გიგი ადამაშვილის ცხოვრების დევიზი, თავისუფლება და რეაქცია გავრცელებულ ჭორზე
მომღერალ გიგი ადამაშვილს შემოქმედებით ცხოვრებაში აქტიური პერიოდი აქვს. ახლახან მისი ხმით ამერიკული ლეიბლი დაინტერესდა და ერთ-ერთი სიმღერის რემიქსად გამოიყენა. ახლო მომავალში გიგი კლიპის გადაღებას გეგმავს. როგორია მისი რეაქცია ჭორებზე, მამის რა დარიგება იქცა მისი ცხოვრების დევიზად, რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე და როგორ იქცევა მაშინ, როცა დაძაბული პერიოდი აქვს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1998 წლის 23 სექტემბერი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...11 წლის ვიყავი, ტელევიზორში ერთ-ერთ მუსიკალურ პროექტს ვუყურებდი და ვოცნებობდი, მეც დიდ სცენაზე მემღერა. სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...არ ვიცი, ამაზე სხვებმა უნდა ილაპარაკონ.
- ჩემზე ამბობენ...
- ...ცვალებადი ხასიათი აქვსო. ხშირად ხასიათი უმიზეზოდაც კი მეცვლება. ზოდიაქოთი სასწორი ვარ და ეს ჩემი გამოკვეთილი თვისებაა.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...ვისურვებდი, იგივე გზა გამევლო, რომელიც გავიარე, ღმერთს მადლობას ვუხდი თითოეული დღისთვის. დაშვებულ შეცდომებსაც არ ავირიდებდი. იმ შეცდომებიდან დიდი გამოცდილება მივიღე.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...იყო 2015 წელს, როცა უკრაინულ "X ფაქტორში" გამოვდიოდი. სცენაზე რომ გავედი, თავდაჯერებულობა მაკლდა. ვფიქრობდი, ამ პროექტში საერთოდ რა მინდოდა, უკრაინაში რატომ წავედი... ჩემს გამოსვლას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, მერე ბედნიერი ვიყავი, ეს დღე დიდ სტიმულად მექცა. საქმეს თავიდანვე დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებოდი, მაგრამ უკრაინაში გამოსვლამ, ჩემს შესაძლებლობებში დამარწმუნა... ამას მოჰყვა ქართული მუსიკალური პროექტიც.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...ოჯახს, მათ ყოველთვის სჯეროდათ ჩემი და პირველი ნაბიჯების გადადგმისას (ისევე როგორც დღეს), მათი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს ასეთი ოჯახი და სანაცნობო წრე. ჩემი გარემოცვა ჩემი ძალა და ბედნიერებაა.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...აქტიური ვიყო პროფესიაში. ეს არის საქმე, რომლის კეთებაც არასდროს მეზარება.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...მაქვს უნარი ყველას პრობლემა გავითავისო, კარგი რჩევების მიცემაც შემიძლია, მშვიდობისმოყვარე ვარ.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...აფექტურობაა, რომელსაც წლების წინ ვებრძოდი და უკვე გამოვასწორე. ადამიანისთვის მნიშვნელოვანია იყოს გაწონასწორებული, ემოციებს შენი მართვის უფლება არ უნდა მისცე.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...რომ არ უნდა ვიყო აფექტური, "ცხელ გულზე" გადაწყვეტილებები არ უნდა მივიღო, შემოთავაზებით და მიღებული შედეგით არ უნდა ავჟიტირდე, ყველაფერს მშვიდად უნდა შევხვდე...
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...ადამიანი გულწრფელად ხვდება, რა შეეშალა და ის ჩემთვის მნიშვნელოვანი პიროვნებაა. ის, რასაც ვერავის ვაპატიებ, ჩემი უპატივცემულობაა.
- თავად პატიების თხოვნა...
- ...ხშირად არ მჭირდება. როცა ვაანალიზებ, შემეშალა, ამ დროს თავის მართლებას არ ვიწყებ, ვამბობ ჯადოსნურ სიტყვას "ბოდიში" და ყველაფერი ლაგდება.
- ჩემი ჰობია...
- ...კომპიუტერული თამაშები. იყო პერიოდი, როცა თამაშებს დიდ დროს ვუთმობდი. ერთი წლის წინ, როცა პანდემიის გამო, ყველანი სახლებში ვიყავით გამოკეტილები, თამაშებმა ძალიან ჩამითრია, მაგრამ მარტივად შევეშვი.
- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...მნიშვნელოვანი ამბავი, ტრავმა აფექტურ მდგომარეობაში არასდროს მაგდებს, ამ დროს გონების მობილიზებას მაქსიმალურად ვცდილობ და პრობლემაზე ვახდენ კონცენტრირებას. სამაგიეროდ, პატარა და უმნიშვნელო ამბები ძალიან მოქმედებს, ასეთი დეტალები მაღიზიანებს.
- მეზარება...
- ...დილით ადრე ადგომა მეზარებოდა, მაგრამ დავძლიე, ძილისთვის ბევრი დრო არ მაქვს.
- სიყვარული ეს...
- ...საპირისპირო სქესისადმი სიყვარულს თუ გულისხმობთ, გეტყვით, ჯერ არავინ მყვარებია. რაც შეეხება ადამიანების სიყვარულს, ეს ამოუხსნელი გრძნობაა. რატომ გვსიამოვნებს ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად ყოფნა? სულ რომ არაფერზე ვისაუბროთ, მათთან ყოფნა მაინც მოგვწონს, მშვიდად ვართ, თავს კარგად ვგრძნობთ, აი, ესაა სიყვარული.
- პირველად გოგონა რომ მომეწონა...
- ...14 წლის ვიყავი, ისიც ჩემი ტოლი იყო, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ვერ აეწყო, პატარები ვიყავით.
- ჭორი ჩემსა და რუსკა ქარქაშაძის სიყვარულზე...
- ...ხშირად ვრცელდება. მე და რუსკა 6 წელია ერთმანეთს ვიცნობთ. ეს ადამიანი ძალიან მიყვარს. გავრცელებულ ჭორზე ჩემი რეაქცია როგორია? ვთვლი, რომ არც არის საინტერესო, მე და რუსკა მეგობრები ვართ და სოციალურ ქსელში მეგობრები საერთო ფოტოებს დებენ, ამაში უცნაური რა არის?
- მაკვირვებს...
- ...უსამართლობა, ადამიანების თავხედობა. ყველაზე მეტად სითავხედეს და უტაქტობას ვერ ვიტან, ყველაფერი შემიძლია გავიგო, მაგრამ ეს ძალიან მაღიზიანებს.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...შინ რომ ვბრუნდები და ოჯახის წევრები გაღიმებულები მხვდებიან, ეგრევე კარგ ხასიათზე ვდგები, ყველანაირი დაღლილობა და სტრესი მეხსნება. კარგ ხასიათზე მაყენებს საყვარელი საქმის კეთება, როცა ვიცი, ამ დღეს უნდა ვიმღერო, სადღაც უნდა წავიდე, რაღაც გავაკეთო... შინაგანად მოწყენილი ადამიანი არ ვარ, ხმა მაქვს ასეთი და სიმღერები.
- ვრისკავ...
- ...არც ისე ხშირად. ფრთხილი ვარ, ასჯერ ვზომავ და მერე ვჭრი. ჩემს პროფესიაში მყავს კომპეტენტური ადამიანები, რომლებსაც აზრს ყოველთვის ვეკითხები. რისკზეც არაერთხელ წავსულვარ, ჩემი ცხოვრება სულ სწორხაზოვანი არ არის. არის მომენტები, როცა რისკი აუცილებელია, ზოგჯერ ისეთი სიმღერაც უნდა იმღერო, რომლის შესრულებას უფრთხი, გეშინია.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...ვიცი, რაც არის, მაგრამ ამ სისუსტეზე ლაპარაკი არ მინდა, ჩემთვის დავიტოვებ.
- ვამაყობ...
- ...ჩემი ოჯახით, აქედან გამომდინარე, ჩემი თავითაც ვამაყობ. ოჯახს იმედები ცოტათი მაინც გავუმართლე, მეც ამ მთლიანობის ნაწილი ვარ. ვამაყობ ჩემი უახლოესი გარემოცვით, მეგობრებით.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...იყო პერიოდი, როცა შექება ძალიან მიყვარდა, მაგრამ ამ ბოლო დროს, უხერხულობის განცდა ჭარბობს, თითქოს არ ვიმსახურებ. ჩემთვის მშვიდად ყოფნა მირჩევნია. როგორც ირაკლი ჩარკვიანი ამბობდა, ახლა "მშვიდი ცურვის" პერიოდი მაქვს.
- შიში მაქვს...
- ...მწერების, კალიების, მათი დანახვისას უსიამოვნო განცდა მეუფლება. სიმაღლის შიშიც მაქვს, ბათუმში ბინა მე-19 სართულზე მაქვს და აივანზე გასვლა მიჭირს.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...მსგავსი არ მახსენდება. საყვედურებს არ ვიღებ. მეგობრები მოუცლელობის გამო არ მსაყვედურობენ, იციან, რომ ძალიან დაკავებული ვარ, მით უმეტეს - წინა საახალწლო დღეებში.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი (იცინის). როგორიც ვარ, ეგეც მაკმაყოფილებს, მაგრამ თუ ცვლილებების შესაძლებლობა მომეცემა, რატომაც არა?!
- ვუფრთხილდები...
- ...გარემოცვის და ოჯახის წევრებთან ურთიერთობებს, ჩემში - ადამიანობას.
- ვიტყუები, როცა...
- ...საჭიროა. შეიძლება ტყუილი ხშირადაც კი ვთქვა, ბოროტი ტყუილები არ მახასიათებს, უწყინარ ტყუილს ყველა ადამიანი ამბობს.
- თავისუფლება არის...
- ...როცა გაქვს არჩევნის შესაძლებლობა, ალტერნატივის სიმრავლე, როცა თავისუფალი ხარ შენს არჩევანში. თავისუფლება ყველა დეტალში შეიძლება ვიპოვოთ.
- როცა მარტო ვარ...
- ...მიყვარს ეს მდგომარეობა, ამ დროს ვმღერი ყველაზე ხშირად. არ მიყვარს, როცა მისმენენ, განსაკუთრებით - სახლში. როცა შინ ვინმეა, რატომღაც არ ვმღერი, არ ვიცი, ეს კომპლექსი საიდან მაქვს.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...ბევრ სიკეთეს გავაკეთებდი. ეს ყველაზე დიდი სიამოვნებაა. ყველა ადამიანმა უნდა განიცადოს, სიკეთის კეთება რამდენად დიდი სიამოვნებაა, გულს რამდენად დიდი ბედნიერებით ავსებს. ბევრს ვიშრომებ იმისთვის, რომ კარგი შემოსავალი მქონდეს და დავეხმარო მათ, ვისაც ამის საჭიროება ექნება. ეს თავს კარგ ადამიანად მაგრძნობინებს.
- რამდენიც უნდა გადამიხადონ...
- ...ჩემს პრინციპებზე უარს არ ვიტყვი.
- ბედისწერა...
- ...არსებობს, ამაში ყოველი დღე მარწმუნებს. ადამიანს დაუგეგმავად რომ ხვდები, ეგეც ბედისწერაა, ხომ შეიძლებოდა, იმ ადგილზე რომელიმე 1 წუთით ადრე მოვხვედრილიყავით და ერთმანეთს ავცილებოდით.
- ინტუიცია...
- ...ძალიან კარგად მაქვს განვითარებული, მაგრამ ხშირად არ ვენდობი, ხომ აღვნიშნე, თავდაჯერებულობა მაკლია-მეთქი. არადა, რაც ჩემთვის ინტუიციას "უთქვამს", ყოველთვის გამართლებულა.
- მენატრება...
- ...თინეიჯერული ასაკი, სულ იმ პერიოდის ნოსტალგია მაქვს.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ამ დროს საუკეთესო გამოსავალი ჩაკეტვაა, ეს ჩემი ცუდი თვისებაა, მამძიმებს. მიყვარს, როცა სხვების პრობლემებს ვიზიარებ, მოგვარებაში ვეხმარები, მაგრამ თავად საკუთარ პრობლემებზე სხვას არასდროს ველაპარაკები. მირჩევნია, მარტო დავფიქრდე, დავმძიმდე, მერე მოვერიო და უფრო ძლიერი გამოვიდე.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...ბავშვობიდან მამა მეუბნებოდა და დღესაც მიმეორებს; პატიოსანი და წესიერი კაცი იყავი! ეს სიტყვები ჩემი ცხოვრების დევიზია. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...დიდ მადლობას! თითოეული ჩვენგანისთვის დრო ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასია, მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ და ეს ინტერვიუ წაიკითხეთ, წარმატებას გისურვებთ!
თამუნა კვინიკაძე