"დამწკვრივებულები მოვიდნენ, გულისამაჩუყებელი სცენა იყო..." - გზაპრესი

"დამწკვრივებულები მოვიდნენ, გულისამაჩუყებელი სცენა იყო..."

დაუვიწყარი სასცენო თუ საეკრანო სახეების შემქმნელ მსახიობს, არაჩვეულებრივ ქალბატონს, თამარ სხირტლაძეს ვთხოვეთ, ბავშვობის, სტუდენტობის დროინდელი, საოჯახო საახალწლო ზეიმები გაეხსენებინა და წლევანდელი - 2022-ის დადგომასთან დაკავშირებული ამბებიც გაეზიარებინა მკითხველისთვის.

- თქვენს ბავშვობაში ნაძვის ხის სათამაშოები ძნელად იშოვებოდა?

- იმ დროს, ჩემდა და თქვენდა გასაკვირად, ულამაზესი სათამაშოები არსებობდა. იყო გასაოცარი თოჯინები, რომლებიც ზოგს საზღვარგარეთიდან ჩამოჰქონდა, ზოგს - მოსკოვიდან. ჩვენ კი არ გვქონდა, მაგრამ სხვებთან ხომ ვნახულობდით... შეძლებულად ცხოვრობდნენ ჩვენი მეზობელი სომხები და ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. იმათ ჰქონდათ ძალიან კარგი ნაძვის ხის სათამაშოები. მაგალითად, მახსოვს პატარა სამოვარი, რომლის გვერდით გოგონა იჯდა გრძელი "იუბკით"... ჰქონდათ ნამდვილი სამოვარიც. ჩაის რომ დააყენებდნენ, იმას უნდოდა დათბილვა, ამიტომ სამოვარს თბილ "იუბკას" ჩამოაცმევდნენ, მერე ბავშვებს ჩაის გვასმევდნენ ხოლმე.

მართალია, ძალიან ცოტა სათამაშო გვქონდა, მაგრამ ჩვენი ხელითაც ვაკეთებდით. მაშინდელი კანფეტები ულამაზეს ქაღალდებში იყო შეფუთული, ამიტომ ქაღალდებს არასოდეს ვაგდებდით - გაშლილებს ჩავდებდით წიგნებში, რომ კარგად გასწორებულიყო და მერე ვაკეთებდით პატარა კონვერტებს, ჩაიდნებს, ჭიქებს და ა.შ., რომლებსაც ნაძვის ხეზე ვკიდებდით. საახალწლო სუფრაზე ინდაური უსათუოდ უნდა გვქონოდა. დედაჩემი ყოველი ახალი წლისთვის ყიდულობდა, მაგრამ ზოგჯერ, იაფად რომ გამოსულიყო, ცოტა გამხდარ ინდაურს წინასწარ იყიდდა და ეზოში, პატარა შემოღობილ სათავსში (საქათმესავით იყო) მიუჩენდა ადგილს; მჭადის ფქვილს მოზელდა და ინდაურს თავისი ხელით აჭმევდა, რომელიც მართლა მოკეთდებოდა ხოლმე. ერთხელ მეტი მოუვიდა და ჭამის დროს ინდაური დაიხრჩო. უნდა გენახათ დედაჩემის ტრაგედია...

ხშირად გვედგა ბუნებრივი ნაძვის ხე. მაშინ დღევანდელივით "ცეცხლის" ფასი არ ჰქონდა და ეტყობა, მუშტარიც იმდენი არ იყო. გული მტკივა, ნაძვის გამო ტყე რომ იჩეხება, ამიტომ ძალიან სწორია ხელოვნური ნაძვის ხის გამოგონება.

- სკოლაში ნაძვის ხე იდგა?

- ერთი სული გვქონდა, სანამ სკოლაში ნაძვის ხეს დადგამდნენ. ეს იყო ჩვენთვის ერთადერთი ზეიმი და ბედნიერება. იმ წლებში სიღარიბე კი იყო, მაგრამ არ გვშიოდა და არ გვწყუროდა, მაინც სკოლის ნაძვის ხეს ველოდით და - რატომ?.. სუყველას თვალები გაგვირბოდა იქითკენ, სადაც საჩუქრები ელაგა. პატარა ქსოვილის პარკებში ეწყო მანდარინები, "პეჩენიები", კანფეტები, ხილი... ზოგჯერ ნაძვის ხის პაწაწინა სათამაშოებიც იდო - ვთქვათ, კლოუნის ფორმის და არცთუ ისე ლამაზი, მაგრამ ვისაც მსგავსი სათამაშო შეხვდებოდა, უბედნიერესი იყო. ბავშვებს "პეჩენია" და კანფეტები არ გვაკლდა, მაგრამ საჩუქრად მიღებული, რაღაც დიდ მოვლენად მიგვაჩნდა. მახსოვს, პატარა კოლოფებში (ასანთის ღერებს რომ აწყობდნენ, იმ ზომის იყო) იყიდებოდა ჰალვა - უგემრიელესი და შეუდარებელი. დღეს ხალვის გემოს ვერ ვიგებ...

vlcsnap-283703-copy-1641463085.jpg

- მერე თეატრალურ სტუდიაში ჩააბარეთ. საახალწლო კარნავალებზე ფიფქია ხომ არ ყოფილხართ?

- ფიფქია არ ვყოფილვარ, ტყუილი არ მიყვარს. მარჯანიშვილის თეატრის დრამატულ სტუდიაში გამოცდები "ხუთებზე" ჩავაბარე და ზარ-ზეიმით მიმიღეს. საახალწლოდ თეატრში იდგა მაღალი ნაძვის ხე და იმართებოდა ზეიმი. ჩემთვის ახალ წელზე უფრო დიდი ბედნიერება ისეთი მსახიობების ხილვა იყო, როგორებიც იყვნენ: გიორგი შავგულიძე, ვასო გოძიაშვილი, სერგო ზაქარიაძე, ვერიკო, სესილია... მსახიობებს თეატრში შვილები და შვილიშვილები მოჰყავდათ, რაც ძალიან მახარებდა. მე ხომ არ წამოვიყვანდი ჩემს დას ან ძმას სახლიდან, უხერხული იყო. სტუდენტი ვიყავი, სპექტაკლებში ვმონაწილეობდი, მაგრამ ასეთი სითამამე არ მქონდა. მახსოვს, ვერიკომ რომ მოიყვანა სოფიკო. მე ვიყავი 17 წლის, ჩემზე 8-9 წლით უმცროსი სოფიკო მაშინ ჩემთვის ბავშვი იყო. ვერიკოს შემდეგ წლებში შვილიშვილები, რამაზის ვაჟები მოჰყავდა. ლამაზი ბიჭები იყვნენ, საოცრად ჰგავდნენ მიშა ჭიაურელს, სოფიკოც მამას ჰგავდა.

- ოჯახში ახალ წლებზე როგორი სამზადისი გქონდათ?

- მიყვარს, როცა ყველა თავის ოჯახში ხვდება ახალ წელს. ჩემი შვილი თაზო ცალკე ცხოვრობდა და ახალ წელს ცოლ-შვილთან ერთად ატარებდა. მეორე დღეს მოდიოდა ჩვენთან მოსალოცად. ჩემი მეუღლე კოტეც ყოველთვის მიდიოდა თავის მშობლებთან. ხშირად მომხდარა, რომ მამა-შვილი ერთმანეთს ასცდებოდა ან კარში შეხვდებოდა.

- 31 დეკემბერს სპექტაკლი ხშირად გითამაშიათ?

- ძალიან ხშირად და მსახიობები სულ სხაპასხუპით ვამბობდით ხოლმე ტექსტს, რომ მალე დამთავრებულიყო წარმოდგენა და 12-ის ნახევარზე შინ ვყოფილიყავით. იცით, სპექტაკლი 31 დეკემბერს რატომ იმართებოდა? თეატრში მოდიოდნენ ისინი, ვისაც სახლში საცივის, გოჭის და სხვა სადღესასწაულო კერძების ყურება არ უნდოდათ. ამ დღეს ყველა ელოდება, რომ ახალ წელს ოჯახის წევრები შეხვდნენ ერთად, დასხდნენ სუფრასთან 12 საათზე... და მანამდე კერძები არ გამოაქვთ. ეს ხალხი ესწრებოდა სპექტაკლს და სახლშიც დროზე მიდიოდა. თეატრიდან გამოსულ მსახიობებს ბევრჯერ მოგვისმენია მაყურებლის ნათქვამი: ახლა სუფრა გაშლილი იქნებაო.

- ნაძვის ხის მორთვა გიყვართ?

- სათამაშოებს ყოველთვის ვკიდებ ნაძვის ხეზე შიდა მხარეს, რომ არ ჩამოვარდეს. წელს მორთო ჩემმა ახლობელმა ნანამ. მან სათამაშოები ტოტების ნაპირებში ჩამოკიდა და ძალიან მოუხდა. პატარა ხელოვნური ნაძვის ხეა და "ტუმბოჩკაზე" მიდევს. მაგრამ ამაზე პატარა მომიტანა ჩემმა არაჩვეულებრივმა რძალმა მარინა წულუკიძემ. ეს არის პაწაწინა, ერთი მტკაველი სიმაღლის ნაძვის ხე და იმდენად პატარა სათამაშოებითაა მორთული, რომ გაგეცინებათ. ამ ნაძვის ხეს ხან ერთ მაგიდაზე დავდგამ, ხან - მეორეზე, აქეთ-იქით დავატარებ. მაქვს მთლიანად თეთრი ნაძვის ხეც, დეკემბერში შვილიშვილმა თაკომ მოიტანა. საერთოდ, თეთრი ნივთები მიყვარს.

dsh-1641463072.jpg

- შვილიშვილები და შვილთაშვილები ახალ წელს როდის გილოცავენ?

- პირველ იანვარს უსათუოდ მოდიან. ჩემს შვილიშვილებს - რუსოსა და თაკოს, თითოს ჰყავს 4 შვილი. რუსოს ორი უფროსი შვილი თავს ბავშვებად აღარ თვლის, ერთი სტუდენტია, მეორემ სკოლა ახლა დაამთავრა. თაკოს შვილებიდან უფროსია ბიჭი - 17 წლის, გოგონები კი - 14, 13 და 12 წლისანი არიან. წელსაც ტრადიციულად, პირველ იანვარს ეს ბავშვები, დედასa და მარინასთან ერთად, დამწკვრივებულები და სათითაოდ საჩუქრებით ხელდამშვენებულები მოვიდნენ. გადამკოცნეს და თითოეულმა თავისი საჩუქარი გადმომცა. გულისამაჩუყებელი სცენა იყო.

- ვინ იყო მეკვლე, რომელიმე შვილთაშვილი?

- საერთოდ, კარგი სამეზობლო მყავს და მათ შორის არიან ნარმანიები. ისე მოხდა, რომ ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ ვთხოვე და დღემდე, ჩემი მეკვლეა მარიამი - ნარმანიების შვილიშვილი. მაშინ ბავშვი იყო, უკვე 16 წელი გავიდა... მარიამი როცა გათხოვდა, სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად და მამამისს მანქანით მოჰყავდა, რომ ახალი წელი მოელოცა. ახლა, მარიამი ისევ აქ დასახლდა და კვლავ ჩემი მეზობელია.

- ქალბატონო თამარ, ძველით ახალ წელს აღნიშნავთ?

- როგორც ძველ ხალხს, მეც მიყვარს ეს დღე. მართალია, არ ვზეიმობ, მაგრამ გოზინაყი უსათუოდ შენახული მაქვს და ერთ-ორ კერძსაც მივამატებ ხოლმე. ეს არ არის ჩვეულებრივი დღე, უფრო საზეიმო სუფრა მაქვს.

ნანული ზოტიკიშვილი