რატიანების ოჯახის შობა-ახალი წელი - გზაპრესი

რატიანების ოჯახის შობა-ახალი წელი

ლევან რატიანი - სახელი და გვარი, რომელიც ქვეყანაში პანდემიის დაწყების დღიდან ყველამ იცის და ძალიან ბევრს ალბათ არც არასდროს დაავიწყდება. მის სახელს უკავშირდება ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე, სიკვდილზე გამარჯვების ბევრი სიხარული... მის გულისხმიერებაზე, დაუზარლობაზე, პროფესიონალიზმზე, ადამიანობაზე საოცარ სამადლობელ ბარათებს წერენ გადარჩენილი პაციენტები, მათი ოჯახის წევრები.

იმედია, მოვა დრო და ამ ყველაფერზე ბატონ ლევანთან თავად ვისაუბრებთ. ვიცით, ახლა მას გაცილებით მნიშვნელოვანი მისია აკისრია, ვიდრე რესპონდენტობაა.

რატიანების შობა-ახალწლის დღეებზე, მათ საოჯახო ტრადიციებზე ლევან რატიანის დედა - ქალბატონი მარინა გვასალია მოგვითხრობს.

deda-copy-1642509135.jpg

- შობა-ახალ წელს გილოცავთ! საახალწლოდ ოჯახის წევრებმა ერთად შეკრება მოახერხეთ?

- დიდი მადლობა! მეც გილოცავთ, ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ! ახალ წელს ერთად შეკრება ვერ მოვახერხეთ, ჩემმა შვილებმა ფოთში ჩამოსვლა ვერ შეძლეს. ლევანს, თამუნას, რძალსა და სიძეს - ყველას დატვირთული დღეები ჰქონდა, ექიმები არიან და მოგეხსენებათ, როგორ რეჟიმში უწევთ მუშაობა. ამიტომ შობის დღესასწაულისთვის მე წამოვედი თბილისში და ამ დღეს ერთად შევხვდით. ჩვენთან ერთად ლევანიც იყო, მაგრამ მისი ტელეფონი არ გაჩერებულა. თუ დამიჯერებთ, შვილთან ნორმალურად დალაპარაკებაც კი ვერ მოვახერხე. რაც პანდემია დაიწყო, მეც იმდენი ადამიანი მირეკავს, იმდენი ვინმე მთხოვს, ლევანთან მიღებაში დავეხმარო, რომ აღარ ვიცი, რა გავაკეთო. ლევანის საქმეში ხომ ვერ ჩავერევი?! თან ვიცი, რომ ადგილები ფიზიკურად არა აქვს და მისთვის პრივილეგირებული პაციენტი არ არსებობს, ყველას თანაბარი გულისხმიერებით ეპყრობა, მისთვის ყველა ავადმყოფი ერთნაირია. 2 წელია, მეც არ მიძინია, შვილო, მეც ვტირი სხვასთან ერთად. ფოთელ კაცს, 5 შვილის მამას შეხვდა ეს ვირუსი, ძალიან მძიმედ იყო, როგორც იქნა, გამოვიდა მდგომარეობიდან, ამ ამბავზე დღემდე მეტირება. ყველა პაციენტის მდგომარეობა მეც გულთან მიმაქვს. ლევანი დღესაც ძალიან განერვიულებული იყო, 1 საათით ვნახე და სულ ადგილებისთვის ურეკავდნენ. რომ ვერ ეხმარება, ვერაფერს უკეთებს, ნერვიულობს. ძალიან ახლობელი მირეკავდა, - ჩემი ძმა ინგოროყვას კლინიკაში წევს და იქნებ ლევანმა თავისთან გადაიყვანოსო. ვუთხარი, განა ლევანთან პაციენტები არ იღუპებიან-მეთქი?! - მირჩევნია, მასთან მოკვდეს, ვიდრე სხვა კლინიკაში იყოსო...

- მისი იმედი აქვთ.

- მაგისთვის დაღლა არ არსებობს, პაციენტს თუ სჭირდება, დღე და ღამე არ იცის. უკვე ძალიან გადაიღალა, ფეხი სტკივა და თავს რომ მიხედოს, ეგ ვერ მოახერხა. ვუთხარი, ყველას სიცოცხლე ძვირფასია, მაგრამ ცოტათი შენს თავსაც მიხედე-მეთქი. რამდენჯერ დამირეკავს ღამის 12 საათზე, ისევ კლინიკაში იყო, - ვიღაც ცუდად არის და ჯერ ვერ წავალო. დამძიმებულ პაციენტს არ ტოვებს, ხშირად შინ დასაძინებლადაც ვერ მიდის.

269800437-3592009797590695-859339940584388831-n-copy-1642509150.jpg

- სწორედ ამიტომ არის, ლევანი ექიმის მიმართ სოციალურ ქსელში პაციენტები მადლიერებას რომ გამოხატავენ. მის გულისხმიერებაზე, დაუზარლობაზე, პროფესიონალიზმზე, ადამიანობაზე საოცარ ამბებს წერენ. ეს თქვენთვის რა განცდაა?

- მეც ვეცნობი ამ წერილებს და უფალს მადლობას ვწირავ, ჩემმა შვილმა ამდენი სიკეთის გაკეთება თუ შეძლო-მეთქი. გუშინ უცნობმა ადამიანმა დამირეკა, ამერიკიდან გელაპარაკებითო. არც ვიცი, ვინ იყო: დღეს დედა ცოცხალი რომ მყავს და ასე მშვიდად ვარ, ეს თქვენი შვილის დამსახურებააო, - მადლობა გადამიხადა, შობის დღესასწაული მომილოცა. ფოთში ქუჩაში რომ გავდივარ, ხან ვინ მაჩერებს, ხან - ვინ. ყველას ვეუბნები, ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოთ-მეთქი!

- მადლიერების ყველა წერილი ერთმანეთს ჰგავს და ყველა სიკვდილზე გამარჯვების სიხარულით არის სავსე. თქვენ გამორჩეულად რა დაგამახსოვრდათ?

- ყველა ამბავი დასამახსოვრებელია და ყველა ადამიანის სიცოცხლესავით ძვირფასია. როცა ლევანს პაციენტი უკვდება და ნერვიულობს, მაგ დროს ჩემი გულიც კვდება. ასევე დიდია გადარჩენის სიხარულით გამოწვეული ემოციაც. ბიძინა ივანიშვილის ძმის მეუღლეს მკურნალობდა. ამ ქალბატონს ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. თავად მიამბო, სახეზე ადამიანის ფერი აღარ მედო, მწვანე ვიყავი. თვალი რომ გავახილე, ლევანმა მითხრა, ნუ გეშინიაო; მივხვდი, აღარ მოvკვდებodიო. ჩემთან მოვიდა უზომოდ მადლიერი, ლევანმა გადამარჩინაო. ახალი წლის დღესასწაული პირველად მან მომილოცა. ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა მახსენდება.

- მიამბეთ, როგორი იყო შობის დღესასწაული რატიანების ოჯახში?

- ძალიან ლამაზი იყო. როგორც იქნა, ყველა ერთად შევიკრიბეთ. ბავშვებმა გაიხარეს, არ სჯეროდათ, რომ ყველანი ერთად ვიყავით. "რუსთავი 2"-ზე რომ გადაცემა გადის, სადაც ლევანი თანაწამყვანია, ისეთი კმაყოფილი და აღფრთოვანებული ვარ, სულ იდეის ავტორს ვლოცავ, - ლევანს მაშინ მაინც ვხედავთ. მე და ჩემი მეუღლე მაგ დროისთვის სოფელში ყველა საქმეს მოვილევთ ხოლმე და ვუყურებთ, შვილის მონატრებას ასე ვიკმაყოფილებთ.

- ლევანი ბავშვობაში როგორი იყო?

- ბავშვური არასდროს ყოფილა, ყოველთვის დაბრძენებული კაცივით იყო.

- ახალი წლის დღესასწაული გამორჩეულად უყვარს?

- ძალიან უყვარს. ნაძვის ხეს ყოველთვის თავად აწყობდა. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ახალი წელი მეც გამორჩეულად მიყვარს და როგორც ჩანს, შვილებზე ამ მხრივ ჩემი გავლენაა.

- სანამ დრო ჰქონდა, კულინარიულ სამზადისში ერთვებოდა?

- რა თქმა უნდა. ლევანმა ყველაფრის მომზადება იცის. სიმღერა, ფანდური, ფორტეპიანოზე დაკვრა თავად ისწავლა, მუსიკაზე არც მიტარებია, მოინდომა და ისწავლა. პატარა რომ იყო, მეზობლის ქალს მოიყვანდა, ფანდურს გამოიტანდა და სთხოვდა, ესწავლებინა.

271051947-376034854291208-2633432334929306052-n-copy-1642509164.jpg

- ლევან რატიანის საყვარელი კერძი რომელია?

- სულგუნი ღომთან ერთად, ელარჯი და ქათმის შემწვარი ხორცი უყვარს გამორჩეულად.

- ახალ წელს შვილებთან ერთად შეხვედრა, მათთვის საახალწლო სურვილების შესრულება მაინც თუ მოახერხა?

- ახალ წელს შვილებთან ერთად შეხვდა. უფროსმა შვილიშვილმა, რატიმ დამირეკა, - ბებო, მამამ ძალიან გამახარა, ფოტოაპარატი მაჩუქაო. სურვილები გიორგისა და ლუკასაც აუსრულა, მაგრამ ისინი პატარები არიან და ემოციას იმდენად ვერ გამოხატავენ. საერთოდ, ლევანი ძალიან ყურადღებიანია, როგორი დაკავებულიც უნდა იყოს, არ არსებობს, რაიმე დღესასწაული გამორჩეს. 97 წლის დედა მყავს, დღეს დამირეკა დედაჩემმა: ლევანმა როგორ მოახერხა, შობაც მომილოცა და ახალი წელიცო! ბებოს 2 წუთით მაინც დაელაპარაკება ხოლმე.

- ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება აქვს?

- მთვრალი ლევანი არასდროს მინახავს. მისი მაქსიმუმი 4 ჭიქაა, ესეც - იშვიათ შემთხვევაში.

- სამეგრელოში რატიანების საშობაო ტრადიცია როგორია?

- შობამდე შინ ყველაფერს საფუძვლიანად ვალაგებთ, ჩვენთან, როგორც ოჯახების უმრავლესობაში, ღორი იკვლება. ბარაქისა და ხვავის სიმბოლოდ ხონჩაზე ღერღილს, ტკბილეულს, კვერცხს, ხურდა ფულს ვალაგებთ, სუროს ფოთოლს, თხილის ტოტებს შემოვუწყობთ და ეზოს შემოვატარებთ.

- ლევანს ბავშვობაში მეკვლედ ეპატიჟებოდნენ?

- კი. ის ბავშვობიდან ყველას ძალიან უყვარდა.

- ახლაც ყველას უყვარს...

- პირველი კურსის სტუდენტი იყო. ახალი წლის წინა დღეებში თბილისიდან ჩამოვიდა. მაშინ უფრო აწყობილი ცხოვრება იყო. სუფრა გავშალეთ, ერთმანეთით ვხარობდით და ლევანმა თქვა, ახლა ერთი ვინმე ავადმყოფი მაჩვენაო. მის ნათქვამზე გავიცინეთ. გავიდა ქუჩაში და... დიდი დრო გავიდა, აღარ დაბრუნდა. ღამის 2 თუ 3 საათი შესრულდა, არ იქნა და არ გამოჩნდა. ავნერვიულდი, მეუღლეს ვუთხარი, გადი, სადმე მოძებნე-მეთქი, ტელეფონსაც არ პასუხობდა. თურმე ჩვენგან ცოტათი დაშორებულ მეზობელს ხელში მაშხალა აhფეთქებია, ფოთის საავადმყოფოში გადაუყვანიათ და ლევანიც გაჰყოლია. ის ახალი წელი საავადმყოფოში გაატარა. გულისხმიერება და მზრუნველობა, რაზეც ახლა მისი პაციენტები ყურადღებას ამახვილებენ, ბავშვობიდან ჰქონდა. სულ ვამბობ, ეს მხოლოდ აღზრდით არ მოდის, თავად ადამიანს ხასიათიც თუ არა აქვს-მეთქი. ლევანი ბუნებით ასეთი დაიბადა.

- იმ ეპიდემიოლოგების მიმართ, რომლებიც პანდემიის დაწყების დღიდან ყოველდღე ეკრანიდან გველაპარაკებიან, საზოგადოების განწყობა მეტ-ნაკლებად კრიტიკულია, დამოკიდებულებაც არაერთგვაროვანი. ლევანის მიმართ არის სრული პოზიტივი - ის ყველას ეიმედება. ამას როგორ ახერხებს?

- ლევანი თავად არის იმედიანი. ჩემი სიძე მასთან მუშაობს. როცა კლინიკაში ვინმე ნაცნობი ჰყავთ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მაინტერესებს, გიორგის უფრო ვეკითხები, მისგან უფრო რეალურ ამბავს ვიგებ, რეალისტია. ლევანი არასდროს ბოლო წუთამდე ცუდს არ გეტყვის, ხელს არ ჩაიქნევს, სულ აქვს რწმენა, რომ დაძლევს რთულ მდგომარეობას, რომ გადაარჩენს...

- მადლობა ინტერვიუსთვის. ბატონი ლევანის თამადობით, მადლობა ყველა ექიმს თითოეული გადარჩენილი სიცოცხლისთვის! ისინი ნამდვილად 2021 წლის გმირები არიან.

- ვლოცულობ, პანდემიის დასრულების წელი იყოს და არავის თვალზე ცრემლი აღარ გვენახოს! ეს დაძაბული დღეები ყველას დიდი სიხარულით შეგვცვლოდეს!

თამუნა კვინიკაძე