თავმდაბალი სპორტსმენის ძლიერი მხარე და მიზანი - გზაპრესი

თავმდაბალი სპორტსმენის ძლიერი მხარე და მიზანი

პარასპორტსმენი ირმა ხეცურიანის ცხოვრება სიხარულით სავსე წუთებითა და მძაფრი შთაბეჭდილებებით დატვირთულია. დიდ სპორტში ეტლით 27 წლის ასაკში მოვიდა და ჯამურად 40-მდე სხვადასხვა სინჯის მედლის მფლობელია. ოჩამჩირეში დაიბადა. 7 წლის იყო, როცა ოჯახთან ერთად აფხაზეთის დატოვებამ მოუწია. ამას მოჰყვა წყალტუბოში ახალ გარემოსთან შეგუება და 18 წლის ასაკში დასმული დიაგნოზი - კეთილთვისებიანი სიმსივნე, რამაც მთელი ცხოვრება შეცვალა. ახალ რეალობასთან შეგუებას გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ მან საკუთარ თავში ძალა იპოვა და მხრები არ ჩამოყარა. მეტიც, შეძლო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი გამხდარიყო თანამედროვე ქართულ და ასევე მსოფლიო სპორტის ისტორიაში. ისევე, როგორც ჩემთვის, ბევრისთვის ის ძლიერი და სამაგალითო ქალბატონია.

ირმა ხეცურიანი:

- წარმატებებისგან მიღებულ განცდებსა და შთაბეჭდილებებს ვერაფერს შევადარებ, რადგან ამას ალტერნატივა არა აქვს. ყოველ ჯერზე გამარჯვება ერთადერთი და განუმეორებელია. როცა პიედესტალზე ადიხარ, შენი ქვეყნის ჰიმნი გესმის და დროშას უყურებ, იმ მომენტში შენთვის ეს ყველაფერია. ვერასდროს ვიჯერებ, რომ შევძელი, გავიმარჯვე და არ გავუცრუე იმედი გუნდს, ქვეყანას და საკუთარ თავს. პირველმა გამარჯვებამ თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება და ეს იყო იმის წინა პირობა, რომ ფარიკაობას გავაგრძელებდი. შეჯიბრება კანადაში გაიმართა. მაშინ ბრინჯაო მოვიპოვე. თუმცა იმ წუთებმა კონკრეტიკა დამანახვა: მიუხედავად იმისა, რომ მესამე ადგილზე გავედი, პიედესტალზე ყველაზე დაბალ საფეხურზე ვიდექი, მქონდა განცდა, რომ ჩემი ადგილი ვიპოვე და ვიყავი იქ, სადაც მინდოდა ყოფნა. ის მომენტი იყო თვითდამკვიდრების წუთები იმ სპორტში, სადაც ახლა ვარ.

- ბავშვობის შთაბეჭდილებებიდან დღემდე რა გამოგყვათ ყველაზე მძაფრად? თუ გაიფანტა და ბუნდოვნად არის ის წლები თქვენს მეხსიერებაში?

- ომის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს. შიში, სტრესი, ყველაფერი ერთად იყო და ასეთ დროს გონება ხშირად ცდილობს, ცუდი და მძაფრი ემოციები არ გაგახსენოს. რაღაცები ნამდვილად მახსოვს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ "კარგი კადრებია". პერიოდულად უფროსებთან ვამოწმებ ჩემს მეხსიერებას და ვინტერესდები, რამდენად არის ისინი ნამდვილი ფაქტები და არა ბავშვობის გამოგონილი ისტორიები... წყალტუბოში რომ გადმოვედით, პრაქტიკულად ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. არაფერი გვქონდა, დავკარგეთ სახლი, ჩვენი ტერიტორია... უცხო მხარეში გადასახლების პირველი ეტაპი უფრო მძიმედ მახსოვს. დღეს ყველაფერი რომ გაქვს, ხვალ - აღარაფერი და ვიღაცის მოწყალების იმედად რჩები, ძნელია. ჩემი ბავშვური ასაკიდან გამომდინარე, მომხდარს ბოლომდე კარგად ვერ ვაფასებდი, მაგრამ ჩემი მშობლებისთვის ეს რთული იყო. ვერ ვიტყვი, რომ ვშიმშილობდით, მაგრამ ირგვლივ ყველას ჩვენზე მეტი ჰქონდა. მოცემულ სიტუაციას როცა ეჩვევი, ნელ-ნელა ყველაფერი შედარებით მარტივდება. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. მიუხედავად ყველაფრისა, ხშირად მიფიქრია, რომ წყალტუბოში კლასელებთან და მეგობრებთან გატარებულ პერიოდს სიამოვნებით დავაბრუნებდი. მას შემდეგ, რაც ჯერ მამიდა წავიდა ემიგრაციაში და მოგვიანებით დედაც წაიყვანა, ფინანსურად შედარებით ამოვისუნთქეთ. მაშინ 13 წლის ვიყავი. საქართველოში მამა, ძმა, და და მე დავრჩით. ვიღაცას უნდა გამოეკვება ოჯახი და ამ შემთხვევაში, დედა ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა - მან იტვირთა ეს მისია. პერიოდულად ჩამოდიოდა, ერთმანეთს ვნახულობდით და ასე გაგრძელდა წლები.

- ცხოვრებაში ხშირად გვხვდებიან ადამიანები, ვინც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ახდენენ ჩვენზე. დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი, ვინც თქვენთვის ასეთია, თქვენი მწვრთნელი, მალხაზ მესხია; მის გარდა კიდევ ვის დაასახელებთ?

- ჩემთვის ყველაზე მისაბაძი ადამიანი დედა იყო. მისი ძლიერი თვისებებიდან თავისუფლება, დომინანტობა "წამოვიღე" და დღემდე ვცდილობ, მორალურად და ფინანსურად დამოუკიდებელი ვიყო. ასევე - მამიდაჩემი და ჩემი და, რომლებიც ჩემთვის ერთგულების, თავდადების, სიყვარულის, მზრუნველობის ეტალონები არიან. და ჩემზე უფროსია და მან მასწავლა, თუ როგორ შეიძლება იყო უსაზღვროდ შეყვარებული საკუთარ დაზე (იღიმის)... ამ ადამიანებს, ვინც ყოველთვის გვერდით მყავდა და ყოველდღე ვხედავდი, მადლობა მინდა ვუთხრა. ასეთები არიან ჩემი მეგობრებიც, ვინც ჩემი მდგომარეობის ცვლილების შემდეგ, სულ მხარში მედგნენ. ისინი დღემდე მომყვებიან და ალბათ შევაბერდებით ერთმანეთს.

მადლობა იმ კოლექტივსაც, რომელშიც მოვხვდი და გავითქვიფე თბილისში. მათ მასწავლეს, როგორ უნდა ვიყო თავისუფალი, ეტლით მოსარგებლე ქალი. შემდეგ უკვე გამოჩნდა მალხაზ მესხი, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და დღეს ის ფაქტობრივად ჩემი ოჯახის წევრია. ამავდროულად, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ცუდად გამახსოვრდება, იმედს გიცრუებენ, თუმცა მსოფლმხედველობას გიცვლიან და გაძლიერებენ. ასეთები რაოდენობრივად საკმაოდ მრავლად არიან, ჩამოთვლა არ მინდა, მაგრამ სხვადასხვა წელს მიღებული ცხოვრებისეული გაკვეთილები შემდეგში გამომადგა.

- წლები რომ გვემატება, თითქოს ადამიანებში აღარ უნდა ვცდებოდეთ, მაგრამ ასე მაინც ხდება. იმედგაცრუება გრძელდება?

- რა თქმა უნდა, ეს ცხოვრებაა. სანამ შეცდომებს ვუშვებთ, ე.ი. ვსუნთქავთ (იღიმის).

- რომ არა ეს სპორტი და აქტიური ცხოვრება, რა მიმართულებით გააგრძელებდით ცხოვრებას?

- ალბათ, უფრო სწავლის კუთხით ვიქნებოდი აქტიური. ჩემი პროფესია იყო ინფორმაციული ტექნოლოგიები და უცხო ენა, მაგრამ შემდეგ ფსიქოლოგიით დავინტერესდი. სპორტს დიდი დრო მიაქვს, მაგრამ ახლა სპორტის მენეჯმენტზე ვფიქრობ. როგორც "სიბერეში" დავიწყე სპორტი, ისე დავიწყებ სწავლასაც (იღიმის).

- ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, შინ ყოფნის დროს ფილმებს ვუყურებ და წიგნებს ვკითხულობო. შეგიძლიათ თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწარმოებები გამოყოთ?

- ბოლო პერიოდში "ნეტფლიქსის" ფილმებს ვუყურებ, სერიალებს - იშვიათად. ჩემი პრობლემა ისაა, რომ უმრავლესობის დასახელება არ მახსოვს. ფილმის რამდენჯერმე ყურებაც არ მიყვარს, მაგრამ ერთი ქართული ფილმი, რომელიც სულ კარგ განწყობაზე მაყენებს, "შერეკილებია". რაც შეეხება ლიტერატურას, ბავშვობაში დავიწყე დოსტოევსკის კითხვა და ვფიქრობ, ეს ცუდია, მისი ნაწარმოებები იმ ასაკისთვის მძიმეა. "იდიოტი" ჩემთვის სამაგიდო წიგნია, რომელიც მის ნაწარმოებებს შორის პირველი იყო, რაც წავიკითხე და დღემდე არაერთხელ მივბრუნებივარ. ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი წიგნი იყო "დორიან გრეის პორტრეტიც" და მასზე დღემდე ვგიჟდები. მესამე ასეთივე შთამბეჭდავი წიგნი კი გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველია".

my-5a02a2d09fa8a-copy-1642761452.jpg

- შთაბეჭდილებებს პირველად ვის უზიარებთ? და ვინ იგებს თქვენი გამარჯვებების შესახებ პირველი?

- ყველაზე ხშირად ჩემ გვერდით არიან ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი, შესაბამისად - მათ. ასევე, მეგობრებს. ამავდროულად პირველი, ვისაც ვწერ და ვურეკავ საზღვარგარეთიდან, ჩემი და - ირინაა. მას მინდა პირველს მოვუყვე ყველაფერი. რაც შეეხება გამარჯვებებს, ვწერ ან ვურეკავ ჩემს დას, შემდეგ - დედას და დანარჩენ ახლობლებს, ვინც საქართველოშია და ჩემი შედეგი არ იცის.

- შთაბეჭდილებებს ხომ არ ინიშნავთ?

- არა, შთაბეჭდილებებს არ ვიწერ. ამას ბავშვობაში ვაკეთებდი, უფრო ფოტომეხსიერება მაქვს და მირჩევნია, სადმე რომ ვარ, გარემოთი დავტკბე, დავიმახსოვრო, გონებაში ჩავიბეჭდო, ვიდრე ფოტოები გადავიღო.

- თქვენთვის რომელი ქვეყანა, საქართველოს კუთხე ან ადგილია შთამბეჭდავი?

- ჩვენი მოგზაურობებიდან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჰონკონგმა. ევროპა მიყვარს, მაგრამ აზიის ქვეყნები - მეტად. საქართველოს კუთხეებიდან კი რაჭას გამოვყოფ, იქ სულ ერთხელ ვარ ნამყოფი, მაგრამ საოცრად დამამახსოვრდა და იქიდან დაუვიწყარი ემოციები გამომყვა.

- ყველაზე შთამბეჭდავი საჩუქარიც გაიხსენეთ...

- საჩუქრებით განებივრებული არა ვარ. არც რაიმე გამორჩეულად კრეატიული მიმიღია. მიყვარს, როცა თავად ვაკეთებ საჩუქრებს, თანხის სახით ან ადამიანს ვეკითხები, რა სჭირდება და ვითვალისწინებ. ასევე მირჩევნია, იუბილარს ხასიათის მიხედვით შევურჩიო საჩუქარი და ერთგვარი საჭირო ნივთების "ბოქსი" გავაკეთო, თან დავურთო მისალოცი ტექსტი და ასე გამოვხატო სიყვარული, მზრუნველობა. პრაქტიკული ადამიანი ვარ და მირჩევნია, სხვასაც ისეთი რამ ვაჩუქო, რასაც გამოიყენებს (იღიმის).

- ყოველდღიურ შთაბეჭდილებებს რომ ვიწერდეთ, ვის ნაწერს გაეცნობოდით დიდი ინტერესით?

- შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ - ადოლფ ჰიტლერის. ეს კითხვა ჩემთვის არავის დაუსვამს და მეც გამიკვირდა, ასე რომ გიპასუხეთ, მაგრამ მისი ფიქრები, ემოციები და შთაბეჭდილებები ნამდვილად საინტერესო წასაკითხი იქნება.

- თქვენს ანგარიშზე ჯამურად 30-ზე მეტი მედალია. რა განცდა გეუფლებათ, როცა მათ უყურებთ?

- მეტია: დაახლოებით 36. უმეტესობა შინ მაქვს, დანარჩენი პარასპორტის განვითარების ცენტრში ინახება. მიუხედავად იმისა, რომ წლების გამოცდილება დამიგროვდა, ცოტა თავმდაბალი ვარ და არასდროს აღვნიშნავ, რომ რაღაც გამომივიდა.

- ცოტა არა, საკმაოდ თავმდაბალი ხართ, რადგან საოცარი შედეგების მიუხედავად, თავს შემდგარ სპორტსმენად არ თვლით. მიკვირს, ამას როგორ ამბობთ...

- (იცინის) ჰო, ალბათ ეს პრობლემაა და სამუშაო მაქვს ამ მიმართულებთ... როცა მარტო ვარ, ჩემი მედლებისა და ტიტულების თაროს გავხედავ ხოლმე და ვფიქრობ: "ეს ყველაფერი ჩემი ნაშრომი, ნამოღვაწარია ჩემს გუნდთან ერთად. რამდენი ყოფილა, ეს როგორ მოვახერხე?!" ზოგჯერ ხმამაღლაც ვლაპარაკობ, ვიხსენებ, რა გზა გამოვიარე. საკუთარ თავს ვეუბნები: "ყოჩაღ! შენ მეტი შეგიძლია".

nina-irma-gvanca-copy-1642761438.jpg

- შეგნებულად არ მინდა გკითხოთ იმ მძიმე განცდებზე, 18 წლის ასაკში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა რომ გამოიწვია. ბევრი წინააღმდეგობა გადალახეთ და დღეს თამამად შეგიძლიათ თქმა, რომ ძლიერი ქალი ხართ?

- ყველას გვაქვს ძლიერი მხარე. თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია რთულ სიტუაციაში ცხოვრების გაგრძელება, მუდმივად მოძრაობა. გარვეული საყრდენი თუ არ ვიპოვეთ, მიზანი არ დავისახეთ და მას არ მივყევით, არაფერი გამოვა. ამიტომ უფრო ასე ვიტყვი: მე ვარ მე, ის, ვინც მინდა ვიყო. კიდევ ძალიან ბევრი მაქვს სამუშაო, თუმცა - კარგი, თქვენთან ვიტყვი, რომ ვარ შემდგარი პარასპორტსმენი, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, გასაკეთებელი და დასახვეწი.

- ამჟამად რა არის თქვენი უმთავრესი მიზანი?

- პარაოლიმპიადა. 2020 წელს რასაც ვგეგმავდი, არ გამოვიდა. ჩემი მიზანია 2024 წელს ინდივიდუალური და გუნდური გამარჯვება. ყველა ტიტულთან ერთად, უმთავრესი პარაოლიმპიური სინჯის მედალია და შესაბამისად, ამაზე ვმუშაობ. ამის შემდეგ არ ვიცი, გავაგრძელებ თუ არა ფარიკაობას ან რამდენ ხანს დავრჩები კიდევ სპორტში, რადგან მინდა, დრო სწავლას დავუთმო. 2024 წლის შემდეგ უმაღლესში ჩავაბარებ და სტუდენტი ვიქნები (იღიმის).

ანა კალანდაძე