"ყვირიან თავიანთ გაკეთებულ საქმეებზე, მაგრამ როცა ომი იწყება, გარბიან..." - გზაპრესი

"ყვირიან თავიანთ გაკეთებულ საქმეებზე, მაგრამ როცა ომი იწყება, გარბიან..."

აჩიკო ნიჟარაძე წელს ბენდთან ერთად ახალ რეპერტუარზე იწყებს მუშაობს, ზაფხულის კონცერტებისთვის რომ მზად იყოს. ამბობს, რომ უყვარს თავისი მსმენელი, ყველაზე მშვიდად ოჯახში გრძნობს თავს და ის აძლევს ძალას ყველა პრობლემის გადასაწყვეტად.

- "შეეშვით შვილების აღზრდას - სულერთია, მაინც თქვენ დაგემსგავსებიან. აღზარდეთ საკუთარი თავი" (ტომ ჰარდი).

- მეც და ყველა მშობელმაც ჯერ საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ და გავაანალიზოთ, რას ვაკეთებთ სწორად და რას - არასწორად. თუმცა, მთლად მიშვება და იმის იმედად ყოფნა, მაინც მე დამემსგავსებიანო, მგონი, არ ივარგებს. ცხადია, უნდა იყო სამაგალითო შვილებისთვის, მაგრამ პატარა-პატარა ჩარევები მაინც საჭიროა, გზას რომ არ ასცდეს. ჩემს შემთხვევაში მიმართულების მომცემები სწორედ მშობლები იყვნენ. მაგალითად, ის, რომ ვმღერი, დედაჩემის დამსახურებაა. მან აღმოაჩინა ჩემში ეს ნიჭი. ხომ შეიძლებოდა, ცეკვაზე შევეყვანე და იძულებით ვეტარებინე? ვფიქრობ, ბავშვთან ერთად უნდა გადაწყვიტო, რა წრეზე იაროს, მისი შესაძლებლობებისა დ სურვილების გათვალისწინებით.

- "მამა შვილის მიმართ ყოველთვის რესპუბლიკელია, დედა კი ყოველთვის დემოკრატი" (რობერტ ფროსტი).

- ალბათ მე უფრო მკაცრი ვარ, ვიდრე ჩემი მეუღლე. 2 ბიჭი გვყავს და მგონია, ვაჟებთან ურთიერთობაში მამები უფრო მკაცრები არიან, გოგონებთან პირიქით - დედები.

- "დღეს ჩემი ქვეყანა ჰგავს პატარა საგიჟეს, რომელსაც ექიმი ესაჭიროება, მაგრამ ამ ექიმებს თვითონ ესაჭიროებათ ექიმი და აღარ ვიცი, რა ვუშველო ჩემს საბრალო ხალხს" (მიხეილ ჯავახიშვილი).

- მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე და თუ თავს დაგვანებებს გარე მტერი, რომელიც მუდმივად გვებრძვის და ამ პროცესებში ყველას ითრევს, ბევრი რამ თავის ადგილას დადგება. მკურნალობასა და ექიმებზე მეტად, ის გვჭირდება, თავი დაგვანებონ არაკეთილმოსურნეებმა, რათა განვითარება შევძლოთ.

- "თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ, ფსიქიატრს მიმართეთ" (უინსტონ ჩერჩილი).

- ლიდერების შეყვარება სწორი საქციელი არ მგონია. შეიძლება პატივს სცემდე ადამიანს, რომელიც კარგ საქმეებს აკეთებს ქვეყნისთვის, ქველმოქმედია ან გმირია და ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ შეყვარება ზედმეტია. არადა, ქართველებს გვჩვევია ვიღაცების გაფეტიშება და გაღმერთება. ჩემთვის ასევე მიუღებელია ზედმეტი სიძულვილიც.

- "ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავლული, იმდენად უფრო საშიშია, უფრო ძლიერ მავნებელია" (ილია ჭავჭავაძე).

- რა თქმა უნდა, ვეთანხმები. ჭკვიანი ადამიანი საშიში შეიძლება გახდეს, თუ ცუდი მიზნები ამოძრავებს. ამ შემთხვევაში მისი მოტყუება თუ მოშორება რთული იქნება. კეთილსინდისიერი უნდა იყოს და თან ნასწავლი, რომ ქვეყანასა და ხალხს გამოადგეს.

- "ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძლება კაცი მოჰკლან. ამხანაგი უყვართ. ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ. ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის, კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა საქართველო, სამოთხესავით" (ნოდარ დუმბაძე).

- არსებობენ ასეთი ადამიანები, ვისაც ასე უყვარს საქართველო და ქართველები, ვისაც შეუძლია იტიროს საქართველოს სადღეგრძელოს თქმისას. ასეთებზე დგას ქვეყანა. შეიძლება ტელევიზიითა და ინტერნეტით სხვანაირად ჩანდეს, მაგრამ ასეა. უბრალოდ, არ ჩანან ეს ადამიანები, რადგან სამშობლოს სიყვარულსა და გმირობას ყვირილი არ სჭირდება. ვიცი ისეთებიც, რომ გაჰყვირიან თავიანთ გაკეთებულ საქმეებზე, მაგრამ როცა ომი იწყება, გარბიან კიდეც. ასეთი პატარა ქვეყანა რომ რუკაზე არსებობს და შენარჩუნებული გვაქვს კულტურა, ტრადიციები და სხვა ბევრი ღირსება, სწორედ კარგი ადამიანების დამსახურებაა. დღეს რომ ღირებულებების აღრევა ხდება, ესეც დროებითია და დალაგდება. ამასაც ისევ მტერი ახერხებს და ააქტიურებს ისეთ ხალხს, ვისაც ეს ღირსებები არ გააჩნია. როდესაც ქვეყნის წინააღმდეგ მიდიხარ, ესე იგი არ ხარ ღირსეული და აფუჭებ საერთო საქმეს.

- "ნამდვილი მეგობრები ლხინის დროს გიდგანან გვერდით, გამარჯვებები უხარიათ, სიხარულში არ გტოვებენ. ყალბი მეგობრები კი მხოლოდ გასაჭირში ჩნდებიან, საოცრად მოწყენილ, სოლიდარობის გამომხატველ სახეებს მიიწებებენ და ხვდები, რომ შენი ტკივილი მათთვის თავიანთი უჟმური ცხოვრების მალამოა და სხვა არაფერი. მძულს ასეთი ფარისევლობა" (პაოლო კოელიო).

- ლხინშიც და ჭირშიც თანაბრად უნდა გედგეს გვერდში, თუ ნამდვილი მეგობარია. ღმერთმა დაიფაროს ყველა, ჭირშიც მეგობრებთან ვიქნები, მაგრამ მათ ლხინსაც იმავენაირად გავიზიარებ, როგორც ჩემსას.

- "ლამაზი ქალი მოსწონს თვალს, კეთილი - გულს. პირველი ლამაზი ნივთია, მეორე კი - სიმდიდრე" (ნაპოლეონ ბონაპარტი).

- ვფიქრობ, როდესაც ქალს გაიცნობ, პირველად მაინც თვალით აფასებ - თუ არ იცნობ და არ დალაპარაკებიხარ, საიდან უნდა იცოდე მისი თვისებები? თუ შენს გემოვნებაში ჯდება, უკვე მერე აფასებ მის ადამიანობას. მოკლედ, ორივე ფაქტორი მნიშვნელოვანია.

- "თუ კაცი ქალს ერთხელ შეეხება ფიზიკურად, ის ყოველთვის გაიმეორებს ამას" (ხალხური).

- ეს არის მიუღებელი და არ არსებობს მიზეზი, რომ გაამართლო კაცი. მხოლოდ სუსტი ნებისყოფის ადამიანს შეუძლია ასე მოქცევა. ჩემზე სუსტი რომ ყოფილა ვინმე, იმასთან ჩხუბის სურვილი ბავშვობაშიც კი არასდროს მქონია. ჩემზე სუსტია და დავჩაგრო, ეს წარმოუდგენელია, მით უმეტეს, ქალი, რომელიც ფიზიკურად სუსტია. თუ უნდა სცემო და ურტყა, არც შენ აღარ გქვია კაცი.

- "ვერასოდეს დაინახავ ქალში მეგობარს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის შიშველია" (კანტი).

- უამრავი ბავშვობის დროინდელი მეგობარი მყავს და მათ მიმართ არასდროს გამჩენია სხვანაირი გრძნობა, როგორც კაცს. შეიძლება გარეგნულად მოგწონს ან რატომაც არ უნდა მოგწონდეს, თუ შენი მეგობარი ლამაზია, მაგრამ არასდროს შემყვარებია. ისე, ხდება ხოლმე, რომ უყვარდებათ და ცოლ-ქმარი ხდებიან, მაგრამ ისინი ალბათ თავიდანვე სხვა თვალით უყურებდნენ ერთმანეთს.

- "კაცები მოწყენილობის გამო ქორწინდებიან, ქალებს ინტერესი აწუხებთ, ბოლოს კი ორივე იმედგაცრუებული რჩება" (ოსკარ უაილდი).

- მოწყენილობის გამო რატომ, პირიქით, სიყვარულის გამო ქორწინდებიან. მოწყენილობაა უსიყვარულობა და მარტოობა. თუ არასწორი არჩევანი გააკეთე, იმედგაცრუებული მაშინ დარჩები.

- "თავის თავზე დიდი წარმოდგენა მოკლე ჭკუის ერთ-ერთი ნიშანია" (სოფოკლე).

- დიდი წარმოდგენა შენს თავზე რატომ უნდა გქონდეს? თუ კარგი ხარ და რამე სასიკეთოს აკეთებ, ამ ყველაფერზე სხვამ უნდა ილაპარაკოს. შენი თავით მუდმივად კმაყოფილი კი არა, წინსვლისკენ უნდა იყო მიმართული. ბევრს ვიცნობ, ვინც მთელი დღე ლაპარაკობს, როგორი მაგარია და მეც ვეთანხმები ხოლმე, რომ ასეა. იყოს მაგარი, კი ბატონო, მე არაფერში მიშლის ეს ხელს.

271155105-2761876887445832-622507344931768045-n-copy-1643288531.jpg

- "მდაბალ გრძნობათაგან ყველაზე უმდაბლესია შიში" (შექსპირი).

- მგონია, რომ მაინც კონტროლირებადია ეს გრძნობა და ადამიანს შეუძლია რაღაც მომენტში საერთოდ არაფრის ეშინოდეს. შიშის მართვა უნდა ისწავლო. ერთადერთი, მინდა, ჩემი საყვარელი ადამიანები ჯანმრთელად იყვნენ... სიკვდილის რომ გეშინოდეს, მერე რა? აზრს ვერ ვხედავ, საბოლოოდ ხომ ყველა კვდება. ომში რომ მიდიან, მათ არ ეშინიათ სიკვდილის? ხომ ზუსტად იციან, რომ შეიძლება 2 წამში ან 2 საათში დამთავრდეს მათი სიცოცხლე, მაგრამ ისწავლეს შიშის დაძლევა და მიდიან თავიანთი ქვეყნის დასაცავად.

- "ოჯახი უნდა იყოს სახლი სათნოებისა და სახლი სიყვარულისა" (ღირსი იოსებ ოპტინელი).

- ნამდვილად ასეა, ყველაზე მშვიდად ვარ სახლში, ჩემს შვილებთან და ცოლთან ერთად. ოჯახი მაძლევს ძალას ყველა პრობლემის გადასაწყვეტად.

- "ნუ იკითხავთ, რა შეუძლია გააკეთოს ქვეყანამ თქვენთვის; იკითხეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ მისთვის" (ჯონ ფიცჯერალდ კენედი).

- ზოგი მთელი სიცოცხლე მუშაობს და ზოგი არაფერს აკეთებს თავისი ქვეყნისთვის. რეალურად, გამოდის, რომ არაფრის კეთება არ გვინდა და თან გვსურს, წინ წავიდეთ. თუ ამის სურვილი გვაქვს, თითოეულმა ჩვენი საქმე კეთილსინდისიერად უნდა ვაკეთოთ და თითო აგური ყველამ დავდოთ ქვეყნის აღმშენებლობაში.

ნინო ჯავახიშვილი