"კრასავჩიკი" ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ვყოფილვარ" - გზაპრესი

"კრასავჩიკი" ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ვყოფილვარ"

ასაკი: 40 წლის.

განათლება: დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (არის დრამისა და კინოს მსახიობი), ასევე - იურიდიული ფაკულტეტი სეუ-ში. სწავლობდა სასულიერო აკადემიაშიც. არის მსოფლიო ლაურეატი ქართულ ხალხურ სიმღერაში (ანსამბლიდან - "თეატრალები").

ამჟამინდელი საქმიანობა: მონაწილეობს სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები", არის "კომედი შოუს მსახიობი".

ჰობი: მოგზაურობა.

ცხოვრების დევიზი: "ვთესოთ სიკეთე".

- გასული წლის განმავლობაში, თქვენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?

- სახლი ვიყიდე. ბინა მანამდეც მქონდა, მაგრამ "გავფართოვდით"...

- მშვენიერი ამბავია, გილოცავთ!.. ინფორმაცია გავრცელდა, დამძიმებული ეპიდვითარების გამო, "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღებები დროებით შეჩერდაო. თავად როგორ უმკლავდებით პანდემიას?

- ორჯერ ვარ აცრილი, მალე ბუსტერ დოზასაც გავიკეთებ. პირადად მე, კორონავირუსი არ გადამიტანია, მაგრამ საერთოდ, რთული სიტუაციაა. გადაღებები შეჩერებულია, რადგან ალბათ, გადამღები ჯგუფიდან ვიღაცები დაინფიცირდნენ... ზუსტად არ ვიცი.

- როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

- კეთილ, მართალ ადამიანს. ყოველ შემთხვევაში, მინდა, ისე ვიცხოვრო, რომ ყველასთან მართალი ვიყო, უპირველეს ყოვლისა - საკუთარ თავთან. სხვას ისე არ უნდა მოექცე, როგორც არ გინდა, რომ შენ მოგექცნენ. თუ ასე ვიცხოვრებთ, ალბათ, ყველაფერი გამოგვივა და გაცილებით მეტ ადამიანს გვეყვარება ერთმანეთი.

- ისეთი საქციელი ჩაგიდენიათ, რომლის გახსენებისას დღემდე გრცხვენიათ?

- ისეთი რამ არ ყოფილა, რომ მეთქვას, - ვახ, ეს რა დამემართა-მეთქი და დღემდე ვნანობდე, ჩემი ცხოვრების შავ ლაქად მიმაჩნდეს... მაგალითად, ისე არ ვთვრები, რომ გამოვშტერდე, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა კონკრეტულ სიტუაციაში რაღაც არ უნდა მეთქვა, მაგრამ მითქვამს, მეორე დღეს კი უხერხულობის განცდა მქონია...

- ადამიანებს რა ნიშნით აფასებთ?

- უპირველეს ყოვლისა - გულით, სიკეთით. შეიძლება, მეგობრად ნებისმიერი პროფესიის, ფინანსური შესაძლებლობის, განათლების მქონე ადამიანი მყავდეს, მაგრამ მთავარია, წრფელი, კეთილი გული ჰქონდეს. მეგობრობაში ჩემთვის დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. ყველა გულკეთილი ადამიანი მეგობრად მიმაჩნია. ვიცნობ თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. ხომ დარწმუნებული ვარ, რომ კეთილია და სიკეთეს ეძებს, არა?.. თითქოს ზღაპარივით ჟღერს, მაგრამ ბედნიერება ამაში უნდა დავინახოთ: სიკეთეს და გულწრფელობას არაფერი ჯობს. ადამიანის ბუნებაში ორივე მხარეა - სიკეთეც და ბოროტებაც, მაგრამ თუ სიკეთეს უფრო გავაღვივებთ, წინ წამოვწევთ, უკეთესი იქნება, რადგან გინდა თუ არა, ბოროტება ადამიანს შიგნით მაინც გაქვს. მთავარია, ბოროტებას აჯობო, სიკეთე გამოამზეურო. ვეცადოთ, ბევრს დავეხმაროთ. თუ ვერ დავეხმარებით, გავუღიმოთ, გავამხნევოთ...

- გქონიათ შემთხვევა, როცა სიკეთის გაკეთება გსურდათ, მაგრამ უნებურად, ბოროტება გამოგსვლიათ?

- "ბოროტება" რთული სათქმელია, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა სიკეთის გაკეთება მინდოდა, მაგრამ ვერ გაუგიათ. რამდენიმე წლის მერე მოსულან და უთქვამთ, - ზურა, ბოდიში, მაშინ ერთმანეთს ვერ გავუგეთ, რაღაცები უხერხულად ვთქვით, მაგრამ ახლა დიდი მადლობაო... საერთოდ, თემაში ბოლომდე არ შევდივარ, არ ვწვრილმანდები. გირჩევ, მიგითითებ, მაგრამ სიღრმეებში არ ჩავდივარ. საერთოდ, ჭკუის დამრიგებელი არავის უყვარს. დიდი ჭკუის დამრიგებელი არც ვარ. უბრალოდ, როცა ვხედავ, არასწორ გზაზე დგახარ, თუკი შენი მეგობარი ვარ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ჩემი აზრი გაგიზიარო ან მიგითითო, გითხრა, რომ ეს კარგი გზა არ არის, თუმცა მერე, თავად რაც გინდა, ის აირჩიე...

- სკოლაში გოგონებს შორის პოპულარობით სარგებლობდით?

- არა. ე.წ. კრასავჩიკი ბიჭი, რომელზეც გოგონები გიჟდებიან, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ვყოფილვარ. თუმცა, ჩემ გარშემო სულ იყვნენ საკმაოდ ლამაზი გოგონები, რომლებიც მეუბნებოდნენ, - განსაკუთრებული შარმი გაქვსო... მოკლედ, ჩემი ადგილი ყოველთვის მქონდა.

- ადამიანს როცა პირადად ხვდებით, თქვენს ყურადღებას მისი გარეგნობის რა დეტალი იქცევს?

- თვალები. საინტერესო თვალები მიყვარს. ფერს, ჭრილს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რაღაცას გეუბნებოდეს. ადამიანებს ასე თქმაც სჩვევიათ, - ეშმაკი თვალები აქვსო. ესეც საინტერესოა. არაფრისმთქმელს ბოროტი თვალები მირჩევნია.

- რომელი ცნობილი ქართველი გეამაყებათ ყველაზე მეტად?

- შოთა რუსთაველი. საერთოდ, მართლა ბევრი ქართველი მეამაყება: ფიროსმანი, ვაჟა, რატომღაც ძალიან დავიწყებული დიდი ქართველი ფილოსოფოსი - მერაბ მამარდაშვილი, დიდი ქართველი - მერაბ კოსტავა... ვგრძნობ, ქართული სული ძლიერია. ანალოგიურად, შეიძლება, ვიღაცები მესირცხვილება...

- გარშემო მყოფები ყველაზე ხშირად, რის გამო გსაყვედურობენ?

- სად ხარ, რატომ არ ჩანხარო? დიდი სამეგობრო მყავს. მოუცლელობის გამო, ყველას ყურადღებას ვერ ვაქცევ... დრო ისე გადის, შეიძლება ადამიანი 2 თვის განმავლობაში ვერ ვნახო, მერე მსაყვედურობს - სად დაიკარგეო?.. გულწრფელად ვპასუხობ და ისინიც მიგებენ, რა თქმა უნდა.

- უცნობი ადამიანები ძირითადად, რას გწერენ?

- ხშირად მწერენ - ძალიან გვიყვარხარ, სერიალს "თქვენი" ოჯახის გამო ვუყურებო... ბევრს მაქებენ. ვცდილობ, ყველას ვუპასუხო.

- თქვენი საყვარელი იუმორისტული გადაცემა რომელია?

- მიშა მშვილდაძეს ძალიან კარგი გადაცემა აქვს.

- უცებ დაგვისახელეთ ერთი ღირსეული ქართველი, მოქმედი პოლიტიკოსი...

- რომ დავასახელო, ადამიანს უნდა ვიცნობდე, მე კი საერთოდ, პოლიტიკას ასე კარგად არ ვიცნობ. ამ სფეროში ღირსეული კაცის პოვნა გაგიჭირდებათ. შეიძლება, მსოფლიოში 2-3 ღირსეული პოლიტიკოსი იყოს (მით უმეტეს - ცოცხლებს შორის). ღირსება და პოლიტიკა სხვადასხვა ამბავია: შეიძლება, პოლიტიკაში ვიღაცების გაწირვა დაგჭირდეს, რომ მიზანს მიაღწიო... პოლიტიკოსებს კარგად რომ იცნობდე, მაშინ ამ ფერხულში ჩაბმული უნდა იყო, საინფორმაციო გამოშვებებს უყურებდე... ვერ ვიტყვი, რომ ვიღაცების შესახებ არ გამიგონია, მაგრამ მათი ნაკეთები საქმე, "ბეგრაუნდი" არ ვიცი... შესაბამისად, ვერც უღირსს დაგისახელებთ და ვერც - ღირსეულს.

- დღის რომელი მონაკვეთი გიყვართ ყველაზე მეტად?

- გააჩნია, წინადღეს რა ხდებოდა ან დღეს რა მელოდება: შეიძლება, ნაბახუსევზე ხარ ადამიანი და მთელი დილა გძინავს. დილა კარგია, როცა მაგალითად, საინტერესო გადაღებაზე მიდიხარ...

- აღნიშნეთ, მოგზაურობა მიყვარსო. თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი ქვეყანა რომელია?

- იტალია. შთამბეჭდავია მისი ისტორია, ხელოვნება, სპორტი, ურთიერთობები, ტემპერამენტი, ღვინო, კულინარია... იტალია ყველაფერში არის "პერფექტო", "ნომერო უნო" (იღიმის)!..

zura-01-copy-1642761607.jpg

- საუკეთესო ვარიანტში, თქვენი შვილები რომელი პროფესიის წარმომადგენლები გინდათ, რომ იყვნენ?

- რომელი პროფესიაც თავად სურთ, მას უნდა დაეუფლონ, მაგრამ ერთი ვიცი, რომ განათლებული ტიპები იქნებიან, რადგან ყველაზე მთავარი სიკეთე და განათლებაა. თუ განათლებას სიკეთე არ ახლავს, მაშინ ამას მხოლოდ "ნაკითხობა" შეიძლება ვუწოდოთ. ქართველებსაც და მსოფლიო პოლიტიკასაც ჰყოლია ადამიანები, რომლებიც კაცობრიობას აზანზარებდნენ, უამრავი წიგნი ჰქონდათ წაკითხული, მაგრამ სულაც არ იყვნენ კეთილები. თუ განათლებას სიკეთე ახლავს, ეს არის სრული განათლებაც და განათებაც.

- ბავშვობაში რომელი პროფესიის დაუფლებაზე ოცნებობდით?

- მსახიობობა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ერთი პერიოდი, იურისტობაზეც ვფიქრობდი. ჩავაბარე კიდეც იურიდიულზე. შეიძლება, რომელიმე პროფესიის მიმართ ასეთი ინტერესი ახლაც გამიჩნდეს, ვისწავლო, გარკვეული დრო დავუთმო...

- როგორ ფიქრობთ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლიათ?

- მე და ჩემნაირმა ტიპებმა თუ რამე არ გააფუჭეს (მაგალითად. პიკნიკზე წასული ნაგავს არ დაყრის, ხეებს არ მოჭრის...), ეს უკვე სასარგებლოა... მეცნიერ-გამომგონებელი არ ვარ, "ნასაში" არ ვმუშაობ, რომ კაცობრიობა გადავარჩინო, ხელოვნური მზე შევქმნა...

ეთო ყორღანაშვილი