რა სურვილი ვერ აისრულა ბიძინა მახარაძემ და რას ელის მომავალი წლისგან? - გზაპრესი

რა სურვილი ვერ აისრულა ბიძინა მახარაძემ და რას ელის მომავალი წლისგან?

ვისაც ბიძინა მახარაძის განუმეორებელი სხარტულები მოუსმენია, ვერც კი იფიქრებს, რომ ის ძალიან დინჯი, სერიოზული ადამიანია და მისი ყოველდღიური ყოფა დიდად არ განსხვავდება რიგითი ქართველის ყოფისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი საბავშვო დღესასწაულად მიაჩნია, მასთან საუბარი მაინც მილოცვით დავიწყეთ.

- ადრეც მითქვამს, რომ ახალ წელზე მეტად, შობას აღვნიშნავ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს ჟრიამული, მხიარულება და საყოველთაო აჟიოტაჟი საჩემო არ არის. ისიც არ მესმის, რატომ უნდა იყოს 31 დეკემბერს ყველას ოჯახში საცივი ან რატომ უნდა იყოს 12 საათზე ყველა შინ. მე უფრო პირად დღესასწაულებს ვაღიარებ და არა ვიღაცის დაწესებულს. ვფიქრობ, ეს უფრო ბავშვების დღესასწაულია, ნაძვის ხე და თოვლის ბაბუა ყველაზე მეტად, პატარებს უხარიათ და ამის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს.

- ბატონო ბიძინა, რა სურვილი ვერ აისრულეთ გასულ წელს?

- ძალიან მინდოდა, საახალწლო ფელეტონი მომემზადებინა თოვლის ბაბუაზე, რომელიც ოჯახებში გამოძახებით მიდის, მაგრამ ვერ მოვახერხე. ისე, ერთ ანეკდოტს მოგიყვებით თოვლის პაპაზე, რომელიც კოჭლობდა და ჰკითხეს, რატომ კოჭლობო? - ბავშვებმა ფეხსაცმელში ასაფეთქებელი ჩამიგდეს და გახდა ვერ მოვასწარი, ისე აფეთქდაო, - უპასუხა საბრალო თოვლის ბაბუამ. ასეთი ნომერი მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ჯერჯერობით თავი ვერ მოვაბი. ისე, ანეკდოტური სიტუაციები ახალ წელს რუსეთში უფრო ხდება, რადგან იქ ეს დღესასწაული დალევას უკავშირდება. მოსკოვში რომ ვცხოვრობდი, 20 დღით ადრე ლამის მთელი ქალაქი პარალიზებული იყო, არაფერი მუშაობდა და სადმე რომ მიხვიდოდი, უბრალო საბუთსაც კი არ დაგიწერდნენ: რას ამბობ, ახალი წელი მოდისო. 22-23 დეკემბერს უკვე აღარ მუშაობდნენ. იქ ახალ წელს ყველაზე დიდი სიხარულით მამაკაცები აღნიშნავენ, რადგან ცოლებისგან დალევა აკრძალული აქვთ. ამ დღეებში რუს მამაკაცს ცოლი რომ ეტყვის, რატომ სვამო, გასამართლებელი საბუთი აქვს, - ახალი წელიაო!

- საინტერესოა, ბავშვობაში როგორ აღნიშნავდით ახალ წელს?

- გამოგიტყდებით: პატარა რომ ვიყავი, დღესასწაულებს შორის ყველაზე მეტად, აღდგომა მიხაროდა, რადგან კვერცხებს ვღებავდით, მერე ამ კვერცხებს ერთმანეთს ვუჭახუნებდით და მოგება მიხაროდა. გონიოში დავიბადე და გავიზარდე, რომელიც ადრე პატარა რუსული დასახლება იყო. მახსოვს, საახალწლოდ ბავშვები მთელ სოფელს შემოვუვლიდით, მეზობლები მეკვლედ მისულ პატარებს ხელცარიელს ხომ არ გამოუშვებდნენ და კანფეტები გამოჰქონდათ, რაც მახარებდა. ახლა კი ახალ წელზე მეტად, შობა მიყვარს - ეს არის დღე, რომელმაც მთელი მსოფლიო შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტების დროს ეკლესიაში შესვლას გვიკრძალავდნენ და 42 წლის ასაკში მოვინათლე, შობა ჩემთვის მაინც უპირველესი დღესასწაულია.

- რა არ მოგწონთ ახალი წლის დღეებში ყველაზე მეტად?

- ყველაზე მეტად?.. ალბათ, ე.წ. ასაფეთქებლები; არ მომწონს, როცა მათ უკონტროლოდ ყველგან აფეთქებენ. კარგი, შენ გიხარია და ისვრი, მაგრამ მე რას მერჩი, რატომ მესვრი?!. პიროტექნიკა სახიფათო გასართობი მგონია, რადგან ამ დღეებში ბევრი ბავშვი და მოზრდილი ზიანდება: ყოველ წელიწადს აცხადებენ, რომ ვიღაცამ თვალი დაიზიანა, ვიღაცამ - ხელი, ეს კი სახუმარო ნამდვილად არ არის. დღესასწაული ჩემს მეუღლეს უხარია: სუფრასაც აწყობს, ნაძვის ხესაც და ნათურებსაც რთავს, საცივს და გოზინაყს ყოველთვის ამზადებს. ვეხვეწები, დაგეხმარები-მეთქი, მაგრამ უარს ამბობს. ურჩევნია, ყველაფერს თვითონ მიხედოს. არადა, კულინარია მომწონს და კიდეც მეხერხება: შემიძლია, ხორციანი კერძები გავაკეთო, ჩახოხბილიც კარგი გამომდის და "სუპებიც". შვიდი წელი მარტო ვცხოვრობდი და "მზარეულობა" მაშინ ვისწავლე. ვაღიარებ, კულინარია ძალიან საინტერესო რამეა.

- ერთი ნახვით შეყვარების თუ გჯერათ?

- ამ შეკითხვამ ერთი კარგი სხარტულა გამახსენა: ბიჭი ეკითხება გოგოს: - გოგონი, ერთი ნახვით შეყვარების თუ გჯერათ? - არაო, - უპასუხა გოგომ. - მაშინ მეორედაც ჩამოგივლიო, - უპასუხა "მოხერხებულმა" ბიჭმა. რაც შეეხება ამ მოვლენას, ანუ ერთი ნახვით შეყვარებას, მჯერა, მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორი განწყობით გაიღვიძებ დილიდან, როგორაა შენი სხეული მომართული ფიზიოლოგიურად. შეიძლება მთელი არსებით ეძებდე ადამიანს, რომელიც შეგიყვარდება და შესაძლოა, ასეც მოხდეს. იგივე ადამიანი ერთი კვირით ადრე ან გვიან რომ შეგხვედროდა, შესაძლოა, ეს აღტყინება არც კი გქონოდა. ამიტომ, ეს ძალიან კონკრეტული, სუბიექტური მოვლენაა.

- საინტერესოა, მეუღლეს თუ უკითხავთ თქვენს ახალ სკეტჩებს?

- გენიალური სატირიკოსი ჟვანეცკი ამბობდა: ცოლს ფელეტონი არ უნდა წაუკითხო, რადგან შენ მისთვის იუმორისტი კი არა, ჩვეულებრივი არსება ხარ, რომელსაც ყოველდღე ხედავო. ყოფითი პრობლემები, პოეზია და იუმორი ერთმანეთს ვერ უთავსდება. თანაც, ჩემს მეუღლეს საკმაოდ სერიოზული სამსახური აქვს: სასამართლოში მუშაობს, ყოველდღე სამსახურში მიდის და ძალიან დაკავებულია, ამიტომ იუმორისთვის დრო აღარ რჩება.

- როგორ იქმნება თქვენი სკეტჩები, სად პოულობთ ასეთ ხალისიან, ცოცხალ პერსონაჟებს, რომლითაც მთელ საქართველოს ახალისებთ და აცინებთ?

- ჩემს თითოეულ სკეტჩზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, ადამიანებს ვაკვირდები, მათი მანერები, ლაპარაკი და გამომეტყველება უმნიშვნელოვანესია. დღედაღამ შენს პერსონაჟებს რომ ეძებ, პოულობ კიდეც.

img09301-copy-1640859208.jpg

- ამბობენ, რომ სცენის მიღმა ყველა იუმორისტი ზედმეტად სერიოზულია, ამ ტრადიციას არც თქვენ ღალატობთ?

- დიახ, ასეა: სცენაზე მეტისმეტად მხიარული და უდარდელი ვჩანვარ, მაგრამ სრულიად განსხვავებული ხასიათი მაქვს: ყოველდღიურ ცხოვრებაში სერიოზული და დინჯი ვარ. როცა ხუმრობა შენი პროფესიაა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგალითად: ექიმი, რომელიც მთელი დღე დაძაბულად შრომობს, საღამოს უნდა განიტვირთოს, უნდა იხუმროს. ჩვენც ასე ვართ - იუმორისგან დასვენება აუცილებელია და ეს ჩვენი პროფესიით გამოწვეული მოვლენაა. ამას ისიც ემატება, რომ დედაჩემი ქართლელი იყო, მამით გურული ვარ, მაგრამ ეტყობა, დედის გენეტიკა თავისას შვრება.

- ოჯახში ვინ თმობს პირველად - მეუღლე თუ თქვენ?

- მე საკმაოდ დამთმობი ვარ. სხვათა შორის, ჩემი მეუღლე კახელია, მაგრამ ჩემზე ფიცხია. ვფიქრობ, პირველად მამაკაცმა უნდა დათმოს, რადგან ის ყველაფერს გონებით უნდა წყვეტდეს, ქალი კი უფრო ემოციურია. ქალის სამყარო სხვაა, მამაკაცის - სულ სხვა, ამიტომ მათ შორის მორიგება და შეთანხმება მხოლოდ კომპრომისების გზით შეიძლება, როგორც პოლიტიკურ პარტიებს შორის. ამგვარი მიდგომა ამართლებს და ამის დასტურია ის, რომ უკვე 15 წელია, ერთად ვართ. როცა ხასიათზე ვარ, მასზეც ვხუმრობ, მაგალითად: ტელეფონზე რომ დარეკავენ და მკითხავენ, დალი როგორ არისო, ვეხუმრები: ჯაჭვი გაწყვიტა და გეიქცა საცხა-მეთქი. ამასობაში ხუმრობა თვითონაც ისწავლა და ზოგჯერ ისეთ რამეს ამბობს, რომ გემრიელად მეცინება. რა თქმა უნდა, ეს პროფესიულ დონეზე არ გამოსდის, მაგრამ კახელია და კახელების იუმორი განსაკუთრებულია, ისევე, როგორ გურულების. ისე, ბედის მადლობელი ვარ, რომ ჩემი ცოლი გურული არაა, თორემ გურულ ქალებს სასწაული ენა აქვთ - შეუძლიათ ერთი სიტყვით მოგსპონ და გაგანადგურონ (იცინის).

- ყველაზე დასამახსოვრებელი ახალი წელი როდის გქონდათ?

- ყველაზე სამახსოვრო ახალი წელი კომუნისტების დროს მქონდა: გასტროლებზე ვიყავით და ახალ წელს მატარებელში შევხვდით. მაშინ რუსეთში ვცხოვრობდი და გასტროლებზე წასვლა ხშირად მიწევდა.

- როგორც ვიცი, ახლაც გქონდათ კონცერტები.

- დიახ, 2021 წლის დასასრული კონცერტებით აღვნიშნეთ: გორიდან დავიწყეთ და მთელ დასავლეთ საქართველოს შემოვუარეთ. ჩვენთან ერთად "ორი ჯუჯაც" იყო - ვახო ტატიშვილი და ნუგზარ კვაშალი. მათ რომ ხედავენ, პატარები სცენაზე ამოდიან, "ორ ჯუჯასთან" ერთად ცეკვავენ, მღერიან, მხიარულობენ. რა თქმა უნდა, მათი განწყობა ჩვენზე - მსახიობებზეც გადმოდის.

- დაბოლოს, რას ელოდებით ახალი 2022 წლისგან?

- იცით, რას ველოდები?.. რომ ჩვენი ქვეყანა პოლიტიკით აღარ ცხოვრობდეს, რომ სამუშაო ადგილები იქმნებოდეს და სოფლის მეურნეობა ვითარდებოდეს... ეს რა უბედურებაა - ერთმანეთის სიძულვილი ამ ქვეყანაში აღარ უნდა დასრულდეს?!. იქნებ გვეღირსოს და ახლო მომავალში ამ მოჯადოებული წრიდან როგორმე გამოვიდეთ.

ხათუნა ჩიგოგიძე