"მუდმივად ვითხოვთ სიკეთეს ღმერთისგან, სამაგიეროდ კი არაფერს ვაძლევთ" - გზაპრესი

"მუდმივად ვითხოვთ სიკეთეს ღმერთისგან, სამაგიეროდ კი არაფერს ვაძლევთ"

მარკუს მეტრეველი თავს რისკიან ადამიანად მიიჩნევს, განსაკუთრებულად სძულს ტყუილი და რაკი ოპტიმისტია, სჯერა, რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება და მისი საახალწლო სურვილებიც ახდება. "ერთმანეთის სიყვარული - ეს არის მთავარი, რაც გადაგვარჩენს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც დღესდღეობით ყველაფერზე მეტად გვაკლია", - აღნიშნა საუბრისას.

- "ადამიანებად ჩვენ გვხდიან დედა და მამა, ადამიანურად კი - აღზრდა" (კარლ ვებერი).

- ზოგადად, მშობლებს ბავშვების სწორად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვით. მშობლების გარეშე მე ისეთი ადამიანი არ ვიქნებოდი, როგორიც დღეს ვარ. როდესაც თვითონ გავხდი მშობელი, გადავწყვიტე, მეც მათ მაგალითზე აღმეზარდა ჩემი შვილები და ასეც დავიწყე. სწორად აღზრდილი მშობლები არიან გარანტია იმისა, რომ შენ ბედნიერი ბავშვობა გექნება. ყველაზე მთავარი, რაც შვილებს უნდა ვასწავლოთ, ვფიქრობ, ადამიანობაა. ეს არის ჩემთვის მთავარი ღირსება და მერე მოჰყვება შლეიფად პროფესია, წარმატება, განვითარება.

- "კაცი ერთხელ რომ დაგპირდება და მოგატყუებს, შენი ბრალი არ არის, მისი ბრალია, ადამიანი ხარ და ენდე... მაგრამ, იგივე კაცი მეორედაც რომ დაგპირდება და ისევ მოგატყუებს, ეს მხოლოდ მისი ბრალი არა, შენი ბრალიცაა. ხოლო მესამედ და მეოთხედაც თუ მოგატყუა, ან ტუტუცი ბრიყვი ხარ, ან იყიდები და გაწყობს, რომ თავი მოიტყუო" (ოტია იოსელიანი).

- აბსოლუტურად ვეთანხმები ამ გამონათქვამს. რაც შეეხება ტყუილს, ზოდიაქოთი ვერძი ვარ და როდესაც საქმე ტყუილს ეხება, რადიკალური მიდგომა მაქვს. ვინმე თუ მატყუებს, ის ავტომატურად მძულს, რადგან ადამიანი თუ ამას ერთხელ შეეცდება, შემდეგშიც გაიმეორებს. რა თქმა უნდა, მეგობრებისგან მომისმენია მსუბუქი ტყუილები, რაც არაფერს გავნებს. ზოგჯერ ასეც ხდება, მაგრამ როდესაც მიზანდასახულად გატყუებენ, რომ რაღაც გაგიფუჭონ და გავნონ, ეს უკვე სიბოროტეა. ვცდილობ, არც თავი მოვიტყუო და არც სხვა მოვატყუო. ზოგჯერ შეგნებულად მიწევს თავის მოტყუება, რადგან სხვანაირად შეუძლებელი ყოფილა ურთიერთობის შენარჩუნება და გადარჩენა.

- "ფარისეველო, გაუტანელო, სხვასთან თავმხრელო, შინ ორმოს მთხრელო, ნაგავის მყრელო, შენ ჭრელო გველო, რამ შეგაძულა, სთქვი, საქართველო" (აკაკი წერეთელი).

- რა ღრმა სიტყვებია, მრავლისმთქმელი. ჩემთვის საქართველო არის ხატება. მეგობრებმა, ვინც კარგად მიცნობს, იციან ჩემი ასეთი დამოკიდებულების შესახებ. საქართველო არის ამოუცნობი და ყოველთვის მიუწვდომელი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა აქ ვცხოვრობ, მაინც მენატრება. რადგან ბავშვობისას დავტოვე ჩემი ქვეყანა და წავედი ემიგრაციაში, სადაც 20 წელი გავატარე, ჩემი სურვილი და მიზანი ყოველთვის დაბრუნება იყო. შესაბამისად, როდესაც საქართველოს ლანძღავენ და საშინელი სიტყვებით მოიხსენიებენ ქართველებს, ეს ჩემთვის მიუღებელია. სამშობლოს სჭირდება მოფრთხილება და ლოცვა. ვფიქრობ, ემიგრაციამ უფრო გაამძაფრა და გააასმაგა პატრიოტული განცდები. ემიგრაცია გასწავლის, როგორ უნდა შეიყვარო და დააფასო შენი ქვეყანა; გასწავლის, როგორი მნიშვნელოვანი ხარ მისთვის, ხოლო იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობ და რომელსაც ემსახურები, როგორი მეორეხარისხოვანი ხარ.

- "თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ, ფსიქიატრს მიმართეთ" (ჩერჩილი).

- გამეცინა ჩერჩილის ამ სიტყვებზე. არასდროს მითქვამს, აპოლიტიკური ვარ-მეთქი. პოლიტიკა, რა თქმა უნდა, მაინტერესებს, რადგან ჩემთვის სულერთი არ არის ქვეყნის ხვალინდელი დღე, განვითარება. ამ ქვეყნის შვილები ვართ და გვაინტერესებს, საით მიდის საქართველო და როგორი მომავალი ექნება. პოლიტიკოსები არ უნდა გვიყვარდეს, მაგრამ როდესაც გყავს მეორე ნახევარი და ის პოლიტიკოსია, ეს კიდევ სხვა ამბავია. ამ ეტაპზე სწორედ ასე ვარ, მყავს მეორე ნახევარი, რომელიც იყო პოლიტიკაში, საკმაოდ ჭკვიანი, გაწონასწორებული და შემდგარი ადამიანია და ნამდვილად არ მჭირდება ფსიქიატრი... თუ ვინმე გიჟია, პოლიტიკოსი შეუყვარდება თუ არა, რაღა მნიშვნელობა აქვს.

- "თუ ზურგს უკან გაფურთხებენ ე.ი. თქვენ წინ ხართ" (კონფუცი).

- მთავარია, ჩემი სახელი და გვარი ახსენონ სწორად, თორემ ჩემს ზურგს უკან რას იტყვიან, ეს ნაკლებად მაინტერესებს. ღმერთმა დამიფაროს, ჩემზე აღარ ილაპარაკონ ან ცუდი, ან კარგი. როდესაც შენზე ჭორაობენ და ქილიკობენ, ესე იგი, არ აქვთ იმის შნო და ძალა, მოვიდნენ და სათქმელი პირში გითხრან. შესაბამისად, ეს ადამიანები დარჩებიან ზურგს უკან, მათი ადგილი ყოველთვის იქ იქნება. ეს შურის გამო ხდება, არშემდგარი ადამიანები არიან და ამიტომ ხარ მუდმივად მათი განხილვის ობიექტი. სულ ენდომებათ შენ გაგიტოლდნენ და გაგისწრონ. ამას ვერ ახერხებენ და რაკი სხვა არაფერი შეუძლიათ, გლანძღავენ.

- "კაცები მოწყენილობის გამო ქორწინდებიან, ქალებს ინტერესი აწუხებთ, ბოლოს კი ორივე იმედგაცრუებული რჩება" (ოსკარ უაილდი).

- ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. ახლა, როდესაც მიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება, მე ვარ აბსოლუტურად ჩამოყალიბებული. დაქორწინება მინდა არა მოწყენილობისგან თავის დასაღწევად, არამედ იმიტომ, რომ მასთან ერთად უფრო გავიხალისო და გავიბედნიერო ჩემი ყოველდღიურობა. მეორე ნახევარი გჭირდება იმისთვის, რომ თავგადასავლები, რომლებიც წინ გელოდება, მასთან ერთად გაიარო. როდესაც გყავს პარტნიორი, გიყვარს და უყვარხარ, ბუნებრივია, ბოლო ნაბიჯი ერთად ცხოვრების, დაოჯახების გადაწყვეტილებაა.

- "ვერასოდეს დაინახავ ქალში მეგობარს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის შიშველია" (კანტი).

- რა საინტერესოა. ჩემი რჩეული, იმავდროულად, ჩემი ძალიან კარგი მეგობარიცაა, მაგრამ როდესაც მე მას ვხედავ შიშველს, ვერასდროს ვუყურებ მეგობრული თვალით. მართალია კანტი, რთულია მეგობრული თვალით შეხედო მშვენიერებას...

- "მიუთითე საყვარელ მამაკაცს ნაკლზე და მოსისხლე მტერს შეიძენ" (დოროთი პარკერი).

- თუ მიმითითებენ ნაკლზე, გული მეტკინება, მაგრამ ვეცდები გამოვასწორო. მისი მტერი ნამდვილად არ გავხდები, მაგრამ ჩემთვის საყვარელმა ადამიანმა უნდა მიმითითოს, რომ მივიღო შენიშვნა; დარწმუნებული უნდა ვიყო მის კეთილგანწყობასა და სიყვარულში. ყველაზე ხშირად მსაყვედურობენ იმის გამო, რომ ძალიან ფიცხი ვარ, მალე ვბრაზდები და ვერ ვიმორჩილებ ნერვებს.

- "თავის თავზე დიდი წარმოდგენა მოკლე ჭკუის ერთ-ერთი ნიშანიაო" (სოფოკლე).

- მხვდებიან ასეთებიც. საერთოდ, მიყვარს ადამიანები, რომლებმაც იციან თავიანთი ფასი, მაგრამ ამ ყველაფერს სხვებს არ ახვევენ თავს და ქედმაღლურად არავის უყურებენ, თავმდაბლობით გამოირჩევიან. არ უნდა იყო გაყოყოჩებული, სხვას არ უნდა აკნინებდე, ეს დაბალი დონის მანიშნებელია. ყოველდღე მაქვს შეხება ასეთ ადამიანებთან, ვუსმენ და ვაკვირდები მათ და ვცდილობ, იმ დროს ვეკონტაქტო, როდესაც ამ "სიდიადეს" გადალახავენ და უფრო ადამიანურები გახდებიან. ვერძი ვარ და ზოგჯერ მეც მახასიათებს ასეთი რამ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, დავაბალანსო.

- "რაც უფრო ცოტა მჭირდებოდა, მით უკეთ ვგრძნობდი თავს" (ჩარლზ ბუკოვსკი).

- საკუთარ თავზე ვერ ვიტყვი, რომ ასეა, რადგან ჯერ მარტო ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ცოტას ვერ ვიმყოფინებ. ჩემს შემთხვევაში, მგონი პირიქითაა, ყველაფერი მჭირდება მსუყედ. მცირე რესურსით ვერაფერს მიაღწევ ამ პროფესიაში.

- "ზურგში დანას სწორედ ისეთი ადამიანი ჩაგცემს, რომლისთვისაც მზადა ხარ, საფრთხის შემთხვევაში, "მკერდი მიუშვირო" (ელჩინ საფარლი).

- ეს არ მიკვირს, იესო გავაკარით ჯვარზე და ამის შემდეგ რაღამ უნდა გაგვაკვირვოს? ჩემს ცხოვრებაშიც მომხდარა მსგავსი რამ და მიუხედავად იმისა, რა მძიმე და ტრაგიკულიც იყო ეს, მაინც ადამიანურად მიმაჩნია. მე კი არაფერი ადამიანური არ მაკვირვებს. უღალატიათ და მიპატიებია კიდეც ან რა უფლება მაქვს, არ ვაპატიო? თუმცა, ისევ ისეთი ურთიერთობა აღარ გვქონია.

- "მდაბალ გრძნობათაგან ყველაზე უმდაბლესია შიში" (შექსპირი).

- რისკზე წავსულვარ, მაგრამ არ შემშინებია. მე კარგად ვიცნობ საკუთარ თავს და ვიცი, რა მინდა. არაფრის მეშინია, უბრალოდ არის რისკები, მე კი ძალიან რისკიანი ვარ, რადგან ვიცი, თუ არ გავრისკავ, შამპანურსაც ვერ დავლევ.

image-6483441-1-copy-1640863658.jpg

- "ნატვრის უნარიც კი დაგვკარგვია, მოდი და წყალი ნუ წაგიღებს ამისთანას. სხვა რა გზაა? სხვა გზა ის არის, რომ ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუგულადოთ და ამისთვის ღონე ღონეს გადავაბათ, მხარი მხარს მივცეთ, ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ და ამ წინდებულს ახალს წელიწადს იმას ვაქმნევინებთ, რაც ჩვენ გვინდა და არა იმას, რაც მასა ჰსურს. ვიმხნეოთ ერთად-ერთის გულით, ერთის სულით, ერთმანეთის ნდობით. ვინც მხნეა, ის ძლიერია. მაშ, "მხნე იყავ და განძლიერდი" - აი, ჩვენი საახალწლო მოლოცვა, ჩვენი საახალწლო ნატვრა" (ილია ჭავჭავაძე).

- ჩემი ყოველი დღე იწყება ნატვრით და ოცნებით, დადებით ენერგეტიკას ვგზავნი და ის აუცილებლად მიბრუნდება უკან. ჩემი ნატვრაა, საქართველო და ქართველები ვიყოთ ერთიანები და სიყვარულით სავსენი. თუ ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა, ვერც პანდემია, სხვათა შორის. მინდა, 2022 წელს არც ერთ ოჯახში არ იყოს უბედურება და ტკივილი, არავის შიოდეს, არავის სციოდეს, ხვავი და ბარაქა, სიყვარული იყოს ყველა ჩვენგანის სახლში, გაერთიანებული საქართველო ვნახო - ეს არის ჩემი ოცნება.

- "თუ ერთმანეთს ხელი გავუწოდეთ, სასწაულები მოხდება და შობის დღე მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება" (ჯანი როდარი).

- ზუსტად არის ნათქვამი, თანადგომა მნიშვნელოვანია. ჩვენ მუდმივად ვითხოვთ ყველა სიკეთეს ღმერთისგან - ახალ მანქანას, სახლს, ჯანმრთელობას, წარმატებებს, იღბალს, ოღონდ სამაგიეროდ არაფერს ვაძლევთ. არადა, ღმერთია თვითონ სიყვარული და თუ მას ვემსახურებით, ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდ გარკვეული გამოცდების შემდეგ. თუკი ამდენ რამეს ვითხოვთ, მასზე ფიქრს მეტი დრო რომ დავუთმოთ და მადლობა ვუთხრათ ყველაფრისთვის, რომ ჩვენც ვალში არ დავრჩეთ, ხომ შესაძლებელია? მაგრამ ამის დრო, სამწუხაროდ, არავის გვაქვს...

ნინო ჯავახიშვილი