"პოლიტიკოსი ქალი არასდროს შემიყვარდებოდა"
მომღერალი ბესო ნემსაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი მდგომარეობა ერთდროულად ხელისუფლების ბრალიცაა და ხალხისაც, ქვეყანას და ხალხს კი უნდა მიხედოს "პოზიციამაც" და ოპოზიციამაც. რატომ ფიქრობს წასვლას საქართველოდან, რატომ მიიჩნევს ქალებს კაცებზე ჭკვიანებად და რა არის მისი საახალწლო სანუკვარი ოცნება? - ამას ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ.
- "ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ მთელი სამყარო ზურგს შემაქცევდა, დედა მაინც მუდამ ჩემ გვერდით იქნებოდა" (ოტია იოსელიანი).
- დედა, პირველ რიგში, ჩემი მეგობარია და სწორედ მისი დამსახურებაა, თუ რამე წარმატებისთვის მიმიღწევია. როდესაც მიჭირს, ყოველთვის გვერდით მიდგას და ამისთვის სახალხოდ ვუხდი მადლობას მაია ნემსაძეს. შეიძლება ითქვას, ოჯახს თავი შემოგვწირა. უფრო მეტადაც უნდა იყოს დაფასებული, მაგრამ ხომ იცით, მშობლების ამაგს შვილები ვერასდროს გადავიხდით.
- "დღეს ჩემი ქვეყანა ჰგავს პატარა საგიჟეს, რომელსაც ექიმი ესაჭიროება, მაგრამ ამ ექიმებს თვითონ ესაჭიროებათ ექიმი და აღარ ვიცი, რა ვუშველო ჩემს საბრალო ხალხს" (მიხეილ ჯავახიშვილი).
- როგორი აქტუალურია დღესაც, ბევრ რამეს მოიცავს - როგორც პოლიტიკას და დღევანდელ მდგომარეობას, ისე ადამიანურ ურთიერთობებსაც. ყოველთვის მახსოვს, ბავშვობისას, გორში, მეზობლებს საჭმელი როგორ გამოჰქონდათ ერთმანეთისთვის; იყოფდნენ ყველაფერს, რაც ჰქონდათ. მაშინ ასე ხდებოდა. მერე ადამიანებმა ნდობა და ერთმანეთის მიმართ სიყვარული დაკარგეს. არადა, სიყვარული მამოძრავებელი ძალაა ნებისმიერ ურთიერთობაში. ქვეყანაში შექმნილი პრობლემების, უმუშევრობის, გაჭირვების გამო, ძალიან დამძიმდა ხალხი. მე ყველა მიყვარს, გულწრფელად ვამბობ. დღევანდელ დღეს მართლაც, რომ ექიმი გვჭირდება როგორც ხალხს, ისე მთავრობას და იმ ექიმებსაც სჭირდებათ მკურნალი... თუმცა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს, უბრალოდ, გასაღები ყველამ საკუთარ თავში უნდა ეძებოს. ქვეყანაში რთული სიტუაცია იქმნება მაშინ, როდესაც ერი შუაზე იყოფა, რაღაცის ან ვიღაცის გამო. ასე ხომ ადრეც მოხდა - მაშინაც ორად გავიყავით, სამოქალაქო ომიც დაიწყო და ამას კარგი არაფერი მოუტანია. იმავე შეცდომას ნუღარ გავიმეორებთ. პირადად მე, არასდროს ავიღებ ქართველის წინააღმდეგ ხელში იარაღს, თუ სახლში არ შემომივარდა ვინმე.
- "თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ, ფსიქიატრს მიმართეთ" (ჩერჩილი).
- არ ვიცი, ჩერჩილმა რა იგულისხმა, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით თუ გავიგებთ, მე პოლიტიკოსი ქალი არასდროს შემიყვარდებოდა. არც ერთ და არც მეორე მხარეს ისეთი არავინ არის, რომ ამაზე მეფიქრა. საქართველოში პოლიტიკოსი რომ შეგიყვარდეს, მართლა რკინის ნერვები უნდა გქონდეს - ხომ უნდა გაუძლო ხალხის შემოტევებს? რაც შეეხება ნდობას პოლიტიკოსების მიმართ, მე ხელოვანი ვარ და არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მხრიდან არ მიგრძნია მხარდაჭერა პანდემიის პერიოდში. ერთადერთი ორგანიზაცია მახსოვს, რომელმაც გარკვეული თანხა ჩამირიცხა, როდესაც უმუშევრად დავრჩი. ისე არ გამოვიდეს, თითქოს ვწუწუნებ, 2 ხელი და 2 ფეხი მაქვს, არც შრომა მეზარება, მაგრამ პანდემიის გამო ასეთი მდგომარეობა შეიქმნა, ვერაფერს გახდები. სახლებში რომ გამოგვკეტეს, ქალაქიდან რომ ვერ გადიოდი, მაშინ ბევრი ბარიერი შეიქმნა დახმარების მისაღებად. 14 წელია თბილისში ვცხოვრობ, რა მნიშვნელობა აქვს, ქირით თუ გირით. მიმართავ შენს მთავრობას და ეუბნები, რომ დახმარება გჭირდება, რადგან პატარა შვილი გყავს, სამსახური დაკარგე და გეუბნებიან, დაამტკიცე, რომ მუშაობდიო. როგორ უნდა დაამტკიცო, როდესაც სარესტორნო სფეროში დასაქმებულების უმეტესობას შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვს?..
- "ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძლება კაცი მოკლან. ამხანაგი უყვართ, ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ. ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის, კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა საქართველო, სამოთხესავით" (ნოდარ დუმბაძე).
- დღევანდელი გადმოსახედიდან, რაღაც ნაწილში ვეთანხმები, რაღაცაში - არა. კი, იყო პერიოდი, როდესაც ასე გვიყვარდა ერთმანეთი, "კერასინკით" რომ ვთბებოდით, მაშინ. მახსოვს, დედა რამეს რომ მოამზადებდა, იტყოდა ხოლმე, მეზობელს საჭმელი არ აქვს და გავუტანო. ახლა შუქი გვაქვს ან რაღა დროს ამაზე საუბარია XXI საუკუნეში, მაგრამ რომ ვერ იხდის იმ შუქის ფულს, ბოროტდება კაცი. ადრე ყველას ერთი გასაჭირი ჰქონდა, დღეს ასე არ არის; ადრე იყო საშუალო და ღარიბი ფენა, მაღალი ფენა კულუარებში იყო და ჩვენ ვერ ვხედავდით. ახლა არიან მილიონერები და ღარიბები, საშუალო ფენა გაქრა. 1.,000 და 2.000 ლარი ხელფასად აღარ ითვლება. მე ჩემს თავს ღარიბად მივიჩნევ. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვწუწუნებ, მაგრამ ამაზე ვიღაცებმა უნდა ილაპარაკონ. მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ბევრს ვწვალობ, რათა ჩემი ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო, ძალიან ბევრ პრობლემას ვხედავ ირგვლივ. ქვეყანას და ხალხს უნდა მიხედოს ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ბევრჯერ მიფიქრია აქედან წასვლაზე. ვგიჟდები საქართველოზე, მაგრამ არ მინდა, ჩემი შვილი ამ რეალობაში გაიზარდოს. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს მდგომარეობა, "იმისიანია, ამისიანიას" ძახილი?
- "ნამდვილი მეგობრები ლხინის დროს გიდგანან გვერდით, გამარჯვებები უხარიათ, სიხარულში არ გტოვებენ. ყალბი მეგობრები კი მხოლოდ გასაჭირში ჩნდებიან, საოცრად მოწყენილ, სოლიდარობის გამომხატველ სახეებს მიიწებებენ და ხვდები, რომ შენი ტკივილი მათთვის თავიანთი უჟმური ცხოვრების მალამოა და სხვა არაფერი. მძულს ასეთი ფარისევლობა" (პაოლო კოელიო).
- ფარისევლობა მეც მძულს. ყოფილა შემთხვევა, წლების შემდეგ მივმხვდარვარ, რომ ზოგი ჩემ გვერდით თურმე ფულის, "პონტის" გამო იყო. ხშირად ხდება ასე - როდესაც კარგად ხარ, შენ გვერდით არიან, მაგრამ გავა დრო და შენ რომ გაგიჭირდება, აღარ ჩანან. თუმცა, ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ მყავს კარგი მეგობრებიც. ყველაზე მეტად რომ გამიჭირდა, როცა ქირის გადახდა ვეღარ შევძელი და სახლის პატრონმა ბავშვით გარეთ გამომიშვა ამ პანდემიაში, ჩემმა მეგობარმა - ალექსანდრე ლორთქიფანიძემ თავისი ბინა დამითმო და დაახლოებით ერთი წელი ვიცხოვრე იქ. ასეთი ადამიანები იმედად მიმაჩნია არა მარტო ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის. თან, რა არის, იცით? დარწმუნებული ვარ, სხვასაც იმავეს გაუკეთებდა, ასეთია და ამიტომ. სახალხოდ არასდროს გადამიხდია მადლობა მისთვის და აი, ახლა მინდა ვთქვა.
- "ვერასოდეს დაინახავ ქალში მეგობარს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის შიშველია" (კანტი).
- არ ვეთანხმები. მე მყავდა და ახლაც მყავს მეგობარი გოგონები, ვისაც პატივს ვცემ. არასდროს მიფიქრია ჩემს მეგობარზე ისე, როგორც ქალზე. თუ ქალი ცდილობს, თავი მოგაწონოს და ემოცია გამოიწვიოს, თუ მეგობრად თვლი, იქვე უნდა აგრძნობინო, რომ ეს მიუღებელია შენთვის.
- "ქალი სიყვარულისაგან ჭკვიანდება, კაცი კი სულელდება" (ერიხ მარია რემარკი).
- როგორ არ დავეთანხმო რემარკს? ქალი უფრო ჭკვიანია მაგ საკითხში. ზოგადად, ვაღიარებ, ქალები ჩვენზე ჭკვიანები არიან და მოხარული ვიქნები, თუ ნებისმიერ სტრუქტურაში 50/50-ზე იქნებიან დასაქმებულები. მე, მაგალითად, რომ შემიყვარდა, სამ თვეში ცოლად მოვიყვანე, თუ ამას სისულელედ ჩამითვლით, მართალია რემარკი... შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, როგორ შეიძლება ასე მალე მოიყვანო ცოლად, როდესაც კარგად არც იცნობო? ფაქტია, 5 წელია ბედნიერი ოჯახი მაქვს და არ შევმცდარვართ გადაწყვეტილების მიღებისას. ისეც ხომ ხდება, რომ 10 წელია იცნობ ადამიანს, ქორწინდები და მაინც გენგრევა ოჯახი, ამას წინასწარ ვერ გაიგებ.
- "თავის თავზე დიდი წარმოდგენა მოკლე ჭკუის ერთ-ერთი ნიშანიაო" (სოფოკლე).
- კოლეგების შეფასება არ მიყვარს, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც ვერ მღერიან და ამ დროს თავი მაგარი მომღერლები ჰგონიათ. ვერასდროს ვეტყვი ვინმეს, შენ არ ხარ კარგი მომღერალი-მეთქი, რაღაცნაირად უხერხულია. თავდაჯერება წარმატების მიღწევაში გეხმარება, მაგრამ სწორი წარმოდგენა უნდა გქონდეს საკუთარ თავზე, თორემ ოდესმე მაინც გაიგებს სიმართლეს და ფსიქოლოგიურ ტრავმას მიიღებს.
- "მდაბალ გრძნობათაგან ყველაზე უმდაბლესია შიში" (შექსპირი).
- საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიში უმდაბლესი გრძნობა როგორ იქნება? მხდალი არ უნდა იყო, თორემ ადამიანს შეგეშინდება რაღაცის. მაგალითად, ჩემს ძმას, სიმაღლის ეშინია, მეორე სართულიდანაც კი ვერ გადმოიხედავს. მე, იცით, რისი მეშინია? რომ მიდიან შენთვის საყვარელი ადამიანები და რჩები მარტო, დაბერდები და უფროსი თაობიდან აღარავინ იქნება შენთან... და კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი ჯერ 4 წლისაა, მეშინია თითოეული ნაბიჯის და ვფიქრობ, რაღაც რომ ვერ გავაკეთო, რაღაც რომ ვერ შევძლო...
- "რატომ არის ყოველთვის და მუდამ სასიამოვნო ახალი წელიწადი? რატომ გვიხარია ყველას ახალი წლის დადგომა? სულ უბრალო მიზეზის გამო: იმიტომ, რომ ადამიანი არასოდეს არ არის კმაყოფილი თავის წარსულის და აწინდელი ცხოვრებისა და ამ თავის ცხოვრების გაუმჯობესებას, ყველა თავის სურვილთა და წადილთა სისრულეში მოყვანას შემდეგში, ახალი წელიწადის განმავლობაში მოელის" (აკაკი წერეთელი).
- იმის მოლოდინი არ მაქვს, რომ გათენდება და რაღაც სასწაული მოხდება აუცილებლად, მაგრამ ჩემს ოჯახში ყოველ ახალ წელს გვაქვს მოლოდინი, რომ ამ წელს მაინც შევძლებთ და მოვაგვარებთ ყველაზე დიდ პრობლემას. ყოველ ახალ წელს ვფიქრობ, იქნებ წელს მაინც მოხდეს რაღაც სასწაული და შევძლოთ ბინის ყიდვა. ამ წლებში მე-7 ბინა შევიცვალეთ უკვე. ამას წინათ ბავშვის დაბადების დღეზე გადაღებულ ფოტოებს ვათვალიერებდით და აღმოვაჩინეთ, რომ ოთხივე წელს სხვადასხვა სახლში გვიცხოვრია. ამ ახალ წელს ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას და თავიანთი სანუკვარი ოცნებების ახდენას!
ნინო ჯავახიშვილი