რით დაგამახსოვრებს თავს 2021 წელი?! - გზაპრესი

რით დაგამახსოვრებს თავს 2021 წელი?!

2021 წლის ბოლოს, ერთი კითხვით მივმართეთ საზოგადოებისთვის ცნობილ რამდენიმე ქალბატონს: "რა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 2021 წელს?" ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ კოვიდპანდემიის თემა აღმოჩნდა აქტუალური და პასუხების უმრავლესობაშიც სწორედ ის დომინირებს...

თამუნა ნიკოლაძე:

- ყველაზე დიდი მოვლენა 2020-21 წლებში მხოლოდ ერთი სიტყვა აღმოჩნდა - "პანდემია", რომლის არსიც და მნიშვნელობაც ჩვენმა თაობამ პირველად გაიგო. ასევე, უფრო მკვეთრად გაშიშვლდა ჩვენი ადამიანური და პროფესიული რესურსი, რომელმაც ყველგან და ყველაფერში უზარმაზარი რადიკალური ცვლილება მოითხოვა. ეს ძალიან მახარებს. მთავარია, თავი გავართვათ და ნუ ჩამოვიძინებთ! ნუ შევეგუებით! ცვლილებები მომწონს და მისი აუცილებლობა მხიბლავს!!chuxrukidzeee-2-1641803290.jpg

მარიამ ჩუხრუკიძე:

- ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ყველაზე დიდი მოვლენა 2021 წელს იყო თეატრების გახსნა და ამოქმედება, რადგან მოგეხსენებათ, 2020-ში პანდემიის გამო თითქმის არ გვიმუშავია. ასევე, ჩვენს ქვეყანაში ვაქცინების შემოტანა. მაგრამ 2021 წლის მოვლენებს შორის, საყვარელ საქმიანობაში დაბრუნება მაინც ყველაზე მნიშვნელოვან და სასიხარულო ფაქტად მიმაჩნია.

qeti-xucishvili-copy-1640858648.jpg

ქეთი ხუციშვილი:

- ბოლო ორი წელი პანდემიაში გვიწევს ცხოვრება და ალბათ, ვაქცინის შექმნა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. პირადად ჩემთვის კი იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ პატარა, მყუდრო ბინა შევიძინე, სადაც მე და ჩემი შვილი ვცხოვრობთ.

korinteli-copy-1640858694.jpeg

თაკო კორინთელი:

- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ის, რომ 2021 წელს ოჯახი შევქმენი.

vaxania-1-copy-1640858792.jpg

ია ვახანია:

- 2021 წელს დეიდა გავხდი. ამ სამყაროს დიდი ხნის ნანატრი პატარა უფლისწული გიორგი მახარაძე-წერეთელი მოევლინა!

chanukvadze-2-copy-1640858834.jpg

თაკო ჭანუყვაძე:

- მთავარი და სასიხარულო მოვლენა, რაც 2021 წელს მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ისაა, რომ ჩემი შვილი, ანასიკო პირველი კლასის მოსწავლე გახდა. ეს ანასიკოს ცხოვრების პირველი, სერიოზული ეტაპია, რომელიც არასოდეს დაავიწყდება... სხვა მხრივ, 2021 საკმაოდ რთული იყო შეზღუდვების გამო, რაც ჩემს უშუალო საქმიანობის განხორციელებაში მიშლიდა ხელს. კერძოდ, შემოქმედებითი ხარჯვა, რაც ჩემი უშუალო საქმიანობაა, სრულიად შემეზღუდა. თეატრი არ ფუნქციონირებდა და ეს იყო მონატრების, თმენისა და ურთიერთობის დეფიციტის პერიოდი... თუმცა, ახლა უკვე დაუბრუნდი ცხოვრების ჩვეულ რიტმს და შემიძლია ვთქვა, რომ სრულიად ბედნიერი ვარ.....

tiko-kordzadze-copy-1640858861.jpg

თიკო კორძაძე:

- წლევანდელი წელი დაძაბული და დრამატული იყო. მნიშვნელოვანი გახლდათ იმით, რომ პანდემიასთან საშინელ ბრძოლაში, როგორც იქნა, შეიქმნა ვაქცინა და კაცობრიობა დაუბრუნდა (გარკვეული შეზღუდვებით, მაგრამ მაგრამ მაინც) ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ბოლოს და ბოლოს გაიხსნა თეატრები და მონატრებული მაყურებელი, მსახიობები თეატრში დავბრუნდით. ვინაიდან მე თეატრალურ უნივერსიტეტში მსახიობის ოსტატობას ვასწავლი, მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ ონლაინლექციებმა აუდიტორიებში გადაინაცვლა, სკოლები გაიხსნა. მიუხედავად რთული ყოფისა, მაინც მადლობა მინდა გადავუხადო 2021 წელს კარგისთვის და ცუდისთვისაც. ფასეულობების გადაფასება მოხდა. თეორიულად ვიცოდით, მაგრამ გასულმა წელმა კიდევ უფრო კარგად დაგვანახვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, მისი ჯანმრთელობა და ის ურთიერთობები, რაც ჰაერივით გვჭირდება და დაგვაკლდა ამ ბოლო წლებში. მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. 2022 წელი ყოფილიყოს სიყვარულის, სიხარულის, ბედნიერების, მშვიდობისა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების. მხოლოდ ერთი რამ მანამდეც, მერეც და სულ - სიყვარული, სულ სიყვარული!..

ანა კალანდაძე