"უკვე მერიდებოდა, ისე იტანჯებოდა და ვემალებოდი" - გზაპრესი

"უკვე მერიდებოდა, ისე იტანჯებოდა და ვემალებოდი"

13 წლიდან ოჯახის საერთო ბიუჯეტში თავისი მწირი შემოსავალი შეჰქონდა. მიაჩნია, რომ შრომა ადამიანის ღირსებაზე მეტყველებს... ამჟამად, გადაცემა "სხვა რაკურსის" წამყვანი გახლავთ... გია ჯაჯანიძეს ფულის მნიშვნელობა-საჭიროებაზე, სამსახურებზე, ფინანსურ კრიზისებთან გამკლავების მეთოდებსა და ფულთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო დეტალებზე ვესაუბრეთ...

- საერთოდ, ფული ადამიანისთვის ძალიან საჭირო რომ არის, ბებიაჩემის მეშვეობით ბავშვობიდან გავიაზრე: როცა რამის ყიდვას ვთხოვდი, ყოველთვის მპასუხობდა, - უიმე, ეგ 10 პური ღირს, 15 პური ღირსო, და ა.შ. ყველაფერს ასე, პურით ვანგარიშობდით - რომელი ჯობია, გამოიკვებო თუ რაღაც იყიდო, რაც გიხარიაო?.. ფულის მიმართ ისეთი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა, რომ მას ძირითადად, აუცილებელი საჭიროებისთვის ვიყენებ. დღემდე ისეთი კომფორტისკენ მიდრეკილება არ მაქვს, რომელიც ჩემს გულს გაუხარდება, მაგალითად - ინტერიერისთვის ბრჭყვიალა ვაზას არ შევიძენ, რომელიც უბრალოდ, ლამაზია და მასში ყვავილებსაც ვერ ჩადებ. დღეს ასეთი ნივთები მაქვს, ოღონდ - ყველაფერი ნაჩუქარია, ამაში ფული არ გადამიხდია... იცი, ფულის როგორ შეგროვებას მივეჩვიე? მაგალითად, თუ 2 ღვეზლის საყიდლად საჭირო თანხას მაძლევდნენ, მხოლოდ ერთს ვყიდულობდი, მეორე ღვეზლის ფულს კი ვინახავდი. ბებია სულ ამბობდა, - არავინ თქვას, "ფული შავი დღისთვის გადავდე". ამის თქმა არ შეიძლება. ყოველთვის უნდა იცოდე, რომ როცა ფულს აგროვებ, ის ბედნიერებისთვის გჭირდებაო.

- ღვეზელებისთვის განკუთვნილი ფულიდან დანაზოგი რაში გამოიყენეთ?

- სასკოლო ნივთებს, მომავალი სასწავლო წლისთვის წიგნებს ვყიდულობდი... ჩემი ოჯახის ყველა წევრი მუშაობდა. ხელფასი 60-70 მანეთი ჰქონდათ. რადგან ფინანსურად ძალიან გვიჭირდა, მინდოდა, ჩემ მიერ დაგროვილი თანხით ოჯახს დავხმარებოდი.

- საკუთარი შემოსავლის ქონის სურვილი როდის გაგიჩნდათ?

- ჩვენს ქუჩაზე ხის "ცეხი" იყო, იქ ვმუშაობდი. ლიმონათების ყუთებს ვამზადებდით: რამდენ ყუთსაც შევჭედავდით, იმდენ 7 კაპიკს გვაძლევდნენ. თუკი ყუთზე მავთულსაც დავახვევდით, 11 კაპიკს გვიხდიდნენ. მე მავთულს ვერ ვახვევდი, რადგან პატარა ხელები მქონდა - ამ საქმეს ძალა სჭირდებოდა. ამიტომ, 7-კაპიკიან ყუთებს ვკრავდი. ფული პირველად მაშინ ვიშოვე (13 წლის ვიყავი).

- ისიც ოჯახს მოახმარეთ?

- კი, კი. თუ რამეს ვიშოვიდი, სულ სახლში მიმქონდა. გუნდურობა, რაც ახლა მახასიათებს, ბავშვობიდან ჩამომიყალიბდა: მშობლებთან და ბებია-ბაბუასთან ერთად, მეც ვმუშაობდი და ოჯახის საერთო ბიუჯეტში ჩემს ძალიან მცირე შემოსავალს ვდებდი.

- თქვენი პირველი ოფიციალური სამსახური რა იყო?

- დაახლოებით 14 წლის ვიყავი, როცა ჭიათურის თეატრში ოფიციალური ხელშეკრულებით (მაშინ "შრომის წიგნაკს" ეძახდნენ) ვმუშაობდი. სალაროში ფულს ვიღებდი, ხელს ვაწერდი... ჭიათურის თეატრში ბატონი თამაზ მესხი ჩამოვიდა და შიო გვეტაძის "მონანიება" დადგა. მთავარ როლს სახალხო არტისტი - ნოდარ ჩაჩანიძე ასრულებდა. სცენარის მიხედვით, მთავარი გმირი კვდება და ბავშვობას იხსენებს... სპექტაკლის მეორე მოქმედებაში, სცენაზე ვიდექი და თამაზ გელოვანის ბავშვობას ვთამაშობდი...

- როცა პროფესიას ირჩევდით, იმაზე თუ იფიქრეთ, რომ მაღალშემოსავლიანი ყოფილიყო?

- არა, ამაზე ორიენტირებული არ ვყოფილვარ, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად ძალიან გვიჭირდა. თბილისში პირველი სამსახური კინოსტუდიაში დავიწყე - გამნათებლის დამხმარე გახლდით. ეს სამუშაო კარიერისთვის, სტაჟისთვის მჭირდებოდა, ინსტიტუტში ცნობა უნდა მიმეტანა... როცა ინსტიტუტში ჩავაბარე, ტელევიზიაში იმიტომ მივედი, რომ ჩემი პროფილით მემუშავა, რაღაც მესწავლა, პროფესიულად განვვითარებულიყავი... ის ფული, რასაც ვიღებდი, ყოველთვის ისე კარგად მქონდა განაწილებული, რომ ჩემთვის საკმარისი იყო.

- თავდაპირველად რომელ ფაკულტეტზე სწავლობდით?

- თეატრმცოდნეობაზე. ეს ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ დიპლომი არ დავიცავი - კინორეჟისურაზე ჩავაბარე (სადაც 4-5 წელიწადში ერთხელ მხოლოდ 4 კაცს იღებდნენ). ვისწავლე, დიპლომი ავიღე... ჟურნალისტიკის ფაკულტეტიც დავამთავრე... მერე, 45 წლის ვიყავი, როცა უნივერსიტეტში ფილოსოფიურზე ჩავაბარე... მთელი ცხოვრება ვსწავლობ.

- მხოლოდ ფულის გამო სადმე გიმუშავიათ?

- არა. რასაც ვაკეთებდი, ყველაფერი მსიამოვნებდა. მამაჩემის ძველი ფოტოაპარატი მქონდა. დამატებითი შემოსავლისთვის, ცნობილ ადამიანებს ლამაზ ფოტოებს ვუღებდი, შემდეგ რედაქციაში მივდიოდი და ფოტოებს ვთავაზობდი, ვყიდდი... თან, ამას ჩუმად ვაკეთებდი, რადგან იმ დროს ასეთი საქციელი ახალგაზრდებისთვის მიუღებელი იყო. ერთხელ რედაქციას სტატიაც შევთავაზე... წერა დავიწყე, ინტერვიუები "გავაკეთე". პრესაში დიდხანს ვწერდი. შემდეგ ერთ-ერთი ჟურნალის მთავარი რედაქტორიც გახლდით... ახლა ვიხსენებ და ვერ ვხსნი, 8 ადგილას მუშაობას როგორ ვასწრებდი? ავტომობილი არ მყავდა. სხვადასხვა რედაქციაში ერთმანეთისგან განსხვავებულ სტატიებს ვწერდი, სხვადასხვა ჟანრში... როცა მეკითხებიან, მუშაობა როდის დავიწყე, ვხუმრობ, - ბრეჟნევის დროიდან ვმუშაობ-მეთქი (იცინის). არ გავჩერებულვარ. არც ერთი პოლიტიკური მმართველობა არ შემხებია. მაგალითად, "პირველ არხზე" ხელშეკრულება დამიმთავრდა - სამსახურიდან პარასკევს გამიშვეს. ორშაბათს უკვე ტელეკომპანია "მზის" პირდაპირ ეთერში, წამყვანის ამპლუაში ვიჯექი; ტელეკომპანია "მზე" დაიხურა და დაახლოებით 3 დღეში "პალიტრის" ეთერში ვიყავი...

00100trportrait-00100-burst20200923143446730-cover-copy-1639381516.jpg

- ამას როგორ ახერხებთ? სამსახურს ეძებთ თუ თავად "სამსახური გპოულობთ"?

- ძალიან წინდახედული ვარ: მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ ტელეარხზე, ჟურნალში თუ გაზეთში ვიყავი - ყველასთან კარგი დამოკიდებულება მქონდა. თან, როცა უკვე პოპულარული გავხდი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები მირეკავდნენ - საკურსო, სადიპლომო ნამუშევრებისთვის ინტერვიუები უნდოდათ. უარს არავის ვეუბნებოდი, ყველას ვეხმარებოდი. სტატიებს გადმომიგზავნიდნენ, შევუსწორებდი, რჩევას ვაძლევდი... მერე ეს ჟურნალისტები გაიზარდნენ, "სახელიანები" გახდნენ და ჩემი დახმარება არ დაავიწყდათ, ანუ ის თაობა მოვიდა, რომელთანაც გულთბილი დამოკიდებულება მქონდა... არასოდეს არავის ვეჯიბრები. როცა რაღაც მომწონს, ყოველთვის ვაღიარებ. მაგალითად, მითქვამს, - გადაცემა "პროფილის" მაყურებლად დავრჩი-მეთქი. როდის იყო, კონკურენტს აქებდნენ? მე ვაქებდი, რადგან იმ პერიოდში, როცა გადაცემა არ მქონდა, მაია ასათიანი ძალიან მიყვარდა და მერე რატომღა უნდა შემძულებოდა?! როცა ვინმე კარგია, ვაღიარებ. ამას ადამიანები იმახსოვრებენ...

- სამსახურში კონფლიქტურ სიტუაციაში არასოდეს აღმოჩენილხართ?

- 60 წლის ვარ. სხვა სამსახურები რომ აღარ ჩამოვთვალო, 8 წელია, რაც "სხვა რაკურსს" ვაკეთებ. ახლა მთელი გუნდი ბორჯომში მყავს წამოყვანილი - გადაცემას ვამზადებთ.გუნდის ყველა წევრი მიყვარს, თავიანთი შეცდომებით. მაგალითად, თუ ვიკამათეთ, 1 საათის შემდეგ ისევ ტაშ-ფანდური გვაქვს გაჩაღებული. კონფლიქტური ვერ ვარ, არ შემიძლია... მახსოვს, ერთხელ გადაცემა წაიშალა. ხმა არ ამომიღია. წაიშალა, რა მექნა? მორჩა, დაიკარგა... იმ შემთხვევაში უნდა ინერვიულო, თუ ბრძოლას აზრი აქვს. ამ ქვეყანაზე ერთხელ ვცხოვრობთ. რა კამათი, რა ჩხუბი?!. არავინ იცის, ვის სად, რა სიტუაციაში შევხვდებით. ყველა გიყვარდეს, რას დაეძებ, სად იბრძვი? ვფიქრობ, ბრძოლაში ვიღაც დაზარალდება. არასოდეს ვიბრძვი. პირველობა გინდა? იყავი, არ დავეძებ, კაცო. თუ მოვა ჩემი დრო, მოვა, თუ - არა, ნუ მოვა...

- აღნიშნეთ, ფულს გონივრულად ვანაწილებდიო. მიუხედავად ამისა, ფინანსური კრიზისი არასოდეს შეგქმნიათ?

- როგორ არა! თუ ადამიანს ბიზნესი არა აქვს, კრიზისული სიტუაციები ყოველთვის არის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნორმალური ხელფასი მაქვს, ფულს ფული თუ არ მიემატა, ფინანსური კრიზისი იქმნება. წინდახედული და ძალიან პრაქტიკული ვარ. ერთხელ მეგობრებთან ვხუმრობდი - შუქს რომ ვანთებ, ვხედავ, დენის მრიცხველი როგორ ტრიალებს. ონკანიდან ცხელ წყალს რომ ვუშვებ, ვხედავ, გაზის მრიცხველი როგორ ტრიალებს-მეთქი... იცი, ფსიქიკა როგორ მაქვს მოწყობილი? სასტუმროდან რომ გავდივარ, შუქს ვთიშავ, რომ ზედმეტი ელექტროენერგია არ დაიხარჯოს, სხვის ბიუჯეტზე ვზრუნავ. მაგალითად, როცა ჩემი ახლობელი, რომელსაც ფული აქვს, მეკითხება, - ეს ხომ არ გინდა? გიყიდიო, - ვინტერესდები - რა ღირს-მეთქი? თუ ძვირია, არ ვაყიდვინებ... ფულის ყადრი ვიცი.

- ფინანსურ კრიზისებს როგორ გამკლავებიხართ?

- მაგალითად, სტუდენტობისას ჭიათურაში წასვლა მინდოდა. მგზავრობისთვის საჭირო ფული არ მქონდა. რუსთაველის მეტროსთან ვიდექი, სადაც ტაქსოფონები იყო - 2 და 10-კაპიკიანები გჭირდებოდა, რომ დაგერეკა. აპარატებთან მდგომი ვამბობდი, - 2 ან 10-კაპიკიანები ხომ არ გაქვთ? დარეკვა მინდა-მეთქი. ასე შევაგროვე 4 მანეთი და მატარებლის ბილეთი ვიყიდე...

- თქვენი საქმიანობისგან განსხვავებული რა სამუშაო შეგისრულებიათ, რის შესახებაც საზოგადოებამ არ იცის?

- ამერიკაში, ჩემს მეგობარს სილამაზის სალონი ჰქონდა. იქ სტუმრად მისულმა ერთ ქალს თმა შევუღებე, რისთვისაც 40 დოლარი მომცა.

- თმა შესაღებად როგორ განდოთ ან თქვენ რატომ აიღეთ ეს პასუხისმგებლობა?

- ვთქვი, რომ შეღებვა ვიცოდი - მოვიტყუე. ძალიან ცნობისმოყვარე ვარ: მაინტერესებდა, გამომივიდოდა თუ არა...…

- რომ არ გამოგსვლოდათ?

- როცა რაღაცას ვაკეთებ, ამაზე არ ვფიქრობ (იცინის).

- როგორც ვიცი, საბავშვო ბაღშიც მუშაობდით...

- კი, ვმუშაობდი. ამაში ფულსაც ვიღებდი. საბავშვო გადაცემის გაკეთებას ვაპირებდი. ბაღში აღმზრდელად მუშაობა დავიწყე, რომ პატარების ფსიქოლოგია უკეთ შემესწავლა. შვილიშვილები კი მყავს, მაგრამ ბაღში, უცხო ბავშვებთან ურთიერთობისას ბევრი ისეთი ნიუანსის შესახებ ვიგებდი, რომლის შესახებაც მანამდე არ ვიცოდი...

- ფული ვალად აგიღიათ ან თქვენგან აუღიათ?

- ჩემი ვალი ახლაც აქვთ. საერთოდ, ფულს ყოველთვის საკუთარი თავისგან ვსესხულობ: მაქვს დანაზოგი, რომელსაც "მკვდარ თანხას" ვუწოდებ. როცა ფული აღარ მაქვს, "მკვდარი თანხიდან" ვსესხულობ, ოღონდ - კეთილსინდისიერი გადამხდელი ვარ, ფულს დროულად ვაბრუნებ...

- სხვებიც კეთილსინდისიერები არიან, როცა თანხას თქვენგან სესხად იღებენ?

- იყო შემთხვევები, როცა ორ ადამიანს ფული ვასესხე და აღარ დამიბრუნეს. ისე იქცევიან, თითქოს არ ახსოვთ. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დაგავიწყდეს, როცა ფულს ისესხებ? მათთან ისეთი კარგი ურთიერთობა მაქვს, რომ ერთი პერიოდი ვფიქრობდი, - ნეტავ, ხომ არ დამიბრუნეს და მე აღარ მახსოვს-მეთქი (იცინის)?

- შეხსენება არ გიცდიათ?

- არა, მერიდება... მაგალითად, "პირველ არხზე" ვმუშაობდი, როცა ერთმა ადამიანმა ჩემგან ფული ისესხა. ერთხელ, ტელევიზიის ფოიეში, როცა ჩემი მოვალე დავინახე, ბოძს უკან დამალვას ვცდილობდი. თანამშრომელი შემხვდა და დაინტერესდა, რატომ ვიმალებოდი. ჩუმად ვუთხარი, - ვალი-მეთქი. - უი, რამდენი გაქვს ვალიო? - არა, მას აქვს ჩემი ვალი-მეთქი (იცინის)... საქმე ის გახლდათ, რომ ადამიანი, ვისაც ჩემთვის ფული მოსაცემი ჰქონდა, რამდენჯერაც შემხვდებოდა, სულ ამბობდა, - აუ, ფული არ მაქვს, ბოდიშიო. უკვე მერიდებოდა, ისე იტანჯებოდა და ვემალებოდი...

- დასაქმების ან საქმის წამოწყების მოსურნეებს რას ურჩევთ?

- ადამიანს შრომის არასოდეს არ უნდა შერცხვეს, რადგან როცა კეთილსინდისიერად შრომობს - თავის ფიზიკურ თუ გონებრივ რესურსს ხარჯავს, ეს მისი ღირსებაა. ახალგაზრდებს ვურჩევ, არ იფიქრონ, სხვა რას იტყვის, მე რატომ ვარ მიმტანი ან ამას რატომ ვალაგებო? ყველაფერი გავიარე და ყველაფერი წინ დამხვდა: იმ ადამიანებს, ვისაც დაუცინია, ახლა ძალიან უჭირთ და ვწუხვარ... არ შეიძლება ვინმეს დასცინო, გააქილიკო... იცოდეთ, ოდესმე ადამიანს შრომა აუცილებლად დაუფასდება...

ეთო ყორღანაშვილი