"იყო აგრესიული მესიჯებიც და ეს მახარებდა" - გზაპრესი

"იყო აგრესიული მესიჯებიც და ეს მახარებდა"

"გიოს როლი სათამაშოდ არის ძალიან საინტერესო. ამ როლზე, პერსონაჟის ხასიათზე ძალიან ბევრი ვიფიქრე. სერია ეთერში გავიდა თუ არა, მაყურებლის რეაქციამაც არ დააყოვნა", - ამბობს მსახიობი ცოტნე მუჩიაშვილი. მას კარგად ესმის, რატომ გააღიზიანა მისმა პერსონაჟმა მაყურებელი.

რა არის მსახიობის "დიდი ბედნიერება", რა ვერ ისწავლა დღემდე, რის გამო იღებს საყვედურებს, რა დროს იბნევა და რა აკვირვებს ყველაზე მეტად ამ სამყაროში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...…

- ...1998 წლის 14 მარტი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ფეხბურთელი. პატარა რომ ვიყავი, სპორტის ამ სახეობაზე დავდიოდი. მერე კიდევ ბევრის სურვილი მქონდა, ბევრ პროფესიაზე ვფიქრობდი, მაგრამ 11 წლის ვიყავი, როცა საბოლოოდ გადავწყვიტე, მსახიობი გამოვსულიყავი. დღემდე ვეძებ მიზეზს, ეს რამ შთამაგონა, ინტერესი რამ გამიჩინა. საახლობლოში პროფესიით არათუ მსახიობი, არამედ ხელოვნებასთან ახლოს მყოფიც კი არავინ მყავდა. მიყვარს იმის კეთება, რაც ერთი შეხედვით შორიდან მიუღწევლად ჩანს.

- ჩემზე ამბობენ...

- ...მეც ყოველთვის მაინტერესებს, რას ამბობენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა გადასაღებ მოედანზე ვარ. ყოველთვის ვცდილობ, საქმეს სიღრმისეულად ჩავწვდე, ვიცოდე, რას ვაკეთებ მოსაწონს, რას ვერ ვაკეთებ. თუნდაც კადრი ვნახო, საკუთარ თავს მაინც ჩემებურად ვხედავ, ამიტომ რეჟისორის, მისი ასისტენტების აზრი ყოველთვის მაინტერესებს. რაც შეეხება ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მათ რომ ჰკითხოთ, იდეალური ბიჭი ვიყავი და ვარ (იცინის).

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ალბათ განვლილი გზის 20%-ს შევცვლიდი. ზოგიერთ ნაბიჯს აღარ გადავდგამდი, მაგრამ ცხოვრებაც ხომ ესაა, ყველა მოვლენა რაღაცის გამო ხდება.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...2014 წლის იანვარი გახლდათ, კასტინგ-მენეჯერ თათა ედიბერიძეს მივწერე (მაშინ ბევრს ვწერდი), რომ მოტივირებული ვიყავი, კინოინდუსტრიაში შებიჯება მინდოდა... მომწერა, ამა და ამ ადგილზე მაქვს გადაღება და მოდიო. რა თქმა უნდა, მივედი. ძალიან აჟიტირებული ვიყავი. რეკლამას იღებდნენ. მასობრივ სცენაში ვთამაშობდი. გადაღება მთელი დღე გაგრძელდა, ჩემ გარშემო ყველა დაიღალა, მე იმდენად მოტივირებული ვიყავი, ზედმეტადაც ვმუშაობდი.

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...

- ...16-17 წლის ვიყავი, როდესაც გავიგე, სერიალის კასტინგ-მენეჯერი ეკა მჟავანაძე იყო. იმ პერიოდში როგორც ქართველ, ასევე უცხოელ კასტინგ-მენეჯერებს ვწერდი ჩემ შესახებ. ქალბატონ ეკასაც მივწერე. ამ დღიდან ბევრი დრო გავიდა. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ქალბატონმა ეკამ დამირეკა, შენთვის როლი მაქვსო. ამ როლისთვის შინაგანად მზად ვიყავი. ძალიან გამიხარდა. ისეთ როლს შევეჭიდე, ვიცოდი, მაყურებელი აუცილებლად დაინტერესდებოდა.

- სერიალში გიოს როლი...

- ...სათამაშოდ არის ძალიან საინტერესო. ამ როლზე პერსონაჟის ხასიათზე ძალიან ბევრი ვიფიქრე. სერია ეთერში გავიდა თუ არა, მაყურებლის რეაქციამაც არ დააყოვნა. აი, დღესაც გამაჩერეს ქუჩაში, ჯერ ბიჭი მოვიდა, მერე - გოგო, ბავშვმაც მოირბინა... ეს ჩემთვის ძალიან უცხოა. მეუბნებიან, რომ მიყურებენ. ერთი პერიოდი მწერდნენ, ჩვენს ჯეკოს თავი დაანებეო. ამას 30 წლის კაცი აკეთებდა!.. იყო აგრესიული მესიჯებიც, ეს მახარებდა, იმის ნიშანი გახლდათ, რომ როლი შედგა. ჩემი პერსონაჟი მეგობარ გოგონას სასმელში ნარკოტიკს უყრის. გასაგებია, რომ გმირმა მაყურებლის გაღიზიანება გამოიწვია... ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, ბევრ ქვეყანაშია აქტუალური. რა თქმა უნდა, გიოს საქციელს გამართლება არა აქვს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემ გარშემო არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებისთვისაც მსგავსი ქმედება მისაღებია.

- პერსონაჟთან საერთო პიროვნული თვისებები...

- ...მაქვს თუ არა? სცენარს რომ გავეცანი, საკუთარ თავთან ვერანაირი მსგავსება ვერ აღმოვაჩინე, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა ჩანაფიქრი, იმ გოგოსთვის რაიმე ზიანი მიეყენებინა. ვნახოთ, როგორ განვითარდება ამ პერსონაჟის ცხოვრება. ძალიან მინდოდა, მხოლოდ უარყოფითი არ ყოფილიყო და მასში რაღაც ადამიანურიც დავინახე: ის მარტო ცხოვრობს და საწოლს მიჯაჭვულ დედას უვლის...

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...ოჯახის წევრებიდან დაწყებული, ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ჩემს აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანეს. ვთვლი, რომ ეს დასაწყისია, წინ უფრო დიდი წარმატებები მექნება.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ჩემი ყველა ახლობელი და საყვარელი ადამიანი ჯანმრთელადაა.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მიზანდასახული ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...23 წლის ვარ და აქამდე მეტი უნდა გამეკეთებინა. შეიძლება საკუთარი თავისგან ბევრს ვითხოვ, მაგრამ ვთვლი, რომ ცოტათი ზარმაციც ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმე ძალიან, ძალიან მიყვარს.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ადამიანების გაცნობა, შეცნობა.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ერთი მაყურებელი მწერდა, ცუდ პერსონაჟს განასახიერებ, მაკოს წესიერად ბოდიშიც კი არ მოუხადეო... მივწერე, ამ ცხოვრებაში ყველაფრის პატიება შეიძლება-მეთქი. ამ დროს, ასე არ არის. არსებობს ქცევებიც, რომელთა პატიებაც შეუძლებელია, მაგალითად - არაადამიანობის პატიება ძალიან მიჭირს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ვიცი, თქვენ იქნებით იმ კინოსეანსზე, სადაც ეკრანზე ნაჩვენები იქნება ფილმი ჩემი მონაწილეობით, რომლითაც მივაღწევ ძალიან დიდ წარმატებას. უდიდესი სურვილი მაქვს, ასეთ ფილმზე დაგპატიჟოთ.

- ვიბნევი...

- ...როცა კასტინგზე ვარ, მთხოვენ, იმღერეო, ამ დროს სიმღერა ძალიან მიჭირს და მაინც უნდა ვიმღერო.

- ვნანობ...…

- ...რასაც ვფიქრობდი და რასაც ვფიქრობ, ზოგჯერ იმას არ ვაკეთებ. ამ შემთხვევაში მხოლოდ კარიერას ვგულისხმობ.

- ამ წუთში ძალიან მინდა...…

- ...მქონდეს წასაკითხი დიდი მონოლოგი. ძალიან მინდა ვშრომობდე, კარიერისტი ვარ. რაც შეეხება საქმის მიღმა სურვილებს, მინდა, ჩემთან ერთად ჩემი ის ახლობლები იყვნენ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ემიგრაციაში არიან, მათ შორის - ჩემი ძმა.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...…

- ...არასწორ ქმედებებს. ემოციური ვარ და ადვილად ვფეთქდები.

- სიყვარული - ეს...

- ...არის ყველაფერი ამ ქვეყანაზე. სიყვარულია ის საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან. ვცდილობ, სიყვარულით ვიცხოვრო, სიყვარულით სავსე ქვეყანაში.

- პირველად რომ შემიყვარდა...…

- პატარა ვიყავი და ვერ გამოვხატავდი.

- ახლა შეყვარებული...

- ...მე სულ შეყვარებული ვარ (იცინის). არსებობს ადამიანი, რომელთანაც თავს ბედნიერად და ძალიან კარგად ვგრძნობ.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...განწყობას გააჩნია. შეიძლება, ისეთი განწყობაც მქონდეს, იმ წუთში ხასიათი ვერავინ და ვერაფერმა შემიცვალოს. ზოგჯერ ასეც ხდება, გაღიზიანებული რომელიღაც მუსიკის ფონზე ვიძინებ და მეორე დილით თვალწინ ახალი შესაძლებლობები მეშლება. რაც ჩემზე ყველაზე მეტად მოქმედებს, ეს ოჯახის წევრების მდგომარეობაა. როცა ისინი კარგად არიან, მეც მშვიდად ვარ. დაძაბული მდგომარეობიდან საქმესაც შეუძლია გამომიყვანოს. შიში - ერთგვარი კედელი, რომელიც მქონდა, - რომ ვერ შევასრულებდი ამ პერსონაჟს, რომ მაყურებელს, იმ პირებს, რომლებიც მენდნენ, იმედს გავუცრუებდი, უკვე დავძლიე.

- მაკვირვებს...

- ...რომ ადამიანები არ უფრთხილდებიან დედამიწას; იმ ტერიტორიას, სადაც ცხოვრობენ. არადა, მას ძალიან დიდი გაფრთხილება სჭირდება.

- ვრისკავ...

- ...ზომიერად.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...გავდივარ იმ სივრციდან: უხერხულია, საჯარო შექება არ მიყვარს. ჯობს, ჩემზე უჩემოდ ილაპარაკონ... ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა რეჟისორს ვკითხავ, - გამოვიდა? - და ის თანხმობის ნიშნად თავს დამიქნევს.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...უყურადღებობის გამო. მეგობრები და ჩემი ახლობლები მეუბნებიან, რომ მეტი უნდა გავაკეთო, მეტი შემიძლია. ეს ადამიანები ჩემთვის დიდი სტიმულის მომცემნი არიან.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...…

- ...თმა მითხელდება და ამ პრობლემას აღმოვფხვრიდი.

- ვუფრთხილდები...

- ...საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...სიზარმაცის დაძლევა. რაღაც პერიოდი რომ გავა, ამ სიტყვებს წავიკითხავ: მინდა, ყოველთვის შუბლში მხვდებოდეს.

- ვიტყუები, როცა...

- ...არ ვიტყუები, ეს ყველაზე ნაკლებად მიყვარს.

- თავისუფლება არის...

- ...როცა აკეთებ საქმეს და ამ საქმის კეთებაში გაქვს არჩევნის უფლება. ჩემთვის თავისუფლება საყვარელი საქმის კეთებაა. მაქვს განცდა, რომ ჩემი თავისუფლება ბოლომდე ნაპოვნი არ მაქვს.

271288959-912117169493077-2247490996051085383-n-1-1642508935.jpg

- როცა მარტო ვარ...

- ...ვფიქრობ, როგორ გავხდე უკეთესი ჩემს საქმეში. ფიქრი მიყვარს.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...მეგობრებთან ურთიერთობა საუკეთესო წამალია. ასეთ მდგომარეობაში ვყოფილვარ და მეგობრებთან ლაპარაკს, რაღაცების ახსნას, ჩახუტებას დიდი ძალა ჰქონდა.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- "...გაბედე ოცნება და არასდროს დანებდე" - ეს სიტყვები ნიკოლოზ ხომასურიძემ მითხრა და სამუდამოდ დამამახსოვრდა.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...იბრძოლეთ მიზნისთვის!. არ იფიქროთ იმაზე, რომ "ჩაწყობით" ხდება, ამას ვერ შევძლებ. შეუძლებელი არაფერია. 12 წლის რომ ვიყავი, მეუბნებოდნენ, არაფერი გამოგივაო. ეს სიტყვები დიდ მოტივაციად იქცა. გვახსოვდეს, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.

თამუნა კვინიკაძე