"ბაგრატიონების ორი შტო ერთმანეთს უჩიოდა... და დავიწყეთ კამპანია "საბო - მეფედ!"
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მანდატი გაუუქმა, მისი ადგილი "გირჩის სამეფოს მეფემ" - ჰერმან საბომ დაიკავა. 2020 წლის საპარლამენტო სიაში ის მეხუთე ნომერი იყო. ამბობს, რომ ზურაბ ჯაფარიძემ დაბადების დღის საჩუქარი გაუკეთა, რადგან პარლამენტმა სწორედ 19 ნოემბერს ცნო მისი უფლებამოსილება.
ჰერმან საბო:
- ქართველი უნგრელი ვარ, 33 წლის, საქართველოში დაბადებული. თბილისში, ქიაჩელზე გავიზარდე. ბავშვობაში ბევრი რამ მაინტერესებდა - მხატვრობაც, პოლიტიკოსობაც, მსახიობობაც. სკოლის დამთავრების შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩავირიცხე, თუმცა გარემო ისეთი იყო, ე.წ. მუღამს არ გაძლევდა. ის ბუნებრივი ინტერესი, რაც პოლიტიკის მიმართ მქონდა, რაღაცნაირად გამინელდა და სხვადასხვა თემას მივედ-მოვედე. იმ პერიოდში მამაჩემი ცუდად იყო და პირველი კურსიდანვე ვმუშაობდი: ჯერ ოფიციანტი ვიყავი, მერე - ბარმენი, ამ სფეროში რაღაც პერიოდი დავყავი. მერე მე და ჩემმა მეგობრებმა ბიზნესიც წამოვიწყეთ და პირველი ჰოსტელი ჩვენ გვქონდა. ბევრ საინტერესო ადამიანს დავუმეგობრდი. იმ პერიოდში "ფეიჯის" შექმნა ძალიან აქტუალური იყო. მქონდა ჩემი "ფეიჯი" სახელად - "ასე იტყოდა ზარატუსტრა", რომელიც ძალზე პოპულარული გახდა. სწორედ ამ "ფეიჯის" დახმარებით სარეკლამო სააგენტოში მიმიწვიეს. დიდი ქართული სააგენტო იყო, სადაც კარგა ხანს ვმუშაობდი... ერთ დღეს "ფეისბუკის" მეგობარმა მითხრა, რომ ჩემთან საქმეზე შეხვედრა უნდოდათ და როცა მივედი, იქ დამხვდნენ თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსული ზურაბ ჯაფარიძე, პალიკო კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე და გიორგი მელაძე. მაშინ მითხრეს, "გირჩს" ვაკეთებთ და პიარის ხაზით თუ წამოხვალო? საინტერესო იყო და გადავწყვიტე, მათთან წავსულიყავი. 2015 წლიდან პარტიაში სხვადასხვა პოზიციაზე ვმუშაობდი. როცა კარგად გავერკვიე პოლიტიკაში, თავდაჯერებულად დავიწყე სიარული სპიკერად ტელევიზიებში. წელს ზურაბ ჯაფარიძემ უარი თქვა მანდატზე და რიგითობით მე მომიხდა პარლამენტში შესვლა.
- როგორ აღმოჩნდა უნგრელი ოჯახი საქართველოში?
- დაახლოებით 100-120 წელია, რაც ჩემი გვარი საქართველოშია, უფრო ქართველი ვარ. ჩემი წინაპრები რუსეთის მეფის კარზე სამხედრო ჩინის მფლობელები იყვნენ და ისე მოხდა, რომ საქართველოში მოავლინეს. არქივებში ვეძებ მათზე ინფორმაციას. ერთი წინაპარი გორის მთავრის მოადგილე იყო, მეორე - ზაქათალას გენერალ-გუბერნატორი. ზაქათალა მაშინ თბილისის მაზრაში შედიოდა. ოქტომბრის რევოლუცია მოხდა და დარჩნენ საქართველოში. დედა ქართველი მყავს, სამაჩაბლოდან, მსახიობია მოზარდ მაყურებელთა თეატრში. მამა თეატრის რეჟისორი გახლდათ. თეატრში გაიცნეს ერთმანეთი. სამწუხაროდ, მამა 9 წლის წინ გარდაიცვალა. თბილისში სულ 6 თუ 7 საბოა დარჩენილი. ყველანი, სავარაუდოდ, ერთი შტოდან მოვდივართ. მყავს და, ანა საბო, რომელიც დიზაინერია. საერთოდ, საქართველოში წარმოშობით უნგრელი სულ 30-40 ადამიანია დარჩენილი. მამა არ იყო სტანდარტული ქართველი, უნგრული ხასიათი ჰქონდა და ჩვენც ცოტა სხვანაირად, არატრადიციულად ვიზრდებოდით ქართველ საზოგადოებაში. საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქე ვარ. ჩემს ბავშვობაში არც შუქი და შესაბამისად, არც ტელევიზორი არ იყო. ეზოში ფეხბურთი უნდა გეთამაშა ან წიგნი წაგეკითხა. ფიზიკური ჯანმრთელობა არ მიწყობდა ხელს, ფილტვებზე პრობლემა მქონდა, ამიტომ ბევრს ვერ ვმოძრაობდი, შინ ყოფნა მიწევდა. ასე დავუმეგობრდი წიგნებს. ძალიან ბევრს ვკითხულობდი. მშობლებთან ერთად ბიბლიოთეკიდან 10-15 წიგნით ვბრუნდებოდი და ორ კვირაში ვაბრუნებდი უკან. ცნობისმოყვარე გახლდით, სამყაროს გაგების ინტერესი მქონდა. იმდენად მიყვარდა ფიზიკა, რომ მასწავლებელი სხვებთან შედარებით, რთულ დავალებებსაც კი მაძლევდა, რასაც სიამოვნებით ვერკინებოდი. ტექნიკური საგნების მიმართ სიყვარულის გამო მე და ჩემმა მეგობარმა ოთო ზაკალაშვილმა 2 წელია გავაკეთეთ უფასო სამენტორო კურსი და უფასოდ ვასწავლით მსურველებს პროგრამირებას. სხვადასხვა ეტაპზე 10 000-ზე მეტი სტუდენტი გვყავდა, ვინც როგორ ახერხებს, ისე ერთვება. ასე გამოვლინდა ტექნოლოგიის მიმართ ჩემი სიყვარული. საერთოდ, ძალიან მინდა, როცა "გირჩის" სკოლას გავაკეთებ ვახო მეგრელიშვილთან ერთად, პროგრამირებისა და ფიზიკის მასწავლებლად იქ ვიმუშაო. ბავშვებთან ურთიერთობაც ძალიან მომწონს და იოლად გამომდის კიდეც რაღაცების ახსნა. დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც ადამიანს ვუხსნი და მერე მის თვალებში შევამჩნევ - გაიგო; ეს დიდი ადრენალინია. კარგ გარემოში, კარგ სკოლაში, კარგი მასწავლებელი ვიქნებოდი.
- ამბობთ, რომ ფიზიკა და ტექნიკური საგნები გიყვარდათ. პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაბარება რატომ გადაწყვიტეთ?
- ალბათ ცნობისმოყვარეობის გამო. როდესაც სასწავლებელს ვირჩევდი, მეორე მეწერა სამხედრო აკადემია, მესამე - სამხატვრო აკადემია; ყველა ის სფერო ჩავწერე, რაც მაინტერესებდა. საერთოდ, სულ მაინტერესებდა, როგორ ხდება ქვეყნის მართვა. "ვარდების რევოლუციის" დროს დავიწყე აქტიურად ტელევიზორის ყურება. მას მერე ჩართული ვიყავი ამ პროცესებში. ფილოსოფიურადაც რომ შევხედოთ, უფლებები საიდან მოდის, სახელმწიფო როგორ და რატომ არსებობს - იმდენად საინტერესო თემებია, შეუძლებელია, ცნობისმოყვარე ადამიანი არ დააინტერესოს...
- აღნიშნეთ, სტუდენტობის პარალელურად ვმუშაობდიო. სწავლაში ხელი არ გეშლებოდათ?
- უნივერსიტეტში პროცესმა იმდენად ამიცრუა გული სწავლაზე, რომ უბრალოდ, დიპლომის ასაღებად დავდიოდი. შესაბამისად, ბევრი დრო მქონდა, რომ მემუშავა და ოჯახს დავხმარებოდი. მსახიობისა და რეჟისორის ოჯახში გავიზარდე, მატერიალურად ძალიან გვიჭირდა. ყოფილა დღეები, იმდენი ამიღია ე.წ. ჩაისთვის, რამდენიც დედაჩემის მთელი თვის ხელფასი იყო. ძალიან ვიღლებოდი, მაგრამ მგონია, ეს იმაშიც წამადგა, რომ შრომის ფასი ვისწავლე.
- პალიკო კუბლაშვილსა და ზურაბ ჯაფარიძესთან ურთიერთობაზე რას იტყვით?
- მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წელია, მინიმალური ურთიერთობა მაქვს, რაღაცნაირად ჩვენი და ზურას გზები გაიყო, ვიტყვი, რომ ორივე ძალიან კარგად საურთიერთობო ადამიანია. არასოდეს მიგვიღია მათგან დირექტივა. ღირებულებებისთვის არ გვიღალატია. ბოლოს ზურამ გადაწყვიტა, ახალი პარტია გაეკეთებინა და წავიდა.
- მაინც რატომ გაიყო თქვენი გზები?
- უთანხმოება გვქონდა სხვადასხვა საკითხზე და არა - პიროვნული. ეს ჯანსაღი პროცესია. სხვანაირად პოლიტიკური პარტია მკვდარია. ზურა ჯაფარიძის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. მეგობრის ზარმა გამაღვიძა. - რა ხდება? ზურამ დაწერა ჩვენს ჯგუფში, გავდივარ ცალკეო, - მოულოდნელი იყო მაგრამ თუკი ის ჩვენთან არაკომფორტულად გრძნობდა თავს, ეს უნდა გაეკეთებინა. იმედი მაქვს, ბევრად უკეთეს შედეგებს მიაღწევს.
- სახელი "გირჩი" როგორ შეირჩა?
- სახელზე ბევრი ვიფიქრეთ, გვინდოდა განსხვავებული. გოგა ხაჩიძის იდეა იყო: მაგიდაზე "გირჩი" იდო და თქვა, მოდი, "გირჩი" დავარქვათო. სახელის ასე დარქმევას ერთგვარი "პარტიზანული მარკეტინგი" ჰქვია, როცა შენ რაიმე პატარა ეპატაჟით ახერხებ ე.წ. უფასო მედიის მობილიზებას. მალევე, ნახევარმა საქართველომ გაიგო ამ პარტიის არსებობა.
- საარჩევნო სლოგანმა "საბო - მეფედ!" არანაკლები პოპულარობა მოგიტანათ, მეფობის ამბავიც მოგვიყევით.
- მეფის ამბავი ხუმრობა იყო და ხუმრობად დარჩა კარგა ხანს. ეს ის პერიოდია, როცა ბაგრატიონების ორი შტო ერთმანეთს სასამართლოში უჩიოდა და დიდი ხმაური იყო. ამაზე გვეცინებოდა: საქართველოში, საპარლამენტო რესპუბლიკაში, უცებ ორი ტიპი ჩხუბობს იმაზე, ვინ არის მეფის შთამომავალი. ვფიქრობდით, როგორ დაგვეცინა ამ სიტუაციისთვის და ასეთი თეორია მოვიფიქრეთ, რომ ბაგრატიონებამდე საქართველოს სამეფოს მართავდნენ ხოსროიდები, მაგალითად - გორდესტანი იყო ხოსროიდი სპარსული წარმოშობის, ხოსროიდებს, გორდესტანს და ჰუნებს უნგრელებთან ჰქონიათ შეხება. როდესაც უნგრელები აზიიდან გადადიოდნენ ევროპაში, საქართველოს ტერიტორიაზე უნდოდათ გავლა და ჩასვლა ქვევით, სპარსეთში. დარიალის ხეობაში მათ დახვდათ გორგასალი და რაღაცნაირად უკან დააბრუნა ომის გარეშე. ჩვენ ვთქვით, გორგასლის მესამე შვილი, რომლის ვინაობა არ ვიცით და არც ის ვიცით, სად გაქრა, გორგასალმა მძევლად გააყოლა ჰუნებს და ჰერმან საბო გორგასლის მესამე შვილის შთამომავალია; სინამდვილეში, სამეფო ტახტი ჩვენია და თქვენ საერთოდ რა შუაში ხართ-თქო?! - ვეუბნებოდით ბაგრატიონებს. ასეთი ხუმრობა დაიბადა, მთაწმინდაზე იყო შუალედური არჩევნები და დაიწყო კამპანია "საბო - მეფედ!" მთელი კამპანია ვაწარმოეთ იმით, რომ საბო მეფეა და უნდა შევიდეს პარლამენტში. ეს იყო ხუმრობა. ჩემმა სახელმა და გვარმაც გაამართლა. მერე, როცა ზურაბ ჯაფარიძე პარტიიდან წავიდა, მე და ლევან ჯგერენაიამ, რომელიც "ბიბლიური თავისუფლების მთავარი მსახური" გახლავთ, კრიზისმენეჯერობა გადავწყვიტეთ. იმ პერიოდში პარტიაში სერიოზული კრიზისი გვქონდა; ვინ მიდიოდა და ვინ დარჩა, ამის დალაგებაში ვიყავით. იმისთვის, რომ "გირჩი" გაგვეახლებინა, გადავწყვიტეთ, ჩვენი საზოგადოება შეგვექმნა, რომელსაც ექნებოდა პატარა კონსტიტუცია, სადაც ჩამოვწერეთ, რა პრინციპების გვჯერა. ამ დროს იაგო ხვიჩიამ თქვა, ეს ჩვენი დაწერილი მოდელი ძალიან ჰგავს საკონსტიტუციო მონარქიას; იქაც მეფეს არა აქვს არანაირი ფუნქცია მშვიდობიანობის დროს და როცა სახელმწიფოს უჭირს, მაშინ მოდის და კრიზისმენეჯერია; მოდი, ჩავწეროთ და ჰერმანი იყოს ამ საზოგადოების მეფეო. სიმბოლური ტიტულია და ძნელბედობის ჟამს, მე და ლევან ჯგერენაიას გვაქვს ფუნქცია, აღმასრულებელი ხელისუფლება გადავიბაროთ მთლიანად და "გირჩი" დავაბრუნოთ ჩვენივე კონსტიტუციის ფარგლებში. ამ ხუმრობაში სერიოზულობის ნაწილიც არის: თუ რაიმე გაურკვევლობაში ჩავარდება "გირჩი", გვაქვს ეს ფუნქცია მე და ლევანს და ეს სერიოზულობას გვძენს.
- ამ ხუმრობა-ხუმრობაში აღმოჩნდით პარლამენტში. თავდაპირველად თქვენ, "მეფე" გარეთ დარჩით, ამაზე გული დაგწყდათ? საერთოდ, როგორია პარლამენტიდან დანახული რეალობა?
- პროპორციული არჩევნები რომ ჩატარებულიყო, ხუთივე შევიდოდით... რა თქმა უნდა, გული მწყდებოდა. პოლიტიკოსისთვის დიდი გამოცდილებაა პარლამენტში მოხვედრა. მედიის ყურადღებაცაა და მშვენიერი გარემო იმისთვის, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსმა კარიერა აიწყოს. მეტ-ნაკლებად ვიცოდი, რა ხდებოდა პარლამენტში. დღესაც პარლამენტში ბუტაფორიული პროცესებია, მაგრამ მაინც არის შესაძლებლობის ფანჯრები, იმის ილუზია, რომ რაიმე დემოკრატიული ხდება, რადგან ოპოზიცია ჩართულია ამ პროცესებში. ამ ილუზიის შექმნის დროს შეიძლება რამე კარგი კანონები "გაეპაროთ". ვცდილობთ, ინდივიდუალური მუშაობის ხარჯზე პატარა ხვრელები გავაჩინოთ განათლებაში, პენიტენციარულ სისტემაში, ეროვნული ბანკის საკრედიტო მიმართულებით და არც მთლად ისეა, რომ აზრი არა აქვს ჩვენს იქ ყოფნას, თუმცა არც განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს.
- თქვენს პირად ცხოვრებაზეც გვიამბეთ: "მეფეს" ჰყავს რჩეული?
- დაოჯახებული არა ვარ, მაგრამ მყავს რჩეული, ძალიან კარგი ქალბატონი. თითქმის ორი წელია, ერთად ვართ. შეიძლება ეს საბოლოოდ ოფიციალურადაც გავაფორმოთ, თუმცა, როცა ადამიანები ერთმანეთთან კარგად გრძნობენ თავს, ნებისმიერი ფორმით შეიძლება მათი თანაარსებობა. ჩემი რჩეული ტელევიზიაში მუშაობს, მასთან შეთანხმების გარეშე ვინაობას ვერ გაგიმხელთ.
- აღნიშნეთ, ხატვა მიყვარდაო. ახლაც ხატავთ?
- 10 წელია, არ დამიხატავს. ხატვა არ მისწავლია პროფესიულად, მაგრამ კარგი შედეგები მქონდა. ბევრ ჩემს მეგობარს სახლში უკიდია ჩემი ნახატი. ფანქარში, ტუშში, ნახშირში ვმუშაობდი ქაღალდზე. ძალიან მიყვარს მოდელების აწყობა - ლითონის თუ პლასტმასის თვითმფრინავებს, გემებს და ა.შ. ვაკეთებდი. შეიძლება პროგრამისტობაც ამიტომ მომეწონა. ზამთრის სპორტი მიყვარდა ძალიან, მაგრამ ფილტვებზე პრობლემის გამო, წნევის ცვლილება არ შეიძლება და ამიტომ, ბოლო 5 წელია, ვერ ვსრიალებ. ბიზნესი გვქონდა მე და ჩემს მეგობრებს - ინტერიერისთვის მცენარეები ჩამოგვქონდა, მაგრამ პანდემიის გამო ფრენები რომ შეიზღუდა, მისი დახურვა მოგვიხდა.
- ახალი წელი მოდის. რა ტრადიცია გაქვთ ოჯახში?
- განსხვავებულს ვერაფერს გეტყვით, სტანდარტული ახალი წელი გვაქვს. მეგობრებთან წასვლით, სტუმრების მიღებით და ერთად ყოფნით. მე ცალკე ვცხოვრობ, მაგრამ ახალი წლის დღეებში ალბათ დედასა და დასთან უფრო მეტ დროს გავატარებ. სხვა წლებიდან დასამახსოვრებელი ბევრი რამე იყო. კარგი გახლდათ, როდესაც სოფელში, სამაჩაბლოში ჩავდიოდით. ახლა ჩვენი სოფელი ოკუპირებულია. იქ ბებია-ბაბუასთან მივდიოდით, ღორის დაკვლა, გოზინაყი და ყველაფერი იყო, რაც ახალ წელთან ასოცირდება. ბებიას ჰქონდა ასეთი რიტუალი: ახალი წელი რომ გათენდებოდა, სისხამ დილას "ფეჩს" დაანთებდა და შვილიშვილებს ჩამოგვივლიდა ყველას საწოლში და დიდი სუფრის კოვზით გვაჭმევდა თეთრი ბლის მურაბას, რომელიც გამორჩეულად ჰქონდა მომზადებული, თანაც ძალიან ტკბილი იყო. თითო კოვზს მოგვაწვდიდა და იტყოდა, ასე ტკბილად დამიბერდითო. ახალგაღვიძებულზე ტკბილის ჭამა არ მომწონდა, მაგრამ მიწევდა. მას მერე ტკბილი არ მიყვარს. ისე, ძალიან კარგი მოგონებები მაქვს, "ფეჩთან" ვისხედით, გარეთ დიდი თოვლი იყო, ბავშვები ერთად მივდიოდით საციგაოდ და გახლდათ დიდი ჟრიამული. ეს დრო ყველაზე ტკბილად მახსენდება.
თეა ხურცილავა