"ყოველთვის გვყავდა უამრავი მოღალატე და წურბელა" - გზაპრესი

"ყოველთვის გვყავდა უამრავი მოღალატე და წურბელა"

ლევან სუხიტაშვილის აზრით, ჩვენში ერთმანეთის მიმართ გაუტანლობა და ბოღმა უფრო ჭარბობს. "თუ ცუდად არ ხარ, არავის სჭირდები. აუცილებლად ცუდად უნდა იყო, რომ ყველას უყვარდე", - აღნიშნა საუბრისას. მისთვის მიუღებელია პოლიტიკოსის გაფანატება და ფიქრობს, რომ გამოსავალი სიყვარულში კი არა, განათლებაშია, რომელიც დააბალანსებს ბოღმასაც, შურსაც, გაუტანლობასაც და ღალატსაც.

- "უკანასკნელი, რაც ყოველთვის რჩება, არის ოჯახი" (მარლონ ბრანდო).

- მარლონ ბრანდო კაცი ყოფილა, რაკი ასე ფიქრობდა. ოჯახიც იგივეა, რასაც ამბობს ოტია იოსელიანი დედასთან მიმართებაში. ვგულისხმობ მის სიტყვებს, "ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ მთელი სამყარო ზურგს შემაქცევდა, დედა მაინც მუდამ ჩემ გვერდით იქნებოდა". ნორმალური ადამიანებისთვის ამოსავალი წერტილია ოჯახი და ის ადამიანები, ვისზეც ზრუნავს და ფიქრობს. ყველამ რომ მიგატოვოს, ოჯახი არასდროს მიგატოვებს, ისევე, როგორც დედა.

- "კაცი ერთხელ რომ დაგპირდება და მოგატყუებს, შენი ბრალი არ არის, მისი ბრალია, ადამიანი ხარ და ენდე... მაგრამ იგივე კაცი მეორედაც რომ დაგპირდება და ისევ მოგატყუებს, ეს მხოლოდ მისი ბრალი არა, შენი ბრალიცაა. ხოლო მესამედ და მეოთხედაც თუ მოგატყუა ან ტუტუცი ბრიყვი ხარ, ან იყიდები და გაწყობს, რომ თავი მოიტყუო (ოტია იოსელიანი).

- ვიცი ეს სიტყვები. როდესაც წავიკითხე, მაშინაც ძალიან მომეწონა. ნდობაა დამნაშავე იმაში, რომ ხშირად რჩები მოტყუებული - ადამიანი ხარ და მაინც ენდობი, ამიტომ რჩები პირში ჩალაგამოვლებული. როცა გავბრაზდები და ვიტყვი, - მორჩა, აღარავის ვენდობი-მეთქი, გადის დრო და მავიწყდება. როდესაც თვითონ არ შეგიძლია ასე მოქცევა, სხვაზეც ვერ წარმოგიდგენია. ზოგჯერ ჭკუასაც მარიგებენ, ასე არ უნდა მოიქცე, აღარ ენდოო, მაგრამ რა ვქნა, ასეთი ვარ.

- "ფარისეველო, გაუტანელო, სხვასთან თავმხრელო, შინ ორმოს მთხრელო, ნაგავის მყრელო, შენ ჭრელო გველო, რამ შეგაძულა, სთქვი, საქართველო" (აკაკი წერეთელი).

- ისეა დალაგებულ-დაკვალიფიცირებული, რომ უნებურად თვალწინ დაგიდგება კონკრეტული ადამიანები. არადა, რამდენი წლის წინ არის დაწერილი. საუკუნეების წინაც რომ ეცხოვრა აკაკის, მაშინაც ასე დაწერდა, რადგან ფარისევლობა და ღალატი უცხო არასდროს ყოფილა ჩვენი ისტორიისთვის. ყოველთვის გვყავდა უამრავი მოღალატე და წურბელა. რატომღაც მგონია, ჩვენში ერთმანეთის მიმართ გაუტანლობა და ბოღმა უფრო ჭარბობს. თუ ცუდად არ ხარ, არავის სჭირდები. თუ დაუკვირდებით, ასეა. გაჭირვების დროს ერთმანეთის გვერდში დგომა ხომ ვიცით, სიხარულისგან ცრემლები წამომსვლია, ისეთ ერთობას შევსწრებივარ. თუ ვინმეს საქმე ცუდად აქვს, მის ირგვლივ ერთიანდება ყველა, მაგრამ როგორც კი წარმატებას მიაღწევს და ფეხზე დადგება, მაშინაც ერთიანდებიან, ოღონდ, ძირის გამოსათხრელად. მოკლედ, აკაკის ნათქვამს ამ სიტყვებს დავამატებდი: თუ გინდა ხალხს უყვარდე, ცუდად უნდა იყო. არ მინდა ბანალურად გამოვიდეს, მაგრამ ნებისმიერი ქართველისთვის ქვეყანა, ოჯახთან ერთად, არის ერთადერთი, რის გამოც სიცოცხლეს სწირავს, ამით ყველაფერი ნათქვამია.

- "თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ, ფსიქიატრს მიმართეთ" (ჩერჩილი).

- ვეთანხმები, მაგრამ პოლიტიკოსი რატომ უნდა გიყვარდეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმარია ან ცოლია? შეიძლება, პატივს სცემდე, მოგწონდეს, თუკი ხედავ, რომ გულწრფელად ცდილობს კარგი საქმის კეთებას, იზიარებდე მის იდეოლოგიას, მაგრამ რაც უნდა კარგი პოლიტიკოსი იყოს, არ უნდა გიყვარდეს. მიუღებელი და წარმოუდგენელია ჩემთვის პოლიტიკოსის გაფანატება.

- "თუ ზურგს უკან გაფურთხებენ ე.ი. თქვენ წინ ხართ" (კონფუცი).

- ისეც ხომ ხდება, რომ ადამიანი საძულველია და ამიტომ აფურთხებენ? მარტო შურის გამოც არ ხდება ეს. შეიძლება იმსახურებდეს და თუ ვინმე იტყვის, მაშინ პირში რატომ არ ეუბნებიან და პირს უკან რატომ აძაგებენო, ვეტყვი: არიან ადამიანები, რომლებიც პატივისცემის ღირსები არ არიან და საიდანაც გინდა შეაფურთხო, მაინც ვერაფერს გაიგებენ.

- "ნამდვილი მეგობრები ლხინის დროს გიდგანან გვერდით, გამარჯვებები უხარიათ, სიხარულში არ გტოვებენ. ყალბი მეგობრები კი მხოლოდ გასაჭირში ჩნდებიან, საოცრად მოწყენილ, სოლიდარობის გამომხატველ სახეებს მიიწებებენ და ხვდები, რომ შენი ტკივილი მათთვის თავიანთი უჟმური ცხოვრების მალამოა და სხვა არაფერი. მძულს ასეთი ფარისევლობა" (პაოლო კოელიო).

- ნამდვილი მეგობრები არ მჭირდება მარტო ლხინის დროს. თუ ჩემს სიხარულს არ გაიზიარებს იმ მიზეზით, ჭირში ხომ შენ გვერდში ვარო, ესეც მეწყინება, თანაც ძალიან - მე ჩემს საუკეთესო მეგობრებთან ერთად მინდა გავიზიარო სიხარულიც და ბედნიერებაც. მოკლედ, მეგობარი ჭირშიც საჭიროა და ლხინშიც.

- "თავის თავზე დიდი წარმოდგენა მოკლე ჭკუის ერთ-ერთი ნიშანია" (სოფოკლე).

- არის ცხოვრების რაღაც ეტაპი, როდესაც საკუთარ თავზე, ცოტა არ იყოს, ზედმეტი წარმოდგენა გექმნება, რაც საფუძველს უდებს ქედმაღლობას. ეს დროულად თუ არ შეამჩნიე და ამბიციები არ მოთოკე, ცოტა ხანში თვითონ ცხოვრება მოგათოკვინებს.

- "ვერასოდეს დაინახავ ქალში მეგობარს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის შიშველია" (კანტი).

- ვეთანხმები, ბოლოს და ბოლოს, მწირი შეცდა. არ უარვყოფ, რომ არსებობს მეგობრობის კარგი მაგალითები, მაგრამ ფიქრი ოხერია. მოკვდავები ვართ და არაფერია გამორიცხული.

- "ერთადერთი მამაკაცი, ვისაც ქალების გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია, გინეკოლოგია" (არტურ შოპენჰაუერი).

- შესწორებას შევიტანდი და ვიტყოდი, რომ სიცოცხლე კი არა, ცხოვრება არ შეუძლია. სიცოცხლით იცოცხლებს, მაგრამ გააჩნია როგორ - ქალებზეა დამოკიდებული მისი ფინანსური კეთილდღეობა და ამიტომაც არ შეუძლია ქალების გარეშე.

- "მიუთითე საყვარელ მამაკაცს ნაკლზე და მოსისხლე მტერს შეიძენ" (დოროთი პარკერი).

- საერთოდ, ნაკლზე რატომ უნდა მიუთითო ადამიანს? თუ ფიზიკურ ნაკლზე მიგითითებენ, მაშინ შეიძლება დაკარგო კიდეც ის ადამიანი, მაგრამ გააჩნია ნაკლსაც. თუ მავნე ჩვევაზე მიმითითებს ვინმე, რატომ უნდა მოვეკიდო მტრად?! ყველაზე ხშირად მსაყვედურობენ არაპუნქტუალობის გამო და გართობის მოყვარული რომ ვარ, ამის გამოც.

- "ქალი სიყვარულისაგან ჭკვიანდება, კაცი კი სულელდება" (ერიხ მარია რემარკი).

- არის ამაში სიმართლე, სიყვარულს შეუძლია გაგასულელოს. რომ დავფიქრდი, ნამდვილად ასეა. ყველა ქალი ვერ ჭკვიანდება სიყვარულისგან, მაგრამ მე შემიძლია ვაღიარო, რომ სიყვარულმა ნამდვილად გამასულელა, დიდი ამბავი. რომელ შეყვარებულ მამაკაცს არ ჩაუდენია რამე უჩვეულო?

- "ზურგში დანას სწორედ ისეთი ადამიანი ჩაგცემს, რომლისთვისაც მზადა ხარ, საფრთხის შემთხვევაში - მკერდი მიუშვირო" (ელჩინ საფარლი).

- რა თქმა უნდა, მტკივნეული იქნება ასეთი ღალატი. საბედნიეროდ, მე არ გამომიცდია. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს მოულოდნელად და ვერაგულად ეღალატოს ჩემთვის.

262859880-4987044671320084-3293022366758266530-n-copy-1640257737.jpg

- "მდაბალ გრძნობათაგან ყველაზე უმდაბლესია შიში" (შექსპირი).

- ყველას აქვს რაღაცის შიში. ამ შემთხვევაში ბანალური ვიქნები და ვიტყვი, რომ ძალიან მეშინია ღმერთის. სულ ვცდილობ, მაქსიმალურად სწორად მოვიქცე და სისუსტეებს ვაჯობო, დავძლიო, მათ შორის შიშიც. ყველა შიში დაძლევადია, უბრალოდ, ამაზე უნდა იმუშაო. მშიშარა არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მაქვს შიში, რომელსაც დღემდე ვებრძვი.

- "თანდათან მგლების ხროვას ემსგავსება კაცთა მოდგმა" (გოდერძი ჩოხელი).

- გოდერძი, ისე, როგორც სხვა ბევრი ადამიანისთვის, ჩემთვისაც საყვარელი მწერალია. წარმოიდგინეთ, მან ეს დაწერა ალბათ ასე 20 წლის წინ და საინტერესოა, რას დაწერდა, ახლა რომ იყოს ცოცხალი. მას შემდეგ კიდევ უფრო შევიცვალეთ და უფრო მეტად დავემსგავსეთ მგლების ხროვას. იმის თქმა, რომ გამოსავალი სიყვარულშია, რომ სიყვარული გადაგვარჩენს და ა.შ. უკვე ტრაფარეტული გახდა. ვფიქრობ, გამოსავალი განათლებაშია, რომელიც დააბალანსებს ბოღმასაც, შურსაც, გაუტანლობასაც და ღალატსაც.

- "ამ ახალწლის დამდეგს ეს ფიქრი მოდის ძალაუნებურად, რომ ყველამ მოინანიოს წარსულის წლის შეცოდებანი და ახალს წელს მივეგებნეთ ახალის ძალით, მხნეობით, გულწრფელად და ჩავჭიდოთ ღრმად გულში ეს მცნება: საცა ვცხოვრობთ და რომელ ქვეყნის შვილებიცა ვართ, რომელი ქვეყნის პურით, ღვინით, წყლით და ჰაერით ვსაზრდოობთ, იმას ვარგოთ რამ, ვაკეთოთ იმის სასარგებლოდ ჩვენის ძალ-ღონის დაგვარად რაც-კი შეგვიძლიან, რომელი ასპარეზიც უნდა იყოს - ეკონომიური, ზნეობრივი, პედაგოგიური, ლიტერატურული და სხვა" (ვაჟა-ფშაველა).

- ახალ წელს ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ ძველი უნდა დამთავრდეს და დაიწყოს რაღაც ახალი, კარგი. მე ეს შეგრძნება უფრო შობის შემდეგ მაქვს და ვფიქრობ, რომ იმ წელს უფრო უკეთესი გავხდე, მეტი სასარგებლო გავაკეთო ქვეყნისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის. სწორედ ამას ვუსურვებდი ქვეყანასაც და ხალხსაც, ერთად დავიწყოთ ახალი საქმის კეთება და ერთი წლის შემდეგ რომ ჩავწერთ ინტერვიუს, ბევრ კარგ ამბავზე ვისაუბროთ!

ნინო ჯავახიშვილი