ალმოდებული ნაძვის ხე და თოვლის ბაბუის ნაფეხურები
მომავლის იმედი, სიხარული, კარგი განწყობა, საჩუქრები, ნაძვის ხე, თოვლის ბაბუა... ეს ახალი წელია თავისი ჯადოსნური ამბებით. ბავშვობაში სასწაულების უფრო გულწრფელად ალბათ იმიტომ გვჯერა, რომ თავად ვართ გულწრფელები.
ახალი წლის ღამეს სასწაული ყოველთვის ხდება, მით უმეტეს მაშინ, ჩვენს სურვილებს ფურცლებზე თუ ჩამოვწერთ და თოვლის ბაბუას გავუგზავნით. ჩემი რესპონდენტები ასე მოიქცნენ, მათ ყველა სურვილის ასრულებას ვუსურვებ!
ჯიმის უჩვეულო ახალი წელი და ორი წერილი თოვლის ბაბუას
- ბავშვობაში თოვლის ბაბუისთვის წერილი მიგიწერია?
ჯიმი აბესაძე:
- არ მახსენდება, დამეწეროს, მაგრამ ჩემი და სწერდა. ახლა, ამ ასაკში თოვლის ბაბუის ნაკლებად მჯერა, მაგრამ ბავშვობაში ეს კაცი ძალიან მიყვარდა. მაშინ ის ერთადერთი იყო, სანტა-კლაუსი არ არსებობდა. ემიგრანტი მშობლები მყავდა, ალბათ ისინი იყვნენ თოვლის ბაბუაც და ყველანაირი ბედნიერების საბაბიც. თოვლის ბაბუას, რომელიც ჩემთან მოდიოდა, საჩუქრებს დედა ატანდა. ჩემს დას, რომელიც ჩემზე პატარაა, ამ ზღაპრული არსების სჯეროდა, მე უკვე დიდი ბიჭი ვიყავი და გულში მეცინებოდა. ვიცოდი, ჩემი თოვლის ბაბუა ვინც იყო.
- თავად თოვლის ბაბუა ალბათ, არაერთხელ ყოფილხარ.
- შარშანდელ ამბავს გავიხსენებ. ტელევიზიაში თოვლის ბაბუის ფორმა მეცვა, გადაღებისთვის იყო საჭირო. ჩაწერა რომ დასრულდა, აღარ გამოვიცვალე და სახლში ასე წავედი. თოვლის ბაბუა მანქანით რომ მივდიოდი, კი "მიტყდებოდა", მაგრამ...
- უბანში რომ მიხვედი, მეზობლების რეაქცია როგორი იყო?
- ზოგიერთმა ვერ მიცნო. ეგონათ, ვიღაც ბაბუა, სადღაც გამოძახებაზე მიდიოდა. რამდენიმემ მომაძახა; ჯაბოვიჩ, როგორ ხარო? პირველად შვილებთან მივედი. უფროსი მიხვდა, მამა იქნებაო, მაგრამ სანდრიკო პატარაა და რომ დამინახა, შეეშინდა. შემდეგ მთელ კორპუსში ის ოჯახები ჩამოვიარე, სადაც ბავშვები ჰყავდათ. ეს ყველაფერი 29 დეკემბერს ხდებოდა.
- ბავშვების ემოცია როგორი იყო, გამორჩეულად რა დაგამახსოვრდა?
- ერთ ოჯახში 4 ბავშვი დამხვდა, მომცვივდნენ და ზოგი შარვალს მაძრობდა, ზოგი წვერს მწიწკნიდა, ცუდ დღეში ჩამაგდეს. გულში ვამბობდი, - რა გინდოდა, სად მოდიოდი-მეთქი. ბოლოს წვერი რომ ჩამომგლიჯეს და მიხვდნენ, ნამდვილი თოვლის ბაბუა კი არა, მათი მეზობელი ვიყავი, უფრო აგრესიულები გახდნენ. საოცარი დღე მქონდა. წელსაც იმავეს გავაკეთებ, მერე რა, რომ ზოგიერთმა ძალიან გამაწვალა, ბევრმა ხომ დაიჯერა და ბედნიერები იყვნენ.
- ახლა თოვლის ბაბუას რას მისწერ?
"ძვირფასო თოვლის ბაბუ!
პირველ რიგში, იმას გთხოვ, რაც ყველაზე მეტად მინდა, პლანეტაზე მცხოვრები ყველა ადამიანი ჯანმრთელად ამყოფე, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა. ჩემთვის მხოლოდ ერთი სათხოვარი მაქვს, როგორც ახლა ვგრძნობ ოჯახში თავს, მინდა სულ ასე ვიყო. შემოსავალი არც ამაზე მეტი მინდა და არც - ნაკლები, ზომიერება მირჩევნია. ჰო, ახალი წლის ღამეს კანფეტებიც გამიხარდება.
დიდი სიყვარულით, ჯიმი ჯაბას ძე აბესაძე".
- ამხელა კაცი ისევ კანფეტებს როგორ სთხოვ?
- ბავშვობაში რაც მინდოდა, ყველა სურვილი ავიხდინე. ეკრანზე ყოფნა მსურდა და ესეც მოვახერხე. თოვლის ბაბუას მეორე წერილსაც მივწერ, შეიძლება?
- რა თქმა უნდა!
"ზღაპრულო არსებავ!
რა იქნება, მოახდინე სასწაული, ახალი წლის ღამეს მოდი ჩემთან. ამჯერად საჩუქარი არ მინდა, მხოლოდ ერთი წინადადება ჩამჩურჩულე: "ილონ მასკი შენი მამიდაშვილია" - ძალიან გამახარებ".
- მთელი წლის განმავლობაში კარგად იქცეოდი?
- კი, მაგ მხრივ სასაყვედურო არაფერი მაქვს. ყოველთვის ვცდილობ, გული არავის ვატკინო.
- ახალ წელს უჩვეულო გარემოში შეხვედრიხარ?
- სტუდენტობის წლებში, ბაღდადში ბებია-ბაბუასთან ჩავედი. იმ ახალ წელს ისეთი ადამიანის ოჯახში შევხვდი, იქ არც მანამდე და არც მის შემდეგ აღარ ვყოფილვარ (იცინის). ეს ყველაფერი არ არის: გამთენიისას სახლში ისეთმა ადამიანმა მიმიყვანა თუ მიმიტანა, რომ მოვფხიზლდი, ბაბუამ ლამის მომკლა, იმ კაცს ჩემს ოჯახში რა უნდოდაო?
- მეკვლედ გეპატიჟებიან?
- საკუთარი ოჯახის მეკვლე ვარ. დაველოდოთ, თანდათან პოპულარული ვხვდები და შეიძლება ბევრი შემოთავაზებაც მივიღო. სამსახურიდან გამომდინარე, შინ ყოფნას ვერ ვახერხებ (ყოველთვის მინდოდა, ამ სიტყვების თქმა და ეს დროც დადგა). წელს გიორგი გაბუნია 31 დეკემბერს ცეკვავს და მას უნდა ვუგულშემატკივრო. შეიძლება ითქვას, ამ მხრივ გამორჩეული ახალი წელი მექნება.
"ფეხბედნიერი მეკვლე ვარ"
გია ჯაჯანიძე:
- წერილი მივწერო? ახლა, ამ ასაკში?
- "სჯობს გვიან, ვიდრე - არასდროს".
- სიმართლე გითხრათ, თოვლის ბაბუის არსებობის არ მჯეროდა.
- ამ თემაზე თანატოლებთან ლაპარაკობდით?
- პირდაღებული ვუყურებდი, მათ როგორ სჯეროდათ, ამიტომ სიმართლეს არ ვუმხელდი. ჩემი შვილებისთვის თოვლის ბაბუის შესახებ ტყუილი არ მითქვამს. ყოველთვის ვეუბნებოდი, ის უცხო ადამიანია, რას გაიგებს. ამიტომ რაც გინდათ, მე მითხარით, თქვენი თოვლის ბაბუა მე ვიქნები-მეთქი.
- წარმოიდგინეთ, ეს ზღაპრული არსება მართლაც არსებობს და სურვილებს ასრულებს. ახლა რას მისწერდით?
"თოვლის ბაბუ!
არანაირი საგანი, მატერიალური ნივთი არ მინდა. ძალიან გთხოვ, ყველანი ჯანმრთელად გვამყოფე. იქნებ შთააგონო ადამიანებს, რომ იყვნენ კეთილები, ერთმანეთს არაფერი დაუშავონ, სიყვარული იყოს ჩვენ შორის და არა - შური, მტრობა. მილიონერებს და მილიარდერებს შთააგონე, ყველას გაუნაწილონ. ეს ჩემი გულწრფელი სურვილია.
ასეთ რაღაცებს სხვებთან ნაკლებად ვამბობ, ერთი-ორმა მითხრა, ეს რა რიტორიკააო. ადამიანებს სიკეთისკენ რომ მოვუწოდებ, ბედნიერებისკენ, უკვე რიტორიკა ჰგონიათ. სამწუხაროდ, დედამიწაზე ასეთი სურვილების გულწრფელობაშიც კი ეჭვი ეპარებათ.
გთხოვ, შემისრულე ეს სურვილები, მე მთელი წლის განმავლობაში ზედმეტად კარგად ვიქცეოდი".
- აი, ამ შინაარსის წერილს გავუგზავნი. შეიძლება ცოტათი უცნაური გამომივიდა, მაგრამ... ჩემს თანამშრომელს ეკითხებიან, - ჯაჯო მართლა კეთილია თუ იგონებს? ეს რომ ადამიანს თავში აზრად მოუვა, რაღა უნდა თქვა? ვიღაც ჩემზე ამბობს, უჟმური იქნებაო, არადა, სულ ვიღიმი, მაინც არ სჯერათ.
- ისეთი ახალი წელი თუ გახსენდებათ, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ უჩვეულო?
- ასეთი ჩემი ბავშვობის ახალი წელი იყო, მაშინ 4 წლის ვიქნებოდი. ნათესავმა გამოცვალა ნაძვის ხე. ჩვენ ძალიან ღარიბები ვიყავით და ეს პალასტმასის ნაძვი მოგვცა. უზომოდ ბედნიერი და აღტაცებული ვიყავი. მერა რა, რომ 4 თუ 5 სათამაშო მქონდა, ნაძვის ხეზე ფერადი კანფეტები დავკიდეთ. თოვლის ეფექტისთვის ბამბები დავაყარე და მოვრთე, როგორც შემეძლო. ეს იყო ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე, რომელიც ოდესმე მინახავს. ამ ამბავს გაგრძელება აქვს. მეზობელმა ერთი მაშხალა მაჩუქა, 12 საათზე გაუშვიო. 12 საათამდე ვერ მოვითმინე, გავისროლე ეს მაშხალა და ნაძვის ხეს ცეცხლი წაეკიდა. ვიდექი გულდათუთქული და ამ ცეცხლმოკიდებულ ნაძვის ხეს ვუყურებდი.
- ბავშვობაში მეკვლედ გეპატიჟებოდნენ?
- მხოლოდ ბავშვობაში? თქვენ არ იცით, ახლაც რა დღეში ვარ. ჩამოწერილი მაქვს სია და ბოლო ოჯახი, სადაც უნდა მივიდე, დილის 7 საათზე მაქვს ჩანიშნული. მთელი ღამე უნდა ვიარო, მივულოცო, ყველასთან ბედნიერება მივიტანო და თავადაც ბედნიერებით ავივსო. წარმატება გინდა? გათხოვება? ცოლის მოყვანა? ნაჩხუბარ შეყვარებულთან შერიგება? ფული? კარიერის აწყობა?.. ფეხბედნიერი მეკვლე ვარ.
- თქვენი მეკვლე ვინ არის?
- თავად ვარ. ვინმე რომ მოვიდეს და რაღაც ცუდი მოხდეს, იმას ხომ უნდა დავაბრალო, არ მინდა, ეს მოხდეს.
- წინასაახალწლო სამზადისში ერთვებით?
- ახალ წელს სტუმრად თუ მოხვალთ, მაწვნის "სუფს" მოგართმევთ. სახლი კი სულ მორთული და აბჟღვრიალებული მაქვს. ჩემთვის სიცოცხლის ყოველი წუთი დღესასწაულია.
ნუკის მიერ ინტერვიუებში ნათქვამი ტყუილები და საახალწლო სურვილი
ნუკი კოშკელიშვილი:
- ბავშვობაში ყოველ ახალ წელს, თოვლის ბაბუას წერილს ვწერდი.
- როგორი იყო ის შენს ბავშვურ წარმოდგენაში?
- პუტკუნა, საყვარელი, კეთილი, თეთრწვერა მოხუცი, რომელიც ყველა ბავშვს უსრულებს სურვილს. ჩემთან ზუსტად ის მოჰქონდა, რაც მსურდა. წერილის წერის დროს ვფიქრობდი, ნეტავ, წელს მართლა კარგად მოვიქეცი? საჩუქარს ვიმსახურებ? ბოლო ერთი თვე მართლაც კარგად ვიქცეოდი. თან ვფიქრობდი, იმ კაცს იმდენი საქმე აქვს, ჩემი ცუდად მოქცევა რაღას გაახსენდება-მეთქი?
- ბოლოს თოვლის ბაბუას წერილი როდის მისწერე, გახსოვს?
- არა, ეს ნამდვილად არ მახსოვს. თოვლის ბაბუის ზღაპარი ხომ წმინდა ნიკოლოზიდან მოდის, რომელიც ბავშვებს მფარველობს, ამიტომაც არის ეს დღესასწაული ასეთი პოზიტიური, ჩვენ ხომ ჩვენს ანგელოზებს ვთხოვთ კეთილდღეობას.
- ახლა რას მისწერ?
"ჩემო კეთილო თოვლის ბაბუ!
ძალიან მინდა, ყველანი ვიყოთ ჯანმრთელები და ბედნიერები. მატერიალური სურვილები არ მაქვს. თურმე ასაკი რომ გვემატება, მატერიალური სურვილები ისეთი მნიშვნელოვანი აღარ არის. თოვლის ბაბუ, გელოდები. ნუკი".
- მეკვლედ ყოფილხარ?
- სხვები არ მეპატიჟებიან, მაგრამ საკუთარი ოჯახის მეკვლე არაერთხელ ვყოფილვარ. წელსაც ასე იქნება, "ნიჭიერი" მიმყავს და შინ 12 საათის შემდეგ დავბრუნდები.
- ამერიკულ ახალ წელზე რას გვეტყვი?
- იქ ამ დღესასწაულს ნაკლებად აღნიშნავენ, რასაც ვერ ვიტყვით შობაზე. 31 იანვრის ღამეს 12 საათის მოსვლას არავინ ელოდება.
- წელს ახალი წლისთვის როგორ ემზადები?
- თანამშრომლებს დავპირდი, გოზინაყს წამოვიღებ-მეთქი და ახლა ვფიქრობ, ეს საკითხი როგორ მოვაგვარო, გოზინაყის მომზადება როგორ მოვასწრო.
- საოჯახო სამზადისში რამდენად ერთვები?
- ოჯახში ფუსფუსი ნამდვილად არ მხიბლავს, არც არასდროს მომწონდა, მაგრამ ადრე ინტერვიუებში ვამბობდი, - დიასახლისობა მომწონს, თეფშების რეცხვა მიყვარს-მეთქი. გასათხოვარი ვიყავი და ვფიქრობდი, რა იცი, ვინ წაიკითხავს-მეთქი (იცინის), ახლა თავი ქუდში მაქვს და ტყუილებიც აღარ მჭირდება. ნაძვის ხეს სხვა ვინმე რომ რთავს, ვუყურებ, მსიამოვნებს, მაგრამ თავად ესეც მეზარება.
საახალწლო სპექტაკლი და თოვლის ბაბუის ნაფეხურები
მარიამ სანოგო:
- ახალი წლის დღესასწაული ბავშვობიდან გამორჩეულად მიყვარს. თოვლის ბაბუას წერილებს ვწერდი, სურვილებს ოსტატურად მისრულებდა. მგონი 9 წლის ვიყავი, მისი არსებობის კიდევ რომ მჯეროდა და მიკვირდა, სხვა ბავშვებს ეჭვი რატომ ეპარებოდათ.
- ოჯახის წევრები ამ ზღაპრული წარმოდგენის შენარჩუნებას როგორ ახერხებდნენ?
- ძალიან დიდი ძალისხმევით. მარტივად რომ ვთქვა, ყოველ ახალ წელს ოჯახში სპექტაკლი იდგმებოდა. თოვლის ბაბუ იყო მოსული, რაღაც შეჭამა, ღვინო დაისხა, ამ ჭიქიდან მოსვა, საჩუქარი ბუხრიდან ჩამოაგდო, აი, იატაკს ნაფეხურებიც კი ამჩნევიაო... მოკლედ, ეს იყო დიდი წარმოდგენა. გარშემო არც ერთ ბავშვს რომ აღარ სჯეროდა, მე მის არსებობას არგუმენტებით ვამტკიცებდი.
- გთხოვ, წერილი ახლაც მისწერო.
- სიამოვნებით:
"თოვლის ბაბუ!
მე მარიამი ვარ, რომელსაც ბავშვობიდან უყვარხარ. ყველაზე დიდი სურვილი და ყველაზე ძლიერი, რაც ამ წუთში მაქვს, ეს მსოფლიოში პანდემიის დასრულებაა. არც კი ვიცი, ამაზე კარგი რა შეიძლება ვინატრო? სასწაულებს თუ ახდენ, გთხოვ, ეს დიდი სასწაულიც მოახდინე. წვრილმან სურვილებზე არ შეგაწუხებ, ამისთვის ვიშრომებ და თავად ვიზრუნებ - რაც გავიზარდე, ეს ისედაც ასეა".
- ახალ წელს როგორ ხვდები, რა ტრადიცია გაქვს?
- ყოველთვის შინ ვარ და ოჯახის წევრებთან ერთად ვხვდები. ერთი შემთხვევა იყო, როცა პროექტზე ვმუშაობდი, მაშინაც კი სახლისკენ გამოვიქეცი და 5 წუთით შემოვასწარი. 12 საათზე ერთმანეთს ვულოცავთ, მრავალჟამიერს ვუსმენთ და დილას საჩუქრების გაცვლით ვიწყებთ, წლის პირველ დღეს სიხარულით ვეგებებით.
- მეკვლედ გეპატიჟებიან?
- სხვასთან არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ოჯახში ჩემი ფეხი კარგად გვაქვს დაცდილი. მგონი, რაც დავიბადე, მას შემდეგ ოჯახის მეკვლე ვარ.
- 2021 წელი შენთვის როგორი იყო?
- სამსახურის მხრივ, საკმაოდ დატვირთული წელი მქონდა. ოჯახშიც ყველაფერი კარგადაა, ჩემი შვილი იზრდება და ყოველი დღე უფრო და უფრო საინტერესო ხდება.
- ბედნიერ 2022 წელს გისურვებ!
- გილოცავთ თქვენ და თქვენს მკითხველს, ყველანი ჯანმრთელად ვიყოთ და ბევრი სიხარული გვქონდეს!
თამუნა კვინიკაძე