ილია მეორე 89 წლის გახდა - გზაპრესი

ილია მეორე 89 წლის გახდა

4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 89 წელი შეუსრულდა.

მართლმადიდებელ ერს სულიერი მამის დაბადების დღეს და მისი ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდს შევახსენებთ.

გთავაზობთ ამონარიდებს პატრიარქის არქივიდან:

ბავშვობა

"...მამას და ბიძას პურის საცხობი ჰქონდათ. პურს აცხობდნენ და იქ ცხოვრობდნენ. ჩრდილოეთ კავკასიაში გადადიოდნენ და იქიდან ჩამოჰქონდათ ხორბალი, სიმინდი... ერთხელ, ღამით, მამაჩემის ერთი ნაცნობი მოვიდა და გვითხრა: მოსკოვიდან მათი სია გამოგზავნეს, ვინც უნდა გავაკულაკოთ. თქვენც ამ სიაში ხართო. მშობლებმა დროებით დატოვეს საქართველო, ვლადიკავკაზში გადავიდნენ საცხოვრებლად და იქ იყიდეს სახლი. აი, ასე გადავედით ოსეთში...

მოგვიანებით მამაჩემმა შეიძინა მიწის ორი ნაკვეთი ჩვენს ქუჩაზე, ვლადიკავკაზში და იქ მოაწყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის სამლოცველო (ეს იყო მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ან მის უკანასკნელ წელს). ამ სამლოცველოში კარგი მოძღვრები მსახურობდნენ. მე ისინი ძალიან მიყვარდა; როდესაც ჩვენთან სტუმრად მოდიოდნენ და საკიდზე შესამოსელს ტოვებდნენ, ჩუმად შევიპარებოდი ხოლმე იმ ოთახში და ანაფორას ვიცვამდი. ღვთისმსახურებაზე მუდამ ამბიონთან ძალიან ახლოს ვდგებოდი ხოლმე, რადგან დიაკონი აღსავლის კარში როცა შევიდოდა, მის შესამოსელს შევხებოდი. მაშინ 10-12 წლისა ვიყავი. აი, როგორ ოჯახში ვიზრდებოდი. ამან განაპირობა ჩემი ცხოვრების გზა..."

ბერად აღკვეცა

"მე მაშინ აღვიკვეცე, როდესაც ბერობა ილეოდა საქართველოში. მახსენდება ის დღე, როცა წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელი მეწოდა. საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი მაშინ უწმინდესი და უნეტარესი მელქისედეკი ბრძანდებოდა. მან მეუფე ზინობს დაურეკა და უთხრა: "დღეს თქვენთან სტუდენტი მოვა და აღკვეცეთ ბერად". სხვა არაფერი უთქვამს. ჩემი აღკვეცა წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში შედგა. დიდი მარხვის ბოლო კვირა, ვნების შვიდეულის სამშაბათი იყო. ჩემს აღკვეცას არ ესწრებოდა არც ერთი ქართველი. აი, ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა იმ დროს საქართველოს ეკლესია. ერთ-ერთმა სასულიერო პირმაც იგივე მითხრა: თქვენ რომ ჩაიბარეთ საქართველოს ეკლესია, მას სუდარა ჰქონდა გადაფარებულიო. გარეგნულად თითქოს მართლაც ასე იყო, მაგრამ ზეციური საქართველოს შემწეობა ცხოვლად იგრძნობოდა, ყოველთვის ასე იყო, ასეა დღეს და ასე იქნება კვლავაც. ზეციური საქართველოს, ჩვენი დიდი წინაპრების, ზეციური მხედრიონის ლოცვა-ვედრება ჩვენი ეკლესიის ძლიერების აღსადგენად ღმერთმა შეისმინა..."

"ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა", - ასე იხსენებდა ერთ-ერთ ქადაგებაში პატრიარქი ილია მეორე თავის ბავშვობას...

გიორგი შიოლაშვილი შვილებს თავიდანვე ეკლესიურ გარემოში ზრდიდა. ოჯახი წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. უკვე ბერად შემდგარ შვილს მამა სიყვარულითა და მოწიწებით სავსე წერილს უგზავნის:

"სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. მოკითხვა და გამარჯვება მამა ილიას, აწ ჩემს შვილს ირაკლისა. ყოვლადშემძლესა ღმერთსა ვსთხოვთ შენს ჯანმრთელად სიცოცხლეს, რომ შენი გული იყოს მუდამ გახარებული. ამაღამ წმინდა ნინოობაა, შეგეწიოს და დაგეხმაროს. ირაკლი, ჩვენი დარდი ნუ გექნება, ჩვენ სუყველანი კარგად ვართ. გიმეორებ, ჩვენ არაფერი გვიჭირს რა, შენ გადი იოლასა, იყავი კარგა, ღმერთი იყოს შენთან მუდამ. ჩვენს წუთისოფელში ცხოვრება სიზმარია. გწერს გაგაი, კიდავ და კიდავ, ღმერთი იყოს შენთანა. მამა".

ნინოობის დღესასწაულზე ილია მეორეს დედა სწერს: "მოკითხვა ჩემს საყვარელ და ძვირფას შვილს ირაკლის, შევნატრი ჩვენს გამჩენ ღმერთს შენს სიცოცხლეს და ჯანმრთელად ყოფნას, რომ იყოს შენი სიცოცხლე გახარებული შენი ჯანმრთელობით და ვხარობდეთ ჩვენცა შენგნით. ირაკლი, მივიღე შენი გამოგზავნილი ფული, წერილი და რა თქმა უნდა, გავიხარეთ. ჩვენ იოლას გავდივართ, იქნებ გჭირდებოდა და დაიკალ და ჩვენ გამოგვიგზავნე... გენაცვალას დედა... ნინოობას გწერ ამ წერილს, იყავ კარგა, ღმერთი იყოს შენი მფარველი, ღვთისმშობელი, ნინო საქართველოს განმანათლებელი გეხმარებოდეს და გფარავდეს შვილო ჩემო. მოკითხვა ყველა შენს კეთილებსა და ეკლესიისთვის პატიოსან მორწმუნეთ. დედა".

კიდევ ერთ წერილში ნატალია კობაიძე რუსეთში გამგზავრებულ შვილს სამშობლოდან მოკითხვას უგზავნის: "მოკითხვა ჩემს საყვარელ შვილს, ძვირფას, ოქროს, ბრილიანტს. შევნატრი ღმერთს, შენს ჯანმრთელად სიცოცხლეს ჩემო გულო. ეხლა მივიღეთ შენი დეპეშა, რომელშიც იწერები როგორ ჩახვედითო, ჩვენ კარგად ჩავედით, ორი დღე მცხეთას გავჩერდით, მერე სუყველანი ერთად წამოვედით. მოკითხვა ყველას, შენს კეთილებს, შენს ერთგულ ქართველებსა და რუსებსაც. კარგად იყავ ჩემო სიცოცხლევ, ღმერთი იყოს შენი მფარველი ყველა საქმეში და ყველა ბიჯზე, ვეხვეწები ღვთისმშობელს, რომ გიფარავდეს და გიხსნიდეს ბოროტისგან. გწერს შენი დედაი, შენი გზის მაყურებელი"...

უწმინდესს (მაშინ პატრიარქი არ იყო) უნდოდა, მშობლები სამთავროს მონასტრის ეზოში დაესაფლავებინა. მაშინდელმა პატრიარქმა უარი უთხრა, რადგან ისინი სასულიერო დასის წარმომადგენლები არ იყვნენ. როცა თავად გახდა პატრიარქი, ერთმა ახლობელმა შეახსენა: მშობლების ნეშტები სამთავროს მონასტრის ეზოში ხომ არ გადავასვენოთო? უწმინდესმა მიუგო, - მე პატრიარქის კურთხევას ვერ დავარღვევო.

გოდერძი ჩოხელი იხსენებდა:

"უწმინდესზე რაიმეს თქმა თან ძნელია, თანაც - ადვილი. ძნელია იმიტომ, რომ უდიდესია მისი როლი ქართველთა სულიერ ცხოვრებაში. მან გაპარტახებული ეკლესია ჩაიბარა, ჩაფერფლილ სულიერ ღადარს სული უბერა და კოცონი ააგიზგიზა. უწმინდესის სახით ჩვენ ღვთის მადლი მოგვევლინა. მისი სიდიადე მერე, შორიდან უფრო გამოჩნდება. მასზე საუბარი ადვილი კი იმიტომ არის, რომ ყველას მიმართ საოცრად თბილი და ახლობელია. ბევრჯერ შემომშველებია ამ წუთისოფელში. ჩემთვის მფარველი ანგელოზივით არის, დედაც არის, მამაც, დაც, ძმაც, ნათესავიც და ახლობელიც. "სამოთხის გვრიტები" და "ლუკას სახარება" რომ გადავიღე, უწმინდესი მეუფეებთან ერთად, კინოსტუდიაში მოვიდა. მეშინოდა, არ გამბრაზებოდა, "სამოთხის გვრიტები" რომ დავარქვი ფილმს. ჩვენების მერე მითხრა: გოდერძი, ესენი მართლა სამოთხის გვრიტები არიან, მაგრამ შენ საიდან იცი, რომ ადრე ასე ასწავლიდნენ მთაში წერა-კითხვასო? მე, რა თქმა უნდა, არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. უწმინდესმა მამის მონაყოლი გაიხსენა, თურმე მართლა ასე ასწავლიდნენ წერა-კითხვას..."

დაახლოებით 30 წლის წინ თბილისში ერთ ახალგაზრდა ოჯახში ხანძარმა იმსხვერპლა 9 წლის ბიჭი და 7 წლის გოგონა. მშობლები ხანძრის დროს შინ არ იყვნენ. პატრიარქმა ეს ამბავი რომ შეიტყო, მაშინვე მათთან წავიდა. მან ცოლ-ქმარს საკუთარი სახარება და სანთლები აჩუქა და დიდხანს ესაუბრა. მივიდა მათთან მეორე დღესაც, მესამე დღესაც... ბოლოს სთხოვა, საპატრიარქოში მესტუმრეთო. მათ უარის თქმა ეუხერხულათ და მივიდნენ...

საუბრისას გამოტყდნენ, რომ განზრახული ჰქონდათ თავის მოკვლა. რაც პატრიარქმა მათ სიკვდილის შემდგომ საუკუნო სიცოცხლეზე მოუთხრო, მისი ირწმუნეს და მოისურვეს, შვილებს ბუნებრივი სიკვდილის შემდეგ შეხვედროდნენ, და ვიდრე იცოცხლებდნენ, მუდამ თავიანთი შვილებისთვის ილოცებდნენ. პატრიარქმა მათ საპატრიარქოში მუშაობა შესთავაზა. ქმარი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა - სიცოცხლის ბოლომდე საპატრიარქოს იურისტი გახლდათ, მისი მეუღლე კი საპატრიარქოს არქივს ხელმძღვანელობს.

სამი ათეული წლის წინ მომღერალ თემურ წიკლაურს სამი წლის ვაჟი გარდაეცვალა. პატრიარქმა ბატონი თემური და მისი მეუღლე თავისთან მიიწვია. საუბრისას შეიტყო, რომ ბატონი თემური სცენაზე გამოსვლას აღარ აპირებდა და უთხრა: ყოველი კაცი იქ უნდა ემსახუროს ქვეყანას, სადაც უფალი დაადგენს. განა რა უფლება გაქვს, ყველაფერი მიატოვო? პატრიარქმა ბატონ თემურს "დავითნი" გადასცა და აკურთხა, რომ იქიდან ფსალმუნები ყოველდღიურად წაეკითხა. ასევე გადასცა დიდი სანთელი, რომელიც ფსალმუნების წაკითხვისას უნდა აენთო. ბატონმა თემურმა ბავშვის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს დაასრულა ფსალმუნების კითხვა და პატრიარქისეული სანთელიც ჩაიღვენთა. ბატონმა თემურმა იგრძნო ღვთის სიტყვის ძალა და განმტკიცდა რწმენაში...

240810-38448-1641459455.jpg

პატრიარქი ხშირად იგონებდა წლებს, როცა ის ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი იყო. ერთხელ თქვა: აფხაზებისგან გასაოცარ სიყვარულს ვგრძნობდი. ხშირად მოდიოდნენ ჩემთან, დიდხანს ვსაუბრობდით. მაგრამ ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ერთი ქალბატონი, რომელმაც ერთი ქილა შედედებული რძე მომიტანა - მეტი არაფერი ჰქონდა და ამით გამოხატა ჩემდამი სიყვარული. მე ის აფხაზი ქალი დღემდე მახსოვს და მუდამ ვლოცულობ მისთვის, მისი სიკეთის გამო.

უცხოელ ჟურნალისტებთან აჭარაში ქრისტიანობის აღორძინებაზე საუბრისას მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) აღნიშნავდა ილია მეორის უდიდეს ღვაწლს: "ეს ღვთის სასწაულია, ამას მხოლოდ ქადაგებით ვერ ახსნი. ადგილობრივი მუსლიმანები დიდ პატივს სცემენ საქართველოს პატრიარქს. ერთხელ მაღალმთიანი აჭარიდან ხოჯას წერილი მივიღე: არ შეიძლება, რომ ილია მეორე მართლმადიდებლებსაც გხელმძღვანელობდეთ და ჩვენ, მუსლიმანებსაცო?"

P.S. ვულოცავთ უწმინდესს დაბადების დღეს და დღეგრძელობას ვუსურვებთ!