პოლიტიკოსების ახალი წელი - გზაპრესი

პოლიტიკოსების ახალი წელი

წელიწადის ამ დღეს, დეკემბრის მიწურულს პოლიტიკოსებსაც კი უჩნდებათ სურვილი, ოპონენტებს წარმატებები უსურვონ, კრიტიკული განცხადებები სადღეგრძელოებითა და კეთილი სურვილებით შეცვალონ, გაიღიმონ, იხუმრონ, იცეკვონ, სამზარეულოში შევიდნენ და ხელები დაიკაპიწონ... საზოგადოებისთვისაც გაცილებით საინტერესოა კადრს მიღმა დანახული, ოჯახურ გარემოში მოფუსფუსე და ხალისიანი პოლიტიკოსების ნახვა. მაშ ასე, ვნახოთ, ვინ, როგორ და როგორი ტრადიციებით ხვდება 2022 წელს.

გიორგი ვაშაძე:

- დღემდე ბავშვივით მიხარია ახალი წლის მოსვლა. ცოტა არ იყოს, პანდემიამ, როგორც ყველაფერს, ახალ წელსაც დაუკარგა ელფერი. 2021 წელი ჩემთვის რთული იყო, მამა დავკარგე. არც პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით გახლდათ დალხენილი... მიუხედავად ყველაფრისა, ოპტიმისტი ვარ, მომავალ 2022 წელს იმედიანად ვხვდები, მეტი სიკეთის მოლოდინი მაქვს. ახალი წლის შეხვედრას ოჯახში ვგეგმავ, თუმცა გამორიცხული არ არის, გეგმები შემეცვალოს. საერთოდ, ახალ წელთან შეხვედრა ღია ცის ქვეშ, ფეიერვერკების ფონზე მიყვარს. ყველაზე ბედნიერად ის დღესასწაული მახსენდება, როდესაც ახალდაქორწინებული, მეუღლესთან ერთად, თავისუფლების მოედანზე შევხვდი ახალ წელს. მერეც სულ ვცდილობდით, ბავშვებიანად ღია ცის ქვეშ შევხვედროდით. სამწუხაროდ, კოვიდპანდემია ისევ არ გვაძლევს ამის საშუალებას. იმედია, 2023 წელს მაინც მოვახერხებთ ხალხმრავალ დღესასწაულში მონაწილეობას. საახალწლო ტრადიციები, რა თქმა უნდა, გვაქვს: ქეთი და ბავშვები ნაძვის ხეს რთავენ, მერე ქეთი გოზინაყს აკეთებს, მე კი ჩიჩილაკით ხელდამშვენებული ოჯახში მივდივარ.

jafar-1640859565.jpg

ზურა ჯაფარიძე:

- ახალი წელი განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან ორ დღესასწაულს ერთად აღვნიშნავ და მთელ დროს ოჯახის წევრებს ვუთმობ. რატომ აღვნიშნავ ორ დღესასწაულს ერთად?.. იმიტომ, რომ 31 დეკემბერს საახალწლო სამზადისში ვართ, 1-ლ იანვარს კი მე დავიბადე. ვერ გეტყვით, რომ 2022 წელს ძველებური ხალისითა და განწყობით ვხვდები. მგონი, ისევ რთული წელი გველოდება, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით, მაგრამ არა უშავს, მთავარია, ბრძოლის უნარი არ დავკარგოთ.

xosh-1640859604.jpg

ელენე ხოშტარია:

- ახალი წელი განსაკუთრებულ დღესასწაულად მეჩვენებოდა, როდესაც პატარა ვიყავი და მჯეროდა, რომ თოვლის ბაბუა მოდიოდა ჩემთან. ახლაც განსაკუთრებულად მიმაჩნია, მხოლოდ მოტივია განსხვავებული, მთელ სამ დღეს შვილებთან ერთად, შინიდან გაუსვლელად ვატარებ. უდიდესი სიამოვნებაა ბავშვებთან ურთიერთობა, გართობა, თამაში. ამაზე კარგი არაფერია სამყაროში. ბევრს უკვირს, როდესაც ვამბობ, რომ დიასახლისობა მეხერხება. მეხერხება კი არა, ძალიან კარგად გამომდის. საახალწლოდ მხოლოდ ნაძვის ხეს კი არ ვრთავ, გოზინაყსაც ვამზადებ და სხვა კერძებსაც. წელსაც ასე იქნება, გამონაკლისის გარეშე. ერთ წელიწადს, წინასაახალწლო მზადებისას, ჩემს ქმარს გოზინაყის პროპორციებზე რომ ვესაუბრებოდი, მთავრობამ ითავხედა და მაჩალიკაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა. ალბათ იფიქრა, ვისღა სცალია პროტესტისთვისო?! მაგრამ შეცდა... შარშან წინასაახალწლო სამზადისი ადრიანად მოვითავე და ხატია დეკანოიძესთან ერთად, გლდანის ციხესთან პატარა აქცია გავმართე პოლიტპატიმრების გასამხნევებლად. წელს ჯერ არ ვიცი, სად მომიწევს ახალი წლის ღამეს ყოფნა, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ გოზინაყსაც მოვამზადებ, კერძებსაც და იმ ადგილზეც მივალ, სადაც საჭირო ვიქნები.

mamuk-1640859632.jpg

მამუკა ხაზარაძე:

- შობა მიყვარს განსაკუთრებულად. სამზარეულოში ოჯახის წევრებთან ერთად ფუსფუსს არაფერი სჯობს, საჩუქრების გახსნის ცერემონიაც მომწონს. ერთმანეთს წინასწარ არ ვუმხელთ, ვინ ვის რა ვუყიდეთ. ძალიან სახალისოა, როდესაც ყუთების გახსნას ვიწყებთ. ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც კი ოდესმე მიმიღია?.. მეუღლე და 5 შვილი. ოჯახი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ აქ ვიღებ ენერგიას, სიყვარულსა და სითბოს...

ana-1640859664.jpg

ანა ნაცვლიშვილი:

- ისე გამოვიდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველა მნიშვნელოვანი ამბავი ახალ წელს, ახალი წლის წინა დღეებში ან ნაახალწლევს მოხდა. ამიტომ განსაკუთრებულად მიყვარს ეს დღესასწაული. თავად მე 31 დეკემბერს დავიბადე, ქორწილი 29 დეკემბერს მქონდა, მეუღლესთან ერთად, ერთობლივი დანაზოგით შეძენილ ახალ ბინაში ახალ წელს შევედით. შესაბამისად, სულ ისეთი განცდა მაქვს, რომ ახალ წელს კიდევ რაღაც კარგი უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. შარშანდელი და წლევანდელი ახალი წელი პანდემიამ გამიუფერულა. საერთოდ, სოციალური ურთიერთობების მოყვარული ვარ, მიყვარს ახლობლებთან მისვლა-მოსვლა, ერთობლივი წვეულებები, ღონისძიებები. პანდემიის გამო კი სოციალური კონტაქტები მინიმუმამდე დავიყვანე, რამაც ძალიან დამთრგუნა. რამდენიმე ჩემს მეგობარს, რომლებსაც შვილები შეეძინათ, დღემდე ვერ ვნახულობ... ძალიან განვიცდი, რომ 2022 წელს მშობლების, უცხოეთში მცხოვრები ძმისა და ჯერ კიდევ უნახავი ძმისშვილის გარეშე შევხვდები. ყველაფრის მიუხედავად, ვცდილობ, განწყობა გავიუმჯობესო და ჩემს პატარა შვილებს - 6 წლის ლაზარესა და 4 წლის მარიამს ბედნიერი დღესასწაული მოვუწყო. ნაძვის ხე მათთან ერთად მოვრთე, ახლა გოზინაყსაც ერთად მოვამზადებთ, მაგრამ ვეცდები, პიროტექნიკა არ გამოვიყენო. არც თქვენ გირჩევთ ამის გაკეთებას, პიროტექნიკა გარემოსაც აბინძურებს, ჩვენი შვილებისთვისაც საფრთხის შემცველია და ცხოველებსაც ძალიან აფრთხობს.

vax-1640859712.jpg

ვახტანგ მეგრელიშვილი:

- ახალ წელს ოჯახთან ერთად, სავარაუდოდ თელავში, მშობლების სახლში შევხვდები. ეს დღესასწაული ისეთია, რომ სამზადისში ჩართვა რაღაც დოზით ყველას გვიწევს. მე ძირითადად, თანაშემწის პოზიცია მაქვს, ვისაც რაში ვჭირდები, ვეხმარები. სპეციალიზაცია არ გამაჩნია. მიყვარს ეს დღესასწაული, ყველას ლეგალური უფლება გვეძლევა, საკუთარი თავით დავკავდეთ. საახალწლო საჩუქრები შევარჩიე თუ არა?.. საერთოდ, საჩუქრების შერჩევა არ მეხერხება... ჩემი აზრით, გასული 2021 წელი საინტერესო, მაგრამ რთული და საშიში იყო. პირადად მე, ვერ ვერკვეოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს და ვფიქრობ, მარტო მე არ მქონდა ასეთი განცდა. საზოგადოებაც ამ გაუგებრობაშია დღემდე. იმდენი უცნაური რამ ხდება ირგვლივ, დაწყებული ბოიკოტით, "შარლ-მიშელებით", შიმშილობებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში და ა.შ. პირდაპირ დაუჯერებელი ამბების კალეიდოსკოპია. ძალიან მინდა, რომ მომავალ 2022 წელს მთავარი ამოცანა ამ უცნაური ამბების ამოხსნა არ იქნება. აი, ასეთი წინასაახალწლო სურვილი მაქვს.

publika-1640859747.ge-56500825-319942782055127-1794030383822536704-o-1024x584 - Copy.jpg

ლევან იოსელიანი:

- 2022 წელს დიდი იმედით ვხვდები, ყოველ შემთხვევაში, 2021 წელზე უარესი ვერაფრით იქნება. მე და ალეკოს იმდენად რთული წელი გვქონდა, ისეთი წინააღმდეგობების დაძლევა და დაუმსახურებელი რამეების ატანა მოგვიხდა, რომ ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს?! მიხარია, ამ ყველაფერმა უკვე რომ ჩაიარა. ახალი წლის ღამეს ტრადიციულად, არსად გავდივარ. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ცოლ-შვილთან ერთად შევხვდები, მათ დავლოცავ, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და ერთმანეთს საჩუქრებს გავუცვლით, შემდეგ მეგობრებიც მოვლენ... მეორე დღეს კი მშობლებთან წავალ. საჩუქრები უკვე ყველასთვის მაქვს ნაყიდი.

ერთ-ერთ შვილს, რომელიც წელს სკოლას ამთავრებს, ლეპტოპი ვუყიდე - თავად მთხოვა. დანარჩენს არ გეტყვით, სიურპრიზს ვუმზადებ. სხვათა შორის, მეუღლისგან მეც ველოდები სიურპრიზს, წინასწარ არასდროს მიმხელს, მაგრამ ისეთ საჩუქრებს ყიდულობს, ყოველთვის გახარებული ვრჩები. საახალწლო სამზადისში, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებ. სუფრას თეთრ, ასევე შავ ღვინოსა და შამპანურს შევმატებ. სამზადისში ჩემი მონაწილეობა მარტო ამით არ შემოიფარგლება - სკამების შემოტანა, გატანა და მაგიდის აწყობა-დაშლაც ჩემზეა. როგორი იყო ყველაზე ლამაზი დღესასწაული ჩემს ცხოვრებაში?.. 20 წლის, უსაზღვროდ ბედნიერი ბიჭი რომ ვიყავი და გვერდში ჩემი უსაყვარლესი გოგონა მყავდა... საახალწლოდ სურვილების ჩაფიქრებისაც მჯერა. წელსაც ჩავიფიქრებ და თუ ასრულდება, მაშინ იცოდეთ, რომ მომდევნო 2023 წელს სოხუმში შევხვდებით.

ხათუნა ბახტურიძე