რუსკა მაყაშვილის მთავარი ხიბლი და სისუსტე - გზაპრესი

რუსკა მაყაშვილის მთავარი ხიბლი და სისუსტე

"ურუსკესი" - ასე ჰქვია "ელენის შოუს" ქართულ ანალოგს, რომელიც მსახიობ რუსკა მაყაშვილს მიჰყავს. მას სატელევიზიო სივრცეში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ ეს პირველი საავტორო შოუა, შესაბამისად, მისი მღელვარების ხარისხიც მაღალია. რით იქნება ეს შოუ სხვა გადაცემებისგან განსხვავებული, რას თვლის რუსკა მისი, როგორც ტელეწამყვანის მთავარ ხიბლად და როგორ ახერხებს დედობა და ტელეწამყვანობა ერთმანეთს შეუთავსოს? - ამაზე ის თავად გვესაუბრება.

- გიორგი ხაბურზანიამ, დემნა ჯაფარიძემ და თაკო ფხაკაძემ შემომთავაზეს, შოუს წამყვანი ვყოფილიყავი.

- ეს დიდი პასუხისმგებლობაა, გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდა?

- შემოთავაზებამ ძალიან გამახარა და დავთანხმდი. სიმართლე გითხრა, ვნერვიულობ, მართლა დიდი პასუხისმგებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ შოუების წაყვანის დიდი გამოცდილება მაქვს, საკუთარ შოუზე მუშაობა მაინც სხვა განცდა ყოფილა. მინდა, ძალიან კარგი გამოვიდეს, მთელ სულსა და გულს ამ საქმეში დაუზარებლად ვდებ.

- "ურუსკესი" - სახელწოდება ვინ მოფიქრა?

- ესეც პროდაქშენის იდეაა, რომელიც ძალიან მომეწონა. განსხვავებული, მხიარული, სასაცილო სახელია.

- ეს გადაცემა რით იქნება განსხვავებული ქართულ სატელევიზიო სივრცეში არსებული სხვა გადაცემებისგან?

- ჩემს შოუში იქნება მხოლოდ პოზიტივი და მხიარულება, რაც ძალიან საჭიროა მაყურებლისთვის. ბევრს ვიმღერებთ, ვიცეკვებთ, ვითამაშებთ. ხალისი, დადებითი განწყობა, მაყურებლისთვის ისეა საჭირო, როგორც არასდროს. ჩვენს ისედაც დათრგუნვილ, ძალიან დაძაბულ გარემოში ეს მნიშვნელოვანია. მეყოლება სტუმრები, მექნება მონოლოგები და რაც მთავარია, ყველაფერი იქნება ძალიან საინტერესო.

- როგორ ფიქრობ, შენი, როგორც წამყვანის მთავარი ხიბლი რა არის?

- ვფიქრობ, გულახდილობაა, კეთილი ვარ, ბოროტი და ბოღმიანი არც არასდროს ვყოფილვარ, მაყურებელი ალბათ ამასაც გრძნობს.

- 2 შვილი გყავს. როგორც ვიცი, მათ ძიძის გარეშე ზრდი. საავტორო შოუზე მუშაობა, მით უმეტეს მაშინ, როცა ყველა დეტალში ჩართული ხარ, დიდ დროს მოითხოვს, დედობის და წამყვანობის შეთავსებას როგორ მოახერხებ?

- მართალია, მე და ჩემი მეუღლე ბავშვებს ძიძის გარეშე ვზრდით. სანდრო საოცარი მამაა, როცა მე შინ არ ვარ, არაჩვეულებრივად უვლის. ბავშვებთან მეც დიდ დროს ვატარებ. ილია ბაღში დადის, კატო ხან დედაჩემთან არის, ხან - სანდროსთან, ხან - სანდროს დედასთან. მოკლედ ოჯახის წევრების დახმარებით ამ სირთულეს ვუმკლავდებით.

- რას ამბობს ილია, როცა ეკრანზე გხედავს?

- არ იმჩნევს, დიდად არც ინტერესდება.

- არც მაშინ, როცა სახლიდან გასული ხარ და ამ დროს ეკრანზე ჩანხარ?

- არც მაშინ. შეიძლება ერთხელ თქვას: - აი, დედა. ესაა მისი ინტერესის მაქსიმუმი.

- პიროვნული თვისებებიდან შენს ყველაზე ძლიერ მხარედ რას მიიჩნევ?

- გულახდილობას, შრომისმოყვარეობას.

- სისუსტე რა არის?

- აუ, არ ვიცი (ფიქრობს), მიმნდობი ვარ, გულუბრყვილოც.

- ამის გამო ურთიერთობებში იმედგაცრუება გქონია?

- იმედგაცრუებები მქონია, მაგრამ ისეთი დიდი ტკივილი, ძალიან მწარედ რომ მახსოვდეს - არასდროს განმიცდია.

265225364-2171507559692436-3160734619396251213-n-1643886335.jpg

- შენი მთავარი მოტივაცია და ყველაზე დიდი სტიმული ვინ ან რა არის?

- ჩემი შვილები, ყველანაირი კუთხით ასეა. რასაც დღეს ვაკეთებ და ის, რასაც მომავალში გავაკეთებ, ყველაფერი იქნება ჩემი შვილებისთვის.

- დედობამ ძალიან შეგცვალა?

- რა თქმა უნდა, დედობამ თავიდან ბოლომდე შემცვალა. ეს იმდენად დიდი პასუხისმგებლობაა, არა მგონია, ისეთი ადამიანი თუ არსებობს, ვისაც შეხედულებები არ ეცვლება.

- როგორი გახდი?

- ადრე რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი არ იყო, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ადრე უპირატესობას ვანიჭებდა, ახლა ნაკლებად მაინტერესებს.

თამუნა კვინიკაძე