"რაც ცოლად მოვიყვანე, მერე სცენაზე აღარ უმღერია" - გზაპრესი

"რაც ცოლად მოვიყვანე, მერე სცენაზე აღარ უმღერია"

"სხვებზე ადრე ვბერდებით, თურმე, მუსიკოსები!" - სევდიანი ღიმილით ამბობს ანსამბლ "ივერიის" წევრი, მთელი საქართველოსთვის საყვარელი მომღერალი - ვახტანგ ტატიშვილი, რომელსაც 24 ნოემბერს 80 წელი შეუსრულდა. ბატონი ვახტანგი ნოსტალგიით იხსენებს თავისი ცხოვრების გზას, რომელსაც ქართული სიმღერის და მეგობრების სიყვარული ალამაზებდა:

- ჩემი ბავშვობით დავიწყებ, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე თბილ და კოლორიტულ ქალაქში - ბათუმში გავატარე. ალბათ ბევრი ფიქრობს, რომ ქართული სიმღერის სიყვარულს ადრეული ასაკიდან ვეზიარე, მაგრამ ასე არ ყოფილა. რატომ?.. რუსულ ბაღში დავდიოდი და რუსული სკოლა დავამთავრე. ეს მაშინ ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ამიტომ ქართული მუსიკის სიყვარული ჩემს გულში ცოტა მოგვიანებით გაჩნდა. ჩემი მშობლები ბოტანიკოსები იყვნენ და შეიძლება ითქვას, ჩემს და-ძმასთან ერთად, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გავიზარდე. ჩვენი მშობლები მეცნიერები იყვნენ და მუშაობდნენ, ჩვენ კი ამქვეყნიურ სამოთხეში ვიზრდებოდით. მახინჯაურის სკოლაში ვსწავლობდი, იქამდე 5 კილომეტრი იყო, რომელიც ფეხით უნდა გამევლო, მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი ვიყავი. ბოტანიკურ ბაღში ხილი ბლომად იყო, ხან რა მწიფდებოდა და ხან - რა, თუმცა ზოგჯერ დაუმწიფებელსაც სიამოვნებით მივირთმევდით: ყველანაირი ციტრუსი, ვაშლი, მსხალი, ხურმა - ვინ იცის, რა არ მოდიოდა ამ მშვენიერ ბაღში, რომელიც დღემდე ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელ მოგონებად რჩება. 1941 წელს ვარ დაბადებული, ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში საკვები ძალიან ჭირდა, მაგრამ ჩვენ ეს არ გვიგრძნია, ამიტომაც ვამბობ, რომ მე ყველაზე ბედნიერი ბავშვობა მქონდა.

- ესე იგი, ბათუმთან ყველაზე თბილი მოგონებები გაკავშირებთ.

- დიახ, ბედნიერი ვარ, რომ ამ მშვენიერ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე. სხვათა შორის, ომი რომ დამთავრდა, მხოლოდ 4 წლის ვიყავი. როცა გავიგე, ომი დამთავრდა, მეგონა, რომ ღომი გათავდა და ტირილი დავიწყე. გუშინდელივით მახსოვს, დედაჩემმა ძლივს დამამშვიდა და ამიხსნა, რომ ღომი არაფერ შუაში იყო... ბათუმთან არის დაკავშირებული ჩემი პირველი სიყვარული, რომელიც მეათე კლასში მეწვია. რაც შეეხება პირველ "არაფორმალურ სიყვარულს", ეს უკვე 17 წლისამ გამოვცადე: მაშინ ბათუმში ბევრი ტურისტული ბაზა და დასასვენებელი სახლი იყო. სწორედ ასე გავიცანი სვეტა, ღამის 2 საათზე ვიპარებოდი სახლიდან და მასთან მივდიოდი მწვანე კონცხზე. ამ ყველაფერს დღემდე დიდი სიყვარულით ვიხსენებ. ბათუმში გატარებული ბავშვობა და ახალგაზრდობა მართლაც დაუვიწყარი იყო. სკოლის დასრულებისთანავე ინსტიტუტში მოვეწყვე, 21 წლის ასაკში უკვე ფიზიკის მასწავლებელი ვიყავი და თბილისის ერთ-ერთ რუსულ სკოლაში ვასწავლიდი. სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო ჩემი გატაცება მუსიკით.

- თავდაპირველად სად მღეროდით?

- თავიდან ჯემალ ბაღაშვილმა შემომთავაზა, მარეხ გოძიაშვილის ტრიოში შევსულიყავი. ამ ტრიოში მე, ჯემალი და მარეხ გოძიაშვილი ვმღეროდით. სწორედ ასე გავხდი ფილარმონიის მომღერალი. ამ ტრიოთი მთელი საბჭოთა კავშირი და უცხოეთი მოვიარეთ. მასწავლებლობას თავი დავანებე და მუსიკოსის ურთულესი გზა ავირჩიე. ტრიომ 3 წელი იარსება, მერე კი, ბუთხუზ ბასილაიასთან, ჯემალ ბაღაშვილსა და გოგი ლეონიძესთან ერთად კვარტეტი ჩამოვაყალიბეთ. ეს 1968 წელს მოხდა და ანსამბლ "ივერიას" საფუძველი სწორედ მაშინ ჩაეყარა. იმის შემდეგ ჩვენს გუნდში ბევრი ნიჭიერი ადამიანი მოვიდა და წავიდა, მაგრამ ძირითადი ბირთვი ყოველთვის რჩებოდა ბუთხუზ ბასილაიას ხელმძღვანელობით. პირველ რიგში რა გამოარჩევდა "ივერიას"?.. ჩვენთვის მაყურებლის სიყვარული და პატივისცემა პირველ ადგილზე იყო. მეც, ამდენი ხანია ვმღერი და როცა სცენაზე გამოვდივარ, მაინც ვღელავ. მაყურებელს ვერ მოატყუებ, მან შეიძლება თავიც დაგიქნიოს, ტაშიც დაგიკრას, მაგრამ ყოველთვის ამჩნევს, როდის იყავი გულწრფელი და როდის - ყალბი. ვაღიარებ, რომ განსაკუთრებული ხმა მე არ მქონია, შეიძლება კარგი სმენა მქონდა, მაგრამ ისეთი გამორჩეული ხმით, როგორიც თემურ წიკლაურს ჰქონდა, როგორიც ნუგზარ კვაშალს ან მანანა თოდაძეს აქვთ, მე ვერ დავიკვეხნიდი, თუმცა, ყველა ანსამბლში ასე ხდება: 1-2 კაცს აქვს განსაკუთრებული ხმა, დანარჩენები კი, სულ სხვა ფუნქციას ასრულებენ. "ივერიელებმა" რასაც მივაღწიეთ, მუდმივი წვის და დიდი შრომის ფასად მივაღწიეთ. გული მტკივა, როცა მახსენდება, რამდენი ნიჭიერი ხელოვანი წავიდა "ივერიიდან" და იმქვეყნიურ საუფლოში გადასახლდა!

- და მაინც, ვინ იყო ამ ანსამბლის ხერხემალი და მთავარი დასაყრდენი?

- ალექსანდრე ბასილაია, რომელსაც ყველანი ბუთხუზს ვეძახდით. ის რომ არ ყოფილიყო, "ივერია" ისეთი არ იქნებოდა, როგორიც იყო. თავის გუნდში ყველაზე ნიჭიერი და საუკეთესო ხალხი შემოიკრიბა, მაგრამ თვითონ რომ არ ყოფილიყო საოცრად ნიჭიერი და საქმის ერთგული, არაფერი გამოვიდოდა. "ივერიელები" ანგელოზები კი არ ვყოფილვართ, მაგრამ როცა ხალხი გცნობს და შენს ყველა ნაბიჯს აკვირდება, ძალაუნებურად ვეღარ ახერხებ, რომ ცუდად მოიქცე. მეც სულ ვცდილობდი, ჩემი საქმე კარგად მეკეთებინა და ჩემი მეგობრებისთვის არ მეღალატა. 53 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ივერია" შეიქმნა. მას შემდეგ სცენაზე ვდგავარ და ამ ანსამბლის ერთგული ვარ. ვინ იცის, სად აღარ ვყოფილვართ, სად აღარ ვატარებდით კონცერტებს. საბჭოთა კავშირის დროს, სადაც ჩავდიოდით, რუსებს გვეძახდნენ, მაგრამ სულ ვცდილობდით გვეჩვენებინა, რომ ქართველები ვიყავით, რომ საბჭოთა კავშირში მარტო რუსები კი არა, სხვა ხალხებიც ცხოვრობდნენ. ჩვენი სიმღერებით ლამის მთელი მსოფლიო მოვიარეთ და ყველგან დიდი სიყვარულით გვხვდებოდნენ. ჩვენს წარმატებას ისიც განაპირობებდა, რომ ერთი ოჯახივით ვიყავით. ყველა ადამიანი ხომ თავისებურია, მაგრამ ჩვენ ვახერხებდით, ერთმანეთთან ყოველთვის ადამიანური, მეგობრული დამოკიდებულება გვქონოდა.

- როგორც ვიცი, "ივერიელების" ჩარევით დაოჯახდით.

- ჩემი მეუღლე, ნინო ბოლქვაძე, მეგობრებმა გამაცნეს. ის უცხო ენების ინსტიტუტში მღეროდა. ჯემალ ბაღაშვილი და "ივერიის" წევრი, აწ გარდაცვლილი თენგიზ ჩხეიძეც იქ ასწავლიდნენ. უკვე 30 წლის ვიყავი, ოჯახის შექმნაზეც ვფიქრობდი და სწორედ მათ მირჩიეს, ნინო ძალიან კარგი გოგოაო. რეპეტიციებზე ხშირად მივდიოდი და მომავალი მეუღლე სწორედ ასე გავიცანი. სხვათა შორის, რაც ცოლად მოვიყვანე, მერე სცენაზე აღარ უმღერია. ქალ-ვაჟი შეგვეძინა, ახლა უკვე 6 შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი გვყავს და იმედია, სხვა შვილთაშვილებსაც მოვესწრებით. არ მინდა, ამ ქვეყნიდან ისე წავიდე... უკვე 80 წლის ვარ და როცა ვამბობ, დავბერდი-მეთქი, მპასუხობენ - სულ არ გეტყობაო, ჰოდა, მეც ვხუმრობ, სადაც მეტყობა, იმას თქვენ ვერ ხედავთ-მეთქი: ვგულისხმობ მუხლებს, წელის ტკივილს, მაღალ წნევას და ა.შ.

- როდის გადაწყდა, რომ ლეგენდარული ანსამბლის მიუზიკლებში იუმორისტული ნომრები უნდა შეგესრულებინათ?

- თავიდან მხოლოდ ვმღეროდი, მერე თანდათან წამოვიდა იუმორისტული ხაზი და ამ სპექტაკლებში მთავარი როლები მომანდვეს. ძალიან გამახარა ბოლო კონცერტმა, რომელიც ქობულეთში, "ბლექ სი არენაზე" ჩავატარეთ, სადაც 10 ათასი კაცი ეტევა. გამოგიტყდებით, არ გვეგონა, თუ ამდენი ხალხი მოვიდოდა, მაგრამ მოვიდა... ზოგი ჩვენს კონცერტზე ვერც შემოვიდა და უკან გაბრუნდა, რადგან ადგილი აღარ იყო. 2021 წელი ჩვენთვისაც ტრაგიკული აღმოჩნდა, როგორც ყველასთვის, მაგრამ სცენაზე რომ გამოვდივარ, სულ ვცდილობ, მაყურებლის გულში მხნეობა და ოპტიმიზმი გავაღვივო. ისედაც რთული მდგომარეობაა და მსახიობმაც თუ ტირილი დაიწყო, მაშინ რა გამოვა?!. არტისტი იმიტომ გქვია, რომ შენი ოსტატობა აჩვენო, მაყურებელი გაამხნევო და ხასიათზე მოიყვანო. ტრაგედიაც რომ ითამაშო, იქაც მაყურებელზე უნდა იფიქრო. როგორც მე და ნუგზარ კვაშალი ვმღერით, - "მთავარია სამი რამე დედამიწაზე: სიყვარული, სიკეთე და სილამაზე", - სწორედ ასე - სიყვარულით უნდა მიაწოდო შენი ნამუშევარი მაყურებელს. 40 წელია, ამ სიტყვებს ვიმეორებთ და ვნატრობ, რომ ჩვენმა პოლიტიკოსებმა ხშირად მოგვისმინონ.

80-wlis-copy-1640084295.jpg

- მთელი მსოფლიო მოიარეთ, ნუთუ, არც ერთხელ არ გაგჩენიათ სურვილი, რომ უცხო ქვეყანაში გეცხოვრათ?

- გასტროლები ბევრ ლამაზ ქვეყანაში გვქონია. განსაკუთრებული სიმშვიდე და წესრიგია სკანდინავიის ქვეყნებში; იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი უფრო ჩვენს ქვეყანას ჰგავს და იქაურების ხასიათიც ჩვენს ხასიათთან უფრო ახლოსაა. ყველა ქვეყანა თავისებურად ლამაზი და კარგია, მაგრამ ერთი წუთითაც არ მიფიქრია, რომ სადმე დავრჩებოდი. აქაურობა ყველაფერს მირჩევნია! უცხოელები საქართველოში რომ ჩამოდიან, აღფრთოვანებულნი რჩებიან და მე უცხო ქვეყანაში რა გამაძლებინებს?!

- ბატონო ვახტანგ, "კოვიდ 19"-ს თუ გადაურჩით?

- საბედნიეროდ, ჯერ ეს ვირუსი არ შემხვედრია. აცრაც დროულად გავიკეთე, რადგან ექიმებმა მირჩიეს. იცით, რა მიკვირს?.. ისეთი ხალხი ამბობს, ვაქცინას არ გავიკეთებო, ვისაც მედიცინასთან ახლოს არ გაუვლია და ეს სფერო საერთოდ არ იცის. როცა სამედიცინო განათლება არა მაქვს, ექიმების კრიტიკას რატომ დავიწყებ? ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. როცა მთელი მსოფლიო ამბობს, რომ დედამიწა მრგვალია, მე რატომ უნდა ვამტკიცებდე, რომ ბრტყელია? ჯერჯერობით, ვაქცინა ერთადერთი გზაა "კოვიდთან" საბრძოლველად და უნდა ავიცრათ - რა არის ამაში რთული?

- დაბოლოს, რას უსურვებთ თქვენს თავს ახლა - 80 წლის ასაკში?

- მინდა, რომ კარგად ვიყოთ და ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს - სხვას რას ვისურვებ?! ბოლო წლებში ქართველები ძალიან გადავემტერეთ ერთმანეთს. ჩემი სურვილია, მთავრობა იქნება თუ ოპოზიცია, ჯერ თავის ქვეყანაზე ფიქრობდეს, რომ საქართველოში კრიტიკა მტრობას არ ნიშნავდეს. მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა ისეთი მთავრობა, რომ ყველა კმაყოფილი ჰყავდეს, მაგრამ დედის გინებით და სიძულვილით რა კეთდება?.. ქართველებმა ჩვენი სიკეთე, ნიჭიერება და ზნეობა უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს და არა - ბოღმა და სიძულვილი. თუ ასე მოვიქცევით, პანდემიასაც მოვერევით და ყველანაირ განსაცდელს დავამარცხებთ.

ხათუნა ჩიგოგიძე