პირველად საქართველოში... - გზაპრესი

პირველად საქართველოში...

ჰოლივუდური მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო კომედია "კინგსმენის" საპრემიერო ჩვენება 6 იანვარს გაიმართა კინოთეატრ "ამირანში". წითელ ხალიჩაზე ქართველმა მოცეკვავე-მსახიობებმა, არც ისე უბრალო მიზეზით გაიარეს - მათ 81-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ჰოლივუდური ფილმის მთავარი როლის შემსრულებლის დუბლიორობა ერგოთ წილად. პირველი რჩეული 34 წლის ლაშა მძინარაშვილი გახდა - ანსამბლ "რუსთავის" სოლისტი, მსახიობი-მოცეკვავე, აწ უკვე შემდგარი კასკადიორი.

ლაშა მძინარაშვილი:

- ეს სასწაული ორიოდე წლის წინ დაიწყო. საღამოს ავტოფარეხში ჩემთვის ვფუსფუსებდი, უცებ მობილურ ტელეფონზე ზარი გაისმა - ინგლისიდან მირეკავს ჟურნალისტი და მეუბნება, რომ არის "მარლ პროდაქშენის" პროდიუსერი ემა ენისი და რომ მისმა მასალებმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ 15 ქვეყანას შორის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა (მასალაში ასახული იყო ლაშას მიერ შესრულებული საბრძოლო ელემენტები, შერწყმული ფოლკლორის ელემენტებთან. - ავტ.) და რომ სამ დღეში უნდა ჩავფრინდე ინგლისში სინჯებზე, ხოლო არჩევის შემთხვევაში მექნება ბედნიერება, ჰოლივუდურ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელ რის იფანსის დუბლირებისა. ჩემი დამტვრეული ინგლისურით ვუხსნი, რომ შეუძლებელია ჩემთვის ასე მცირე ხანში ჩასვლა, რადგან ვიზის პრობლემაა, რომლის მიღებასაც თვე-ნახევარი სჭირდება, გარდა ამისა, მესამე დღეს რესპუბლიკის მოედანზე იმართება მიუზიკლი "ჩხიკვთა ქორწილი", სადაც ცეკვების შესრულება მიწევს. საბოლოოდ ვთანხმდებით, რომ ჩემი სამუშაოს დასრულებისთანავე ჩავფრინდები პარიზში, საკონსულოში დამხვდება საბუთები და დავადგები ლონდონის გზას... მოსაყოლად ადვილია, ამ უდიდეს ემოციებთან შეჭიდებაა საქმე.

სულ რაღაც ერთ კვირაში მივიღე ვიპ-კლასის ვიზა და ლონდონში გაფრენის დღეც დადგა. ემოციებით დატვირთული პირველი კვირა ურთულესი აღმოჩნდა ჩემთვის და ასე დაიწყო ჩემი მზადება სასინჯი დღისთვის. თავბრუდამხვევი იყო მთელი მუშაობის პროცესი ჯეკი ჩანის კასკადიორების ჯგუფთან ერთად, რომელთაც მსოფლიო კინემატოგრაფში უდიდესი როლი აქვთ. მალე სასინჯი დღეც დადგა. გადაღების ხელმძღვანელი მეთიუ ვონი მეუღლესთან, კლაუდია შიფერთან ერთად მოვიდა და მეც შევასრულე საბრძოლო სცენები კასკადიორული ტრიუკებით. მახსოვს, პავილიონში სიჩუმე ჩამოვარდა და მკაცრმა მეთიუმ სიჩუმე დაარღვია სიტყვებით - "ფაქინგ ქრეიზი დენს" (ბოდიშის მოხდით; ანუ გიჟურ-უმაგრესი ცეკვააო, უცენზურო სიტყვის დამატებით. - ავტ.) და ტაში შემოჰკრა... ამ ტაშის ფონზე უკვე ვიგრძენი, როგორ ვხდებოდი ამ ისტორიის ნაწილი.

- "მარლ პროდაქშენში" როგორ მოხვდა შენი მასალები?

- ათიოდე წლის წინ სამუშაოდ მიწვეული ვყავდი რეჟისორ დავით ხუბუას, იმ დროს "სუხიშვილებში" ვცეკვავდი და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე კლიპს იღებდნენ ქართული რითმების ფონზე. მაშინ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე და ვეცადე ქართული სულისა და შინაგანი ხმის წარმოჩენას. მას მერე დიდი დრო გავიდა და სწორედ ბატონმა დავითმა დამირეკა და მასალების გაგზავნა შემომთავაზა ამ ფილმისთვის, თან იქვე გამახსენა, რომ ჩემი შრომის უნარი და თავდადება არასოდეს დავიწყებია...

- ორი წლის განმავლობაში როგორ მოხდა, რომ არსაიდან არ მოგვივიდა და არ გახმაურდა ეს ამბავი - საქართველო ხომ პატარაა?

- თავიდანვე გვეკრძალებოდა ამ თემაზე ინფორმაციის გაცემაცა და ფოტოების გამოქვეყნებაც პრემიერამდე, ჯარიმები იყო დაწესებული, მაგრამ ეს არ ყოფილა პრობლემა, იქ სულ სხვა სირთულეებს წავაწყდით - მაგალითად, იმას, რომ მე "ტრიუკაჩი" არ ვიყავი და თოკებით მიწევდა ტრიუკების გაკეთება; უცებ აღმოჩნდა, რომ კიდევ ერთი დუბლიორის დამატების საჭიროების წინაშე დავდექით. მეორე დღესვე მოიძია სპეციალურმა ჯგუფმა ინფორმაცია 6 მოცეკვავე-"ტრიუკაჩზე" და ამ 6-დან არჩევის უფლება მე დამიტოვეს. რა თქმა უნდა, 6-ივეს კარგად ვიცნობდი, თუმცა მარტო ცნობა საკმარისი არ იყო, უმთავრესი როლი ინდივიდუალურ თვისებებს ჰქონდა, რადგან ყოველთვის არსებობს რისკები. ოსტატობითა და ამ ნიშნითაც ბაჩანა ჭანტურია ავირჩიეთ, რადგან ყველაზე ახლოს და კარგად ვიცნობდი და პასუხისმგებელი ვიყავი.

lasha-da-bachana-1642761046.jpg

- როგორი იყო ბაჩანას რეაქცია?

- მახსოვს, იმ საღამოსვე დავურეკე და ვუთხარი, ასეთი ამბავია და ინგლისში უნდა ჩამოფრინდე სასწრაფოდ-მეთქი. იმდენად დაუჯერებელი მოეჩვენა, რომ ყურმილიც კი დამიკიდა...

ბაჩანა ჭანტურია, სახ. ანსამბლ "აფხაზეთის" სამხატვრო ხელმძღვანელი:

- ლაშას დარეკვის მომენტი მართლა არ მახსოვს, აი, ფილმის გადაღების პროცესი კი - ძალიან კარგად, და მე ვიტყოდი, რომ ეს იყო პროფესიონალიზმის პიკი თავიდან ბოლომდე, ყველა გაგებით. ამაზე მაღალი საფეხური ალბათ არ არსებობს. ჩავთვალე, რომ ერთ დღესაც ოცნებებში გავიღვიძე... ბედნიერებაა, როცა ასეთი დიდი ისტორიის ნაწილი ხარ და იმედი მაქვს, ჩვენს შემდეგაც მსოფლიოს ინტერესი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შესაძლებლობებისადმი უსაზღვროდ დიდი იქნება!..

- ის დღე, მეთიუ ვონის ტაშის შემდეგ...

ლაშა:

- იმ საღამოს სასტუმროში ბრედ ალენისგან (ჯეკი ჩანის ჯგუფის ხელმძღვანელი) საჩუქარი მივიღე წერილთან ერთად. გავხსენი და სპეციალურად ჩემთვის დამზადებული "კინგსმენის" ყურსასმენები იდო, წერილში კი ეწერა: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "კინგსმენში", თქვენი მონაწილეობა ჩვენთვის დიდი პატივია".

- პრემიერაზე რას იტყვით?

- წითელმა ხალიჩამ და იქ წარმოდგენილმა პერფორმანსმა უფრო მეტი ემოცია შესძინა მოლოდინს. როცა ფილმი დაიწყო და ვარსკვლავებთან ერთად ტიტრებში საკუთარი სახელი და გვარი დავინახე, ზესასწაული გრძნობა იყო... და ყველა სიკეთესთან ერთად გამახსენდა, გადაღებებზე ურთულესი ტრავმა რომ მივიღე, და ამ დროს, სწორედ ფილმის ყურებისას მივხვდი, რამდენად ღირებული იყო ის შეგრძნება, რაშიც "სიცოცხლის ფასი" გადავიხადე...

ლიკა ჯანანაშვილი