"13 წელია, აქ ვარ, ბოლო მეოთხე წელი კი - ტყვეობაში" - გზაპრესი

"13 წელია, აქ ვარ, ბოლო მეოთხე წელი კი - ტყვეობაში"

მისი ვიდეობლოგები და ჩანაწერები, თუ როგორ ცხოვრობს და იბრძვის მარტო სხვისი თუ პირადი თავისუფლებისთვის, დიდი ხანია, ქართული მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. უკვე რამდენიმე წელია, თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონში, მრავალბინიან კორპუსში მარტო ცხოვრობს. როგორც ამბობს, ზოგჯერ კორუფციის, უსამართლობის, ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლით დაღლილი შინ რომ ბრუნდება, მთელ შენობაში მხოლოდ მისი სახლის აივანზე ანთებული ნათურა იმედს აძლევს, რომ ყველაფერს დაძლევს.

- ხშირად მეკითხებიან, მარტო როგორ ცხოვრობ, ალბათ სულ მოწყენილი ხარ, რას აკეთებ დღესასწაულზე ან ჩვეულებრივ დღეებშიო?.. ღიმილით ვპასუხობ, ახლა ჩამოგითვლი, დღის განმავლობაში რამდენ რამეს ვაკეთებ, გცალია, ჩამოვსხდეთ-მეთქი? ამ დროს დაბნეული გარბიან... ძალიან საინტერესოდ ვცხოვრობ. 13 წელია, აქ ვარ, ბოლო მეოთხე წელი კი - ტყვეობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, უქმად, ყურებჩამოყრილი, მოწყენილი და უსიცოცხლო არასდროს ვყოფილვარ. თუ შინ არ ვმუშაობ, გასული ვარ რაიონში ან ცხინვალში, სასამართლოს საქმეებზე დავრბივარ. ვერ ვიტყვი, რომ ეს იოლია. თავიდან უფრო ვნერვიულობდი, შემდეგ შევეჩვიე და ახლა ჩემმა "დანაშაულებრივმა საქმიანობამ" იმდენად სახალისო სახე შეიძინა, რომ მართლა ვხალისობ... ცხინვალში ხანდახან მეგობრების სანახავადაც დავდივარ ან ისინი მოდიან ჩემთან. ერთად ვამზადებთ ოსურ და ქართულ კერძებს. ეს ჩემთვის საყვარელი პროცესია. სამზარეულოში ტრიალი მიყვარს. ახლა საახალწლოდ, ახალგორის ტრადიციული ნუგბარი, მიქადო გამოვაცხვე. ახალი წლის სამზადისზე ფიქრი ჩემთვის მიქადოსთან ასოცირდება. ეს არის ნამცხვარი, რომელიც მხოლოდ ახალგორში ცხვება და მისი ცხობის ტრადიცია, როგორც ვიცი, დაახლოებით სამი საუკუნისაა. ვიცი, ამავე დასახელების ნამცხვარს სხვაგანაც ამზადებენ, მაგრამ ჩვენი განსხვავებულია.

tamar-3-1640860115.jpg

- ინგრედიენტებით თუ მომზადების წესით?

- ყველაფრით. მისი შენახვა თვეების განმავლობაში შეიძლება, რაც უფრო ძველია, უფრო გემრიელია. ცხობის პროცესი შრომატევადია, მაგრამ ვისაც გაუსინჯავს, ამბობს, რომ ღირს. პირველ რიგში, რძისა და შაქრისგან ვამზადებ კრემს, რომელიც იხარშება ნელ ცეცხლზე შეუჩერებელი მორევით, სანამ შესქელებული რძის სისქეს მივიღებთ. ამის შემდეგ, კრემმა რამდენიმე დღე უნდა "დაისვენოს". ცომი მზადდება კვერცხის, შაქრის, მაწვნის, ფქვილისა და ერბოსაგან, რომელიც აუცილებლად სპეციალური სპილენძის სინზე 12 ფენად ცხვება; ყველა ფენა ისეთი თხელია, როგორიც ცელოფანის პარკი, "ნაპოლეონის" ფენაზე ბევრად თხელი. სპეციალურ სინს ადრე ადგილობრივი მეთუნუქეები ამზადებდნენ და ყველა ოჯახს ჰქონდა, გოგონებს მზითევშიც ატანდნენ. როდესაც გავთხოვდი, მშობლებმა მეც მომიტანეს... ფირფიტების გამოცხობის შემდეგ მის ყველა ფენას ვკრემავ; კარგად უნდა გაიჟღინთოს კრემით და თითქმის გამზადებულ მიქადოს სიმძიმეს ვადებთ, ისე, რომ თანაბრად გადანაწილდეს, რათა ჰაერი სრულად „გამოიტუმბოს". სწორედ ეს პროცესი ნამცხვარს თვეების განმავლობაში ინახავს. საბოლოო შედეგის მისაღებად რამდენიმე დღეა საჭირო. ამიტომ საახალწლო სამზადისს რამდენიმე დღით ადრე ვიწყებთ.

ჩვენს ოჯახში მიქადოს ჯერ მამაჩემის ბებია აცხობდა, შემდეგ - ბებიაჩემი, რომელიც გარდა ნამცხვრისა, სხვადასხვა სარიტუალო სუფრისთვის პურის მცხობელი იყო, ბებიის შემდეგ - დედა, ახლა კი ეს საქმე მეც შევითავსე. მხოლოდ ჩემთვის კი არა, ახლობლებისთვისაც ვაცხობ. აქ მთავარი საქმე ფირფიტების გაბრტყელებაა, რამდენიმე საათი სჭირდება და ხელები ცუდ დღეში მაქვს, კანზე "ბებერები" მაჯდება, მაგრამ ღირს, თუნდაც იმიტომ, რომ ტრადიცია გრძელდება...

ძველად ახალგორელი ქალები ზამთრის დღეებში იკრიბებოდნენ, სამოვრიდან ჩაის სმაში, ხელსაქმესა და ლოტოს თამაშში ატარებდნენ დროს. პაპაჩემისგან მსმენია, რომ ერთ-ერთი ასეთი თავშეყრის ადგილი ჩვენი სახლიც იყო. ახალი რძლების სხვადასხვა უნარ-ჩვევაში გამოცდა სწორედ ასეთ თავყრილობებზე ხდებოდა, მაგალითად - "მსუნაგად" ითვლებოდა ქალი, რომელიც ორ ნაჭერზე მეტ მიქადოს შეჭამდა. ახალი წლის სუფრისთვის მიქადოს ერთი ან ორი კვირით ადრე აცხობდნენ, „დაძველება" რომ მოესწრო. სადღესასწაულო დღეებში მეზობლები ერთმანეთს სტუმრობდნენ და ნამცხვარს სინჯავდნენ, რომ შეეფასებინათ, რომელ დიასახლისს უფრო გემრიელი გამოუვიდა.

- და ვისიც ყველაზე გემრიელი იყო, იმას უკვეთდნენ, არა?

- კი. ჩვენს ოჯახში ამის ტრადიცია იყო. ახლა მე ვაგრძელებ და მიხარია. მიქადოს გარდა, სხვა კერძებიც გვაქვს, მაგალითად - ყაზანდიანი ფლავი, რომელიც ბრინჯითა და სხვა ინგრედიენტებით მზადდება. ყაზანდიან ფლავში, ტრადიციისამებრ, მოხარშულ ქათამს დებენ და აკნუმი ერქვა.

- ესეც საახალწლო კერძია?

- არა, ამ კერძით ძირითადად ახალშობილის მოსანახულებლად დადიოდნენ ჩვენი ბებოები და პაპები. სხვა დროს არ ამზადებდნენ. პაპაჩემი მიყვებოდა, - შენ რომ დაიბადე, შვიდმა მნახველმა მოიტანა ყაზანდიანი ფლავიო... მე ახლა ვამზადებ, რომ არ დაგვავიწყდეს, თორემ ახალგორს ახალშობილი როდის ჰყავდა, არც მახსოვს. ის კი არა, ადრე, 2008 წლის ომამდე და კიდევ უფრო ადრე, ჩემი სკოლის გვერდით შენობაში ტარდებოდა გაკვეთილები, რადგან ძველ სკოლაში ბავშვები ვერ ეტეოდნენ... ახლა რაც დრო გადის, უფრო მცირდება ბავშვების ნაკადი. წელს პირველ კლასში მთელი რაიონიდან ორი თუ სამი ბავშვი მივიდა... იცლება რაიონი. რაც უნდა მოხდეს, მე წასვლას არ ვაპირებ, იმიტომ, რომ აქაურობა ჩემი ნაწილია. შეიძლება აქედან წავიდე, მაგრამ აქაურობას ვერ დავივიწყებ და ის ადამიანი არ ვიქნები, ვინც აქ ვიყავი... ვერ წარმომიდგენია, სხვაგან რა უნდა ვაკეთო. ბოლო წლებია, ბისერებზე ვმუშაობ. სამზარეულოში ტრიალს რომ მოვრჩები, ვაჭმევ ცუგებს და ფისოებს, რომლებიც შემოვიკედლე. სამწუხაროდ, აქ ცხოველები მაინცდამაინც არ უყვართ, ამიტომ რაიონში უამრავი მიუსაფარი ძაღლი და კატაა. ზოგს მკურნალობაც სჭირდებოდა და ცხინვალიდან მომქონდა წამალი. კარგად მოვაღონიერებ და ვუმკურნალებ, ზოგი მიდის, ზოგიც რჩება და სახლს ერთგულად დარაჯობს. პირველ სართულზე ვცხოვრობ, ჩემი სახლი პოლიციის შენობას უყურებს და ამიტომ თავს დაცულად ვგრძნობ.

tamar-2-1640860134.jpg

- დანარჩენი ბინები ყოველთვის ცარიელია თუ სეზონურად მაინც სტუმრობენ?

- არა, სულ დაკეტილია. ამდენბინიან კორპუსში მესაკუთრე მხოლოდ მე ვარ. არც ერთი მეპატრონე აქ აღარ ცხოვრობს. რახან კორპუსი ცენტრშია, ბინის შეძენის მსურველებიც არიან, ქართველებიც, ოსებიც, მაგრამ მეპატრონისგან ასეთ პასუხს იღებენ: ახალგორის ბინა არ იყიდება და არც არასდროს გაიყიდება, ნუ გვაწუხებთო!.. ამ სიტყვებმა აუწონავი ძალა შემმატა. იმედიც... იქნებ ოდესმე მართლა შეიცვალოს ვითარება და ჩვენი კორპუსიც ხალხის, ბავშვების ჟრიამულით აივსოს... პირველ სართულზე ვცხოვრობ, წინ კი ეზო მაქვს და ბოსტანი, ხეხილი და ყვავილები გავაშენე. ჯერ ყველა მპირდებოდა, დაბარვაში დაგეხმარებიო, მაგრამ გაზაფხულზე ყველას თავისი საქმე აქვს და მივხვდი, ლოდინს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ დავბარე და მიწაც დავამუშავე. ყველაფერი მომყავს - პომიდორი, კიტრი, ლობიო, ბადრიჯანი, წიწაკა, ცოტა სიმინდიც. ყვავილები ჩემი სუსტი წერტილია, ამიტომ ეზოშიც მაქვს და ოთახშიც. აივნიდან გამოსულს ყვავილები და ჩემი აბიბინებული ბაღ-ბოსტანი გულს მითბობს. ახლობლებთან რომ მივდივარ, ყვავილები მიმაქვს. 8 მარტს მეგობართან სტუმრად მივდიოდი ყვავილებით. ქუჩაში რაიონის მკვიდრი კაცები შემხვდნენ და მომილოცეს. ორმა დააყოლა, ნეტავ კაცი იყოო!.. სხვა დროსაც უთქვამთ, შენ კაცად უნდა დაბადებულიყავიო. ასეთ დროს ჩემთვის ვფიქრობ, - მათ რა იციან, სხვა კაცებმა რომ დამაპატიმრეს და მომაძახეს, - ქალი არ იყო, ძვლებში დაგამტვრევდითო!.. და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, ამ საზოგადოებაში ცხოვრება მინდა, ამ ნაცრისფერ რაიონში, იქნებ ჩემი ბრძოლით სხვასაც მივცე სიცოცხლის, დარჩენის სურვილი. როდესაც დრო მაქვს, ახლომახლო ვსეირნობ. ამას წინათ არმაზის ციხეზე ვიყავი. სოფელში სეირნობისას, ადგილობრივი ნინო ელკანოვი გავიცანი, მასაც მრავალფეროვნება უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს შრომობს, თავისუფალ დროსაც პოულობს, ცხენით ჯირითობს, ვარჯიშობს. ძალიან მოსწონს კრივი.

- ვიცი, რომ დედ-მამაც ახლოს ცხოვრობს...

- დიახ, რამდენიმე წუთის ფეხით სავალზეა. ამ ახალ წელსაც მშობლებთან შევხვდები, ჩვენი გემრიელი კერძებით, მამას დაყენებული ღვინით, ჩემი ხელით გამომცხვარი მიქადოთი და მერე ჩაბნელებულ, სევდიან, მაგრამ მაინც ლამაზი ახალგორის ქუჩებს შინისკენ გამოვუყვები და იქაც გავშლი სუფრას. ხუმრობით რომ ვთქვათ, - ეს იქნება ძალიან იმედიანი ქალის რიგით მეცამეტე ახალი წელი... აივნის ნათურას ყოველთვის ანთებულს ვტოვებ, რომ ჩემი სახლი იმ ჩაბნელებულ ბინებში იმედივით ენთოს.

ზოგი ბინის კარი ღიაა, პატრონმა არ დაკეტა, ზოგმა კი გასაღები თან წაიღო და მიყვება, - სახლის გასაღებების აცმასთან ერთად მაქვს და კარის გაღებისას ინსტინქტურად, პირველად მას შევავლებ ხელსო... არც ჩემს მშობლებს უფიქრიათ აქაურობის დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი "ცუდი საქმეების" შესახებ, როდესაც ნეპოტიზმზე, გულგრილობასა და უსამართლობაზე ხმამაღლა ვსაუბრობ და სოციალურ ქსელში პოსტებს ვუძღვნი, დედას ხშირად საყვედურობენ, ის კი მშვიდად პასუხობს, - კაი ხანია, სრულწლოვანია და თავად უთხარით, რისი თქმაც გინდათ, მე რა შუაში ვარო?.. ხანდახან განტვირთვაც მჭირდება და ხმაურიან საქმეებს რომ მოვითავებ, ვიცვამ საგარეო ტანსაცმელს, ვიკეთებ მაკიაჟს და "სამსახურში მივდივარ" - გვერდით ოთახში გავდივარ, სადაც ბისერებზე ვმუშაობ. ბოლო წლებია, ჩემი ძირითადი შემოსავალი ხელნაკეთი ნივთებია. ქართულ მხარესაც გადააქვთ და ფულს ან მირიცხავენ, ან ახლობლებს ატანენ. ცხინვალიდანაც მაქვს შეკვეთები. ეს საქმე მიყვარს. ზოგჯერ მუშაობაში გართულს თავზე დამთენებია.

- როგორ ხვდება შობა ახალ-წელს ახალგორი?

- ტრადიციულად, პრობლემებით, მაგრამ მაინც ვუძლებთ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ყოველ მომდევნო წელს უფრო ნაკლები ადამიანი ხვდება თავის ჭერქვეშ. გარბიან... პანდემიამ ხერხემალში გადატეხა რეგიონი. ამაზე ხშირად ვწერ. ახალგორის საავადმყოფოს ადმინისტრაცია რამდენიმე წელია, იმ საბიუჯეტო თანხებს ითვისებდა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის სამკურნალოდ და მომსახურებისთვის იყო გათვალისწინებული. ახლა, როდესაც პანდემია ყველას შეგვეხო, პრობლემებმა უფრო და უფრო იჩინა თავი...

გილოცავთ შობა-ახალ წელს! 2022 საქართველოს გაერთიანების ყოფილიყოს.

ლალი პაპასკირი