"სანტა-კლაუსი სტუმარია, თოვლის ბაბუა კი მასპინძელი და მას ვერავინ შეცვლის" - გზაპრესი

"სანტა-კლაუსი სტუმარია, თოვლის ბაბუა კი მასპინძელი და მას ვერავინ შეცვლის"

24 დეკემბერს თბილისში საახალწლო სოფელი გაიხსნა. დედა ენის ბაღში გამართულ საღამოზე საზეიმო განწყობის შექმნას ცდილობდნენ: ანიმატორები, ელფები, ანიმაციური ფილმების პერსონაჟები, ოჩოფეხებზე შემდგარი არტისტები, თოვლის ბაბუა, სანტა-კლაუსი და ა.შ. საახალწლო სოფელი 2022 წლის 14 იანვარს, მუსიკალური შოუ-პროგრამით დაიხურება. თოვლის ბაბუა ვანო იანტბელიძე გახლდათ, რომელსაც თურმე, როლი პირველად ძალიან ახალგაზრდას მოურგია. აღნიშნულ ღონისძიებას ახლა სხვა ბავშვებთან ერთად, მისი შვილიშვილები, იოანე და ელენეც ესწრებოდნენ. მათ ყოველ წელს შინაც ჰყავთ "პირადი" თოვლის ბაბუა. "ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბავშვებს "ვანო პაპას ზღაპრები" უყვართ და ყოველთვის თბილად მხვდებიან. ამჯერად თოვლის ბაბუას ამპლუაში მთელი საქართველოს პატარების მილოცვა და მოფერება ორმაგად სასიხარულო იყო, ეს ფაქტი მახალისებს და ჩემთვის დიდი მოტივაციაა", - აღნიშნა საუბრის დასაწყისში მსახიობმა.

- თელავში საახალწლო სპექტაკლები და კონცერტები თუ არის დაგეგმილი?

- წელს საახალწლოდაც, ისევე როგორც ყოველთვის, თელავში საახალწლო კონცერტები და სპექტაკლები გაიმართება. ბავშვების გახარება ჩვენი ვალია და წელსაც ასე იქნება. როგორც წესი, ასეთი ღონისძიებები 14 იანვარს მთავრდება და ალბათ, წელსაც ასე იქნება. საფინალო კონცერტს ჩემს დაბადების დღეს "მიუძღვნიან" (იცინის).

- ე.ი. "ძველით ახალ" წელს ხართ დაბადებული. გიყვართ თქვენი დაბადების დღე?

- 14 იანვარს ძველი ახალი წელი აღინიშნება, ასევე ქართული თეატრის დღეც. 2022 წელს მარჯანიშვილის თეატრში უნდა აღვნიშნოთ ეს თარიღი და ვნახოთ, რა იქნება. რასაკვირველია შობა-ახალი წელი უფრო მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დაბადების დღე - არა. ვიღაცას ახსენდები, გეფერება, სიყვარული სუფევს... მოკლედ, ეს შენი დღეა და რატომ არ უნდა გიყვარდეს ადამიანს?!

- ყველაზე გამორჩეული დაბადების დღე როდის გქონდათ?

- ბუნებრივია, კარგად გასახსენებელ დაბადების დღეს გულისხმობთ, ასეთი ბევრი ყოფილა და ტკივილიც ბევრჯერ ახლდა. 50 წლის რომ გავხდი, თელავის თეატრში იუბილე მქონდა, თან თეატრის დღე იყო და იმ დილას მამა გარდამეცვალა. მე კი გეგმისამებრ ჩავატარე ეს დღე, მაგრამ ხომ ხვდებით, როგორი მძიმე იყო.

- ყოფილა შემთხვევა, როცა ახალი წლის დღესასწაულს საზღვარგარეთ შეხვედრიხართ?

- უკრაინაში შევხვედრივარ. საზღვარგარეთ მაინც ტურისტი ხარ, დადიხარ, ქალაქს ათვალიერებ და მოგწონს, რადგან ამ დროს ყველაფერი ლამაზია. წელს, პრემიერის პროგრამით, ჩვენი საქართველოც ძალიან ლამაზია. ვნახე რა ხდებოდა თბილისში, თელავშიც უზარმაზარი ნაძვი ხე დაიდგა. გეამაყება, როცა შენს ქალაქში და მთელ ქვეყანაში ასეთი რამ ხდება. ხალხს ბედნიერი სახეები ჰქონდა. ასეთი დღესასწაული ხშირად ხომ არ არის, წელიწადში ერთია, ამიტომ ვფიქრობ, აუცილებელია გამორჩეულად ვხვდებოდეთ.

- თქვენი ბავშვობიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ახალი წელი გაიხსენეთ...

- ერთ ახალ წელს რომ გავიღვიძე, იმხელა თოვლი დამხვდა, არ ვჩანდით და მეზობლებთან მისასვლელად გვირაბები გავაკეთეთ. იმ დროს მესამე-მეოთხე კლასში ვიქნებოდი და ეს სამტრედიაში ხდებოდა. ჩვენთვის, ბავშვებისთვის ეს განსაკუთრებით სახალისო იყო.

- თვლით, რომ ჩვენს რეალობაში თოვლის ბაბუა სანტა-კლაუსმა ჩაანაცვლა?

- სანტა-კლაუსი სტუმარია, თოვლის ბაბუას თუ პაპას, საქართველოში ვერავინ შეცვლის. სანტა გვესტუმრება, თოვლის ბაბუა კი მასპინძლად დახვდება. ეს ქართული ტრადიციაა და ჩვენი წინაპრების პატივისცემა. დარწმუნებული ვარ, რომ წლები გავა და თოვლის ბაბუა მაინც დარჩება. ერთხანს, განსაკუთრებით 90-იან წლებში, მანქანაში რადიოს რომ ჩართავდი, სულ უცხოური სიმღერები ისმოდა, მერე ნელ-ნელა გადაიარა ამ პერიოდმა და ქართული სიმღერები წამოვიდა წინა პლანზე. ახლაც ასეა. ახალგაზრდობაც ქართულ სიმღერებს მიუბრუნდა და ეს ძალიან მიხარია. ჩვენი ტრადიციები არ არის დასაკარგი, რამეთუ მსოფლიოში გამორჩეულია. მოხარული ვიქნები, თუ შვილებსა და შვილიშვილებს ჩვენი ერის წარსულსა და ტრადიციებს უკეთ ვასწავლით.

fhdjd-1640863029.jpg

- ბატონო ვანო, როგორ შეაფასებთ 2021 წელს?

- 2021 წელი, 2020-თან შედარებით უკეთესი გამოდგა. თეატრალური ცხოვრების თვალსაზრისით თუ განვიხილავთ, საინტერესო ამბები მოხდა. კულტურის მინისტრის ინიციატივით, დაფინანსდა და განხორციელდა არაერთი პროექტი და კონკურსი, მოვიარეთ სრულიად საქართველო. ბევრი სპექტაკლი ვითამაშეთ როგორც სხვადასხვა თეატრში, ისე სახლ-მუზეუმებსა და სკვერებში. ამ პროექტმა გაამართლა და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელსაც ასე იქნება. რაც შეეხება თელავის თეატრს, რამდენიმე საინტერესო პრემიერა შედგა, რომელიც დღევანდელობას, პანდემიის პერიოდის გამოხმაურება იყო. ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლში "როცა ძალიან მოგენატრები", მე და პაატა გულიაშვილმა ვითამაშეთ. გოჩა ჩაკვეტაძემ დადგა "გაჭედილები", რომლის მოქმედება პანდემიის დროს ლიფტში ვითარდება. თემურ ხუნაშვილმა დადგა "სისხლიანი ქორწილი თელავში", რომელიც ზაირა არსენიშვილის არაჩვეულებრივი რომანის "ვა, სოფელოს" მიხედვით შეიქმნა. მოკლედ, ძალიან აქტიური წელი გვქონდა და საერთოდაც, ვთვლი, რომ ქართულ თეატრში საინტერესო პერიოდი დაიწყო.

- წელს მართლაც არაერთი თეატრალური პროექტი, გასტროლი დაფინანსდა, ასევე თეატრმცოდნეებს მიეცათ შესაძლებლობა რეცენზიები წერონ და გარკვეული ანაზღაურება მიიღონ. ამ დარგის ფინანსურმა წახალისებამ, წელს იმდენი რეცენზია გააჩინა, რაც ბოლო წლებში ერთად არ დაწერილა...

- ასეა და მახარებს ეს ფაქტი. ქალბატონმა მინისტრმა ეს საკითხი წესრიგში მოიყვანა. მივესალმები, რომ ყველა სპექტაკლის განხილვა ხდება. რეცენზია ყოველთვის მნიშვნელოვანია თეატრისთვის. უწინ, მთელი სულითა და გულით ველოდით ამგვარ გამოხმაურებებს. ეს თუ დაიკარგა, თეატრი უკან-უკან წავა, ამიტომ ვთვლი, რომ თეატრმცოდნეებისა და სამინისტროს მხრიდან, დროულად მოხდა ამ საკითხის წინა პლანზე წამოწევა და ყურადღების გამახვილება. სამინისტრომ შექმნა სპეციალური ფონდი, რომლის მიხედვით რეცენზიები ფინანსდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ამ დარგის წარმომადგენლებისთვის, ისე ჩვენთვის - მსახიობებისა და რეჟისორებისათვის.

- პანდემიის გამო, არაერთი პრემიერა გადაიდო და პერიოდულად, სპექტაკლების წარმოდგენა ფერხდება. დღემდე ასეა. ამ თვალსაზრისით თქვენთან რა მდგომარეობაა?

- ბევრი რამ მოხდა, ჩვენც გვქონდა ის პერიოდი, უცბად ყველა რომ ცუდად გახდა. ერთი არაჩვეულებრივი არტისტი, ზურაბ ლომიძე დღემდე ებრძვის სიკვდილს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ როგორღაც გადავარჩინოთ. კორონა თითქმის ყველამ მოიხადა: მეც, ჩემმა მეუღლემაც... მიუხედავად ყველაფრისა, ნაყოფიერი წელი იყო. პაატას ძალიან საინტერესო პროექტები აქვს და ვფიქრობთ, ნელ-ნელა განვახორციელებთ.

- რომ იცოდეთ, 1 სურვილის ჩაფიქრების საშუალება გაქვთ, რომელიც აუცილებლად ახდება, რას ინატრებდით 2022 წლისთვის?

- ეჰ, ბევრი მაქვს ჩასაფიქრებელი... თუ გლობალურად მივუდგებით და ჩვენ ხვალინდელ დღეზე ვიფიქრებთ, ვისურვებდი, რომ ერთ დღეს სასწაული მოხდეს, ყველა ყველას ეფერებოდეს და ბედნიერი იყოს. ცხოვრება ხომ წუთია, წუთია წუთისოფელი. ამას ახალგაზრდა ადამიანი ვერ ხვდება და ჰგონია, რომ სიკვდილამდე დიდი გზაა, არადა, სულაც არ არის ასე. ამ ძალიან მოკლე მანძილზე ერთმანეთის ყოფის შემსუბუქებისთვის, მოფერებისა და გულში ჩახუტების გარდა, მთავარი არაფერია და ვერც ვერასდროს იქნება. ამას ვერც ფული აჯობებს, ვერც თანამდებობა და ვერც პოლიტიკური ამბიციები. ამიტომ, ჩემს ქვეყანას, ჩემს საქართველოს, ჩემს ჯიშსა და ჯილაგს ვუსურვებდი, ეს გააცნობიეროს და მიხვდეს, რომ სიკეთით ვიცხოვროთ და ერთმანეთი გვიყვარდეს.

ანა კალანდაძე