"ყველაზე ცუდი დაუნახაობა და უმადურობაა..."
მსახიობი ცუცა კაპანაძე 15 წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს. წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაიხურა გადაცემა და შეწყდა გადაღება სერიალებისა, რომლებშიც თამაშობდა. თეატრში კი, არც მეტი, არც ნაკლები, 60 ლარი ჰქონდა ხელფასი. სწორედ მაშინ მიიწვიეს მეგობრებმა ამერიკაში და ისიც დათანხმდა. ძველი და ახალი ამბების გარდა, ბუნებრივია, გვერდი ვერ ავუარეთ პანდემიაზე საუბარსაც.
- მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა ამერიკაში. კვლავ მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ, ცენტრალურ ლაბორატორიაში ერთი ქართველი გოგო მუშაობს და მან მითხრა, - 24-საათიანი მუშაობა გვიწევს, ისევ ისე დამძიმდა მდგომარეობა, როგორც თავიდან იყო, სამსახურიდან ცხვირს ვერ ვყოფთო. ყველა შტატში სხვადასხვა რეგულაციაა. მე ნიუ-იორკში ვცხოვრობ და უკვე 5 წლიდან უნდა აიცრან აქ ბავშვები, ისე სკოლაში ვერ ივლიან. ჩემი მეგობრის შვილი 9 წლისაა და საახალწლო გამოსაშვებ სპექტაკლზე არ დაუშვეს, რადგან აცრილი არ არის. სამსახურებზე ზედმეტია ლაპარაკი. გამათავისუფლებდნენ, რომ არ ავცრილიყავი. 4 დღე ბებიასთან ვმუშაობ, 3 დღე - ქართული კულტურის ცენტრში. მოკლედ, მოხუცთან და ბავშვებთან მაქვს ურთიერთობა და არანაირი უფლება არ მქონდა, არ ავცრილიყავი. "ფაიზერით" ავიცერი და სხვათა შორის, საკმაოდ რთულად გადავიტანე, თვე-ნახევარი "წერილი მიმქონდა". ვერც ვჭამდი, 11 კილო დავიკელი.
- უცხო ქვეყანაში ალბათ, კიდევ უფრო რთული იყო ამ პერიოდის გადატანა?
- ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ვცდილობდი, ოჯახის წვერებს ეს ყველაფერი არ გაეგოთ. როდესაც შორს ხარ, ასეა - ისინიც გიფრთხილდებიან, შეძლებისდაგვარად გიმალავენ ცუდ ამბებს და არც შენ ეუბნები სიმართლეს შენი ჯანმრთელობის შესახებ. აქ ბევრი მეგობარი მყავს და ყურადღება ნამდვილად არ მაკლდა.
- ემიგრანტობის ყველაზე დიდი სირთულე?
- წლების წინ ამერიკაში მცხოვრებმა მეგობრებმა შემომთავაზეს წამოსვლა. შევარდნაძემ ღირსების ორდენით დამაჯილდოვა, ხელოვნებაში გაწეული წვლილისათვის და ადვილად "გავაკეთე" საბუთები. ჩამოვედი და 6 თვეში მე და ხათუნა იოსელიანმა მივიღეთ ე.წ. მწვანე ბარათი. 6 წელი მეგობართან ვცხოვრობდი, მანჰეტენზე, მერე გადმოვედი ბრუკლინში. მეუბნებოდნენ, ქართველი რომ შეგხვდება, არ დაელაპარაკო, აქ ისეთ რამეებს უკეთებენ ერთმანეთსო და სიმართლე გითხრათ, მიკვირდა. ვინც დამინახავდა, ყველა მცნობდა და უხაროდათ. ვაიმე, როგორ მიყვარხარო, - მეუბნებოდნენ. არანაირი მორალური უფლება არ მქონდა, გვერდი ამექცია მათთვის. პირიქით, მიხაროდა და ამ სიყვარულისთვის მადლობა ჩემს საყვარელ მაყურებელს. სწორედ მათ გადამატანინეს ბევრი რამ. სხვათა შორის, უკვირდათ ჩემი დანახვა. სად მუშაობო? მეკითხებოდნენ და როდესაც ვეუბნებოდი, - ქართული კულტურის ცენტრშიც და ბებიასთანაც-მეთქი, იოცებდნენ: ცენტრი კარგია, მაგრამ ბებიასთან რატომ მუშაობთო? არ ვთაკილობ ჩემს სამსახურს, მაგრამ რთული იყო თავიდან, სანამ შევეგუებოდი. რას ვიზამთ, ეს ცხოვრებამ მოიტანა.
მაქსიმალურად ვცდილობ, ხალხის სიყვარულს გავუფრთხილდე. ეს სიყვარულიც ხომ მსახიობის შრომის შედეგია. მომავალ წელს "პა სეანსი" 30 წლის ხდება და მიხარია, რომ ამ გადაცემამ დროს გაუძლო.
- სამაგიეროდ, ის რთული წლები თქვენ, "პასეანსელებმა" გადაგვატანინეთ...
- მიხარია, როდესაც დღესაც თვლიან, რომ "პა სეანსი" საუკეთესო მკურნალი იყო მაყურებლისთვის. ეს გახლდათ ჯანსაღი იუმორი, რომელიც დღეს აღარ ისმის ეკრანიდან და გული მწყდება. არის გადაცემები, რომლებსაც ვუყურებ, მაგრამ იუმორისტულს - ნაკლებად. იმედია, არ გამინაწყენდებიან. მესმის, ასეთი გადაცემების კეთება რთულია და დიდი სიფრთხილე სჭირდება, შარჟი ზედმეტი არ უნდა მოგივიდეს, არც მწვადი დაწვა და არც შამფური.
- ხშირად აღნიშნავენ, რომ დღეს იუმორისტული გადაცემებიც გაპოლიტიკურდა, ასეა?
- კი და ძალიან ცუდია, ასე პოლიტიკური ნიშნით რომ დაიყო ხალხი და მაყურებელი. როდესაც იუმორისტულ გადაცემას აკეთებ, უნდა გათვალო ყველასთვის და არა ერთი კონკრეტული მხარისთვის. ძნელია მაყურებლის სიყვარულის მოპოვება და როცა მოიპოვებ, შენარჩუნება კიდევ უფრო რთულია. მაყურებელი უცებ აგიყვანს ცაში და ერთ წამშივე დაგანარცხებს მიწაზე.
- ქართული კულტურის ცენტრზე უფრო მეტი მითხარით - ვიცი, რომ ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებთ მანდ დაბადებული და მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის.
- 27 წელია, რაც ქართული კულტურის ცენტრი არსებობს. ეს არის პირველი ცენტრი, სადაც ბევრი ბავშვი დაფრთიანდა. გენერალური მენეჯერი ვარ, ასევე - ბავშვთა ქართული თეატრის რეჟისორი გახლავართ. რამდენიმე სპექტაკლი დავდგი, ახლაც ვმუშაობ წარმოდგენაზე "ერთი დღის ამბავი". ვარ ნიუ-იორკის ქართული თეატრის მსახიობი. ეს თეატრი 2008 წლის 15 სექტემბერს გაიხსნა. რუსეთ-საქართველოს ომი იყო და არ გვქონდა თამაშის განწყობა, მაგრამ ამერიკელებმა დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს, - პირიქით, ახლა არ უნდა გატყდეთო. ის დღე განსაკუთრებულად ემოციური იყო - თან უსაშველო ტკივილის და თან სიხარულის. თეატრში 3 თაობაა - დიდების, თინეიჯერების და მე მყავს ყველაზე პატარები - 3-დან 10 წლამდე ბავშვები. ქართველების გარდა, არიან უკრაინელებიც, რუსებიც, ჩინელიც, იტალიელიც, შერეული ოჯახებია ბევრი. ხელოვნების ყველა დარგს შევასწავლით, სურვილისამებრ. ამ ზაფხულს, ივნისში მუსიკალური თეატრი, რომლის ხელმძღვანელი ლიკა სირელსონია, მალტაში, თეატრალურ ფესტივალზეა მიწვეული. ბავშვები სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ ჰოლანდიაში, ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში ჩატარებულ ფესტივალებზეც.
- ამ ბავშვებმა თუ იციან ქართული?
- თავიდან, რა თქმა უნდა, უჭირთ, მაგრამ ცენტრში რომ მოდიან, უპირველესი ვალდებულებაა, ისწავლონ ქართული წერა-კითხვა, საქართველოს ისტორია. 100 ბავშვზე მეტი გვყავს და მშობლიურ ენაზე უკვე კარგად მეტყველებენ. თეატრს დიდი დატვირთვა და დანიშნულება აქვს ამ საქმეში. დიალოგებში ენას იტეხენ და ისედაც ბევრ რამეს სწავლობენ: ლექსებს, პიესებს, იგავ-არაკებს. გარდა ამისა, გვაქვს უნიკალური ბიბლიოთეკა, 2000 წიგნამდე, ერთ-ერთმა კომპანიამ ჩამოგვიტანა და ეს ძალიან გვეხმარება.
- თქვენს მაისურზე ვხედავ წარწერას: "ნუნუ ექიმი". ესეც თეატრს ხომ არ უკავშირდება?
- ხათუნა იოსელიანმა დადგა "თეთრი ბაიარაღები", რომელშიც მე ნუნუ ექიმს ვთამაშობდი. ამ სპექტაკლით კანადაშიც ვიყავით გასტროლებზე. კიდევ კარგი, აქტიურად ვარ დაკავებული ჩემი საყვარელი საქმით - თეატრი და სცენა რომ არ იყოს, ალბათ ვერ გავძლებდი ამერიკაში.
- ახლა მინდა გკითხოთ ლევან კოღუაშვილის ფილმზე "მეოთხე ბრაიტონი", რომელიც ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე 3 მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა. ამ ფილმში თქვენც თამაშობთ, ხომ ასეა?
- ლევანის ფილმს საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსზე ასეთი წარმატება რომ ხვდა წილად, ყველამ გავიხარეთ, ამაყები ვართ. ვიყავი ლონდონშიც, ჰოლივუდშიც, როდესაც "ოსკარის" აკადემიის წევრებისთვის გაიმართა ჩვენება. ფილმში მონაწილეობენ ლაურა რეხვიაშვილი, კახი კავსაძე, ლევან თედიაშვილი. ლევანი მთავარ როლს ასრულებს და როგორც საუკეთესო მსახიობმა, ჯილდოც მოიპოვა. საუდის არაბეთში გამართულ "წითელი ზღვის კინოფესტივალზეც" ამ ფილმმა მთავარი პრიზი აიღო. ეს უკვე მერამდენე მთავარი პრიზია. ვნახოთ, 20 დეკემბერს "ოსკარსაც" თუ აიღებს.
ფილმი არის მამა-შვილის ურთიერთობაზე, ზოგადად, ქართველი ემიგრანტების და საბჭოთა კავშირის ქვეყნების ემიგრაციის თემაზე, მათ დღევანდელ რეალურ ცხოვრებაზე. ბრუკლინში ცხოვრობს შვილი, რომელიც დიდ თანხას წააგებს და მამა ჩამოდის მისი პრობლემების მოსაგვარებლად. მე ვთამაშობ პატარა სასტუმროს დიასახლისს, რომელიც ოთახებს ემიგრანტებზე აქირავებს. რეალურია ის სასტუმროც და მოქმედი პირების უმეტესობაც, ისინი არ არიან მსახიობები და ნამდვილად ცხოვრობენ იმ სასტუმროში. სხვათა შორის, აკადემიის წევრები ჩვენებაზე აღნიშნავდნენ: ასეთი ამბები მართლა თუ ხდებოდა ბრუკლინში, არ ვიცოდით, ჩვენ ასეთ ამერიკას არ ვიცნობთო.
მგონი, ჩვენი საუბარი დასასრულს უახლოვდება. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და წინასწარ მოგილოცოთ შობა-ახალი წელი. ბედნიერების, დაწყნარების, შერიგების წელი ყოფილიყოს, მშვიდობისა და სიყვარულის! მიგვეტევებინოს ერთმანეთისთვის, დაბრუნებულიყოს ის თბილი და ტკბილი ურთიერთობები, რომელიც ასე აკლია ჩვენს საყვარელ ქვეყანას. ძალიან ბევრი გაჭირვება გამოიარა ხალხმა და ისე არ დაგვიჭამია და დაგვილანძღია ერთმანეთი, როგორც დღეს. რატომ? - სულ ეს კითხვა მიტრიალებს გონებაში და პასუხს ვერ ვპოულობ.
- არც ოკეანის გადაღმიდან ჩანს ამ კითხვაზე პასუხი? შორიდან ხომ ბევრ რამეს უკეთ ვხედავთ...
- გგონიათ, აქ იგივე არ ხდება? როგორც მანდ არიან დაყოფილები "იმისტებად" და "ამისტებად", აქაც ასეა. ძალიან ვბრაზდები, როდესაც ლანძღავენ საქართველოსა და ქართველებს და წერენ, თითქოს მხოლოდ მანდ ხდება დანაშაულები და სხვაგან არსად. აქ რომ ხდება, იმდენი და ისეთი უნდა... ვინ შერბის მანდ სკოლაში ავტომატებით და ვინ ხოცავს ბავშვებს? კი, გვქონდა სკოლის ინციდენტები და ეს დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ასეთი ერთეული ამბავი, სამწუხაროდ, ყველა დროს ხდებოდა. გაუნათლებელი და უვიცი ნამდვილად არ არის ჩვენი ხალხი და ცუდია, როდესაც ასე აფასებ საკუთარ ქვეყანას, ხელისუფლებას და სხვასთან აკნინებ შენს კულტურას, ტრადიციას... პოლიტიკისგან შორს ვარ, მე მხოლოდ ჩემი ქვეყნის ბედი მაინტერესებს და სხვა არაფერი. იქნება, ყველანი მივხვდეთ, რომ მხოლოდ შენი "ქვეყნისტი" უნდა იყო. მთავრობა არც აქ აკეთებს ყველაფერს ისე, როგორც ხალხს უნდა, აქაც ბევრი გამოსვლაა. უმეტესობას პრეზიდენტი აქაც არ მოსწონს, მაგრამ ასე კი არ ლანძღავენ ან პრეზიდენტს, ან ერთმანეთს. მანდ ყველას ჰგონია, რომ პოლიტიკა იცის და ამ დროს 99% -მა არ იცის, რა უნდა პარლამენტში. პოლიტიკა პროფესია და გამოცდილებაა, რომელიც ძალიან ცოტას აქვს და იმასაც ვერ იყენებს თავისი ქვეყნის განვითარებისთვის. საქართველოს სჭირდება ახალი ძალა, ძველი პოლიტიკოსები კი თავიანთ შვილებს ზრდიან იმავე მენტალიტეტით, როგორიც თვითონ აქვთ და ეს ცუდია. არადა, თაობებს შორის ჩატეხილი ხიდი სწორედ ამ ახალგაზრდებმა უნდა გაამთელონ და მჯერა, ასეც იქნება, მაქვს ამ თაობის იმედი. საერთოდ, ყველაზე ცუდი დაუნახაობა და უმადურობაა. ისიც უნდა დაინახო, კარგს რომ აკეთებს ვინმე და ისიც, თუ დანაშაულს ჩაიდენს ესა თუ ის მთავრობა. ჯერ ჩვენ უნდა შევიცვალოთ, ადამიანები და არა მთავრობა. ყველა ერთად რომ დადგება, ერიც, ბერიც და ხელისუფლებაც, მაშინ გვეშველება!
ნინო ჯავახიშვილი