დაგვანევროზეს, არაადეკვატური გაგვხადეს ამდენი ნეგატიურ ინფორმაციით. ნორმალურ ქვეყნებში ადამიანებს მუდმივად სტრესის ქვეშ არ ამყოფებენ. დედაჩემს გული ხელით უჭირავს უკვე. რაც უნდა მყარი ფსიქიკის და ჯანმრთელობის მქონე იყო, ქვეცნობიერში ყველაზე მოქმედებს ამდენი ნეგატივი, დაძაბულობა, შიში. ადამიანები ადამიანებს აღარ ჰგვანან, ზოგი იმისტია, ზოგი ამისტი, ზოგი "ნაცია" და ზოგიც "ქოცი". მერე ესენი ერთმანეთს უპირისპირდებიან, ლანძღავენ, მტრობენ, თითქოს სექტებად დაიყო საზოგადოება. ყველგან იგრძნობა ეს ნეგატივი - ოჯახებში, სამსახურებში, უბნებში... თეატრშიც ძალიან იძაბება სიტუაცია, როგორც კი პოლიტიკაზე ჩამოვარდება საუბარი.
- თქვენ, როგორც ერთი მოქალაქე, ვის ბრალს ხედავთ შექმნილ ვითარებაში და ვის აკისრებთ პასუხისმგებლობას?
- რა თქმა უნდა, სახელმწიფო, კანონი და ტელევიზიები, რომლებიც რეიტინგებს ქმნიან ნეგატიურ ინფორმაციებზე, ფსონს არ დებენ პოზიტივზე, სიკეთესა და სიყვარულზე. ისედაც სულს ღაფავს ეს საწყალი ქვეყანა და კიდევ ეს ნეგატივის შტურმი უნდა?! მე მგონია, რომ მიზანმიმართულად კეთდება ყველაფერი.
- რა შეიძლება იყოს მიზანი?
- არ ვიცი, ალბათ, ხალხის დაზომბირება, დასტრესვა, მონად ქცევა და მერე მათი იოლად მართვა.
- როგორ აღიქვამთ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესს? როგორ გგონიათ, შეიძლება მისი ფაქტორიც განაპირობებდეს თქვენთვის არასასურველ რეალობას?
- დიახ, რა თქმა უნდა. თუმცა, კანონის შესაბამისად უნდა იყოს ყველაფერი. მე, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, ყველა პატიმარი მეცოდება, მაგრამ დანაშაულის ჩამდენმა სასჯელი უნდა მოიხადოს, რა მნიშვნელობა აქვს, პრეზიდენტი გახლდათ ის თუ პრემიერი?! კანონი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. მე თუ მკითხავთ, იმაზე მეტ დროს უთმობენ სააკაშვილს, ვიდრე საჭიროა. ყოველდღიურ რეჟიმში გვაწვდიან ინფორმაციას - რა დალია, რა ჭამა, როგორ ეძინება. პირადად მე, ძალიან დავიღალე ამით და არ მინდა, არ მაინტერესებს. მინდა ვიცოდე, სად რა კონცერტი ჩატარდა!
- როგორც გადასახადების გადამხდელის, როგორია თქვენი დაკვეთა, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?
- ძალიან ბევრი დაკვეთა მაქვს. ახლა დაიწყეს ამათ იმის კეთება, რაც 9 წლის წინ უნდა დაეწყოთ. მოგვცენ ადამიანებს ნორმალური ცხოვრების უფლება, განა ბევრს ვითხოვთ?! ძალიან მინდა, ჩემი ორი ანგელოზივით ბავშვი შიზოფრენიულ გარემოში არ გავზარდო. მე ხომ აღარ ვვარგივარ ადამიანად და ჩემმა შვილებმა მაინც იცხოვრონ ნორმალურ გარემოში. ქვეყანაა ეს თუ საგიჟეთი?..
- თქვენი სტატუსების მიხედვით, დავასკვენი, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი არ ხართ, ამიტომ თამამად გკითხავთ, რამდენად გულწრფელი გეჩვენებათ მმართველი გუნდი, როდესაც გვარწმუნებენ, რომ მუშაობენ, უბრალოდ "ნაციონალების" მსგავსად ყველაფერს არ აპიარებენ. თქვენ თუ ხედავთ მათი მუშაობის შედეგებს?
- რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერი ისე არ შუქდება, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, მაგრამ გადაიღონ და დაინახოს ხალხმა, მართლა თუ აკეთებენ! სკვერები და ბაღები რომ გააკეთეს, ეს ხომ გააპიარეს, სხვა საქმეებიც გააპიარონ. პირადად ჩემს ჯიბეზე ვერანაირ სიკეთეს ვერ ვგრძნობ. როგორც ადრე იყო, ახლაც ისეა ან უფრო უარესად. მათხოვრული ხელფასებია ყველგან, ტელევიზიაშიც და თეატრშიც, რეკლამაშიც. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ რეკლამაში გადამიღეს და პროდიუსერმა 300 ლარია შენზე გამოწერილიო. ეს ხომ დაცინვაა ხელოვნების, პროფესიის?! ჩემი ხელფასის ნახევარი ბანკში მიდის და მეუღლე რომ არ მუშაობდეს, არც კი ვიცი, რა მეშველებოდა. მე კიდევ რა მიჭირს, ვის ოჯახშიც მხოლოდ ერთი კაცი მუშაობს, იმათ რა უნდა ქნან?!
- ცოტა ხნის წინ პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, ქართველი ხალხი მუშაობას უნდა მიეჩვიოსო. თქვენ რას ფიქრობთ, ქართველების სიღარიბის მიზეზი სიზარმაცეა?
- მივაჩვიოთ, ბატონო, მაგრამ შედით აბა მაღაზიებში, აფთიაქებში, ბანკებში და იკითხეთ - რამდენი აქვთ ხელფასი იმ გოგო-ბიჭებს, დილიდან საღამომდე ფეხზე რომ დგანან. სამარცხვინო ხელფასებია! 300, 400, 500 ლარით ოჯახმა როგორ იცხოვროს?! ფასები ყველა ქვეყანაში იზრდება, მაგრამ ხელფასიც ადეკვატურია, ჩვენთან კი რა უნდა ქნას ხალხმა?!
- გამოსავალს რაში ხედავთ?
- მეტ პასუხისმგებლობაში, უფლება-მოვალეობის მეტად შეგრძნებაში, საკუთარი ხალხის სიყვარულში, მეტ პროფესიონალიზმში, ერთიანობასა და უკეთეს კანონებში. ასევე, ნორმალურ ხელფასსა და ნორმალური სამუშაო ატმოსფეროს შექმნაში. ამათ შემხედვარეს აღარაფრის კეთება აღარ მინდა, ყველაფრის ხალისი დავკარგე და მარტო მე არ ვარ ასეთ დღეში.
არ მომწონს ის, თუ როგორ იმართება ქვეყანა. გამოიხედონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა კაბინეტებიდან და დაინახავენ, რა ხდება სინამდვილეში. ნუთუ, არ რცხვენიათ?! მადლობა, ბატონო, ტირანული რეჟიმიდან რომ მიხსენით და ცოცხები აღარ გვემუქრება, ხელკეტებს რომ აღარ გვირტყამენ თავში, ეს ძალიან მიხარია, მაგრამ ნუ ამომიყვანეთ ყელში ეს ყველაფერი... ქუჩაში არ გამოვდივართ იმიტომ, რომ აღარც იმათ ვენდობით, ვინც მანდ დგანან. ვფიქრობ, მათაც არ აღელვებთ ადამიანების მდგომარეობა, ყველა პირადი კეთილდღეობისთვის იბრძვის. და საერთოდ, ქუჩაში დგომითაც დავიღალეთ! დაიღალა მთელი ჩემი თაობა. გადადექი, გადმოდექი და მერე ისევ იგივე წრე. როგორ ცხოვრობენ მსგავსი ნეგატივით, სიცრუით, ძალადობით, ბოროტებით... არ მესმის, ასეთ ადამიანებს გვერდში როგორ უნდა დავუდგეთ ან ერთ მხარეს, ან - მეორეს. არც ერთი პოლიტიკოსი აღარ მაინტერესებს.
- ხელისუფლება არ მოგწონთ, ოპოზიციას არ ენდობით, გამოსავალს ვერაფერში ხედავთ. ასეთი განწყობით როგორ ცხოვრობთ?
- არ ვიცი, ვცხოვრობთ ინსტინქტებით, ავტოპილოტით. ცაში ვიყურებით, ღმერთის იმედად.
ხათუნა ბახტურიძე