"არამატერიალურზე, სულიერზე ფიქრის საშუალებაც არ გვაქვს" - გზაპრესი

"არამატერიალურზე, სულიერზე ფიქრის საშუალებაც არ გვაქვს"

რეპერი ძვალი, იგივე აჩი ვანიშვილი, სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა პერიოდულად, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარ აზრს თამამად აფიქსირებს. გადავწყვიტეთ, რეპერს შევხმიანებოდით და უფრო ვრცლად გვესაუბრა იმაზე, თუ რა პრობლემები იქცევს მის ყურადღებას...

- როცა სოციალურ ქსელში რაღაც ინფორმაციას წავაწყდები, რაც მაფიქრებინებს, რომ უკვე ქვეყანა აბსურდშია, ზოგჯერ ამას "ხაზს ვუსვამ" - უბრალოდ, პატარა კომენტარით შემოვიფარგლები და ამით ვასრულებ. თითქოს ხელს ჩავიქნევ ხოლმე... პრობლემა ის არის, რომ ყველას გვძინავს: მთავრობას, ხალხს, ოპოზიციას... "ცისკარა" ხომ გინახავთ, მოჯადოებულ ქალაქში ყველას რომ სძინავს? დაახლოებით იგივე სიტუაცია გვაქვს...

- ასე რატომ ფიქრობთ? მაგალითად, საპროტესტო აქციები ხომ ხშირად იმართება...

- ეგეც აბსურდია. ისეთი რაღაცები ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს - უპირველეს ყოვლისა, ხალხმა არ უნდა დაუშვას, ხალხის რეაქცია კი ისაა, რომ სძინავთ, რა... ვერ გაიღვიძეს. საერთოდ, ადამიანებს ისე მოგვექცევიან, რის უფლებასაც მივცემთ. მართალია, ოპოზიციის წარმომადგენლები დღე და ღამე "ყეფენ", მაგრამ ეს მაინც ძილია - არაფერი გამოდის: ხომ იცი, სიზმარში რომ ცდილობ, გაიქცე, მაგრამ ვერ გარბიხარ, არა? ოპოზიციაც ასეა: მთელი ძალით ვერ მირბის... საზოგადოებაში გაუნათლებლობა, გამოუცდელობაა. ყველა ყვირის, - მაგარი ტიპი ვარო... ცუდი სოციუმი ვართ.

- გაუნათლებლობა თქვენთვის ყველაზე მეტად თვალში საცემი რომელ სფეროშია?

- საერთოდ, ჩემთვის ყველაზე დიდი განათლება საქმის ცოდნა და გამოცდილებაა. წიგნების კითხვა განათლებად არ მიმაჩნია. შეიძლება, გარკვეული მიმართულებით, ადამიანი ნაკითხი იყოს, მაგრამ განათლება, პროფესიონალიზმია საჭირო, რომ რაღაცები განვითარდეს. ქვეყანაში პროფესიონალების, კარგი ტიპების დეფიციტია - არ გვყავს მაგარი "როჟები"...

- არც ერთ სფეროში?

- მაგალითად, სპორტსმენებმა ოქროს მედლები აიღეს - ჩემპიონები გახდნენ, ვულოცავ, ძალიან კარგია!.. კარგი ამბები ხდება, მაგრამ სპორტის, მუსიკის, ხატვისა და გართობის გარდა, კიდევ რაღაცები არსებობს: უამრავი გაჭირვებული ადამიანია. ჯერ ასეთი საკითხებია მოსაგვარებელია, გართობა და ფულის ხარჯვა - მერე... რაღაცნაირად, ბალანსი უნდა არსებობდეს.

- გამოსავლად რა გესახებათ?

- ალბათ, თაობები უნდა გამოიცვალოს, შეგნება, ყველაფრის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს. ჩვენმა შეგნებამ, "მიშვებამ" და 90-იანი წლების გამოვლამ აშკარად არ გაამართლა - დიდი თავისუფლება და უპატრონობა იყო, თაობები ისე გაიზარდა... მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ხალხის მასა როგორ დონეზე იყო... მანამდეც იყო ისეთი პერიოდი, როცა ჩაკეტილები იყვნენ, როგორც ზოოპარკში. თითქმის ყველას ერთნაირი თეფში, ჭიქა, დანა-ჩანგალი, შპალერი ჰქონდა... ძალიან მცირე ინფორმაცია იყო. ხალხი საზღვარგარეთ ვერ გადიოდა. წარმოიდგინეთ, იმ დროს იაპონია განვითარების როგორ დონეზე იყო, ჩვენ კი სად ვცხოვრობდით, რა გამოვიარეთ... არა მგონია, რომ მთავრობა რამეს შეცვლის. თუ ხალხმა აზროვნება მასობრივად არ შეიცვალა, ვერაფერი გვიშველის. მთავრობა იმისთვისაა საჭირო, რომ ადამიანებმა საკუთარ თავს მიხედონ, განვითარდნენ, სამსახურები იპოვონ... გადარჩენის გზის ძებნა იმით უნდა დავიწყოთ, რომ ქვეყანაში ელემენტარული გაჭირვება აღარ იყოს. წარმოიდგინეთ, ყინვიან ამინდში, ქუჩაში ადამიანებს სძინავთ... მთავრობას უნდა ჰყავდეს ადამიანები, რომლებსაც ელემენტარულად, განვითარების გეგმა ექნებათ. წინასაარჩევნოდ რაღაცებს რომ ამბობენ, დანაპირებს ბოლომდე უნდა ასრულებდნენ. ქვეყანაში მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო... საზოგადოება ისეთ დღეშია, რომ არამატერიალურზე, სულიერზე ფიქრის საშუალებაც არ გვაქვს. ხალხი გაცხოველებული ვყავართ... ეს სიტუაცია უნდა გამოსწორდეს, თორემ როცა მასა "ცხოველი" გყავს, საშინელებაა... ადამიანის ელემენტარული მოთხოვნილებები არაა დაკმაყოფილებული, რომ ტვინმა ფულზე კი არა, სხვა რამეზე, სიკეთეზე იფიქროს. შეიძლება, ბევრი ნიჭი იკარგება, მაგრამ ადამიანს ამაზე ფიქრის დრო არ აქვს, რადგან 24 საათის განმავლობაში, ყველა ფულზე ფიქრობს.

- სოციალურ ქსელში რამდენიმე "პოსტისა" და კომენტარის გარდა, თქვენს გულისტკივილს როგორ გამოხატავთ?

- ახლა ამას ვფიქრობ, როგორ გამოვხატო... რაღაცნაირად, რეპით უნდა გამოვხატო. ვმუშაობ, არანჟირებებს ვაკეთებ, რაღაცებს ვალაგებ...

- თქვენს ყველაზე პოპულარულ სიმღერებში - "მომე", "ჩემო თბილის ქალაქო" - ის პრობლემები არ ასახულა, რაზეც ახლა ვისაუბრეთ... გულისტკივილი როდის გაგიჩნდათ?

- ბევრი წლის წინანდელი სიმღერებია... ეს განცდა მაშინაც მქონდა, მაგრამ ისეთი ასაკის ვიყავი, როცა ადამიანი საომრად პირველ რიგში მიდიხარ და გიხარია... ახლა ბევრი რაღაც შეიცვალა, ქვეყანაში რაღაცები მოხდა...

- თითქოს ფართო საზოგადოების წინაშე აღარ ჩანხართ. რას საქმიანობდით?

- სიმღერებს, არანჟირებებს ვწერ ხოლმე... მუსიკას ვუსმენდი. ახალგაზრდა ჯაზმენებთან ერთად სტუდიაში ექსპერიმენტებს ვატარებ. უკვე ბევრი მასალა დავაგროვეთ. საბოლოოდ, გვინდა, საათნახევრიანი კონცერტის სახით, პროექტი გავაკეთოთ, თავისი ჰიპ-ჰოპით და სოლოებით...

- თქვენი საქმე შემოსავლიანია?

- იცი, როგორ იყო? სულ ვიღაც ფულიანი "ბიძა" "იჩითებოდა" და რაღაც უაზრობაში ფულს იხდიდა - თანხებიც უაზროდ იხარჯებოდა. რეალურად, საქმე არ კეთდებოდა. "არტ იმედის" არსებობის პერიოდში შეიძლებოდა, იმხელა ფულით საქართველოში რაღაცები დალაგებულიყო, ნორმალური მუსიკალური არხი გახსნილიყო, საინტერესო ამბები მომხდარიყო, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენეს... უბრალოდ, ცოტა ხანს მომღერლებმა კარგი ხელფასები აიღეს... მას მერე, იყო რაღაც კონცერტები - მომღერალი ფულს შოულობდა. პროდუქციის პიარი, პროდიუსინგი და შემდეგი ეტაპები არავის აღარ ჰქონდა: რადიოში სიმღერას მიიტანდნენ და მორჩა, პოპულარული იყავი... ამ სფერომ ასეთი "რაზგონით" იარა, სადამდეც შეეძლო და მერე გაჩერდა. ახლა იშვიათად ხდება რამე... მუსიკოსმა მხოლოდ მუსიკაზე უნდა იფიქროს და არა - პროდუქციის გაყიდვაზე, მაგრამ პროდიუსერები თითქმის აღარ გვყავს. დამწყებ მუსიკოსებს პროდუქციის გაყიდვების გზების პოვნა თავად უხდებათ...

dzvali-7-copy-1642409088.jpg

- რომელიმე ეტაპზე, თქვენი საქმის კეთების მოტივაცია ხომ არ დაგიკარგავთ?

- ისე არ ყოფილა, რომ ეს საქმე "რაღაცისთვის" გამეკეთებინა: სიმღერებს მთელი ცხოვრება ისე ვწერდი, რომ თავად მსიამოვნებდა. გვეგონა, მეგობრები ჩვენთვის ვერთობოდით. მაშინ საქართველოში ჰიპჰოპი ისეთ დონეზე იყო, რომ თითქმის არავინ იცნობდა. წარმოდგენაც არ გვქონია, რომ 20 წლის შემდეგ, მთელ მსოფლიოში ასეთი პოპულარული გახდებოდა... ჩვენთვის ვწერდით, ვქმნიდით... მთელი ცხოვრება რაღაცას რომ აკეთებ, მერე ეჩვევი... ახლა, როცა უკვე საქმედ იქცა, ცოტათი მეზარება... რაღაც არ მომწონს, სულ უკეთესი მინდა... ახლა, ბიჭებთან ერთად, ცოტათი "დავლაგდი" და ალბათ, წელს ჩვენს პროექტს განვახორციელებთ...

- "მწვანე პასპორტების" არსებობის გაპროტესტების გამო, თქვენი სფეროს წარმომადგენლებისგან როგორ რეაქციას იღებთ?

- არავის არაფერი უთქვამს. მგონია, რომ არასწორს არაფერს ვაპროტესტებ. რა სისულელეა, რა "მწვანე პასპორტი"?!. ამასთან დაკავშირებით ბევრი ნიუანსია - წლების შემდეგ კიდევ გაირკვევა, რეალურად რა ხდება... ვინც აცრას იკეთებს, არც მათთან მაქვს პრობლემა, მაგრამ აცრის შემდეგ, აუცრელებს რომ უტევენ, არ შემიძლია. არც ერთი მხარე არ არის სწორი, არც ვაქსერი ვარ და არც - ანტივაქსერი... მგონია, რომ წლის ბოლომდე სიტუაცია დალაგდება, ასეთი ამბავი აღარ იქნება: ან ყველა ავიცრებით, ან - ისინი დაგვანებებენ თავს - მოდი, ისევ ერთად ვიცხოვროთო...

- თქვენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?

- 11 წლის შვილი - მია მყავს. ხატვა, მუსიკა უყვარს... მას რომ ვუყურებ, ვხვდები, ახალი თაობა საერთოდ სხვა "მოდელია"... ერთმანეთს ძალიან ვუგებთ, ვმეგობრობთ, კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვამაყობ, რომ ასეთი მაგარი ადამიანი ჩემი შვილია, მაგარი გოგოა!.. მისთვის რაც უნდა გავაკეთო, ჩემთვის საკმარისი არ იქნება - ყოველთვის მეტი მენდომება...

ეთო ყორღანაშვილი