ცნობილი ვეფხვების მოლოდინი, ეგოიზმი, პრინციპულობა და ღირსება - გზაპრესი

ცნობილი ვეფხვების მოლოდინი, ეგოიზმი, პრინციპულობა და ღირსება

"ეზიზღება ჩარჩოები, შეზღუდვები, აკრძალვები. ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას, რის გამოც, ხშირად კონფლიქტშია ზემდგომებთან. კარგი იქნება, კომპრომისის ხელოვნებას თუ ისწავლის. ხშირად მის ცხოვრებაში დიდი უსიამოვნების მიზეზი ზღვარგადასული სიჯიუტე და პრინციპულობა ხდება. ტემპერამენტიანია, იშვიათად უმართლებს სიყვარულში. ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს უამრავი სასიყვარულო თავგადასავალი აქვთ", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვეფხვის წელში დაბადებულ ადამიანებს.

"როცა მეკითხებიან, ვისისტი ხარ? ვპასუხობ, ეგოისტი ვარ"

მუსიკოსი დათო ფორჩხიძე ვეფხვის წელში დაბადებული ქალწულია. როგორც თავად ამბობს, 12 და 24 წლის წინ რომ ვეფხვის წლები იყო, მაშინ მის ცხოვრებაში კარგი ამბები მოხდა და იმედოვნებს, რომ წელსაც ასე იქნება.

- ვეფხვის წელში დაბადებული ქალწული ვარ. ვეფხვის და ქალწულის თვისებები ერთმანეთისგან განსხვავებულია, ხასიათის ნაწილობრივი თანხვედრა ორივე ნიშანთან მაქვს.

- ბუნებით ლიდერი ხართ?

- ჩემი შუათანა გოგო მეუბნება, - ის, რაც შენ ყოველთვის გინდოდა, მე არ მინდაო. რას გულისხმობ-მეთქი? შენ გინდოდა, ყველგან წამყვანი ფიგურა ყოფილიყავიო, მან ასე დამინახა. ერთხელ მიხეილ ცაგარელი იყო გადაცემაში სტუმრად. ცნობილი პოლიტიკოსების დაბადების თარიღებს ეუბნებოდნენ და ის იმ პოლიტიკოსებს ახასიათებდა. შემდეგ ჩემი დაბადების თარიღი უთხრეს და უცნაური რამ თქვა: ეს პიროვნება საოცარი ვიღაც არის, არაა გამორიცხული, სადმე აქვე იჯდეს და ხალხს თავის ჭკუაზე ატარებდესო.

- ხალხის თქვენს ჭკუაზე ტარება მართლა გიყვართ?

- მიყვარს, როცა ხალხი ჩემს ჭკუაზე გადმომყავს; ძალიან მომწონს, როცა სხვას ჩემს აზრს ვახვევ თავს.

- ეს თავდაჯერებულობას გმატებთ?

- სხვებს იმ აზრებს ვახვევ თავს, რომლებზეც ძალიან დიდი ენერგია და დრო დავხარჯე, რომელზეც ნაფიქრი მქონდა.

- მაგალითად?

- მაგალითად, როცა მუსიკაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც ამ საქმის დილეტანტია და ცდილობს, რაღაც ამიხსნას, ეს იმას ჰგავს, მე მივიდე ქირურგთან და ვუთხრა, ოპერაციას რომ გააკეთებ, ასე გაჭერი-მეთქი. ჩემი პროფესია ისეთი სფეროა, სადაც ყოველ მეორე ადამიანს ჰგონია, რომ პროფესიონალია. მარტივად ვუხსნი, - არ ხარ შენ ისეთი მაგარი, რომ რაც არ მოგწონს, ის აპრიორი ცუდია-მეთქი. ასეთ სიტუაციაში ყოველთვის ვცდილობ, იმ ადამიანს ჩემი აზრი მოვახვიო თავს.

- "ვეფხვი ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას, რის გამოც, ხშირად კონფლიქტშია ზემდგომებთან".

- ზემდგომები არ მყავს. ასეთი სამსახური არ მქონია ან თუ მქონდა, უფროსი იმ შემთხვევაშიც ბავშვობის მეგობარი, ან უახლოესი ადამიანი იყო. ერთი შემთხვევა მახსენდება, ტელევიზიაში უფროსმა დამიბარა და მითხრა, ყველა 12-ზე რომ მოდის, შენ 3 საათზე რატომ მოდიხარო? ასე იმიტომ ვიქცევი, რომ მერე აქ 11 საათამდე ვრჩები და ვმუშაობ, ხოლო ის, ვინც 12-ზე მოდის, 6 საათზე მიდის-მეთქი. რაც მთავარი იყო, საქმეს ვაკეთებდი, რეპეტიციაზე მისასვლელ დროს რატომ მიწესებდა? ეს ჩემთვის არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა.

- რისკზე რამდენად თამამად და ხშირად მიდიხართ?

- ეს არ მიყვარს. შეიძლება შემოქმედებაში რისკზე წავიდე, მაგრამ აზარტულ რისკზე არასდროს მივდივარ.

- ეგოისტი ხართ?

- ძალიან. საქართველოში საზოგადოება ხომ დაყოფილია იმისტებად და ამისტებად. როცა მეკითხებიან, ვისისტი ხარო? ვპასუხობ, ეგოისტი ვარ-მეთქი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს ცხოვრებაში სხვების ფასი არ ვიცი. ეგოიზმი არც იმაში მიშლის ხელს, რომ სხვებზე ვიფიქრო, მათზე ვიზრუნო.

- ადამიანებს რთულად ენდობით?

- ამ ბოლო დროს ახალგაცნობილ ადამიანებს იმდენად ადვილად ვენდობი, ისინი შინდებიან და ურთიერთობაში აღარ შემოდიან. ჰგონიათ, მახეს ვუგებ - ეს მიდგომა ერთგვარ ფარად ვაქციე. მხოლოდ ძლიერი ადამიანები რჩებიან. ჩემი ცნობადობა და პოპულარობა მეხმარება იმაში, რომ ჩემი მოტყუება და გადაგდება მარტივად ვერავინ გაბედოს, ადვილად ვერავინ გამაცურებს. იშვიათად, მაგრამ იმედი დიდი ხნის ნაცნობებისგან უფრო მიცრუვდება, ვიდრე - ახალგაცნობილისგან.

- "მან საოცარი გაბრაზება იცის, სტიქიასავით დაუნდობელია და ყველაფერ გზად შემხვედრს ანადგურებს".

- ეს შეიძლება მხოლოდ 3-4 წუთი გაგრძელდეს. რომ ვბრაზდები, სასტიკ გადაწყვეტილებებს ვიღებ; გულში ვფიქრობ, ამას ვიზამ, იმას ვიზამ... მერე აზრს მეუღლეს, შვილებს ვეკითხები და გონებაში ყველაფერი ლაგდება, ჩანაფიქრს გადავიფიქრებ ხოლმე. შურისძიება ჩემი წესი არ არის. შეიძლება არ გაპატიო, აღარ მიყვარდე, შენთან არანაირი ურთიერთობა აღარ მქონდეს - აი, სულ ესაა ჩემი დასჯა. გამორიცხულია, სადმე დავრეკო, საქმე გაგიფუჭო, ბარიერები შეგიქმნა... ეს არ მჩვევია.

- თქვენ თვალწინ მსგავსი ამბები ხდება?

- ჩემ თვალწინ ბევრი მსგავსი რამ ხდება, ასეთი "ფეხის დადებები" საქართველოში ძალიან გავრცელებული და პოპულარული ქცევაა.

- ეს პატარა ადამიანების თვისებაა, არა?

- ასეთი პატარა ადამიანებით სავსეა საქართველო, ალბათ - პლანეტაც.

- "სიჯიუტე და მეწვრილმანეობა ხშირად ხელს უშლის მიზნის მიღწევაში".

- საქართველოში ყველა ნიჭიერი არის "ხალტურშიკი". ძალიან ადვილად უნდათ, რაღაცები მიიღონ. ხშირად პროდუქტიც და თავად ასეთი ადამიანების ცნობადობაც დროებითია, დროს სხვა რამ უძლებს. გალაკტიონს მერის რამდენიმე ვარიანტი აქვს დაწერილი, ალბათ ჩვენს ეპოქაში რომ ეცხოვრა, მას პირველივე ვარიანტზე ნებისმიერ გადაცემაში ფეხზე წამოუდგებოდნენ და სხვა ვარიანტების დაწერის, მეტად დახვეწის საშუალებას აღარ მისცემდნენ. ახალი წლის (და არა მხოლოდ) დღეებში ასეთი პოპულარული სიმღერის - "თოვლი მოსულა" დაახლოებით 9 ვერსია გავაკეთე, მსმენელი ბოლო ვერსიას იცნობს. იცვლებოდა ძალიან პატარა დეტალები, რომელიც მსმენელს შეიძლება ვერც შეემჩნია, მაგრამ მე მართებულად ასე მიმაჩნდა, მიფუჩეჩება არ შემიძლია, საქმეს ყოველთვის გულით ვაკეთებ.

dsc7314-copy-copy-1641462599.jpg

"რაღაც მიხარია"

ტელეწამყვანი ნელი აგირბა ვეფხვის წელში დაბადებული კუროა. ის ვეფხვის წლის შემობრძანებას დიდი ინტერესითა და იმედით შეხვდა. უთხრეს, კუროებისთვის რთული წელი ინებაო, მაგრამ იმედი აქვს, რომ ვეფხვი უშველის.

- ჩემი წელი დაიწყო და ეს ძალიან მახარებს. კონკრეტულად რა, არ ვიცი, მაგრამ რაღაც მიხარია.

- ასტროლოგები ვეფხვის წელში დაბადებულ ადამიანებს რევოლუციონერებს გიწოდებენ, ეთანხმებით?

- სიმართლეა. იყო პერიოდი, როცა ჩემში ეს რევოლუციონერი ძალიან დავთრგუნე. რეალობასთან კონფლიქტში ვიყავი, ყველაფერი მიუღებელი, უცნაური, გაუგებარი იყო, ყველაფერზე პროტესტი მქონდა. ეს რევოლუციონერობა ცხოვრებას მირთულებდა. არ ვიცოდი, როგორ გავმკლავებოდი. ვფიქრობდი, რადგან ამდენი პროტესტი მაქვს, ამ პლანეტაზე შეცდომით დავიბადე-მეთქი.

- "ის არავის ენდობა".

- წლების წინ ძალიან ეჭვიანი ვიყავი. ბოლო დროს, როცა საკუთარ თავზე ვიმუშავე, ზედმეტად მიმნდობი გავხდი, სულ უკიდურესობებში "ვმოძრაობ", ახლა ვცდილობ, შუალედი ვიპოვო.

- როგორ იქცევით მაშინ, როცა ვიღაც თქვენს ჩარჩოში მოქცევას ცდილობს?

- საშინელი პროტესტი მაქვს, მომენტალურად საპირისპიროს გაკეთების სურვილი მიჩნდება.

- გამოდის, რომ ჯიუტდებით.

- ძალიან.

- ეგოისტიც ხართ?

- არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. იქიდან გამომდინარე, რომ შვილები მყავს, ეგოიზმისგან განვიკურნე.

- "ტემპერამენტიანია, იშვიათად უმართლებს სიყვარულში. ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს უამრავი სასიყვარულო თავგადასავალი აქვთ".

- სიყვარულში არგამართლებას ვერ დავარქმევ, მე მართლა გულით და ძალიან მყვარებია. ალბათ საჭირო იყო, ის "გაკვეთილები" მესწავლა, რომელიც ცხოვრებისგან მივიღე. ისეთი ადამიანები მიყვარდებოდნენ, რომლებისგანაც სულ რაღაცას ვსწავლობდი, შედეგად ბევრი რამისგან გავთავისუფლდი. თუ მიზანი არის, ურთიერთობა გქონდეს მდგრადი, ხანგრძლივი და მშვიდი, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ არ გამომივიდა. მიზანი თუ განვითარება და თვითშემეცნებაა, მაშინ - პირიქით, ძალიან გამიმართლა. საკუთარმა თავგადასავლებმა გამზარდა და ჩემი თავის სიყვარული მასწავლა.

- თამამ გადაწყვეტილებებს მარტივად იღებთ?

- ძირითადად, სულ ასეთ გადაწყვეტილებებს ვიღებ. მომწონს, თუმცა გარკვეული ხნის განმავლობაში მეშინოდა, ზედმეტად ფრთხილი ვიყავი. ჩემი მეუღლე იყო ძალიან რისკიანი. ჩელეს გავლენით, მეც ვისწავლე, როგორ აღარ შემშინებოდა.

- "მას უყვარს შრომა, შეუძლია ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა აიტანოს იქამდე, სანამ საკუთარი უპირატესობის საჯარო დემონსტრირების საშუალება მიეცემა".

- ზუსტად ასეა (იცინის). ნახეთ, როგორი გამძლე ვარ, ამის დამტკიცების სურვილი დიდხანს მქონდა, ახლა ჩემში ამ თვისების მხოლოდ ნარჩენებია დარჩენილი.

- "ფულსა და დიდებას შორის არჩევანი რომ გააკეთებინოთ, დიდებას აირჩევს".

- საკითხი ასეთი ფორმით ჩემს ცხოვრებაში ჯერ არ დამდგარა, ამიტომ პასუხის გაცემა მიჭირს.

- "კარგი იქნება, კომპრომისი ხელოვნებას თუ ისწავლის, ხშირად მის ცხოვრებაში დიდი უსიამოვნების მიზეზი ზღვარგადასული სიჯიუტე და პრინციპულობა ხდება".

- პიროვნულ ურთიერთობებში, იმდენად სიჯიუტისა და პრინციპულობის - არა, მაგრამ ფეთქებადი ხასიათის გამო წამიგია. ბავშვობაში ბევრი ვიმუშავე იმაზე, რომ ნებისმიერ საკითხზე შეიძლება რამდენიმე პოზიცია იყოს თანაბრად დასაბუთებული, ამიტომ მოვლენას მხოლოდ ერთი მხრიდან აღარ ვუყურებ. დაფიქრების და ამოსუნთქვის საშუალება თუ მომეცემა, პრობლემად პოზიციის შეცვლაც არ მიმაჩნია.

- ფეთქებადობა და იმპულსურობა ხასიათში როგორ დაsძლიეთ?

- საკუთარ თავზე მუშაობით. ურთიერთობებში უსიამოვნებები სულ ამ თვისების გამო მქონდა.

- ახლობლების რჩევებს ითვალისწინებთ?

- თუ ვიკითხე და რჩევა მივიღე, ვითვალისწინებ, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებებში როცა დაუკითხავად ერევიან, ამ შემთხვევაში - არა.

- ვინ არიან ის ადამიანები, ვისი აზრი და რჩევა ყველაზე მნიშვნელოვანია?

- მგონი, ასეთი არავინაა. ვმედიტირებ და ვკითხულობ შესაბამის ლიტერატურას.

- ბუნებით ამაყი ხართ?

- ვიყავი და ამაზეც ძალიან ბევრი ვიმუშავე, ჩემს თავს როგორც კი ვატყობ, რაღაც ეგეთი შემოდის, ვაანალიზებ და ამ განცდას ვბლოკავ.

- სხვებისთვის საკუთარი განცდების და პრობლემების თავს მოხვევა გჩვევიათ?

- არა. მეტსაც გეტყვი, 21 წლის ასაკში თვითმკვლელობის პირას მივედი. ჩემი ეს მდგომარეობა ბევრისთვის დაუჯერებელი იყო, რადგან არასდროს არაფერი მეტყობოდა.

- თვითკრიტიკული ხართ?

- ვცდილობ, საკუთარი თავი ზედმეტად არ ვაკრიტიკო, ამავე დროს მნიშვნელოვანი ამბები გაუანალიზებელი არ დამრჩეს. ადრე ბევრად თვითკრიტიკული ვიყავი, სულ ნეგატიური კრიტიკოსის ხმა მესმოდა, ხელს მიშლიდა ყველაფერში. ახლა ვცდილობ, ნელის წყნარად, მშვიდად მოვეფერო.

- როცა რაიმე არ გამოგდით, მტკივნეულად განიცდით? ამ დროს საკუთარ თავს კიცხავთ თუ აიმედებთ?

- ვსწავლობ რატომ არ გამოვიდა. ამბავს, როგორც გამოცდილებას და თავგადასავალს, ისე ვუყურებ.

- მომავლის შიში გაქვთ?

- ადრე ყველაზე მეტად, გაურკვევლობა მაგიჟებდა. ახალ ეს შიში ჩემთან კიდევ რომ მოვიდეს, სხვაგვარად მომზადებული ვხვდები. ჩემში ბედნიერების და მადლიერების განცდა შემოვიდა, ეს კი ბევრ რამეში მშველის. ახლა გაურკვევლობას ვუყურებ, როგორც უსაზღვრო შესაძლებლობებს.

nino-lezhava-w-h-1641462663.jpeg

"რაღაც განსხვავებულს ველოდები"

მსახიობი ნინო ლეჟავა ვეფხვის წელში დაბადებული თხის რქაა. ის ოპტიმისტია, ყოველი ახალი წლისგან სიკეთეს ელოდება.

- რადგან თქვენი წელი დაიწყო, განსაკუთრებული მოლოდინი თუ გაქვთ?

- რამდენად განსაკუთრებული - არ ვიცი, რაღაც განსხვავებულს უფრო ველოდები. მგონია, რომ ჩვენზეა დამოკიდებული ღმერთისგან, სამყაროსგან კეთილგანწყობას რამდენად დავიმსახურებთ. ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, მეტი სიკეთე ვთესო, მეტი კარგი საქმე მოვასწრო, სამყაროს კეთილგანწყობა რომ დავიმსახურო.

- "შრომისმოყვარეა. მას იშვიათად აკმაყოფილებს ის, რაც სხვებს მიღწევად მიაჩნიათ, შრომაშია მისი ბედნიერება".

- შრომა მიყვარს, მთავარია საშრომელი იყოს. სამწუხაროდ, საქართველოში ვისაც მშრომელი ჰქვია, მას შრომა ნაკლებად უფასდება, უფრო ფეხი ფეხზე გადადებულებს აქვთ იმაზე მეტი, ვიდრე შრომობენ. სამყაროსი მაინც მადლიერი ვარ, ხომ შეიძლება, ჩემს ცხოვრებაში უარესი სურათიც ყოფილიყო. სამწუხაროდ, უარეს მდგომარეობაში ბევრია.

- როგორ ფიქრობთ, ბუნებით ლიდერის თვისებებით გამორჩეული და რევოლუციონერი ხართ?

- სიმართლისთვის მებრძოლი ვარ.

- ხშირ შემთხვევაში, ადამიანებს სიმართლის თქმა არ სიამოვნებთ.

- გეთანხმებით, მაგრამ ამ დროს სწორ პოლიტიკას ვიშველიებ, დიპლომატიური სვლები მშველის. მშვიდობის მტრედი ვარ, კონფლიქტებს ვერ ვიტან.

- "სძაგს მორჩილება, მაგრამ სხვებს აიძულებს, მის ჭკუაზე იარონ".

- ყოველთვის დავძენ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, შენს ადგილზე მე ასე მოვიქცეოდი და დანარჩენი შენი გადასაწყვეტია. როცა რჩევას აძლევ, ეს სხვა რამეა, შეუცდომელი არავინაა, შეიძლება მე შევიყვანო ადამიანი შეცდომაში. არავის პირად სივრცეში არ ვიჭრები, არჩევნის უფლება ყველას უნდა ჰქონდეს. როცა ის ჩემს რჩევას ითვალისწინებს, ჩემს გზას ადგება და ეს ამართლებს, მაბედნიერებს. არასდროს მაქვს განცდა, - აი, მე გავიმარჯვე, რადგან ჩემს აზრზე გადმოვიყვანე. მიხარია, ადამიანს ცხოვრებაში რაღაც რჩევით, ბედნიერებისკენ თუ ვუბიძგებ და ავს ავაცილებ. რაც შეეხება მორჩილების თემას, ყოველთვის ვცდილობ, ობიექტურად გავაანალიზო, რამდენად მართალი ვარ. მაქვს ნიჭი, თავს დამნაშავედ როცა ვგრძნობ, ბოდიში მოვიხადო, ესეც მაბედნიერებს, თუმცა ძალიან ვცდილობ, თითოეულ ნაბიჯს დავუკვირდე და ისე ვიცხოვრო, ბოდიში მოსახდელი არ მქონდეს. ძალიან დიდი გმირობა და ნიჭია, როცა შეგიძლია ადამიანს შეცდომა აპატიო და ბოდიში მოიხადო.

- ეგოისტი ხართ?

- მე და ეგოიზმი ერთმანეთისგან ძალიან შორს ვართ. ჩემი შვილები სულ ამის გამო მეჩხუბებიან, რატომ სწევს შენს თავს უკან და ყოველთვის უპირატესობას სხვას რატომ ანიჭებო? მე სხვისი სიხარული, ღიმილი, ბედნიერება მართლა, გულწრფელად მაბედნიერებს.

- გაჯიუტება რა დროს გჩვევიათ?

- როცა ზუსტად ვიცი, ადამიანი ხრამში იჩეხება; როცა ვიცი, იმ ნაბიჯის გადადგმა მისთვის დამღუპველი იქნება. ასეთ დროს ჩემი გაჯიუტების ხარისხი ძალიან მაღალია.

- "ფულსა და დიდებას შორის არჩევნის გაკეთება რომ სთხოვოთ, დიდებას აირჩევს".

- სიტუაციას გააჩნია. თუ ის დიდება მე სახეს დამაკარგვინებს, მაშინ არ მინდა. ჩემთვის ვერანაირი თანხა და ვერანაირი დიდება ღირსებაზე მაღლა ვერასდროს დადგება.

თამუნა კვინიკაძე