"ფულს არ ვიღებ: მივდივარ, ვჭამ, მოვდივარ..." - გზაპრესი

"ფულს არ ვიღებ: მივდივარ, ვჭამ, მოვდივარ..."

"კომედი შოუს" მსახიობი - თემო ნიქაბაძე რეალურ ცხოვრებაშიც მხიარული ადამიანი გახლავთ. პოზიტიური დამოკიდებულების გამო ფინანსებთან დაკავშირებულ კრიზისულ პერიოდებსა და სხვა ტიპის პრობლემებსაც იოლად უმკლავდება. მონდომებისა და მიზნისკენ სწრაფვის შედეგად დღეს თემოს ისეთი სამსახური აქვს, როგორზეც ოცნებობდა...

- ფულის საჭიროება მაშინ უფრო გავიაზრე, როცა საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი, რადგან მანამდე იმერეთში (ფარცხანაყანევში) ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი და საკვების საკითხი არ მეხებოდა - შინ ყოველთვის გამზადებული საჭმელი მხვდებოდა. როცა მარტო ცხოვრება დავიწყე, მაშინ გავიაზრე, რომ ცხოვრებისთვის ფული საჭიროა.

- თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლისას შემოსავალი გქონდა?

- თავდაპირველად - არა. შემდეგ ტელევიზიაში სტაჟირება გავიარე. მერე, როცა სამსახურში ოფიციალურად ამიყვანეს, შემოსავალიც გამიჩნდა. მეხუთე წელია, ტელევიზიაში ვმუშაობ. დამატებითი სამსახური არ მქონია. ვეცადე, მაგრამ დატვირთული რეჟიმის გამო ისეთი დაღლილი ვიყავი ხოლმე, რომ დამატებით სხვაგან მუშაობას ვერ ვახერხებდი.

- პირველი ჰონორარი რაში დახარჯე, თუ გახსოვს?

- ბიჭებმა ხინკალი ვჭამეთ. კარგად დამამახსოვრდა - პირველ ჰონორარს სხვაგვარი მუღამი აქვს... ისეთი თანხაც არ მიმიღია, რომ რამე უფრო სერიოზული გამეკეთებინა (იღიმის).

- თავდაპირველად, შემოსავლის გარეშე როგორ ცხოვრობდი?

- მშობლები მეხმარებოდნენ, ასევე - ბიძა, რომელიც განსაკუთრებულად მგულშემატკივრობდა. როცა ადამიანი სხვა ქალაქში საცხოვრებლად მარტო გადადიხარ, ძალიან რთულია, ყველაფერთან გამკლავება დამოუკიდებლად შეძლო. ოჯახმა დიდი დახმარება გამიწია.

- თუ შეიძლება ითქვას, რომ დღეს ფინანსურად დამოუკიდებელი ხარ?

- დიახ, რადგან რამდენიმე წელია, ოჯახს თავად ვეხმარები, როგორც შემიძლია. ეს ძალიან მახარებს, მსიამოვნებს...

- ფინანსური დამოუკიდებლობის პერიოდში კრიზისი შეგქმნია?

- კი, რა თქმა უნდა, რადგან ეგ დრო ყველას ცხოვრებაში დგება. მით უმეტეს, როცა ქირით ცხოვრობ, ასეთი შემთხვევა უფრო ხშირია. მსგავსი პრობლემები თავდაპირველად უფრო მქონდა. მერე, ასე თუ ისე, სიტუაცია დალაგდა და ნელ-ნელა კიდევ უფრო ლაგდება... საერთოდ, ვცდილობ, ყველა უარყოფით საკითხს დადებითად მივუდგე. მეგობრების დახმარებით და ჩემი რწმენითაც, რომ ყველაფერს დადებითად უნდა შევხედო, "ჩავარდნებს" ვამარცხებ, რა...

- როგორ ფიქრობ, ფულს ჭკვიანურად ხარჯავ?

- არა მგონია, მაგრამ ცუდადაც არ ვხარჯავ - "ტრაშუნა" არ ვარ (იცინის). ფულს გონივრულად ვიყენებ, მაგრამ უფრო ჭკვიანურად გამოყენებაც შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, ვახერხებ, რომ ოჯახსაც დავეხმარო და ცოტათი მეც წამადგეს.

- შენი შემოსავლის ძირითადი ნაწილი რაში იხარჯება?

- ჭამასა და ტაქსით მგზავრობაში. მარტო ვცხოვრობ. კერძების მომზადება არ ვიცი. საკვების გამოძახების სერვისით ხშირად ვსარგებლობ. სამსახურში მისვლა-მოსვლისთვის ტაქსის ვიყენებ.

- გაქვს სისუსტე, რაშიც თანხის გადახდა არასოდეს გენანება?

- ჰუდები ძალიან მიყვარს. თუ კონკრეტული ჰუდი მომეწონა, ბოლო 130 ლარი რომ მქონდეს, შეიძლება, ამაში დავხარჯო... ჰო, კიდევ შაურმა მიყვარს!.. მოკლედ, ეს ორი სისუსტე მაქვს.

- სოციალურ ქსელებში აქტიურობ. არ გიფიქრია, რომ შენი აქტიურობა შემოსავლის წყაროდ გექცია? საქმიან შემოთავაზებებს არ იღებ?

- შემოთავაზებები არის, მაგრამ ძირითადად მაჭმევენ - ფულს არ ვიღებ: მივდივარ, ვჭამ, მოვდივარ. ცოტა არ იყოს, უცნაური "ინფლუენსერი" ვარ. რომ მეტყვიან, ჩვენი ობიექტის შესახებ ინფორმაცია "სთორიზე" დადეო, რაღაცნაირად, ერთ "სთორიში" თანხის აღება მერიდება. უბრალოდ, თავიანთ პროდუქტს მაწვდიან, ვაგემოვნებ და თანხის გარეშე, სიუჟეტს აუცილებლად ჩემს "სთორიზე" ვდებ, რადგან ჭამა ისე მიყვარს, რომ ჩემი "თანხა" ეგ არის. ასე რომ, თუკი კვების ობიექტების წარმომადგენლები ამ ინტერვიუს კითხულობენ, მივმართავ: მაჭამეთ და თქვენი ობიექტის შესახებ სიუჟეტს "სთორიზე" დავდებ. ჩემი შეთავაზება ასეთია (იცინის).

- როგორ ფიქრობ, სამსახურთან დაკავშირებით გაგიმართლა?

- კი, რა თქმა უნდა, რადგან იოლი არ არის, ფარცხანაყანევიდან ტელევიზიაში მოხვდე და მუშაობა დაიწყო, მაგრამ ყოველთვის ვამბობ: რაღაც თუ გინდა და გიყვარს, მიზნის მიღწევა ყოველთვის შეიძლება. ახლა სადაც ვმუშაობ, ეს სამსახური ჩემთვის მართლა საოცნებო იყო. ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვარ, თავს კომფორტულად ვგრძნობ. რა თქმა უნდა, გამართლებაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული - მხოლოდ მონდომება არ კმარა: გარკვეულ სიტუაციაში უნდა გაგიმართლოს ადამიანს. მიხარია, რომ გამიმართლა.

- გვითხარი, ტელევიზიაში როგორ მოხვდი?

- "მანსანკანიდან": ჯერ სკოლის იუმორისტულ გუნდში ვთამაშობდი, შემდეგ ქუთაისის გუნდის ერთ-ერთ ხელმძღვანელს - ზაზა ლეჟავას მოვეწონე, რომელმაც ქუთაისის გუნდში - "იშვიათი იმერლები" გადამიყვანა. 2012 წლიდან იქ ვთამაშობდი. 2016 წელს საქართველოს ჩემპიონები გავხდით. ტელევიზიიდან შემოთავაზებაც იმ პერიოდში მივიღე. 2017 წლის 23 იანვრიდან "კომედი შოუში" მუშაობა დავიწყე.

- ტელევიზიაში სტაჟირების პერიოდზე მოგვიყევი: თავის დამკვიდრება გაგიჭირდა?

- რა თქმა უნდა, გამიჭირდა. უცებ აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებთან ერთად ვმუშაობდი, ვისაც მთელი ცხოვრება ტელეეკრანზე ვუყურებდი. მათი ქცევის, დამოკიდებულების შედეგად, სიტუაციას მალე შევეგუე, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა რთული იყო, ასეთ დროს მაქსიმალურად "გახსნილი" უნდა იყო. ამას გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ მათი დახმარებით, დღეს ბოლომდე "გახსნილი" ვარ: თუ რაღაც იდეები მაქვს, აღარ მერიდება და თავისუფლად ვამბობ.

- როგორც ვიცი, ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტზე სწავლობდი. ამ სფეროში მუშაობაზე გიფიქრია?

- არ მიფიქრია, მაგრამ ძალიან საინტერესო სფეროა. ვაპირებ, რომ ჩემი მშობლიური მხარე უფრო ავაყვავო: ფარცხანაყანევში ტურისტულ ცენტრს შევქმნი. გიდი თავად ვიქნები. ამ სოფელს სიახლეს შევძენ.

- ფარცხანაყანევში რა არის ღირსშესანიშნავი, ტურისტი როგორ უნდა მიიზიდო?

- ბევრი, უზღვავი ქვა გვაქვს (იცინის)... მერე, კიდევ იქნება რამე... ისე, საყვარელი სოფელია - კარგი ხალხი ცხოვრობს. ტურისტი რომ ჩამოვა, დახვდება კარგი ჭამა, კარგი დალევა, კარგი ქვები და რაც მთავარია, კმაყოფილი წავა... იდეები მაქვს. ვნახოთ, რა იქნება...

temo-2-copy-1641458841.jpg

- ოდესმე "სივი" გაგიგზავნია?

- არასოდეს. ალბათ ოდესმე ამის გაკეთება მომიწევს. ახლა დავფიქრდი: ჩემს "სივიში" რა უნდა ჩავწერო? ბევრი არაფერი მაქვს ჩასაწერი...

- თემო, დასაქმების მოსურნე ადამიანებს რას ურჩევ?

- თუ რაღაც გინდა, მონდომების შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია. წარმატებას ბევრი იმედგაცრუების შემდეგ აღწევს ადამიანი, რადგან, როგორც აღვნიშნე, 2012 წლიდან "მანსანკანის" შეჯიბრებაზე ბევრჯერ წაგვიგია, იმედგაცრუება განმიცდია, მაგრამ ვფიქრობ, ამან უფრო გაგვაძლიერა და 2016 წელს, ჩვენმა მონდომებამ შედეგი გამოიღო. ჩემი აზრით, ბევრ საკითხში ასეა: იმედგაცრუება თუ არ განიცადე, რაც უფრო მეტ მუხტს გაძლევს, შეიძლება, საქმე წარმატებულად არ წარიმართოს. ამიტომ ბოლომდე "მივაწვეთ" და ყველაფერი კარგად იქნება!..

ეთო ყორღანაშვილი