როგორ ულოცავს გიორგი ოვაშვილი ახალ წელს გარდაცვლილ მამას
ბავშვობა სოფელ ძეგვში გაატარა. ადრეული ასაკიდან ახსოვს, რომ სახლში ყოველთვის ბუნებრივი ნაძვის ხე იდგა. ის სათამაშოებიც ახსოვს, რომლებიც ნაძვის ხეზე ეკიდა. სათამაშოები ერთმანეთს არ ჰგავდა და თითქოს იდუმალებით იყო მოცული - ეს განცდები ჩარჩა ქვეცნობიერში კინორეჟისორ გიორგი ოვაშვილს და მისთვის ახალი წელი, ყოველთვის რაღაც მისტიკურობასთან იყო დაკავშირებული.
- თითოეული სათამაშო მახსოვს, ცხოველი იქნებოდა, ფრინველი თუ სხვა... მათ შორის იყო წითელი ვარსკვლავი, რომელსაც დედა ნაძვის ხის თავზე ამაგრებდა. მისი ანთება ჩემთვის წარმოუდგენელი და უცნაური იყო. ძალიან ველოდებოდი ახალი წლის მოსვლას კიდევ ერთი რამის გამო: სახლში ყოველთვის გვქონდა შოკოლადის კანფეტი "დათუნია", მაგრამ დედას დამალული ჰქონდა და გამოზომილად მაძლევდა. იცოდა, რომ ეს კანფეტი ძალიან მიყვარდა და როცა ვიმსახურებდი, მხოლოდ მაშინ მაჯილდოებდა. ახალ წელს შოკოლადი "დათუნია" უკვე ადვილად ხელმისაწვდომი იყო, ნაძვის ხესთან იდო და რამდენიც მინდოდა, იმდენი შემეძლო ამეღო. ეს უდიდესი ბედნიერება იყო.
როცა მე და ჩემი ძმა წამოვიზარდეთ, მე ვიყავი ათი წლის, ის - შვიდის, გადავწყვიტეთ, სახლში ნაძვის ხე ჩვენ უნდა მიგვეტანა. ვიპარავდით ნაჯახს და სახლიდან ტყეში ვიპარებოდით. ნაძვის ხის მოჭრას ვერ ვბედავდით, ვიცოდით, დაგვიჭერდნენ, ამიტომ მწვანე ღვიის ბუჩქებს ვეძებდით. ლამაზ ბუჩქს ვჭრიდით და მოგვქონდა. ამ ამბავს, რა თქმა უნდა, სახლში დიდი ჩხუბი მოჰყვებოდა, - რატომ გავიპარეთ, ნაჯახი რატომ მოვიპარეთ და ა.შ. მაგრამ "ნაძვის ხეზე წასვლა" - ასე ვეძახდით, ჩვენთვის ყოველთვის თავგადასავალი იყო. მშობლებს ღვიის ბუჩქი თუ მოეწონებოდათ, სახლში შეგვატანინებდნენ.
- ძველი სათამაშოებიდან რამე შემოგრჩათ?
- სხვათა შორის, ბევრი სათამაშო გადაურჩა დამტვრევას და დღესაც სოფელშია შენახული. როგორც კი მათ შევხედავ, ბავშვობა მახსენდება.
- თოვლის პაპას საჩუქრები მოჰქონდა?
- კი... თოვლის პაპა მგონი ბებიაჩემი იყო. ბოლომდე ვერ გავარკვიე, ამას საიდუმლოდ ინახავდნენ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ თოვლის პაპა რეალური იყო და მართლა ველოდებოდი. საკმაოდ დიდხანს მჯეროდა... ისე, ახლაც მჯერა...
- საახალწლო არდადეგებზე მიდიოდით სადმე დასასვენებლად?
- მშობლებს ძირითადად, ბაკურიანში მივყავდით. სამწუხაროდ, სკოლის ასაკში მარტო არ მიშვებდნენ. საახალწლო არდადეგები ყოველთვის მიყვარდა, ალბათ, უფრო თოვლის გამო. თოვა სამყაროს იდუმალებით მოცული მომენტია. ამ დროს ძალიან მიყვარს ტყეში სიარული.
- უკვე მოზრდილ ასაკში, როგორ ხვდებოდით ახალ წელს?
- სტუდენტობისას, ყოველ ახალ წელს ბაკურიანში მივდიოდი მეგობრებთან ერთად. ის ახალი წლები უფრო ჩვეულებრივი იყო, მისტიკისა და მოულოდნელობის გარეშე. ეს გახლდათ გართობა, სხვა არაფერი. იმის გამო, რომ ბავშვობის მერე ახალმა წელმა თავისი იდუმალება დაკარგა, დღესასწაულებს შორის, ახალი წელი ყველაზე ნაკლებად მიყვარს. ჩემი საყვარელი საქმიანობა ახალი წლის ღამეს, ძილია.
თუმცა, ერთი ტრადიცია მაქვს, რომელიც 15 წელია გრძელდება, მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ყოველ ახალ წელს სასაფლაოზე მივდივარ. 31 დეკემბერს ჩავდივარ ძეგვში, ვაღებ სახლის კარს (სახლი ცარიელია) და ღუმელს ვანთებ. მერე ბაღში ლობიოს დავკრეფ, ჩემთვის დედაჩემი ყოველთვის ტოვებს რაღაც ნაწილს, იცის, რომ უნდა ჩავიდე და ლობიო მოვხარშო. დაახლოებით ორ მუჭა ლობიოს დავდგამ გაზზე... 11 საათზე მივდივარ სასაფლაოზე, ერთი ჭიქა ღვინით მამას ახალ წელს ვულოცავ. 12-ის ნახევრისთვის ვბრუნდები სოფლის სახლში. ამასობაში ლობიოც მოიხარშება. მაქვს ყველი, პური, ლობიო და ღვინო. დადგება 12 საათი, თოფს გავისვრი, ერთ ჭიქა ღვინოსაც დავლევ. ღამის პირველ საათზე დავკეტავ სახლის კარს და თბილისში მოვდივარ. ჩამოვალ თუ არა, მაქვს საშუალება დავწვე და დავიძინო. ასე ვთქვათ, ღამეს მშვენივრად ვატარებ. რამდენიმე წლის შემდეგ, ჩემმა შვილმა ალექსანდრემ თავად გამოთქვა სურვილი, ახალ წელს ჩემთან ერთად ყოფილიყო, მაშინ ძალიან პატარა იყო. ასე შემომიერთდა და 31 დეკემბერს, ძეგვში დავიწყეთ სიარული მე და ალექსანდრემ, მაგრამ წელს მარტო მომიწევს წასვლა, ის ამერიკაშია. ალექსანდრე იმედს მაძლევს, რომ ამ ტრადიციას ჩემ შემდეგაც გააგრძელებს.
- შვილებთან ერთად როგორ ატარებდით ახალ წელს? ახლა რა ასაკისანი არიან, საჩუქრებზე აღარ გაწუხებენ?
- ახალი წლის წინ, ვზრუნავდი იმაზე, რომ ოჯახში ყოველთვის ბუნებრივი ნაძვის ხე გვქონოდა. თავიდან ასეც იყო, მაგრამ სამწუხაროდ, მერე ხელოვნურზე გადავედით. ახალი წლის საჩუქრებს, რა თქმა უნდა, წინასწარ შევარჩევდი ხოლმე და ვმალავდით, რათა ბავშვებს დილით, გაღვიძებისთანავე ენახათ. უმცროსი - თებრონია ჯერ 9 წლისაა და დღემდე სჯერა, რომ თოვლის პაპას მოაქვს საჩუქარი და წერილებსაც სწერს. ალექსანდრე 16 წლისაა, იცის, რომ თოვლის პაპა არ არსებობს, თუმცა ფიქრობს, რომ საჩუქრებს ვიღაც გამოუგზავნის, ანუ - მე, ამიტომ წერილს ისიც წერს. უფროს შვილს, 19 წლის ელისაბედს უნდა რომ სჯეროდეს თოვლის პაპის არსებობის, რადგან მოსწონს საჩუქრების მიღება.
- საზღვარგარეთ შეხვედრიხართ ახალ წელს?
- ერთხელ, რამდენიმე წლის წინ, ჰაერში შევხვდი ახალ წელს. ლოს-ანჯელესში მივფრინავდი, წასვლა აუცილებელი იყო. ჩემი ფილმის ჩვენებას უნდა დავსწრებოდი პალმ-სპრინგსში. პირველი ჩვენება ორ იანვარს, მეორე - ექვსში გაიმართა. ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რომ ახალი წლის ღამეს მაიძულეს მეფრინა, ამიტომ მთელი ფრენა ბუზღუნში გავატარე.
- როგორია თქვენი საახალწლო სურვილი?
- პირველ რიგში, ყველაზე დიდი სურვილი ისაა, რომ სამყარო თავის ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს. და მეორე, ძალიან მინდა ჩემი ქვეყანა ხვალ იყოს უკეთესი, ვიდრე სამწუხაროდ, დღეს არის.
ნანული ზოტიკიშვილი