"ჯულიანა უფრო მკაცრია, მე კი უფრო ემოციური ვარ" - გზაპრესი

"ჯულიანა უფრო მკაცრია, მე კი უფრო ემოციური ვარ"

მათი ტანდემი 11 წლის წინ შეიქმნა. დღეს ჯულიანა ბარ-გნარს და ოთო ფოლადაშვილს უამრავი ადამიანი იცნობს. როგორ დაიწყო და აეწყო მათი ურთიერთობა, ამის შესახებ პროფესიონალი მოცეკვავეები სამუშაო დღის ბოლოს გულწრფელად გვესაუბრნენ. ჩვენთან ინტერვიუში არც ის დაუმალავთ, რომ კონფლიქტური სიტუაციებიც შეჰქმნიათ, თუმცა, რაც მთავარია, დღეს კვლავ ერთად არიან...

- როცა ერთმანეთი გაიცანით, წარმოიდგენდით, რომ თქვენი მეგობრობა და საქმიანი პარტნიორობა წლებს გაუძლებდა?

ოთო:

- ურთიერთობის საწყის ეტაპზე არ გვიფიქრია, რომ 11 წელი ერთად ყოფნა მოგვიწევდა: ჯერ - ტურნირებში მონაწილეობა და სპორტული კარიერის აწყობა, მერე - საერთო სტუდიის შექმნა და ახლა უკვე - ბიზნესპარტნიორების ამპლუაში თანამშრომლობა... თუმცა, გაცნობის პირველივე დღეებიდან, ერთმანეთს იოლად შევეწყვეთ. ზუსტად ამის დამსახურება იყო, რომ როგორც წყვილმა, პირველივე წელს, შეჯიბრებებზე უამრავი ტიტული მოვიპოვეთ.

ჯულიანა:

- წინასწარ არაფერი დაგვიგეგმავს, მაგრამ დღეს რა შედეგიც მივიღეთ, ეს დრომ, გამოცდილებამ, საერთო მიზნებმა, რაც გვაკავშირებდა და რაც ჩვენი წყვილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია, მოიტანა... ალბათ, დღემდე ერთად სწორედ ამიტომ ვართ და ყოველთვის ვცდილობთ, მაქსიმალურად კარგი შედეგი "დავდოთ" - ამისთვის ვიბრძვით.

- პირველი შეხვედრისას ერთმანეთის შესახებ როგორი წარმოდგენა შეგექმნათ?

ოთო:

- ერთმანეთის შესახებ წარმოდგენა მანამდე შეგვექმნა, ვიდრე ცეკვაში დავწყვილდებოდით, რადგან ჩვენს მაშინდელ მეწყვილეებს ერთსა და იმავე პერიოდში დავშორდით. მე და ჯულიანა სხვადასხვა ფედერაციაში ვცეკვავდით და ჩემპიონები ვიყავით. ერთმანეთს არ ვიცნობდით. როგორც კი ჩვენმა საერთო ნაცნობებმა გაიგეს, რომ მეწყვილეს ვეძებდი და იმავდროულად, ჯულიანაც მეწყვილეს გარეშე იყო, ჩემთან მის შესახებ საუბარი დაიწყეს - ერთი ჩემპიონი გოგოა, რომელიც მეწყვილეს ახლახან დაშორდა. გვგონია, რომ კარგ ტანდემს შექმნითო... ჯულიანასთან ჩემ შესახებაც ანალოგიურად საუბრობდნენ. ამიტომ, მის გაცნობამდე ვიცოდი, რომ მრავალგზის ჩემპიონი, საუკეთესო მოცეკვავე იყო და მისი მეწყვილეობის შემთხვევაში, ჩემპიონობის ტიტულს არა მარტო შევინარჩუნებდი, უფრო გავძლიერდებოდი კიდეც. როცა ჯულიანა პირადად გავიცანი, ამაში მეტად დავრწმუნდი.

ჯულიანა:

- მეც მიყვებოდნენ, ოთო როგორი ნიჭიერი და მაგარი ბიჭია. თუმცა, მერჩივნა, მუშაობის პროცესში მენახა. როცა შევხვდით, ვიგრძენით, რომ ცეკვა ორივეს უზომოდ გვიყვარდა და გვინდოდა, ჩვენს სამუშაო სფეროში პირველები ვყოფილიყავით. საერთოდ, ძლიერ პიროვნებებს დიდ პატივს ვცემ, ოთოში კი ლიდერის ხასიათი და შრომისმოყვარეობა დავინახე. რაკი რეალურადაც ისეთი აღმოჩნდა, როგორც ახასიათებდნენ, ჩემგან კიდევ უფრო დიდი პატივისცემა დაიმსახურა.

ოთო:

- "ლაივში" ერთმანეთს ისე იოლად გავუგეთ, რომ "წყვილში დადგომის" პირველსავე წელს, "წლის აბსოლუტური ჩემპიონები" გავხდით - ყველა კონკურსში გავიმარჯვეთ.

- ერთმანეთისგან რა მკვეთრად განმასხვავებული თვისებები გაქვთ?

- ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულები ვართ, საერთო მიზნებით. ჯულიანა უფრო მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანია, გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი ფიქრი უყვარს. კარგი დიპლომატია - საქმეების სწორად აღქმა და კარგად მოგვარება შეუძლია. მე ერთ საკითხზე დიდხანს გაჩერება არ მომწონს. სწრაფად მოგვარება მირჩევნია. საერთო მიზნამდე მისასვლელად, ორივეს განსხვავებული, მაგრამ სამართლიანი გზები გვაქვს.

ჯულიანა:

- მიმაჩნია, რომ ერთმანეთს ზუსტად ამით ვაბალანსებთ. ხშირად ისეთი სიტუაცია ყოფილა, რომელშიც ოთოს "მიმწოლი" ხასიათი დამხმარებია ან პირიქით - საკითხისადმი ჩემი დიპლომატიური მიდგომა გამოგვდგომია. იმის გამო, რომ ერთმანეთის მოსაზრებას პატივს ვცემთ და ვითვალისწინებთ, უმეტესად, კარგ შედეგს ვიღებთ. ასეთი ურთიერთობა საქმისთვის მომგებიანი გამოდის.

ოთო:

- მაგალითად, სტუდიაში ბავშვებს ორივე ვუყვარვართ, მაგრამ მიიჩნევა, რომ ჯულიანა უფრო მკაცრია, მე კი უფრო ემოციური ვარ: პატარებთან საერთო ენას ვპოულობ, ვსაუბრობ...

ჯულიანა:

- დისციპლინა ძალიან მიყვარს.

ოთო:

- მე კი ბავშვებს ცოტათი ვათამამებ (იღიმის)...

ჯულიანა:

- ბავშვებს რომ ვაკვირდები, დისციპლინირებულებიც არიან, თუმცა სითბო და სიტკბოც არ აკლიათ, რადგან ორნაირი პედაგოგი ჰყავთ (იცინის). შედეგს ვერც მხოლოდ მოფერებით მიაღწევ და ვერც - მხოლოდ სიმკაცრით.

- 11 წლის განმავლობაში, ისეთი კონფლიქტური სიტუაცია თუ შეგქმნიათ, რომ ერთმანეთის შემორიგება დაგჭირვებიათ?

ოთო:

- რა თქმა უნდა, თუმცა შემდეგ, ცივ გონებაზე, ყველაფერი "გადაგვიხარშავს" და საბოლოო ჯამში, კარიერას დღესაც ერთად ვაგრძელებთ. სერიოზული კონფლიქტი რომ მოგვსვლოდა, ალბათ, დღეს ერთად არ ვიქნებოდით (იღიმის).

juli-da-oto-4-copy-1643619683.jpg

- ოთო, რის გამო შეიძლება, ჯულიანა გაბრაზდეს?

- ახლა უკვე - აღარ, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი ფაქტი, რის გამოც ხშირად ბრაზდებოდა, ის იყო, რომ ვაგვიანებდი.

ჯულიანა:

- ასეთი გულწრფელი პასუხის გარდა, ყველაფერს ველოდი (იცინის).

ოთო:

- ორივეს ურთულესი რეჟიმი გვაქვს. სტუდიის გარდა, ცალკეც ბევრ რამეს ვაკეთებთ. პირადად მე, მაგისტრატურის სტუდენტი გახლდით და მთელი ამბები მქონდა... დღის განმავლობაში უამრავ ადგილას "გადარბენა" მიწევდა, რის გამოც სტუდიაში მისვლა ცოტათი მაგვიანდებოდა...

ჯულიანა:

- როცა მაგისტრატურაში სწავლობდი, პრობლემა არასოდეს მქონია (იღიმის). როგორც აღვნიშნე, დისციპლინა და წვრილმანებში სიზუსტე მიყვარს... ასეთი პატარა კამათები კარგი - არა, მაგრამ ბუნებრივია. მთავარია, პრიორიტეტები სწორად დაალაგო.

- სამსახურს მიღმა დროს ერთად ატარებთ?

ოთო:

- კი, რადგან სამსახურებრივის გარდა, მეგობრული ურთიერთობაც გვაქვს, ბევრი საერთო მეგობარი გვყავს...

ჯულიანა:

- ისეთი დატვირთული რეჟიმი გვაქვს, რომ თავისუფალი დრო იშვიათად გვრჩება, მაგრამ დასვენებაც საჭიროა. ამიტომ ამისთვისაც ვიცლით ხოლმე. სხვათა შორის, ჩვენი სტუდიის ბავშვებთან ერთად დროის გატარება ძალიან გვიყვარს. მაგალითად, მათთან ერთად კინოთეატრში ხშირად დავდივართ, ასევე - სპორტულ შეკრებებზე (ზაფხულში), სადაც განსაკუთრებულად კარგ დროს ვატარებთ, რადგან ვინც ოთოს იცნობს, იცის, რომ ურთიერთობებში ძალიან ხალისიანია და შეუძლია, გარშემო ადამიანები შემოიკრიბოს.

ოთო:

- კიდევ, მოგზაურობა ორივეს გვიყვარს. საზღვარგარეთ სამოგზაუროდ ხშირად წავსულვართ.

- ამბობენ, მოგზაურობისას ადამიანის ხელახლა გაცნობა ხდებაო. რა აღმოაჩინეთ ერთმანეთის შესახებ, რაც მანამდე არ იცოდით?

- პირველსავე წელს, როცა "წყვილში დავდექით", სამოგზაუროდ წავედით. ერთმანეთს უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ (იცინის). ისე ხშირად ვმოგზაურობთ, რომ ვერ ვიტყვი, ჯულიანა ხელახლა გავიცანი-მეთქი...

ჯულიანა:

- იმავეს თქმა შემიძლია, მაგრამ სხვათა შორის, მაინც ყოფილა შემთხვევები, როცა ოთო სხვა მხრიდან დამინახავს. წლებიც თავისას აკეთებს და ბევრ სიტუაციაში ოთომ საკუთარი თავი კარგად გამოავლინა. როცა ადამიანს იცნობ და უცებ, კონკრეტულ სიტუაციაში, საკუთარი კარგი საქციელით გაოცებს, სიამაყის განცდა გეუფლება...

- ტელეპროექტში თქვენსა და თქვენს ეკრანულ პარტნიორებს შორის რომანებთან დაკავშირებით ჭორები ვრცელდება ხოლმე. ამაზე როგორი რეაქცია გაქვთ?

- გვეცინება, რადგან ჩვენზე უკეთ ვერავინ ხვდება და ხედავს, რაც ხდება. დანარჩენი - რაც იწერება და ამბობენ, მხოლოდ ჭორის დონეზე ვრცელდება.

- გულწრფელად მითხარით, როცა ორივენი ტელეპროექტის ფინალში ხვდებით, მეტოქეობის განცდა არ გეუფლებათ?

ოთო:

- არა. იცი, რატომ? შოუს ფინალში, როცა მე და ჯულიანა ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვფიქრობდით, ჩვენი საქმე მაქსიმალურად შევასრულეთ, რადგან ორივე ფინალში აღმოვჩნდით. ვინ მოიგებდა და ვინ - არა, ეს დიდად დამაფიქრებელი აღარ იყო, რადგან მე და ჯულიმ ორ-ორჯერ გავიმარჯვეთ. გამარჯვებულის კიდევ ერთი ტიტული ვის ექნებოდა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა. პირიქით, როცა ფინალში ვართ, ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ, ერთმანეთის მეწყვილეებსაც ვეხმარებით. მხოლოდ იმაზე ორიენტირებული ვართ, ცეკვები გრანდიოზული იყოს და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ ფინალში სამართლიანად ვართ.

juli-da-oto-2-copy-1643619669.jpg

- ერთმანეთის შესახებ მითხარით - მეწყვილე უკეთესია, მეგობარი თუ ბიზნესპარტნიორი?

- ჯულიანა სამივე ამპლუაში განსაკუთრებულად კარგია (იცინის). რომელიმე საკითხი რომ გამოვყო, სამართლიანი არ იქნება. ჯულიანა უძლიერესი, სუპერმოცეკვავე რომ არის, ამაზე მთელი საქართველო (და არა მხოლოდ) თანხმდება; კარგი ბიზნესპარტნიორი რომ არის, ამაზე ჩვენი საქმის შედეგიც მეტყველებს - ჩვენი სტუდიის ბავშვები ყოველ კონკურსზე დიდ წარმატებას აღწევენ და თითქმის ყველა კატეგორიაში, რომელშიც მონაწილეობენ, ჩემპიონები არიან; მეგობრობაშიც რომ ძალიან კარგია, ამაზე ერთად გატარებული 11 წელი მეტყველებს, რადგან პირადი ურთიერთგაგებისა და მეგობრული დამოკიდებულების გარეშე, მხოლოდ საქმით "ვერ მოხვალ", რა...

ჯულიანა:

- რთული კითხვაა, რადგან დიდი ხანია, მე და ოთო ერთმანეთს ვიცნობთ. ყველაფერი - მეგობრობა, პროფესიონალიზმი - ერთმანეთთან გადაჯაჭვულია: ოთოს ბევრი თვისება აქვს, რომელიც მეგობრობაში უმნიშვნელოვანესია. ამის გამო, მას საქმეშიც ენდობი, პროფესიონალიზმი კი ცეკვის სფეროში ეხმარება... მოკლედ, სამივე კომპონენტი ერთმანეთს აძლიერებს. საერთოდ, საქმეში ახლობლის ჩართვა არ მიყვარს, რადგან გამიგონია და რამდენჯერმე პირადადაც განმიცდია, რომ მერე ურთიერთობა ფუჭდება. თუმცა იმდენი ხანია, საერთო სფეროში ვმუშაობთ და ერთმანეთს ისე კარგად ვიცნობთ, რომ იმის გამოყოფა, უკეთესი მეგობარია, მეწყვილე თუ ბიზნესპარტნიორი, მგონი, ჩვენს ურთიერთობას ამცირებს: ოთო პროფესიონალი მოცეკვავე, კარგი მეგობარი და ბიზნესპარტნიორია.

- თქვენს სამომავლო საერთო მიზნებზე რას გვეტყვით?

ოთო:

- ტელეპროექტი ახლახან დასრულდა. ახლო მომავალში, მაყურებლებს ისევ საქმით შევთავაზებთ ჩვენს მიზნებს, რომლებსაც მივაღწევთ...

ეთო ყორღანაშვილი