"ბავშვობაში ფეხსაცმელები არ გვქონდა, ახლა გიჟივით ვყიდულობ..." - გზაპრესი

"ბავშვობაში ფეხსაცმელები არ გვქონდა, ახლა გიჟივით ვყიდულობ..."

სახელი, გვარი: პაატა გულიაშვილი.

ასაკი: 43 წლის.

პროფესია: კინოსა და თეატრის მსახიობი.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის თელავის, ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რუსთაველის თეატრის მსახიობი და ტელეგადაცემა "ანეკდოტების შოუს" წამყვანი.

ჰობი: სმა.

ცხოვრების დევიზი: "ბევრი მუშაობა".

- როგორ ფიქრობთ, მსახიობი უკეთესი ხართ თუ ტელეწამყვანი?

- არ ვიცი. ასე ვიტყვი: ორივე საქმეში "საშუალოზე ოდნავ მაღლა" ვარ. ყოველ შემთხვევაში, შრომას არც ერთ მიმართულებას არ ვაკლებ, დანარჩენი ჯობია, მაყურებელმა შეაფასოს. პირადად მე, ორივე საქმე ძალიან მიყვარს, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ სცენაზე ყოველთვის არაკომედიურ როლებს ვთამაშობ. გული მწყდება, რომ ფართო საზოგადოება იუმორით მიცნობს - სცენაზე ჩემ მიერ შესრულებული როლების შესახებ არ იციან, თუმცაღა ეს ჩემი ბრალი არ არის - დღევანდელი ყოფისა და თეატრის უმაყურებლობის ბრალია, სამწუხაროდ...

- დღის განმავლობაში, ყველაზე ხშირად ვის ეკონტაქტებით?

- თანამშრომლებს. ყველაზე მეტ დროს სამსახურში ვატარებ. თუ ტელევიზიაში არ ვიმყოფები, თეატრში ვარ. შინ ჩემი დროის 10%-ს ვატარებ.

109901879-736373383763670-2079694052371320026-n-1640084124.jpg

- თქვენი ხასიათის საუკეთესო თვისებად რას მიიჩნევთ?

- წყენის გულში ჩადება არ მჩვევია. ძალიან მცირე დრო მჭირდება, რომ წყენამ გამიაროს.

- თქვენი საყვარელი კერძი რომელია?

- ხაშლამა.

- საახალწლო სუფრიდან რომელი კერძი, ნუგბარი გიყვართ განსაკუთრებულად?

- საცივი მიყვარს, გოზინაყი - არა. საცივი ისე ძალიან მიყვარს, რომ შინ მხოლოდ ახალი წლისთვის კი არ ვამზადებინებ, არამედ - არასადღესასწაულო დღეებში, სადილადაც ხშირად გვაქვს ხოლმე.

- ადამიანთან პირადად შეხვედრისას, პირველად მისი გარეგნობის რა დეტალი იქცევს თქვენს ყურადღებას?

- უფრო მეტად ფეხსაცმელები და საათი მხვდება თვალში, რადგან მათზე თავად მაქვს გართულება. 2 მნიშვნელოვანი საათი მაქვს: ერთი ცოტათი ძვირად ღირებულია. არა, "საშინელი" ფასი არ იფიქროთ - დაახლოებით 2000-დოლარიანია. საფრანგეთში, გასტროლების დროს ვიყიდე - მთელი ჰონორარი დავხარჯე, ისე მომეწონა; მეორე საათი მამაჩემის დანატოვარია... დანარჩენი საათები საშუალო ფასისაა, ბრენდული არაა. ისე, ბევრი საათი მაქვს.

- როგორ ფიქრობთ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლიათ?

- ყველაზე მთავარი: ადამიანების გაცინება. წესით, ეს საჭიროა, რომ ღიმილი ყველას სახეზე ჰქონდეს. ვფიქრობ, ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, რომ საქმე კარგად გავაკეთოთ და სამყარო კარგ ხასიათზე დავაყენოთ.

- თქვენთვის უცნობ ადამიანს ყველაზე უცნაური, რა კომპლიმენტი უთქვამს?

- მახსოვს, ერთხელ ძმაკაცთან ერთად, მაღაზიაში შევედი. გვიანი საღამო იყო. ვიღაც ტიპი მომიახლოვდა და მითხრა: - აუ, როგორ მიყვარხარ! როგორ გასუქებულხარო... ძალიან "გადამეკეტა" - რა გამიტ...ე საქმე, შენსას ხომ არ ვჭამ? თავი დამანებე-მეთქი (იცინის)!.. ის ტიპი სულ მახსოვს...

- დიეტას იცავთ?

- კონკრეტული გადაღების ან სპექტაკლისთვის დიეტის დაცვას 1 თვით ადრე ვიწყებ ხოლმე. საერთოდ, დიდი ხანია, კვების რაციონიდან პური და ტკბილეული ამოვიღე. ფორმაში ყოფნა მაინც აუცილებელია. რუსთაველის თეატრის სიდიდის შესახებ მოგეხსენებათ. ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ ჩემს საქმეს ისე ვერ ვაკეთებდი, როგორც - გარკვეული ხნის წინ. ამიტომ რაღაცებზე უარის თქმა საჭიროდ მივიჩნიე. გარკვეულწილად, ზედმეტი წონა ხელს მიშლიდა. 3 წელია, ნორმალურ ფორმაში ვარ - წონა შევინარჩუნე. "ლანდი არ გამდის", მაგრამ წინათ გაცილებით "დიდი" ვიყავი...

- თოვლის პაპის არსებობის რომელ ასაკამდე გჯეროდათ?

- არასოდეს მჯეროდა, რადგან ბავშვობიდანვე თეატრთან მქონდა შეხება - მამა მსახიობი გახლდათ. ვხედავდი, საახალწლოდ მამაჩემის მეგობრები როგორ ხდებოდნენ თოვლის პაპები...

- თქვენს შვილებსაც არ სჯეროდათ თოვლის პაპის არსებობის?

- 2 ვაჟი მყავს - 16-ის და 13 წლის. ბავშვების უმეტესობის მსგავსად, გარკვეულ ასაკამდე სჯეროდათ: ფიქრობდნენ, რომ ახალი წლის დღესასწაულზე, საჩუქრებს მათაც თოვლის პაპა უტოვებდა...

paata-guliashvilui-2-copy-1640084137.jpg

- ბოლოს ვინ და რა გაჩუქათ?

- გუშინწინ მეუღლემ სუნამო მაჩუქა. პირველი ხელფასი აიღო და საჩუქარი მიყიდა. წინათ არასოდეს უმუშავია - ბავშვებს ზრდიდა, შინ იყო... მუშაობა ახლახან გადაწყვიტა. კოსმეტოლოგი გახლავთ.

- დღე-ღამეში რამდენ საათს გძინავთ?

- აუ, ჩათვალეთ, რომ თითქმის არ მძინავს. მაგალითად, გუშინ სახლში დილის 5 საათზე მივედი...

- ენერგიის აღსადგენად მცირე დრო გყოფნით?

- ხან - კი, ხან - არა.

- კომპლექსი, რომელიც დასძლიეთ...

- ალბათ, ასეთი ბევრია... მაგალითად, თეატრალურ ინსტიტუტში 1996 წელს ჩავაბარე. მანამდე თბილისში არასოდეს ვყოფილვარ. ჰოდა, ქუჩების სახელწოდებები არ ვიცოდი, ძალიან დაძაბული ვიყავი... მთელ ჯგუფში რეგიონიდან მხოლოდ მე გახლდით. გარკვეული პერიოდი ამას განვიცდიდი... წვრილმანი კომპლექსები ყველას აქვს, მათ შორის - მეც. "არტისტული თავისუფლებები" მოგონილი ამბავია, რა... მაგალითად, ფეხსაცმელებთან დაკავშირებული გართულების შესახებ რომ აღვნიშნე, გეტყვით, რომ ბავშვობაში ფუფუნებაში არ ვცხოვრობდით - ფეხსაცმელები არ გვქონდა. ახლა ინტენსიურად, გიჟივით ვყიდულობ და ბევრი წყვილი მაქვს. ბავშვობის დროინდელმა ამ ამბავმა, ასე ვთქვათ, ეს კომპლექსი დამიტოვა...

- თქვენს შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნიათ?

- კი. საკუთარი თავით სულ უკმაყოფილო ვარ. მგონია, რაღაც არ გამომივა... ჩემს პროფესიულ საქმიანობას ისე განვიცდი, რომ ეს კიდევ ცალკე ინტერვიუს თემაა... გადაცემის ყოველ ჩაწერამდე და სცენაზე გასვლამდე ერთ სიკვდილს ვათავებ. მყარად დარწმუნებული, რომ ყველაფერი გამომივა, არ ვარ. არ ვიცი, ეს ცუდია თუ კარგი...

- გადაღებისთვის, სცენაზე გასვლისთვის როგორ ემზადებით?

- ეს მთელი პროცესია... გადაღებისთვის ისე არ ვემზადები, როგორც სცენაზე გასვლისთვის: ჩაწერაზე თუ რამე "ჩეპეა", გადაღება ჩერდება და თავიდან ვიწყებთ, სცენაზე კი ვერ გაჩერდები... ვიდრე სცენაზე გავალ, მანამდე მთელი დღე მხოლოდ ჩაიზე ვარ - არაფერს ვჭამ. სპექტაკლის დაწყებამდე 2-3 საათით ადრე მაინც თეატრში, საგრიმიოროში ჩემთვის უნდა ვიყო, მოვემზადო...

- თქვენი გადაცემის ჩაწერისას ისეთი უცნაური ანეკდოტი თუ მოგისმენიათ, რომლის გამოც გადაღება შეგიჩერებიათ?

- გადაღება არ გამიჩერებია - უხერხულია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მაგარ ანეკდოტს ისე ცუდად ჰყვებიან, ლამის გული გამისკდეს. ისეთი ადამიანებიც არსებობენ, ვინც ანეკდოტებს წარმოუდგენლად მაგრად ჰყვებიან...

- ანეკდოტების მოყოლას სამეგობრო წრეშიც გთხოვენ?

- რა თხოვნა მინდა? რა გამაჩერებს, თუ ახალი ანეკდოტი ვიცი?!.

- ცხოვრებაში თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად რას მიიჩნევთ?

- ჩემს შვილებს, ოჯახს...

- სცენაზე თუ ეკრანზე, ყველაზე მეტად, რომელი პერსონაჟის განსახიერება გეამაყებათ?

- ასეთი ბევრია. ყველა როლი მიყვარს, რადგან მათში ბევრი შრომა მაქვს "ჩადებული". ერთი ასეთი ფილმი - "ხუთი ნახვით შეყვარება" არსებობს, რომელშიც განსახიერებული სხვა პერსონაჟებისგან განსხვავებით, ცუდი ადამიანის როლს ვასრულებ. ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა...

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?

- ავთო ვარსიმაშვილის "ჩემი ცხოვრება". ეს არის ორტომეული, სადაც რეჟისორს თავისი შემოქმედების შესახებ აქვს დაწერილი. მასში ჩვენი პროფესიისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებს იხსენებს, რომლებიც სამწუხაროდ, დღეს ცოცხლები აღარ არიან... კორონავირუსი მქონდა და საშუალება მომეცა, ამ წიგნს "ჩავჯდომოდი". სხვათა შორის, წიგნში მეც ვარ ნახსენები. ძალიან გამიხარდა. პატარა ამბავი არ არის, როცა ადამიანს გაახსენდები და მის მიერ დაწერილ წიგნში მოხვდები...

- ასაკის მატება გაშინებთ?

- არა. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი ამბავია - ადამიანმა ყველაფერი უნდა გაიარო...

- თქვენი ცხოვრების მთავარი ფასეულობა რა არის, რაც თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს?

- მეგობრები, სწორად ცხოვრება და ის, თუ რას ქმნი, რას დატოვებ ამქვეყნად, ოღონდ - იმ ბანალურობის გარეშე, ხე რომ უნდა დარგო, სახლი ააშენო და შვილი გყავდეს... საერთოდ, რასაც აკეთებ, მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ ის მაგარი ადამიანები, ვინც შენთვის იშრომეს, არ შეარცხვინო.

ეთო ყორღანაშვილი