"სიცოცხლის გადარჩენის სახელით, სულიერების მოსპობას ვხედავ"
ქვეყანაში "მწვანე პასპორტების" ამოქმედების შემდეგ, მსახიობმა ნინო კუნჭულიამ სახელმწიფო თეატრებში თამაშზე დროებით უარი თქვა. "უარს ვაცხადებ იქ თამაშზე, სადაც ადამიანებს კატეგორიებად ყოფენ. ვერაფერ სულიერს და ამაღლებულს იქ ვერ მიიღებთ. ხელოვნება ყველასთვისაა, თავისუფლება კი - ღვთის მიერ ბოძებული ჯილდოა..." - ეს მცირე ამონარიდია ნინოს იმ განცხადებიდან, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. გადავწყვიტეთ, შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, მსახიობთან უფრო ვრცლად გვესაუბრა...
- ყველა მხრიდან აცრისკენ მოგვიწოდებენ. იმ ადამიანების პოზიცია გასაგებია, ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს და აიცრა, მაგრამ უვიცობასთან დაკავშირებული ფრაზები მესმის - შენ თუ არ აიცრები, მე საფრთხეში ვარო... სულ მცირე, მერვე კლასის ბიოლოგიის ცოდნაა საჭირო, მეტი არაფერი. ქართველ მიკრობიოლოგებს, მათ შორის - ზვიად გოგიაშვილს ვენდობი. ისინი მზად არიან, რომ ამ ჟამიანობისას, ქვეყნის სამსახურში უსასყიდლოდ ჩადგნენ, ღია დებატებს ითხოვენ, მაგრამ უძლიერეს ქართველ მიკრობიოლოგებს გამყრელიძე, იმნაძე საქმეს არ აკარებენ. ვიცით, რომ მიკრობიოლოგების გარეშე, ექიმის რჩევა და ვაქცინაციისკენ მოწოდება ყავაზე მკითხაობაზე უარესია. ყველგან პროპაგანდა გვესმის - მკვლელი ვირუსიაო და საზოგადოებაში შიში დათესეს. გასაგებია, რომ კორონავირუსი ნამდვილად არსებობს, მაგრამ საზოგადოების დაყოფა ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, საშინელებაა: სცენაზე ცენზურა ყველაზე რთულია. თეატრი ერის სულია. სცენიდან მაყურებელს უნდა მოვუწოდოთ, მივუთითოთ, რა არის კარგი და რა - ცუდი. გაგანია კომუნისტური რეჟიმის დროს, როცა რეჟისორებს შუბლში ტყვია ელოდათ, ისინი ბედავდნენ, ისეთი სპექტაკლები დაედგათ, რომ ხალხი გამოფხიზლებულიყო. განა რა სულიერი საზრდო უნდა მივიღო თეატრში, როცა ხალხს ყოფენ? იმ რეჟისორებისაც მესმის, რომლებიც თანამდებობას ვერ ტოვებენ, თუმცა არსებული სიტუაცია არც მათ მოსწონთ; იმ მსახიობებისაც მესმის, ვისაც ოჯახი ჰყავთ სარჩენი... ყველას ვუგებ. როცა შვილები გყავს გამოსაკვები, სამსახურზე უარის თქმა რთულია, მაგრამ თუ ყველანი ერთად დავდგებით და ხალხის დაყოფას გავაპროტესტებთ, ეს საშინელი სიტუაცია შეიცვლება. დღეს თეატრებს შეზღუდავენ, ხვალ მაღაზიებში ვერ შეხვალ, მერე პურს ვერ იყიდი ადამიანი... ყველაზე მთავარი ავიწყდებათ: მთავრობას ხალხი ქირაობს, ხალხია ძალა. უბრალოდ, ცუდი ის არის, რომ მზაკვრულად, განხეთქილება ხალხშივე დათესეს. თუ ხალხი ერთად დავდგებით, სამსახურების დაკარგვის არ შეგვეშინდება, ორგანიზაციების წარმომადგენლები თავად შეგვეხვეწებიან, რომ სამსახურები არ დავკარგოთ. მაგალითად, სირცხვილი მამუკა ხაზარაძეს: ჩემი მეგობრები ბანკში მუშაობენ. მათ ოფიციალურად მოსთხოვეს - თუ არ აიცრებით, სამსახური დატოვეთო. რა ქნან? ოჯახი, შვილები ჰყავთ სარჩენი... ფაშისტები არიან, ვინც ადამიანებს აცრას აიძულებენ. პირადად მე, არც "კოვიდი" გადამიტანია, არც აცრილი ვარ. ვიღაცამ ისე რატომ უნდა შემომხედოს, როგორც კეთროვანს? უჯანმრთელესი ვარ. ბუნებრივი იმუნიტეტით აქამდეც ხომ ვარსებობდი? მთელი მსოფლიო დიდ მარაზმში ვართ, თუმცა მსოფლიო ნელ-ნელა ფხიზლდება. რევოლუციისკენ არავის მოვუწოდებ. უბრალოდ, მინდა, ადამიანები გამოფხიზლდნენ - ნუ გაისქელებენ კანს. თეატრშივე რომ ყოფენ ხალხს, იქ შემოქმედებითს უკვე ვეღარაფერს ვხედავ. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ: უძლიერესი რეჟისორები, მსახიობები გვყავს, მაგრამ ამ ადამიანებმა თავი დახარეს და სამსახურს ვერ თმობენ. ხელოვანის სული ყველაზე სენსიტიურია - აუცილებლად უნდა ამოიღონ ხმა ხალხის დაყოფასთან დაკავშირებით... პირადად მე, კონკრეტულად, კოვიდვაქცინებს არ ვენდობი, რადგან სიტუაცია რაღაც ძალიან არაჯანსაღად მიდის. აშკარა ფაშიზმია: თუ "მწვანე პასპორტს" არ აიღებ, კონკრეტულ დაწესებულებაში ვერ შეხვალ... საქმე მსოფლიო ბატონობისკენ მიდის. თან, თუ ყველა ქვეყანამ მოაწერა ხელი ოფიციალურ პანდემიას, ჩათვალეთ, რომ სახელმწიფო კი არა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გმართავს. გამოდის, რომ მსოფლიო ბატონობისთვის იბრძვიან, ვინც "ჯანმოს" წარმოადგენენ. ცოტათი გამოვფხიზლდეთ... ჩემს შეხედულებას თავს არავის ვახვევ, მე საზოგადოების დაყოფას, უფლებების შეზღუდვას ვაპროტესტებ. თავისუფალი არჩევნის უფლება ღმერთმა მოგვცა...
- თქვენს გადაწყვეტილებაზე გარშემო მყოფებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?
- ბევრი ვაქცინირებული მეგობარი მყავს, რომლებსაც აცრა არ სურდათ. ზოგს სამსახურში აიძულეს, ზოგმა თავისი ნებით გაიკეთა ვაქცინა. სხვათა შორის, ჩემს გადაწყვეტილებას ყველა მიესალმა იმიტომ, რომ ხალხის დაყოფა მათთვისაც მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ჩემი მეგობარი იქ არ შევა, სადაც მე არ შემიშვებენ. ისე მოვიქცეთ, როგორც ფრანგები მოიქცნენ: ვიცით, ფრანგებისთვის, მეგობრებთან ერთად, კაფეში ყავის და კრუასანის მირთმევის, საღამოს ჭიქა ღვინის დალევის რიტუალი როგორი მნიშვნელოვანია. მათ დასაკეცი მაგიდები, სკამები აიღეს, ქუჩებში, ქვაფენილზე ფარდაგები დააფინეს, პატარა სანათები გამოიტანეს და ულამაზესი სანახაობა მოაწყვეს. ეს პირდაპირი პროტესტი იყო: თუ შენს დაწესებულებაში ჩემს მეგობარს არ უშვებ, მეც არ შემოვალო... საქართველოში ასეთ საუბარსაც შევესწარი: ნეტავ, აუცრელები მოლებშიც არ შეუშვან. ცოტანი ვივლით და რაღაცებს უკეთ ავარჩევთო. ამ კატეგორიის ხალხზე არც ვსაუბრობ... თუ ეს ფაშიზმი ფეხს მოიკიდებს, მალე მაღაზიაშიც არ შეგვიშვებენ. მათ, ვინც რელიგიურობაზე, ბოლო ჟამზე ღლიცინებენ, "იოანეს გამოცხადება" კარგად წაიკითხონ - დღევანდელ რეალობას ამოიცნობენ... ერთადერთი გზა რა დარჩა? სადმე წახვიდე და მიწა დაამუშაო, რომ არსებობისთვის იბრძოლო. ნელ-ნელა, თამაშ-თამაშით აქამდე მივდივართ, ამას გვაჩვევენ...
- ახლა რას აპირებთ, როცა თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე უარი თქვით?
- ჩემს პროფესიაზე უარს არასოდეს ვიტყვი. უარი იქ თამაშზე ვთქვი, სადაც ხალხს ყოფენ. დიდ პატივს ვცემ ახმეტელის თეატრის რეჟისორს, ასევე - მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეჟისორსაც. დარწმუნებული ვარ, ხალხის დაყოფა მათაც არ მოსწონთ, მაგრამ სახელმწიფო დაწესებულებები, სადაც მე ვმუშაობ, რეგულაციებს ემორჩილება. კერძო თეატრიც ბევრია. ჩემი განცხადების შემდეგ, რამდენიმე რეჟისორმა მომწერა კიდეც - ამ რეგულაციებს ჩვენც ვაპროტესტებთო... მოკლედ, იმ სცენაზე არ დავდგები, სადაც მაყურებლებს ყოფენ. ჩემს სპექტაკლზე დასასწრებად, რომელშიც მთავარ როლს ვასრულებდი, მაყურებლები გარედან შემიყვანია, რადგან სპექტაკლზე დასწრება უნდოდათ, მაგრამ ბილეთის ფული არ ჰქონდათ. რას ჰქვია, მე სცენაზე ვიდგე და ვიღაცას თეატრში შემოსვლა უნდოდეს, მაგრამ სპექტაკლს ვერ ესწრებოდეს?! ამას შინაგანად ვერ დავუშვებ. მიმაჩნია, რომ "მწვანე პასპორტიანებმაც" ბოიკოტი უნდა გამოაცხადონ. მთელი ხელოვნება, შემოქმედება, ლიტერატურა ჰუმანიზმზე დგას. დღეს პირდაპირ ჰუმანიზმს ურტყამენ. არადა, ხელოვნება ადამიანს აკეთილშობილებს, სულიერებას ამაღლებს...
- კინოსფეროში როგორ მიდის თქვენი საქმე?
- ლატვიელი გმირის - თეოდორ სპადეს შესახებ ფილმის პრემიერა ლატვიაში იგეგმება. თეოდორ სპადეს ქართველი ცოლი ჰყავდა. ცოლის სიყვარულით, საქართველოს ძალიან ეხმარებოდა. სიყვარულის ტრაგიკული ისტორია ჰქონდათ... ფილმში თეოდორ სპადეს ცოლის როლს ვასრულებ... ახლახან გენერალ გიორგი კვინიტაძის შესახებაც გადავიღეთ ფილმი (თავდაცვის სამინისტროს პროექტია). მასში მთავარ როლებს ვარლამ ყოშია და მე ვთამაშობთ. წესით, ახლა გადაღებები საფრანგეთში უნდა გვქონდეს. უბრალოდ, რეგულაციების გამო, გეგმები გადაგვედო... თავიდანვე მითხრეს, რომ საფრანგეთში გამგზავრება მოგვიხდებოდა. რეჟისორს - გოგი თორაძეს ვუთხარი, რომ აცრაზე უარს ვამბობდი. ეს საკითხი მისთვისაც თავსატეხი იყო. მითხრა, - არა უშავს, სხვა ფილმში ვითანამშრომლებთო (როლზე სხვა მსახიობიც მოიაზრებოდა)... 2 კვირის შემდეგ დამირეკა: - არა, მინდა, რომ ეს როლი შეასრულოო. მადლიერი ვარ, რომ რეჟისორმა ეს გადაწყვეტილება მიიღო...
- ხომ იცით, რომ "მწვანე პასპორტების" და ტესტის გარეშე კინოთეატრებში შესვლაც იკრძალება?
- სადაც იკრძალება, არ შევალ. თეოდორ სპადეს შესახებ ფილმი პანდემიამდე გადავიღეთ. პრემიერა საქართველოში იყო, მაგრამ რაკი ლატვიაში ჯერ ვერ შედგა, ფილმი ინტერნეტში არ განათავსეს... ეს ყველაფერი დროებითია. დავწერე კიდეც - დრონი მეფობენ, არა - მეფენი-მეთქი... მოვითმენ, მიუხედავად იმისა, რომ სცენის გარეშე, ფაქტობრივად, მკვდარი ვარ... 3 მოქმედი პროექტი მქონდა, სამაგისტრო სპექტაკლიც უნდა "გამეკეთებინა", მაგრამ შევაჩერე: სხვაგვარად არ შემიძლია, როცა ვიცი, რომ ჩემი მშობლები, უახლოესი მეგობრები ვერ მოვლენ... რელიგიურ ფანატიზმს ვერავინ დამაბრალებს, მაგრამ დღეს დიდ უღმერთობასთან გვაქვს საქმე. სულიერად ძლიერად ვარ, არ მეშინია, თუმცა ძალიან რთულია, რომ რაღაც პერიოდით, საყვარელ პროფესიას ვერ ემსახურები... მინდა, ხალხს ვუთხრა: ცხოვრება გრძელდება. უფლის იმედი გქონდეთ. სულიერად ძლიერად იყავით. არა უშავს, თუ დროებით საყვარელ საქმეებზე უარს ვიტყვით, ავიტან. ღმერთი გადმოგვხედავს... დედამიწას სიყვარული ატრიალებს, საოცარი ადამიანებითაა დასახლებული... ჩემი განცხადების შემდეგ, ზოგმა მომწერა კიდეც, - რა დროს ეგ არის? მთავარია, ავიცრათ და ვირუსი დავამარცხოთო, მაგრამ "სიცოცხლის გადარჩენის" სახელით, სულიერების მოსპობას ვხედავ და ამან გამაღიზიანა. გაოგნებული ვარ, ამ ფერხულში ზოგი როგორ ჩაება?!.
ეთო ყორღანაშვილი