რუსკა ქარქაშაძის საიდუმლო სიურპრიზები და გამორჩეული ახალი წელი
მომხიბვლელი ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე შობა-ახალ წელს ყოველთვის ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად ხვდება. გამონაკლისი არც 2022 წელი იქნება. ის უკვე საჩუქრებს ამზადებს და განსაკუთრებით ემზადება პირველი იანვრისთვის.
- ახალი წელი ყველა დღესასწაულზე მეტად მიყვარს. ვფიქრობ, რომ ეს ჯადოსნური დღესასწაულია, როცა დროს ყველაზე ძვირფას, ახლობელ ადამიანებთან ერთად ვატარებთ, ამიტომ ის ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
- ყველაზე მეტად, რატომ მოგწონთ ეს დღესასწაული?
- თუნდაც იმიტომ, რომ საახალწლოდ ადამიანები ცდილობენ, ერთმანეთი გაახარონ, მხოლოდ კარგზე იფიქრონ და ერთმანეთსაც კარგი უსურვონ. შობა-ახალი წლის დღეები უნებურად გიქმნის კარგ განწყობას და მომავლის იმედს გიღვივებს. ამ დღეებში ქუჩაში გავლაც მიხარია, რადგან ყველაფერი მორთულ-მოკაზმულია, ირგვლივ საახალწლო ნათურები ციმციმებს, რაც ჩემს განწყობაზეც კარგად მოქმედებს. პირველი იანვარი დიდ სიხარულთან და სასიამოვნო მოგონებებთან არის დაკავშირებული: ბავშვობაში 12 საათი რომ შესრულდებოდა, კარზე კაკუნის ხმა ისმოდა და იდუმალი "თოვლის ბაბუა" საჩუქრებს გვიტოვებდა. დღესაც არ ვიცი, ვინ იყო ეს ადამიანი, ეს ჩემი ბავშვობის დიდი საიდუმლოა.
- ახლა ვინ გჩუქნით საჩუქრებს?
- მე და ჩემს და-ძმას საახალწლო საჩუქრები ახლაც გვხვდება და ვიცით, რომ ერთმანეთის "თოვლის ბაბუები" ჩვენ ვართ, ეს ოჯახის ტრადიციაა: ყოველ წელიწადს ერთმანეთი გავახაროთ. ახალ წლამდე პატარ-პატარა საჩუქრებს ვჩუქნით, ხოლო ახალი წლის შემობრძანებისას მთავარი საჩუქრის დრო დგება.
- რა ასაკში მიხვდით, რომ თოვლის პაპა არ არსებობს?
- ეს საკმაოდ უსიამოვნო მოგონებაა: უამრავი ბავშვის მსგავსად, თოვლის ბაბუას ჩვენც წერილებს ვუგზავნიდით, სადაც ვწერდით, რა გვსურდა ახალი წლის ღამეს და ისიც გვისრულებდა. ერთხელ, ახალი წლის წინა დღეებში მამაჩემს ცეკვაზე მივყავდი და ეს წერილები მამაჩემის მანქანის სათავსში - ე.წ. ბარდაჩოკში აღმოვაჩინე. შვიდი თუ რვა წლის ვიყავი, მაგრამ ყველაფერს მივხვდი... მეწყინა, რადგან ჩემი წარმოდგენა თოვლის ბაბუაზე ერთბაშად დაიმსხვრა და მივხვდი, ამდენი წელი ტყუილში მიცხოვრია (იცინის).
- უმცროსი და-ძმის საახალწლო საჩუქრებზე ბევრს ფიქრობთ?
- ისინი ჩემზე პატარები არიან: ჩემი და 17 წლისაა, ხოლო ძმა - 12-ის. მარტო მე არ ვჩუქნი, ისინიც მასაჩუქრებენ. ერთმანეთს იმდენად კარგად ვიცნობთ, რომ ყოველთვის ვიცით, იმ მომენტში ვის რა სჭირდება და რადგან ერთმანეთის სურვილები კარგად ვიცით, საჩუქრის შერჩევაზე ბევრი დრო არ გვჭირდება. ეს პროცესი ძალიან მსიამოვნებს, რადგან ერთი სული მაქვს, ისინი გავახარო. შეიძლება ეს საჩუქარი საკმაოდ ძვირიც დამიჯდეს, მაგრამ სიხარული, რომელსაც მათ ვანიჭებ, ყველაფერს ფარავს.
- საინტერესოა, წელს რას ნატრობენ?
- ეს ჯერჯერობით საიდუმლოა. ხომ შეიძლება, ჟურნალი ნახონ ან სადმე წაიკითხონ?! ამიტომ, ჯობია, ჩემი საახალწლო სიურპრიზები საიდუმლოდ დარჩეს.
- 31 დეკემბრის ღამეს ყველაზე სანუკვარ სურვილს ჩაიფიქრებთ ხოლმე თუ ასეთი ჩვევა არ გაქვთ?
- წელს დავფიქრდი: მართლა რომ არსებობდეს თოვლის ბაბუა, რას ვისურვებდი, მაგრამ არ ვიცი. პირველი წელია, როცა აზრზე არ ვარ, რა ვინატრო, თანაც, უკვე იმ ეტაპზე გახლავართ, როცა საკუთარ სურვილებს თვითონ ვისრულებ და ეს ძალიან მომწონს. თოვლის ბაბუა კარგია, მაგრამ როცა შენი სურვილების რეალიზებაზე თავად ზრუნავ და შრომობ, ეს უკეთესია.
- ახალი წელი მეკვლის გარეშე წარმოგიდგენიათ?
- ეს ტრადიცია ძალიან მომწონს. ახალ წელს მეკვლე თვითონ ვარ. ჩემს მისიას მონდომებით ვასრულებ: სადაც მივდივარ, კანფეტებიც მიმაქვს, ტკბილეულიც და ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც კარგ მეკვლეს შეეფერება. ჩემი აზრით, ეს კეთილი და უწყინარი ტრადიციაა. სხვათა შორის, შარშან ვის ოჯახშიც მივედი, კარგი ოჯახი შექმნა და ჩემს მეკვლეობას ნამდვილად არ ნანობს.
- ჰოროსკოპების თუ გჯერათ?
- მთელ ოჯახს გვჯერა და შესაბამისად, ამ თემაზე ოჯახში ხშირად ვმსჯელობთ, ვსაუბრობთ. ახლა ლურჯი ვეფხვის წელი მოდის და მისი ფიგურა ან რბილი სათამაშო ჩვენს სახლში აუცილებლად იქნება.
- ბევრ ოჯახში პირველ და 14 იანვარს ერთნაირი მონდომებით აღნიშნავენ, თქვენთანაც ასე ხდება?
- ჩვენ უფრო პირველი იანვრის დადგომას ვზეიმობთ. თუმცა, ძველით ახალ წელსაც აღვნიშნავთ. ახალი წლისთვის განსაკუთრებით ვემზადებით: ნაძვის ხესაც ერთად ვრთავთ, ისეთ დროს ვარჩევთ, როცა მთელი ოჯახი შინ არის და ვცდილობთ, სახლიც ლამაზად იყოს მორთული. მე ჩვევად მაქვს, რომ ახალ წელს ყოველთვის გამოპრანჭული დავხვდე, რადგან მჯერა: პირველს როგორც შეხვდები, მთელ წელს ისე გაატარებ.
- უცხოეთში თუ შეხვედრიხართ ახალ წელს?
- ჯერჯერობით არა, თანაც, ახალ წელს ოჯახში, ჩემს ქვეყანაში ყოფნა მირჩევნია. ყველას გვინდა, ერთად ყოფნა დაგვებედოს, ამიტომ, თუ უცხოეთში შევხვდები, იქაც ჩემს ოჯახთან ერთად უნდა ვიყო.
- როდის იყო თქვენს ცხოვრებაში ყველაზე უჩვეულო, განსაკუთრებული ახალი წელი?
- ალბათ 3 წლის წინ, როცა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვმონაწილეობდი და ფინალური გადაცემა პირდაპირ ეთერში გადიოდა. ახალ წელს "ლაივში" შევხვდი, ძალიან ბევრი ადამიანი მგულშემატკივრობდა და ეს ჩემთვის მართლა უჩვეულო, განსაკუთრებული ახალი წელი იყო.
- დაბოლოს, ტრადიციული საახალწლო შეკითხვა უნდა დაგისვათ: რა სურვილის ასრულებას ინატრებდით მომავალი, 2022 წლისგან?
- ალბათ ორიგინალური არ ვიქნები, მაგრამ პირველ რიგში, ჯანმრთელობას და ამ პანდემიის დასრულებას ვინატრებდი, რაც თავისთავად ნიშნავს ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას, ამის შემდეგ - წარმატებას კარიერასა და პირად ცხოვრებაში. ბოლო ორმა წელიწადმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერია. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, რადგან ჯანმრთელი ადამიანი თუ მოინდომებს, ყველაფერს შეძლებს და ყველა სურვილს აისრულებს.
ხათუნა ჩიგოგიძე