რას ებრძვის და რა მოსწონს საკუთარ ხასიათში მაია ხორნაულს - გზაპრესი

რას ებრძვის და რა მოსწონს საკუთარ ხასიათში მაია ხორნაულს

"ის იშვიათად ავლენს ვინმესთან ქიშპობისა და შეჯიბრების სურვილს. ხშირად აძლევს სხვებს მისი მოტყუების უფლებას და ნებისმიერ მარცხს ფილოსოფიური სიმშვიდით ხვდება. სიტყვაძუნწია, მაგრამ გულახდილობის ბუშტი თუ გაუსკდა, შეიძლება მისგან თავი დიდი ხნით ვეღარ დაიძვრინოთ. გამუდმებით დახვეწას და იდეალთან მიახლოებას ცდილობს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ტახის წელში დაბადებულ ტყუპს, ეს კი მსახიობ მაია ხორნაულის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია მეტ-ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ ღრმად ჩახედული არ ვარ. ოჯახში ბევრი ტყუპი ვართ. მე და დედა ერთსა და იმავე თვესა და რიცხვში ვართ დაბადებულები. ტყუპია ჩემი მეუღლე და შვილი, გარშემო კიდევ ბევრი ტყუპი ტრიალებს, ასე რომ, ამ ნიშანს კარგად ვიცნობ. მე და დედა ყველაზე მეტად ვგავართ ერთმანეთს. ქალი და კაცი ტყუპი ერთმანეთისგან განსხვავდებიან.

- ხასიათი ხშირად გეცვლებათ?

- ძალიან ხშირად. თითქოს ჩემში ორი ადამიანი ცხოვრობს. მიზეზი შეიძლება იყოს ძალიან, ძალიან უმნიშვნელო და იმ წუთში ვერც გავაცნობიერო, ხასიათი რატომ შემეცვალა, თითქოს უნებურად ხდება. მოგვიანებით რომ დავფიქრდები, მიზეზს ყოველთვის ვპოულობ.

- ეს თვისება თქვენთვის დამღლელია?

- შემაწუხებელი უფროა.

- გარშემო მყოფებისთვის?

- არ ვიცი, მათგან ასეთი საყვედური არ მიმიღია. იმ ადამიანებმა, ვისთან ერთადაც ვცხოვრობ, იციან, დილით როგორ ხასიათზე ვიღვიძებ და მერე როგორ მეცვლება.

- ცნობისმოყვარე ხართ?

- არა, თუმცა კარგი მსმენელი ვარ. ისეთი რამ, რაც ჩემს ინტერესს მიღმაა, არც მამახსოვრდება. თავად ცნობისმოყვარეობაც მრავალმხრივია. არსებობს პროფესიული ცნობისმოყვარეობაც, ეს ნამდვილად მაქვს, ამ მხრივ ინტერესიანი ვარ.

- "ჯიუტია, მისი გადარწმუნება შეუძლებელია".

- ეს ჩემი თვისება ნამდვილად არ არის.

- ცინიკოსი ხართ?

- არა და ეს თვისება ადამიანებში საერთოდ არ მიყვარს, ძალიან ცუდი რეაქცია მაქვს. ცინიზმსაც გააჩნია, მაგრამ... (პაუზის შემდეგ) ცინიზმი მაინც ცინიზმია, კარგი როგორ შეიძლება იყოს. არ მესმის, ადამიანს გული რატომ უნდა ატკინო. ძალიან ფრთიანი ანგელოზი კი გამოვდივარ, მაგრამ სიმართლეს ვამბობ.

- "ადამიანებს შეცდომებს რთულად პატიობს".

- პატიება არ მიჭირს, ყოველთვის ვცდილობ, ყველა ადამიანში რაღაც კარგი დავინახო, კარგი კუთხიდან შევხედო. როცა პიროვნებაზე მცდარი ინფორმაცია მაქვს, ერთი სიტყვაც საკმარისია, მასზე წარმოდგენა რომ შემეცვალოს. ვფიქრობ, ეს კარგი თვისებაა.

- "ის გამუდმებით დახვეწას და იდეალთან მიახლოებას ცდილობს".

- ასეა.

- გამოდის, რომ საკუთარ თავზე მუშაობა გიყვართ.

- ძალიან ბევრს ვმუშაობ, ეს ალბათ ჩემი პროფესიიდან გამომდინარეც ხდება.

- "არაპუნქტუალურია, ყველგან აგვიანებს".

- ვწუხვარ, მაგრამ ეს ჩემი თვისებაა.

- გამოსწორებას არ ცდილობთ?

- ვცდილობ, მაგრამ რაღა დროს ჩემი გამოსწორებაა. წარსულში მეტად არაპუნქტუალური ვიყავი, ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ, ოჯახმა, შვილებმა ცოტათი მწყობრში ჩამაყენეს.

- "მფლანგველია, ფულის განიავებაზე გიჟდება".

- როცა მაქვს, ვფლანგავ, ხელმომჭირნე არ ვარ, არც ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ. ამ თვისებას ვებრძვი და თან, არც მინდა, რომ ვებრძოლო.

- "ვერ იტანს ერთფეროვნებას, ამიტომ გამუდმებით ცვლილებებზე ფიქრობს".

- ეს სიტყვები ზუსტად ჩემზეა.

- მგონი, პროფესიამ გიშველათ. ამ მხრივ ერთფეროვანი ცხოვრება ნამდვილად არ გაქვთ.

- კიდევ კარგი, რომ ეს პროფესია ავირჩიე, სულ ამას ვამბობ. ერთფეროვნება იმდენად არ მიყვარს, სხვას თუ ვერაფერს ვახერხებ, შინ ნივთებს მაინც გადავაადგილებ, ავეჯს ადგილს ვუცვლი. ეს ერთგვარი რელაქსაციაა, სხვაგვარად არ შემიძლია, ერთფეროვნება ძალიან მალე მბეზრდება.

- "ის ხშირად აძლევს სხვებს მისი მოტყუების უფლებას და ნებისმიერ მარცხს ფილოსოფიური სიმშვიდით ხვდება".

- მართალია, მაგრამ აქამდე ამაზე კი არ დავფიქრებულვარ, არც ერთ დახასიათებაში არ წამიკითხავს.

- ასე რატომ იქცევით? როგორ ახსნით?

- მე ხომ იმ ადამიანს ვერ შევცვლი, მითითება და იმის თქმა, რომ მატყუებს, მერიდება, ამიტომ ვაძლევ "მოტყუების" უფლებას. ეს მისი პრობლემაა, მე არაფერი მიშავდება, ის კი ამაში შვებას პოულობს. ამის გამო პანიკას არ ვტეხ. ამავე დროს, სულ ვფიქრობ, რომ ამას თავად მიხვდება.

- ადამიანებს სიყალბეს იოლად ამჩნევთ?

- კი, ამას ჩემი პროფესიის წყალობით ვახერხებ, მსახიობები ხომ ერთგვარი ფსიქოლოგებიც ვართ.

- "ის იშვიათად ავლენს ვინმესთან ქიშპობის და შეჯიბრების სურვილს".

- მართალია და ამას ჩემს მინუსად მივიჩნევ. "ქიშპობა" უფრო ცუდი სიტყვაა, ადამიანს უნდა ჰქონდეს სწრაფვა, გაჯიბრების სურვილი, თუნდაც საკუთარ თავთან, ეს მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

- ამბიციური არ ხართ?

- არა. შეიძლება ითქვას, ეს თვისება მაზარალებს, მაგრამ თავს დაზარალებულადაც არ ვთვლი. მიფიქრია, ცოტათი სხვანაირი ხასიათი რომ მქონდეს, უკეთესი იქნებოდა-მეთქი. "ამბიციური" შეიძლება არაზუსტი სიტყვაა, მე ასე ვიტყვი: უკეთესი იქნება, საკუთარი თავის პატივისცემა ვიცოდეთ.

- "სიტყვაძუნწია, მაგრამ გულახდილობის ბუშტი თუ გაუსკდა, შეიძლება მისგან თავი დიდი ხნით ვეღარ დაიძვრინოთ".

- (იცინის) სიტყვაძუნწი არ ვარ, თუმცა "სიყვარულის ბუშტი" ხშირად მისკდება. ეს შეიძლება სრულიად ახალგაცნობილ ადამიანთან დამემართოს. მთავარია, ის ჩემთან ახლოს მოვიდეს, მერე თავს ნამდვილად ვეღარ დაიძვრენს.

- ეს რა დროს ხდება, როცა მეორე ადამიანი თქვენში სიმპათიას იწვევს, როცა კარგი მსმენელია თუ...

- ასე კონკრეტულად არ ვიცი, ზოგადად ადამიანებთან კომუნიკაციას მარტივად ვამყარებ. ცივი და უკარება არ ვარ.

- "მზრუნველია, საყვარელ მამაკაცს ძვირად ღირებული ნივთებითაც ხშირად ანებივრებს".

- მზრუნველი ვარ, მაგრამ გადამეტებულ ხარისხში - არა. მირჩევნია, სხვა ზრუნავდეს ჩემზე, სხვა მეფერებოდეს.

- ეგოისტი ხართ?

- ამ შემთხვევაში, ეგოისტი ვარ.

245351869-401385564914014-918148165563149440-n-copy-1643621644.jpg

- "მიუხედავად იმისა, რომ ფიცხია, ურჩევნია, დაძაბულ სიტუაციას მშვიდად გაერიდოს, ვიდრე მაგიდაზე მუშტი აბრაგუნოს".

- მართალია, მუშტის ბრაგუნი ჩემი ქცევა არ არის, მშვიდობიანად გარიდება მირჩევნია. იმ მომენტში, ძალა თუ შემწევს, სიტუაციას ვაშოშმინებ, ცეცხლზე ნავთს არასდროს ვასხამ. მიუხედავად იმისა, რომ გურულის და ხევსურის ნაზავი ვარ, ფიცხი ხასიათი არ მაქვს, მაგრამ ჩემთვისაც არსებობს ზღვარი, ის თუ გადაიკვეთა, იქ უკვე ოოო!!!

- "იშვიათად ცრუობს და მაშინაც მხოლოდ თავდაცვის მიზნით".

- დიდი ხანია, ტყუილი აღარ მითქვამს, ადრეც მხოლოდ უმნიშვნელო და უწყინარ ტყუილებს ვამბობდი.

- "ხშირად არ ჰყოფნის მოხერხებულობა, იყოს ეშმაკი".

- ლავირების უნარი და ინტუიცია მაქვს, მაგრამ ასტროლოგებს მაინც ვეთანხმები.

- "ის ძალიან მკაცრია და იშვიათად მიდის დათმობაზე".

- დათმობაზე უფრო ხშირად მივდივარ, ვიდრე საჭიროა.

- "ყოველთვის სჯერა იმის, რასაც ეუბნებიან, მიმნდობი და გულუბრყვილოა".

- სულ მინდა, ადამიანების მჯეროდეს. როცა მატყუებენ, ამ საქციელის გამართლებასაც კი ვცდილობ, ჰო, მიმნდობი და გულუბრყვილო გამოვდივარ.

- ამის გამო ალბათ, იმედგაცრუებაც არაერთხელ გქონიათ.

- მქონია, მაგრამ არ დავუზარალებივარ.

- "მას ცოტა მეგობარი ჰყავს, მაგრამ მათ დიდხანს ინარჩუნებს".

- ბევრი მეგობარი მყავს, მათ შორის ბავშვობიდანაც არაერთი მომყვება. ვინმესთან გზები თუ გამყოფია, ეს ყოველთვის დროის, სიშორის გამო მომხდარა და არა - გაურკვევლობის ან წყენის გამო.

- "მას არ უყვარს კამათში ჩართვა, მხოლოდ მასთან საუბრობს, ვისაც პატივს სცემს".

- მართალია, კამათში ჩართვა და რაღაცის დამტკიცება არ მიყვარს, ეს ჩემი კომფორტის ზონა არ არის, კონფლიქტური ადამიანი არ ვარ.

თამუნა კვინიკაძე