ყველაზე უჩვეულო ახალი წელი ნანა შონიას ცხოვრებაში - გზაპრესი

ყველაზე უჩვეულო ახალი წელი ნანა შონიას ცხოვრებაში

"შობა-ახალი წლის მოახლოება პატარა ბავშვივით მიხარია, არც კი ვიცი, რატომ", - გვითხრა ინტერვიუს დასაწყისში მსახიობმა ნანა შონიამ, რომელსაც საახალწლო სამზადისიც ძალიან მოსწონს.

- ახალი წლის მოახლოებასთან ერთად საოცარი შეგრძნება მეუფლება: დეკემბერი რომ დადგება, რაღაცნაირ ეიფორიაში ვვარდები და თითქოს, სულ სხვა სამყაროში გადავდივარ. ერთი შეხედვით, ისეთი არაფერი ხდება, კიდევ ერთი შობა-ახალი წელი მოდის, მაგრამ ეს სულ სხვა სიხარულია - სიხარული, რომელიც ბავშვობიდან მომყვება. მგონია, რომ ყველაფერი კარგისკენ შეიცვლება და ახალი წელი უკეთესი იქნება. ძალიან მომწონს საახალწლოდ მორთულ-მოკაზმული თბილისი და მიხარია რუსთაველზე გავლა. მართალია, ბევრი ამბობს, რა საჭიროა ამხელა ხარჯიო, მაგრამ მგონი, წელიწადში ერთხელ გამონაკლისის დაშვება შეიძლება.

- რით იწყება თქვენი საახალწლო სამზადისი?

- პირველ რიგში, ვცდილობ, ნაძვის ხე დროულად ავაწყო და რაც შეიძლება ლამაზად მოვრთო. სახლში რამდენიმე ნაძვის ხე მაქვს. მიმაჩნია, რომ ყველა ოთახში უნდა იყოს და ახალი წლის მოსვლა მთელ სახლში უნდა იგრძნობოდეს.

nana-copy-1640257227.jpg

- სულ რამდენი ნაძვის ხე გაქვთ?

- სამზარეულოში პატარა ნაძვის ხე მიდგას, შემოსასვლელში - დიდი, შუა ოთახში - კიდევ სხვა. ყველა ჩემი ნაძვის ხე მიყვარს, მაგრამ ერთ-ერთი ჩემი მეუღლის გაკეთებულია და სხვებისგან განსხვავდება. მოგეხსენებათ, ჩემი მეუღლე მხატვარია და ორიგინალურად მოხატა. არანაკლებ მიყვარს მეგობრის ნაჩუქარი ნაძვის ხე. ეს ადამიანი ულამაზეს ნივთებს ამზადებს.

- ნაძვის ხის მორთვა თქვენთვის ერთგვარი რიტუალია?

- დიახ, ჯერ ნაძვის ხეს ვაწყობ, მერე განათებებზე გადავდივარ. ერთი დღე ვუყურებ და ვაკვირდები, რომელიმე ტოტი ან ნათურა ცუდად ხომ არ ჩანს და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ სათამაშოებით მორთვას. მახსოვს, შარშან რაღაცნაირად მეზარებოდა ნაძვის ხის აწყობა, მაგრამ გამახსენდა, რომ ჩემი უმცროსი შვილი 16 წლისაა და ახალი წლის მოსვლა ძალიან უხარია. ვცდილობ, კარგი განწყობა შევიქმნა და როცა სახლში ვარ, ნათურები სულ ანთებული მაქვს, დადებითი ენერგიით ვივსები. ამ დღეებში საახალწლო რეკლამების ყურებაც კი მომწონს.

- ნაძვის ხეების მორთვის მერე რა რიტუალი მოდის?

- მერე საჩუქრებზე სიარული იწყება. რისი საშუალებაც მაქვს, ახლობლებისთვის იმას ვყიდულობ, მაგრამ ამ პროცესით ძალიან ვერთობი. ჩვენ დეპრესიულ დროში ვცხოვრობთ და სულ ვცდილობ დადებითი ენერგეტიკა მოვიზიდო. ამაში ისიც მეხმარება, რომ ჩემი დები ქვედა სართულზე ცხოვრობენ და საახალწლო სამზადისში იმათაც ვეხმარები. მოკლედ, ახალ წლამდე იმდენი ნაძვის ხის აწყობა მიწევს, რომ ამ საქმეში მართლა პროფესიონალი გავხდი. რაც მთავარია, ჩემზე ეს კარგად მოქმედებს.

- როგორი იყო ახალი წელი თქვენს ბავშვობაში?

- ბავშვობაში საახალწლოდ ზუგდიდში მივდიოდით. ბებიაჩემი ვერ ჩამოდიოდა, რადგან ქირურგი იყო და ოპერაციას ზოგჯერ 31 დეკემბერსაც კი აკეთებდა. ამიტომ, იქაურობას ვერ ტოვებდა, მაგრამ როცა ასაკში შევიდა, მერე უკვე ყოველთვის ჩამოდიოდა. მახსოვს, დიდი მანდარინები ჩამოჰქონდა და თავისი საახალწლო ნობათი ფუთებად ჰქონდა შეკრული. 31-ში, დილით, მანდარინის სუნი მაღვიძებდა. ბებიას ფუთებში ათასგვარი გემრიელობა მეგულებოდა: ყოველ ახალ წელს ჩამოჰქონდა გოჭი, ქათამი, ინდაური და თავისი ხელით გაკეთებული, უგემრიელესი ადესის ფელამუში. ასევე, თხილი, კარალიოკი და სხვადასხვა სასუსნავი. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი და კარგი მოგონებაა: ეს სუნი მაღვიძებდა, მივიდოდი, ბებიას ჩავეხუტებოდი და ვიცოდი, რომ მის ჩამოსვლასთან ერთად, ახალი წელი უნდა მოსულიყო.

სულ სხვა იყო სამეგრელოში გატარებული შობა-ახალი წლის დღეები: ახალ წელს იქ ყოველთვის თოვლი მოდიოდა. მაშინ ყველა ოჯახს შეშის ღუმელი ედგა, საიდანაც კვამლი ამოდიოდა და საოცარი სიმშვიდის განცდა მქონდა. ბიძაშვილ-მამიდაშვილებთან ერთად, ჯერ ეზოში ვგუნდაობდი, მერე სახლში შევდიოდით, ღუმელთან ვთბებოდით და ისევ თოვლში სათამაშოდ გავრბოდით. თანაც, ზამთრის არდადეგები გვქონდა და შეგვეძლო კარგად დაგვესვენა, ბევრი გვეთამაშა, თოვლში გვეკოტრიალა. აი, ასეთი ლამაზი იყო ყველა ახალი წელი, რომელსაც ბებიასთან ვატარებდით. ეს მოგონებები დღესაც გულს მითბობს.

- როდის გქონდათ ყველაზე უჩვეულო დეკემბრის საღამო?

- ერთხელ, თეატრში მეგობრებმა გადაწყვიტეს, ახალ წელს რესტორანში შევხვდეთო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დამდეგს სახლში არ შევეგებებოდი. ძალიან ბევრი საქმე მქონდა და ჩემი მეუღლე ადრე გავუშვი: რესტორანი აქვეა და 12 საათამდე ფეხით მოვალ-მეთქი. საოჯახო საქმეს შევყევი და დამაგვიანდა. მოკლედ, რესტორანში დროულად ვერ მივედი და შუა ქუჩაში ვიყავი, როცა 12-მა ჩამოჰკრა. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უცნაური და გამორჩეული ახალი წელი იყო. სხვათა შორის, იმ წელს ჩემი მეორე შვილი გაჩნდა, მოულოდნელი სიხარული მეწვია.

- ყველაზე ტკბილად ვისთან სტუმრობა გახსენდებათ ახალი წლის დღეებში?

- იცით, ახლა რა გამახსენდა? - პირველად ქეთი დოლიძეს რომ ვესტუმრე. მასაც განსაკუთრებულად უყვარს შობა-ახალი წელი და სახლს ისე ლამაზად რთავს, რომ გაოცდებით. არასდროს დამავიწყდება განცდა, პირველად თავისთან რომ დამპატიჟა: ისე ჰქონდა მორთული მთელი სახლი და ნაძვის ხე, რომ გაოგნებული ვუყურებდი. ქეთი არაჩვეულებრივი მასპინძელია და საახალწლოდ მასთან მისვლა ძალიან მიყვარს. ასევე, ტკბილად მახსენდება ჩვენი შეკრებები თუმანიშვილის თეატრში - ბოლო წლებში პანდემიამ შეგვიშალა ხელი, თორემ ძველით ახალ წელს ყოველთვის თეატრში ვხვდებოდით.

shin-copy-1640257213.jpg

- როგორ წარმოგიდგენიათ წლევანდელი 31 დეკემბრის საღამო?

- უკვე ვიცი, როგორიც იქნება: ყველა ერთად შევიკრიბებით, ნაძვის ხესთან საჩუქრებს დავალაგებთ. ახალ წლამდე მე და ჩემი დები სუფრას მივუსხდებით, ცოტას მოვილხენთ, ვიზეიმებთ და მერე უკვე საჩუქრების გახსნას დავიწყებთ. საბედნიეროდ, ჯერჯერობით გვაქვს ამის ხალისი და სიხარული. ჩემს ბავშვობაში აუცილებელი არ იყო, რომ თოვლის ბაბუა მოსულიყო და საჩუქრები მოეტანა. მე და ჩემმა დებმა ეს ახალი ტრადიცია ავიტაცეთ და ძალიანაც მოგვწონს. რაც მთავარია, ჩვენს პატარებს უხარიათ. ყველაზე უმცროსი დის შვილიშვილი ჯერ 5 წლისაა და თოვლის პაპას წერილი უკვე დაუწერა. ახლა დიდი ამბით ელოდება მის მოტანილ საჩუქრებს... მოკლედ, მთელი ოჯახი იმაზე ვართ გადართული, რომ ჩვენი პატარები როგორმე გავახაროთ.

- რომელი კერძის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საახალწლო სუფრა?

- მიმაჩნია, რომ საახალწლო სუფრაზე საცივი აუცილებლად უნდა იყოს - ეს კლასიკაა. საახალწლოდ თევზის საცივს ვაკეთებთ ხოლმე, რადგან მარხვაა და ისიც ძალიან გემრიელია. შობას დედაჩემი ყოველთვის აკეთებს ტრადიციულ მეგრულ საცივს, რომელიც საოცრებაა.

- დაბოლოს, როგორია თქვენი საახალწლო ნატვრა?

- პირველ რიგში, ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ და კიდევ: ადამიანები ერთმანეთის მიმართ უფრო მიმტევებლები ვიყოთ, ერთმანეთი უფრო მეტად გვიყვარდეს. როცა ადამიანი გიყვარს, ეს ბევრ რამეს შეგაძლებინებს. სწორედ სიყვარულია ის, რაც თანამედროვე ადამიანებს აკლიათ და რასაც მომავალი წელს ყველაზე მეტად ვინატრებდი.

ხათუნა ჩიგოგიძე