რატომ არის ნაწყენი ქეთი დოლიძე ქართველ ჟურნალისტებზე? - გზაპრესი

რატომ არის ნაწყენი ქეთი დოლიძე ქართველ ჟურნალისტებზე?

რეჟისორი ქეთი დოლიძე არა მარტო თავისი ფილმებით არის ცნობილი, არამედ მშფოთვარე, მწვავე გამოსვლებითაც. "სინამდვილეში სულ სხვა ადამიანი ვარ და ეს ჩემმა ახლობლებმა კარგად იციან: ძალიან მიყვარს იუმორი, ხუმრობა და არც ისე მკაცრი ვარ, როგორიც ერთი შეხედვით ვჩანვარ", - გვითხრა არაერთი საინტერესო ფილმის ავტორმა, რომელიც ჩვენს მკითხველს სრულიად განსხვავებულ ამპლუაში უნდა გავაცნოთ.

- როდის მოიხიბლეთ კინოხელოვნებით?

- რეჟისორის ოჯახში ვიზრდებოდი და ეს სამყარო ჩემთვის თავიდანვე ახლობელი იყო. მხოლოდ 6 წლის ვიყავი, როცა მამაჩემმა, სიკო დოლიძემ გადასაღებ მოედანზე წამიყვანა. სამწუხაროდ, ეს კადრები დაიკარგა, ფირი კი - გაქრა. 10-11 წლის ვიყავი, როცა მამამ გადაიღო ფილმი "ეთერის სიმღერა", სადაც მედეა ჯაფარიძესთან ერთად ვთამაშობდი. სწორედ იმ დროიდან მოვიწამლე კინოხელოვნებით. მსახიობობა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ მამა ყველაფერს აკეთებდა, რომ მე ეს გზა არ ამერჩია.

- რა ბედი ეწია ამ ფილმს, რომელშიც ქართული კინოს ნამდვილი ვარსკვლავები თამაშობდნენ?

- მამამ "ეთერის სიმღერის" გადასაღებად საოცარი შემოქმედებითი ჯგუფი შეკრიბა: კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი, მხატვარი რევაზ მირზაშვილი, მსახიობები: მედეა ჯაფარიძე, ვასო გოძიაშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, ედიშერ მაღალაშვილი, გურამ საღარაძე, თამარ ციციშვილი, ლიანა ასათიანი და სხვები... სამწუხაროდ, ეს ფილმი დაკარგულია, მხოლოდ მისი ნეგატივია დარჩენილი და აღდგენა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ოდესმე ვინმე თუ აღადგენს, არ ვიცი, მაგრამ დღეს ეს არარეალურად მიმაჩნია. სამწუხაროდ, იმ ქართულ ფილმებს შორის, რომელიც აღდგენას ექვემდებარება, ეს ფილმი არ მოხვდა - ასე გადაწყვიტა ჩვენმა კინემატოგრაფიულმა ელიტამ. ეს საქმე წამოიწყეს, მაგრამ ჯერჯერობით, ნიკოლოზ შენგელაიას, მიხეილ ჭიაურელის, სიკო დოლიძის ფილმებისთვის ხელი არავის უხლია. "ეთერის სიმღერის" ნეგატივი რუსეთის სახელმწიფო კინოფონდში - "გოსფილმოფონდში" ინახება. კიდევ კარგი, იქ არის, თორემ აქ ისე დაიწვებოდა, როგორც ბევრი სხვა ნეგატივი განადგურდა კინოსტუდიაში გაჩენილი ხანძრის დროს. "გოსფილმოფონდში" ინახება თითქმის ყველა ფილმი, რაც 1915 წლიდან გადაუღიათ. ახლა, როცა რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს, მსგავსი ფილმების აღდგენაზე ლაპარაკი ზედმეტია.

deda-da-mama-copy-1643621453.jpg

- დავუბრუნდეთ თქვენს პროფესიულ არჩევანს - ესე იგი, მამას არ სურდა თქვენი მსახიობობა ან რეჟისორობა?

- დიახ, მისი თხოვნა იყო, რომ კლასიკური ფილოლოგიური განათლება მიმეღო. ეს თხოვნა შევუსრულე და მგონი, ძალიან კარგად მოვიქეცი, რადგან უნივერსიტეტში ფანტასტიკური კლასიკური განათლება მივიღე. ეს იყო უნივერსიტეტის "ოქროს ხანა", როცა მისი რექტორი მსოფლიო დონის მეცნიერი, დახვეწილი არისტოკრატი - ევგენი ხარაძე გახლდათ. დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დავამთავრე. მამა ბავშვობიდან მასწავლიდა ინგლისურ ენას, მაგრამ ეს ენა ჩემმა პედაგოგმა - ლევან ხაინდრავამ შემაყვარა. უნივერსიტეტის მერე მოსკოვში წასვლა და სწავლის გაგრძელება მინდოდა, მაგრამ მამამ არ გამიშვა: ახალგაზრდა გოგო მოსკოვში მარტო რატომ უნდა იყოსო?!. ამის შემდეგ, თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე და 1968 წლიდან მიხეილ თუმანიშვილს გვერდიდან არ მოვშორებივარ.

- საქართველოში ქალისთვის ორჯერ უფრო რთულია წარმატების მიღწევა. თქვენს შემთხვევაშიც ასე იყო?

- ვერ დაგეთანხმებით. გიგა ლორთქიფანიძე ხუმრობდა, მსოფლიოში სულ რამდენიმე რეჟისორი ქალია და აქედან 11 თუ 12 საქართველოზე მოდისო. ჩვენ ბევრი ქალი-რეჟისორი გვყავს და ვერ ვიტყვი, რომ რომელიმეს რაღაცაში ხელი შეეშალა: ლანა ღოღობერიძე, ნანა მჭედლიძე, ნანა ჯორჯაძე, ნანა ჯანელიძე, ძალიან საინტერესო რეჟისორი იყო ლია ელიავა და სხვები... ასე რომ, ქართულ კინოში ქალები დაჩაგრულები არასდროს ვყოფილვართ. თუმცა, საქართველოს კინოსტუდიას პირადად ჩემთვის ფული არასდროს მოუცია - ამ ფულს ჯერ მამაჩემის მეგობრების, მერე კი, ჩემი მეგობრების დახმარებით ვშოულობდი. მოსკოვში რომ მივდიოდი, რეზო ჩხეიძე (მის სულს ვენაცვალე!) ხშირად მთხოვდა: შენთვის რომ მოგაქვს, იქნებ, კიდევ ერთი ფილმის დაფინანსებაც მოიპოვო და ისე წამოხვიდეო... ასე რომ, მარტო ჩემთვის კი არა, თანხა კიდევ ერთი რეჟისორისთვის მომქონდა ხოლმე და ბევრმა ფილმი სწორედ ჩემი წყალობით გადაიღო. ამ რეჟისორების გვარებს ცხადია, არ დავასახელებ.

- თქვენს ფილმებს შორის ყველაზე მეტად "კუკარაჩა" გიყვართ, ხომ?

- არა, გამორჩეულად "მარტოხელა მონადირე" მიყვარს, რომელსაც ნაკლებად გაუმართლა: ის მაშინ გამოვიდა, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა. ამის გამო, საკავშირო ეკრანებზეც ვერ მოასწრო გამოსვლა. მოგვიანებით ჩატარდა "გამოუსვლელი ფილმების ფესტივალი", რომელზეც "მარტოხელა მონადირემ" გრან-პრი მიიღო. რაც შეეხება "კუკარაჩას", როცა ის გადავიღე, არანორმალური რაოდენობის მაყურებელმა ნახა. რა თქმა უნდა, ეს იმის დამსახურებაც იყო, რომ ნოდარ დუმბაძის მოთხრობა უკვე ბევრ ენაზე გახლდათ თარგმნილი და მთელ საბჭოთა კავშირში იცოდნენ - "კუკარაჩა" როგორც კი დაიბეჭდა, მაშინვე არნახულად პოპულარული გახდა. წარმოიდგინეთ, რამდენი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში და რამდენი მაყურებელი ჰყავდა "კუკარაჩას", მერე კი კანის ფესტივალის კინობაზრობაზე ეს ფილმი 38-მა ქვეყანამ იყიდა. მე აქედან გროშიც კი არ შემხვედრია. მოსკოვში რომ ჩავდიოდი, მეუბნებოდნენ: შენ არ იცი, რა ფული "ვაკეთეთ" "კუკარაჩაზეო". ეს ფილმი ამერიკაში ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში რომ გადამეღო, მარტო მე კი არა, ჩემი შვილებიც უზრუნველად და მშვიდად იცხოვრებდნენ.

- პრესაში ბევრჯერ დაწერილა ცნობილი რუსი მსახიობის - იური ვასილიევის და თქვენს დიდ სიყვარულზე. მართლა ისეთი სიმპათიური იყო, როგორიც ეკრანზე ჩანდა?

- სინამდვილეში, კიდევ უფრო სიმპათიური იყო. რაც შეეხება ხასიათს, ჩემი ანტიპოდი გახლდათ: ძალიან წყნარი, მშვიდი, ნამდვილი ინტელიგენტი და სულით არისტოკრატი... საოცრად თბილი, რბილი ხასიათი ჰქონდა და აბსოლუტურად არასწორად შეარჩია პროფესია: მიუხედავად იმისა, რომ კარგი მსახიობი იყო, მეტისმეტად მოკრძალებული ხასიათი ჰქონდა და საერთოდ არ იყო ამბიციური. სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყარა და ჩემი პირველი მეუღლე სულ სხვა პიროვნება - მურად იაგიზაროვი გახდა. არ ვმალავ, რომ ის არ მიყვარდა, უბრალოდ, საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ჯობდა ოჯახი შემექმნა. სხვა სიტყვას ახლაც ვერ ვპოულობ - ჩემი თავი უბრალოდ, გადავიგდე ამ ქორწინებაში.

- ძალიან ბევრი ქალი, რომელსაც პირველ ქორწინებაში არ უმართლებს, მეორედ ოჯახის შექმნას ვეღარ ბედავს. თქვენ გაბედეთ და მეორე მეუღლისგან ორი არაჩვეულებრივი შვილი გააჩინეთ...

- იცით, რას ვეტყოდი ასეთ ქალებს? - უნდა გარისკონ, როგორც კი ცხოვრების გზაზე კარგი ადამიანი შეხვდებათ. მართალია, ჩემი მეორე მეუღლე - კოკა ბზიავა ძალიან კარგი და ინტელიგენტი ადამიანი იყო, მაგრამ საკმაოდ ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა. ამ თვისებით ორივე ერთმანეთს ვგავდით, მაგრამ მაინც კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩემს შვილებზე მარტო მე კი არ ვზრუნავდი, სახლში სამი მამიდა მყავდა და ბავშვების გაზრდაში ისინი მეხმარებოდნენ. არც ერთი შვილის პროფესიულ არჩევანში არ ჩავრეულვარ, მაგრამ როგორც კი წამოიზარდნენ, უკვე ვიცოდი, რომ ორივე ჩემს გზას გაჰყვებოდა და ასეც მოხდა. მიხარია, რომ ხელოვანების ოჯახი გვაქვს - ეს ჩვენი ტრადიციაა და სხვაგვარად არც უნდა იყოს... მახსოვს, როდესაც ყველა რადიოსადგურს ახშობდნენ და ჯაზის მოსმენაც კი აკრძალული გახლდათ, მე და ჩემი ძმები რადიომიმღებთან ღამეებს ვათენებდით. ჩემი ოჯახი ხელოვნების გარეშე ვერც კი წარმომიდგენია.

- ჩვენი საზოგადოება ძალიან მწვავე და ცხარე გამოსვლებით გიცნობთ, თქვენი სკანდალური ფრაზებიც ხშირად ვრცელდება მედიით და სოციალური ქსელებით...

- ასეთი ხისტი მხოლოდ მაშინ ვხდები, როცა პოლიტიკურ ან სოციალურ თემებზე მიწევს კომენტარის გაკეთება. ყოველთვის შეურიგებელი ვარ უსამართლობის მიმართ, მაგრამ ყოველთვის სიმართლეს ვამბობ. როგორ? - მე და ჩემი კოლეგები რომ ჩაგვწიხლეს და "ჩაგვრეცხეს", უნდა გავჩუმებულიყავი? - არავითარ შემთხვევაში! რაც შეეხება "სკანდალურ ფრაზებს", ისინი ხშირად, კონტექსტიდან ამოგლეჯილია: ციტატის დასაწყისი თუ სკანდალურია, იმას ამოიღებენ და ბოლოს არ წაიკითხავენ, ან ბოლოს წაიკითხავენ და დასაწყისს ყურადღებას არ აქცევენ. ამიტომ ხშირად დამახინჯებული ვერსია ვრცელდება ხოლმე. ამის გამო ჟურნალისტებზე ძალიან ნაწყენი ვარ: ბოლო ხანებში სოციალური ქსელით ავრცელებენ, როგორ დავწყევლე ადამიანი, რომელიც მიყვარდა და ის ლოგინად ჩავარდა. მთლიანობაში რა ვთქვი, ამას ყურადღება არავინ მიაქცია: ეს ამბავი იმდენად განვიცადე, რომ ეკლესიაში წავედი, აღსარება ვთქვი და პატიება ვითხოვე. ეს არავინ დაბეჭდა, მარტო პირველი ნაწილი გაავრცელეს. სხვათა შორის, ეს ჩემი პირველი აღსარება იყო... სამწუხაროდ, ეს დღევანდელი ჟურნალისტიკის და ჩვენი საზოგადოების ნამდვილი სახეა: მთავარია, რაღაც სკანდალური დაინახონ და შინაარსს არავინ უყურებს.

koka-bziava-copy-1643621440.jpeg

- ესე იგი, ქართველ ჟურნალისტებზე ნაწყენი ხართ?

- სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ! ჟურნალისტიკა ჩემთვის უცხო სფერო არ არის: 15 წლის განმავლობაში ვმუშაობდი გაზეთში, რომელსაც "ვეჩერნი ტბილისი" ერქვა. იქ იყო არაჩვეულებრივი სოფა გველესიანი, რომელიც კულტურის განყოფილებას უძღვებოდა. სპეციალური კორესპონდენტი ვიყავი, არაერთი კინოფესტივალი გამიშუქებია და ვისთან არ მაქვს ინტერვიუ ჩაწერილი: მონიკა ვიტი, მარჩელო მასტროიანი და სხვა დიდი ადამიანები ჩემი რესპონდენტები იყვნენ. უნიკალური ინტერვიუები მაქვს გაკეთებული... ვფიქრობ, ჟურნალისტიკა, როგორც ასეთი, საქართველოში აღარ არსებობს - შეხედეთ ჩვენს ტელევიზიებს - ან რა ქართულით მეტყველებენ, ან რა აგრესიულები არიან, ოღონდ პოპულარობა მოიპოვონ და ყველაფერზე მიდიან. ამ სფეროში მხოლოდ 20-25 კაცი შეიძლება დასახელდეს, რომელიც თავის მსმენელს დაბალანსებულ ინფორმაციას აწვდის. სამწუხაროდ, ჩვენი ჟურნალისტიკა დღეს მხოლოდ ნეგატივს ეძებს, რადგან კეთილი და კარგი ინფორმაცია არავის აინტერესებს. თუნდაც "ფეისბუკს" გადახედეთ, რამდენი ბოროტი და დაბოღმილი პოსტია და რამდენი - კეთილგანწყობილი. სიკეთეს და კარგ საქმეებს არ აშუქებენ, რადგან ნეგატივს უფრო მეტი მნახველი ჰყავს. ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ეს სიმართლეა.

- დაბოლოს, აუცილებლად უნდა გკითხოთ: ცნობილი ფრაზა - "ჩემი "კუკარაჩა" ნანახი გაქვთ?" - მართლა თქვენ გეკუთვნით?

- არა, ეს ჩემი დასმული შეკითხვა არ არის, სხვისი ნათქვამია, რომელიც მერე მე "დამაბრალეს". თუნდაც, ჩემი ნათქვამი იყოს, მერე რა? - ისეთი ფილმი გადავიღე, რომელიც პირველ რიგში, ნოდარ დუმბაძეს მოეწონა, მერე კი - მამაჩემს და მიხეილ თუმანიშვილს. მეტი მე არაფერი მაინტერესებს! არასდროს ვმეტიჩრობდი ეკრანზე, რადგან ვიცოდი, რომ ქართულ კინოში ოთარ იოსელიანი და თენგიზ აბულაძე მოღვაწეობდნენ. ჩემთვის მიუღწეველი მწვერვალი ფედერიკო ფელინია და მის მერე ეკრანზე თავის მოწონების სურვილი და უნარი არც ადრე მქონია და არც ახლა მაქვს.

ხათუნა ჩიგოგიძე