"ერთი ხელი ერბოში ჩამიყვია, მეორე თაფლში და ხელებს რიგრიგობით ვილოკავდი" - გზაპრესი

"ერთი ხელი ერბოში ჩამიყვია, მეორე თაფლში და ხელებს რიგრიგობით ვილოკავდი"

წლების წინ, როცა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, ყოველი ახალი წლის წინ იყიდდა პროდუქტებს, ერთნაირად გაანაწილებდა, ლამაზად შეფუთავდა, ჩამოუვლიდა და ურიგებდა გაჭირვებულ ახლობლებსა თუ ნაცნობებს. კიდევ ერთი ტრადიცია აქვს - ახალ წელს შინ ხვდება და მერე თავის ბარში მიდის, იქ მყოფ სტუმრებთან ერთად აგრძელებს მხიარულებას. ქალბატონი ასმათი არც ამჯერად დაარღვევს ტრადიციას.

ახალი წელი ბავშვობაში

- ჩემს ბავშვობაში სახლში აკეთებდნენ საახალწლო სათამაშოებს, ბებიაჩემიც ამზადებდა. მე ვაგროვებდი კანფეტების ბრჭყვიალა ქაღალდებს, რომლებსაც ხან რას გადავაკრავდი და ხან - რას. ერთხანს ნაძვის ხე არ გვქონდა, მაგრამ მეტყევე პაპა არავითარ შემთხვევაში არ მოჭრიდა ნაძვს სახლში დასადგმელად. დიდი ფიკუსი გვქონდა და იმას ვრთავდით, ვაშლს, მანდარინს ჩამოვკიდებდით. ასევე მოვრთავდით და გავალამაზებდით ხოლმე პატარა ხეს ეზოში. საახალწლო სუფრაზე იყო საცივი, ხინკალი, მთიულური ქადა აუცილებლად, ხაჭაპურები, ღორი იკვლებოდა ყოველთვის. ღორის ხორცს არ ვჭამდი, ქონი არ მიყვარდა და ჩემთვის ცალკე აკეთებდნენ საჭმელს. ჩვენი ნათესავი, ისეთი კარგი ქალბატონი იყო რუსიკო ქვრივიშვილი, მატყუებდა ხოლმე, შენი კერძი ერბოში გავაკეთეო. მეც მჯეროდა და გემრიელად მივირთმევდი.

დედაჩემი თითქმის არასდროს იყო სახლში ახალი წლის ღამეს: 35 წელი ბანკში მთავარ ეკონომისტად მუშაობდა და წლის ბოლოს ყველა საბუთს, ანგარიშებს მის ხელში უნდა გაევლო. ბანკის შენობა 31 დეკემბრის ღამითაც განათებული იყო - მუშაობდნენ. დედა მოვიდოდა შინ 12 საათისთვის, მოგვილოცავდა, გვაკოცებდა და ისევ სამსახურში გაიქცეოდა. ახალ წელს დედა სულ მენატრებოდა. ერთი ახალი წელი საბავშვო ბაღში მწარედ მახსოვს. ბაღში ძალიან ცოტა ხანს ვიარე და რატომ?.. ახალი წლის ზეიმია, ბავშვებისთვის პარკებში გამზადებული საჩუქრები ყველას დაურიგეს, მათ შორის ჩემს დასაც და მე არ მომცეს... ბებიაჩემს ვუთხარი: სახლში წავიდეთ, მე აქ აღარ დავბრუნდები-მეთქი. იმის შემდეგ ბაღში ფეხიც არ მიმიდგამს. არ ვიცი, რა მოხდა.

საახალწლოდ თუ იშოვიდნენ, კარგ კაბას ან ფეხსაცმელს ყიდულობდნენ, ან შემიკერავდნენ. პაპაჩემს მოჰქონდა საჩუქრები. ვთქვათ, კანფეტს ცალკე ჩემს დას მისცემდა, ცალკე - მე. ჩემს კანფეტებს შევჭამდი და ჩემი დის კანფეტებზე გადავდიოდი. ბებიაჩემი ეტყოდა ხოლმე, დროზე შეჭამეო. ის ინახავდა. პაპაჩემთან მოლაპარაკება მქონდა - დეკემბერში მეოთხედის ბოლოს რამდენ ხუთიანსაც მივიტანდი, იმდენი ხუთი მანეთი უნდა მოეცა. დავუდებდი პაპას ნიშნების ფურცელს და - დაითვალე, რამდენი გაქვს ჩემი ვალი-მეთქი, ვეტყოდი. პაპა მანებივრებდა, ოღონდ კარგად მესწავლა და პირობას ყოველთვის ასრულებდა. იმ ფულით ტანსაცმელს ვყიდულობდი.

თოვლი დუშეთში

- ოო, რა თოვლი მოდიოდა დუშეთში! ბავშვობაში ეშინოდათ, რომ ქუჩაში რამეს არ დავჯახებოდით და უფროსები სწორ გზაზე აქეთ-იქით მიგვასეირნებდნენ დიდი ალუმინის ტაშტებით, რომელშიც ჯერ ცხვრის ტყავს ჩააფენდნენ, თბილად და რბილად რომ ვყოფილიყავით, მერე ჩაგვსვამდნენ, თოკს მოაბამდნენ და ასე გრძელდებოდა, სანამ პატარები ვიყავით. თავიდან გატვრენილი ვიჯექი, მერე გავაპროტესტე - ყველა ციგაზე ზის და მე რა მინდა ამ ტაშტში-მეთქი?! ვიტირე და ბიძაჩემმა ციგა დამიმზადა, ეხერხებოდა ასეთი რამეები. გახარებული დავჯექი ციგაზე, რომელიც სწრაფად ვერ წავიდა და თან გვერდზე მომატრიალა. ციგას ძირზე რკინები არ ჰქონდა მიკრული, ამიტომ ვერ მისრიალებდა ისე, როგორც საჭიროა. ახლა ამაზე დავიწყე წუწუნი, ყველა ციგას რკინა აქვს და ჩემსას არა აქვს-მეთქი! ბოლოს რკინაც მიამაგრა ბიძაჩემმა. რამდენჯერაც სასრიალოდ მივდიოდით, საწყალი დედაჩემი გამოვიდოდა და ფეხით მოგვყვებოდა უკან, სანამ შინ არ დავბრუნდებოდით. კარგია ბავშვობა, თოვლი...

გოზინაყთან დაკავშირებული ამბები

- გოზინაყზე ვგიჟდებოდი ბავშვობაში და დღესაც ძალიან მიყვარს. ჩემს შვილსა და შვილიშვილსაც უზომოდ უყვართ. ყოველთვის ბევრს, ბარაქიანად ვაკეთებ ხოლმე და კარგი გამომდის იმიტომ, რომ ჩემი ოჯახის წევრებისგან ვისწავლე. ჩვენს ოჯახში გოზინაყს ბებიაჩემი აკეთებდა. თუ ნიგოზი არ გვქონდა, პატარა თხელ ფირფიტებს გამოაცხობდა (ინგრედიენტები არ მახსოვს), იმას დაჭრიდა და თაფლთან ერთად გოზინაყის მსგავსად მოამზადებდა. უგემრიელესი რამ იყო, გოზინაყის გემო ჰქონდა.

დეიდაჩემი თბილისში ვერაზე ცხოვრობდა. ყოველთვის მინდოდა, ახალ წელს თბილისში ვყოფილიყავი და ჩამოვდიოდი ან ახალ წლამდე, ან მერე. ვიქნები ალბათ, 6-7 წლის, დეიდასთან ვარ. ბებიაჩემის მსგავსად, დეიდაც გადასარევ გოზინაყს აკეთებდა და ვხედავ, გოზინაყი კარადის თავზე შემოდო. როგორ მოვითმენდი?.. ავძვერი კარადაზე, ერთი ნაჭერი ავიღე და ჩამოვედი, მერე მეორეჯერ ავედი, მესამედ და... ერთი სინი გოზინაყი სულ შევჭამე. მოვიდა დეიდაჩემი, ნახა, სინი ცარიელია. მიხვდა, რა თქმა უნდა, ეს ვინ ჩაიდინა და შენიშვნა მომცა. დეიდა მკაცრი ქალი იყო და შენიშვნასაც მკაცრად გაძლევდა. ეს მომწონდა, სხვათა შორის, და ყოველთვის ვჩუმდებოდი.

ჩემს მეგობრებს ძალიან მოსწონთ ჩემი გაკეთებული გოზინაყი. იყო დრო, რამდენიმე ადგილზე უნდა ჩამომევლო, რომ ვისაც შევპირდებოდი, ყველასთვის გამეკეთებინა გოზინაყი. რომ ვეუბნებოდი, ისწავლეთ-მეთქი, - არა, შენ უკეთესი გამოგდისო, - გაიძახოდნენ. ჩემს მეგობარ ელისო გუდიაშვილს, როგორც იქნა, ვასწავლე, მაგრამ ყოველ წელს მაინც მირეკავს და მეკითხება, რამდენი ნიგოზი სჭირდება, რამდენი თაფლი, გაზზე რამდენ ხანს უნდა გააჩეროს... მეც თავიდან ვუხსნი ყველაფერს. ბოლოს დამირეკავს და მეტყვის: კარგი გამოვიდა, გმადლობ!

თაფლის სურნელი

- შინ მუდამ არაჩვეულებრივი თაფლი გვქონდა, რომლის სურნელი ახლაც მახსოვს. პაპაჩემი ხევსური იყო წარმოშობით და თაფლი ხევსურეთიდან 25-ლიტრიანი ბიდონებით ჩამოჰქონდა, იქ ბიძაშვილები ჰყავდა. ერთხელაც საახალწლოდ ჩამოიტანა ორი ბიდონი, ერთში თაფლი იყო, მეორეში ერბო. ორივე ერთ-ერთ ოთახში მოათავსეს, სადაც კარადა კუთხით იდგა. 4-5 წლის ვარ, კარგად მახსოვს, შევძვერი კარადის უკან, ავხადე თავსახური ორივე ბიდონს (არ იყო კარგად ჩაკეტილი), ერთი ხელი ერბოში ჩამიყვია, მეორე თაფლში და ვილოკავ ხელებს რიგრიგობით. ეტყობა, ერთად გემრიელი იყო. ბებიაჩემი მეძებს და თან მეძახის, მაგრამ ხმას არ ვიღებ. შემოსულა ოთახში, გაუგონია პირის წკლაპუნის ხმა და ასე მომაგნო. - შენ გენაცვლოს ბებია, ჭამე თაფლი, რამდენიც გინდა, მაგრამ ერბო როგორ შეჭამეო?! - მითხრა და მთლად გაწუწული გამომიყვანა.

მეკვლე

- სტუდენტობის დროს დუშეთში ჩემი მეზობლების, ჩორგოლაშვილებისა და წიკლაურების ოჯახებში აუცილებლად მეკვლე უნდა ვყოფილიყავი. რამდენჯერაც მეკვლედ მივედი, იმდენჯერ გადასარევი ფეხი მივიტანე. ამიტომ ყოველ ახალ წელს დილის 7 საათზე ავტობუსში ვიჯექი და დუშეთში მივდიოდი, სანამ უმაღლესში მოეწყობოდა ჩორგოლაშვილების ერთი შვილი, მეორე შვილი, ასევე - წიკლაურების შვილები... ყველამ რომ ჩააბარა, მერე აღარ დავდიოდი მეკვლედ. მეზობლები ძალიან ვახლობლობდით. ჩორგოლაშვილებთან თაობების მანძილზე გრძელდება ურთიერთობა, დღესაც ჩემი და იმათი შვილები მეგობრობენ. რამდენჯერმე სესილია თაყაიშვილის მეკვლე ვიყავი. ერთხელ რომ შევედი მეკვლედ და ძალიან კარგი წელი ჰქონდათ, იმის შემდეგ არავის აღარ უშვებდა. სესილია მეუბნებოდა: ძალიან ადრე ადექი და მაშინვე ჩემთან წამოდიო. შევიდოდი ოთახში თუ არა, იტყოდა, - ახლა ვისაც უნდა, ის მოვიდესო... სოფიკო ჭიაურელის მეკვლეც ვყოფილვარ.

shvili-da-shvilishvili-copy-1639989825.jpg

განსხვავებული ახალი წლები

- ერთხელ, 31-ში საღამოს ამხანაგთან უნდა მივსულიყავით და მერე ყველანი ერთად სხვაგან მივდიოდით ახალი წლის შესახვედრად. წინასწარ გაგვაფრთხილა, 12-ის ნახევრამდე მოდითო. რადგან იმ დღეს სპექტაკლი გვიან დამთავრდა და მერე კიდევ სადღაც გავიარეთ, იმ ამხანაგთან როცა მივედით, უკვე 5 წუთი აკლდა 12-ს. სახლში არავინ იყო. მალე ბათქაბუთქი ატყდა, ქუჩაში აღარ გამოვედით და კიბის ქვეშ დავიმალეთ. სადარბაზოში შევხვდით ახალ წელს, სხვა რა გზა გვქონდა?!

ერთ ახალ წელს გვიან მოვრჩი შინ საქმეებს და ბაზარში წავედი 31 დეკემბერს უკვე საღამო ხანს. ისე იაფად ვიყიდე ყველაფერი, რომ გახარებული დავბრუნდი, გამზადებაც მოვასწარი კერძების და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ორ იანვარს მივედი თეატრში, სპექტაკლი გვქონდა და ვთქვი: ეს რა გადასარევი ყოფილა 31 დეკემბრის საღამოს ბაზარში მისვლა, ყველაფერი იაფია და ყოველ წელს ამ დროს წავალ-მეთქი. მოვიდა მეორე წელი, მივედი ბაზარში და რას ვხედავ?.. ცარიელია დახლები! ჩვენს ბუღალტერს, თამარა გამსახურდიას უფიქრია, ასმათი ჭკვიანი გოგოა და მეც ასე მოვიქცევიო. ისიც ხელცარიელი დაბრუნდა სახლში და მისაყვედურა: ეს რა მიქენი, ასმათ ტყაბლაძე, მოგკლავ, ახალ წელს მშიერი დამტოვეო.

მეზობელი მყავდა რუზანა, ძალიან კარგად აკეთებდა საცივს. ერთხელ გამასინჯა... ერთ წელსაც ველოდები მეგობრებს საახალწლოდ, დედაჩემი დუშეთშია და საცივი მე უნდა გავაკეთო, მაგრამ არ ვიცი, როგორ. დავურეკე რუზანას და ვთხოვე, ესწავლებინა. - ეგრე არ გამოვა, უნდა მიყუროო. - არა, ისე მითხარი-მეთქი, და მართლაც, გავაკეთე მისი რეცეპტით. კმაყოფილი დავრჩი, ძალიან მომეწონა. ავდექი, ლამაზ სინზე გადმოვიღე საცივი და რუზანას მივართვი. ცოტა ხანში მირეკავს: გოგო, ასეთი გემრიელი როგორ გააკეთეო?!.

მე და ჩემი მეგობარი გოგო ვართ ჩემთან სახლში და ველოდებით მეგობრების მოსვლას. სუფრა გაშლილია, ყველაფერი მზადაა და გვირეკავენ - ჩვენ სხვაგან უნდა შევხვდეთ ახალ წელს და გვიან მოვალთო. რა ვქნათ? ორმა უნდა აღვნიშნოთ ახალი წელი, მაგრამ შამპანურის გახსნა არ ვიცით. სახლში რემონტი რომ არ გამეფუჭებინა, გავაღეთ ფანჯარა, დავიჭირეთ ბოთლი და ვაჯანჯღარეთ... საცობი გავარდა და ნახევარი შამპანური გარეთ დაიღვარა...

ახალი წლის დადგომა ყოველთვის მიხარია. მინდა, ბედნიერი იყოს ყველა - ახლობელი, მოკეთე, ჩემი ქვეყნის მოქალაქე, ჩვენი ემიგრანტები, ჩემს მტერსაც სიკეთეს ვუსურვებ...

ნანული ზოტიკიშვილი