"შევხედოთ ცხოვრებას გურულის თვალებით და..."
"მარტოკაცი კაიკაცი. მღერის, უკრავს და ყორიფელს შობა. თუ გინდა, მხარი დამიჭირო, სითბო, სიყვარული, ჩახუტება და ამბავი გამოხატო, მოიწონე და გააზიარე ვიდეო, დაწერე კომენტარი"... - ეს მარტოკაცი დამიანე გორდელაძეა, ოზურგეთელი, სოფელ ლიხაურიდან. უკვე 53 000 გამომწერი ჰყავს, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, მღერის, უკრავს და ყორიფელს შობა და თუ რას გულისხმობს ამაში, თავად გვეტყვის.
- ლიხაური ექვთიმე თაყაიშვილის სოფელია. მის მუზეუმთან ახლოს არის ჩვენი სახლი. ძალიან ლამაზია აქაურობა, სოფელს მდინარეც ჩამოუდის. ერთი სიტყვით, აქ დავიბადე და გავიზარდე. 8 დედმამიშვილი ვართ - 4 გოგო და 4 ბიჭი. უფროსი 30 წლისაა, უმცროსი - 18-ის. დაქორწინებულები ვართ ოთხნი, ჩემს მშობლებს 5 შვილიშვილი ჰყავთ და კიდევ სამს ელოდებიან ამ წელს.
მამაჩემი მოძღვარია, 90-იან წლებში აკურთხეს, მსახურობს კვირიკეთის ეკლესიაში. ჩვენც იმ გარემოში ვიზრდებოდით და ვგალობდით კიდეც ამ ეკლესიაში. ისე, ისტორიული ჩანაწერებით ცნობილია, რომ გორდელაძეების გვარის ხალხი კარგად მღეროდა. ბებიაჩემი ჩავლეიშვილის ქალი იყო და ისინიც მღერიან. ჩვენს ოჯახში დედა იყო გატაცებული სიმღერით და ჩემი უფროსი ძმაც გვაძლევდა სტიმულს. ის დადიოდა სიმღერაზე, ანზორ ერქომაიშვილის მიერ დაარსებულ კრიმანჭულის სკოლაში. გუნდთან ერთად აქეთ-იქით დადიოდა კონცერტებზე, ფილარმონიაშიც გამოვიდა, სიგელებს, მედლებს იღებდა და პატარა რომ ხარ, ეს ძალიან მოგწონს. ერთხელ მეც წავყევი რეპეტიციაზე და აქედან დაიწყო ყველაფერი. მუსიკალურ სკოლაშიც დავდიოდით ყველანი. 2015-16 წლებში, ფოლკლორის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა ოლიმპიადა. იყო რამდენიმე კატეგორია და ჩვენმა, გორდელაძეების საოჯახო ანსამბლმა გაიმარჯვა.
- როგორ იზრდებოდით, რა გასწავლათ მრავალშვილიან ოჯახში ყოფნამ?
- ერთი დადებითი რაც ჰქონდა, მეზობლებთან გადასვლა არ გვიწევდა სათამაშოდ, იმდენი ვიყავით შინ. კიდევ, შემეძლო სახლიდან ისე გავსულიყავი, კაციშვილი ვერ მიმხვდარიყო, სათვალავში არ აკლდებოდათ. მერე საღამოს მირეკავდნენ, დედა რომ გადათვლიდა დასაძინებლად და კითხულობდნენ ჩემს ამბავს. ერთხელ, ასე რომ გადათვალა, ერთი აკლდა. ეძებეს და ჩემს ძმას თურმე, საწოლის ქვეშ ჩასძინებია. მამა როცა გვაზიარებდა, სულ ეშლებოდა ჩვენი სახელები. იმდენი მრევლი ჰყავდა ისედაც. ვხუმრობდით ხოლმე, მამა ზიარებაზე "შპარგალკით" ხელში დგასო. მე კი ვამბობ: ჩვენს სახლში იმდენი ბავშვი იყო, დერეფნებში შუქნიშნები ეყენა-მეთქი.
სახლის საქმეები ძალიან სწრაფად კეთდებოდა. თხილის აკრეფა იყო თუ სხვა რამ, რომ შევესეოდით, უცებ მოვითავებდით. ყველაზე კარგი კი იმით არის, რომ ყველა ვმღერით, ხმები საძებარი არ გვაქვს და ამით განტვირთვასაც ახდენ და დროც მალე გადის მუშაობისას.
- გურული ვარ მთელი არსებითო, - ამბობთ.
- გურიაში დაბადებულ-გაზრდილმა ბევრმა ადამიანმა, რომელიც გურულ დიალექტზე ლაპარაკობდა, სხარტულიც ეხერხებოდა და მღეროდა კიდეც, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, მოერგო იმ პირობებს და ახლა მხოლოდ სალიტერატურო ქართულით საუბრობს. ჩემი ძმაც ასეა და სულ ვეჩხუბები. მე დინების საწინააღმდეგოდ მივდივარ.
- ანუ მხოლოდ გურულ დიალექტზე საუბრობთ?
- მეოთხე წელია, ძირითადად, თბილისში ვცხოვრობ ოჯახთან ერთად. ხშირად ჩავდივარ გურიაში, მაგრამ რაკი აქ უფრო მეტი დროის გატარება მიწევს და ყოველ წუთს ვერ ვნახავ გურულს სასაუბროდ, დავჯდები ხოლმე და ველაპარაკები საკუთარ თავს, რომ არ დამავიწყდეს. ჩემი შვილი წლის და 10 თვისაა. მოვა და გეტყვის, "აი რაია", "მოი აგერ"... ჩემგან იცის, სალიტერატურო ქართულს ისედაც ისწავლის, როდესაც გაიზრდება და გურული შეიძლება ვეღარ ისწავლოს. როდესაც გვაქვს შესაძლებლობა, ენა დიალექტებით გავამდიდროთ, რატომაც არა?! მე ამ ყველაფერს ვინარჩუნებ და ვავითარებ ჩემში. გარეგნობა და ხასიათი ერთობლიობაში სახასიათო ტიპაჟს ქმნის. განსაკუთრებული გონებამახვილობით გამოვირჩევით, რაც გურიასა და გურულებს სხვებისგან განასხვავებს. გურულს შეუძლია ისეთი რამ გითხრას ენამოსწრებულად, რომ გაგაქვაოს ან მოგკლას სიცილით.
- გემახსოვრებათ ბავშვობის დროინდელი სოფელი, ხალხი. ბევრი რამ შეიცვალა?
- ამას განაპირობებს ცხოვრების სტილი. დღეს სოციალურ ქსელში ბევრ დროს ვატარებთ, ადრე კი ურთიერთობდნენ, მეტი მისვლა-მოსვლა იყო. ძველი ხალხი ყველაფერზე სხვანაირად ფიქრობდა და ბევრი ისეთი რამ იცოდა, რაც ჩვენ არ ვიცით. მაგალითად, მე თუ ახლა ტელეფონს ჩავხედავ იმის გასაგებად, როგორი ამინდი იქნება ხვალ, ბებიაჩემი ცას ახედავდა, გახედავდა მთებს და გეტყოდა, ხვალ წვიმა იქნებოდა თუ მზე. ეს თავისი ბებიასგან იცოდა, ისინი დაკვირვებით იცნობდნენ სამყაროს, ჩვენ კი ასეთ რამეებს აღარ ვაკვირდებით. საერთოდაც ნაკლებად დაკვირვებული ხალხი ვართ.
- პროფესიით ვინ ხართ?
- ჩავაბარე სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, მაგრამ არ დამიმთავრებია. მართალია, უფასოზე ვსწავლობდი, მაგრამ მაინც რთული იყო სტუდენტის შენახვა მრავალშვილიანი ოჯახისთვის. სულ მაწუხებდა, რომ მამა მიგზავნიდა ფულს. ამიტომ გადავწყვიტე, მუშაობა დამეწყო. ბევრი სამსახური გამოვიცვალე, ვიმუშავე ოფიციანტად, გალობის მასწავლებლად ჯერ კერძო სკოლაში, შემდეგ - ჰერეთში. ეს იყო საპატრიარქოს პროექტი, რომელიც 2 წელი გაგრძელდა. ჩამოვაყალიბეთ კაცების, ქალებისა და ბავშვების გუნდი, ბოლოს გავაერთიანეთ. იმ ეკლესიაში დიდი ხანი არავინ გალობდა. დაინტერესება იყო, იქაურები მოწყურებულები არიან სტუმარს საქართველოდან, ყურადღებას და უხარიათ, როდესაც ვინმე ჩადის.
- პანდემიის გამო შეწყდა ეს პროექტი?
- დიახ, გადასვლის პრობლემა შეიქმნა. ამის შემდეგ ვმუშაობდი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გიორგი კეკელიძის მიწვევით. ეს იყო ერთწლიანი პროექტი, ფოლკლორის დარბაზს ვუწევდი პოპულარიზაციას. ამჟამად ოფიციალური სამსახური არ მაქვს. ძირითადად, ვწერ ვიდეოებს და იქ მაქვს მინიშნებული, რომ სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ გაიღონ შემოწირულობა, რასაც ვახმარ ტექნიკის შეძენას, რათა უკეთესი ვიდეოები ჩავწერო.
- როგორც ვიცი, ამ შემოწირულობებით ახერხებთ პატარ-პატარა სიკეთეების კეთებასაც...
- ერთხელ დავეხმარე რამდენიმე ადამიანს, ქუჩაში რომ ითხოვენ მოწყალებას. მეგობრებმა გადაიღეს და ამის შემდეგ ხალხმა დაიწყო თანხის ჩარიცხვა კონკრეტულად ქველმოქმედებისთვის. ვიდეო იმიტომ გადავიღეთ, რომ ხალხს დაენახა, როგორ შეიძლება მცირე თანხით ადამიანებს დღეები გავულამაზოთ.
- ვიდრე თქვენი გვერდის შესახებ გკითხავთ, ოჯახზეც მიამბეთ.
- მყავს მეუღლე, რომელიც რუსეთში გავიცანი. მერე ჩემ გამო საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდა და დავქორწინდით. მუსიკოსია, თეორიის სპეციალისტი, ონლაინგაკვეთილებს ატარებს. სხვათა შორის, საქართველოში ერთადერთია, ვინც ირლანდიურ არფაზე უკრავს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ხალხური სიმღერა რთულია, მაინც ისწავლა. გურული დიალექტიც აითვისა და ესმის, რასაც ვამბობთ. ერთადერთი, მამაჩემის ლაპარაკს ვერ იგებს. მისი ჩვენც არ გვესმის ზოგჯერ, ისე სწრაფად საუბრობს.
- როგორ დაიწყო თქვენი "მარტოკაცობის" ამბავი?
- დიდი ხნის წინ დაიწყო, "ბაღნობიდან". მაინცდამაინც სოციალური არც პატარაობაში ვყოფილვარ. მახსოვს, ბაღში სიარულისას მარტო ვთამაშობდი. სახელწოდება უფრო იმას უკავშირდება, რომ მარტოკაცი ყველა ხმას თვითონ ამბობს.
თავდაპირველად "ინსტაგრამზე" ვდებდი ვიდეოებს, რადგან უცხოელებს ვასწავლიდი სიმღერას, მქონდა ცეკვისა და სიმღერის გაკვეთილები. პანდემიის დროს "ფეისბუკის" პირად გვერდზეც დავდე და ბევრი ნახვა დააგროვა. გადავწყვიტე, ახალი გვერდი გამეკეთებინა და დავარქვი "მარტოკაცი".
დღევანდელ დღეს განტვირთვა და გულის გადაყოლება უფრო სჭირდება ადამიანს. ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ და თითოეულის მთავარი მიზანი ის უნდა იყოს, რომ სხვებს გავუადვილოთ ცხოვრება. საერთოდ, ოპტიმისტები ვართ გურულები. ჩემი მოწოდებაა, შევხედოთ ცხოვრებას გურულის თვალებით და გაცილებით მეტი რამ შეიცვლება კარგისკენ!
ნინო ჯავახიშვილი