"თავხედობად მიმაჩნია, რომ ვთქვა, მარტოხელა დედა ვარ-მეთქი" - გზაპრესი

"თავხედობად მიმაჩნია, რომ ვთქვა, მარტოხელა დედა ვარ-მეთქი"

თათა ჯაშს ცხოვრების დატვირთული რეჟიმი აქვს, ბალეტისა და შვილზე ზრუნვის გამო. ამჟამად, ბალერინა "კოვიდით" ინფიცირებულია. შესაბამისად, იძულებით ისვენებს. თათა ვირუსს კარგად უმკლავდება. ჩვენთან ინტერვიუსთვისაც გამონახა დრო და ენერგია.

- კორონავირუსთან ბრძოლის შუა ეტაპზე ვარ: ნახევარი გზა კიდევ გასავლელია, მაგრამ უკეთ გახლავართ. თავდაპირველად, ყველა სიმპტომი მქონდა, რაც "კოვიდს" ახასიათებს, მაგრამ მგონი, რთული პერიოდი უკვე გადავლახე. "ომიკრონით" ვარ ინფიცირებული. შეიძლება ითქვას, ვირუსს ნორმალურად ვუმკლავდები.

- როგორ დაინფიცირდი, იცი? შენთვის რეგულაციების დაცვა რთულია?

- ისეთი პროფესია მაქვს, რომ შეუძლებელია, სულ სამედიცინო ნიღაბი გეკეთოს. შესაბამისად, ინფიცირების რისკიც მეტია. ზუსტად არ ვიცი, სად და როგორ დავინფიცირდი, მაგრამ ფაქტია, რომ ამას მეც ვერ ავცდი. ისე, რაღაცნაირად ველოდი, რომ მეც "მომაკითხავდა" და ეს დღეც დადგა (იღიმის)...

- პანდემიის დასაწყისში, გამკაცრებული რეგულაციების პირობებში შენი, როგორც ბალერინiს ცხოვრების რეჟიმი როგორი იყო?

- თავდაპირველად გვითხრეს, რომ 2 კვირა ვისვენებდით. უქმე დღეები ჩვეულებრივად შევირგე (იცინის). მერე ეს პერიოდი თვეობით რომ გაიწელა, იმაზე ფიქრი დავიწყე, მევარჯიშა, რათა ფორმაში ვყოფილიყავი. შემდეგ, საბალეტო დასმა "ზუმში", ონლაინვარჯიში დავიწყეთ. ჩემი სახლის გარკვეული ნაწილი დარბაზად გადავაკეთე კიდეც: ლინოლიუმი გავშალე, საბალეტო ძელი შევუკვეთე. მოკლედ, მოვერგე არსებულ სიტუაციას... ახლა აქტიურად ვმუშაობთ. იანვარში სპექტაკლი - "მაკნატუნა" 10-ჯერ ჩავატარეთ. ყველა ბილეთი გაიყიდა. ამჟამად, რამდენიმე დღე იძულებით ვისვენებ, შემდეგ ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დავუბრუნდები.

- კარგა ხანია, ტელეეკრანზე არ გამოჩენილხარ...

- რა თქმა უნდა, "კოვიდმა" ჩემს შემოქმედებით განვითარებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა - დიდხანს "გაჩერებულები" ვიყავით და რეალურად, განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. მერე, როცა ნელ-ნელა უკვე სპექტაკლების განახლება, ახალი სპექტაკლების დადგმა აქტიურად დავიწყეთ, მთლიანად შემოქმედებით პროცესში ჩავერთე. ტელეშოუებშიც მიმიწვიეს, მაგრამ სულ ისე ემთხვეოდა, რომ წასასვლელად დროს ვერ ვპოულობდი.

- როგორც ვიცი, მეუღლეს დაშორდი...

- დიახ. დიდი ხანია, რაც დაშორებულები ვართ. შვილთან ერთად საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს.

- "ტიკ-ტოკზე" საკმაოდ აქტიურობ. ერთ-ერთ ვიდეოში მიანიშნე, თითქოს შენთვის დიდად სასიამოვნო არ არის, რომ ბავშვის გამო ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობა მაინც გიწევს. ეს რას ნიშნავს?

- ჩემთვის "ტიკ-ტოკი" მხოლოდ გასართობი სივრცეა. ყველა ვიდეო, რომელსაც იქ ვტვირთავ, მხოლოდ ტრენდის მიხედვით შექმნილი, უცხოელი ვლოგერებისგან გადმოღებულია. იქ ჩემს პირად ცხოვრებას, პირად მოსაზრებას არ ვასაჯაროებ. ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ჩემს რეალურ აზრს არც ერთი ვიდეო არ ასახავს. პირდაპირ გეტყვით: ყოფილ მეუღლესთან ძალიან კარგი, საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა მაქვს, რადგან საერთო შვილი გვყავს. რა თქმა უნდა, ბავშვისთვის ეს უმჯობესია.

- ვიდეოებს უსიამოვნო კომენტარებიც მოსდევს ხოლმე. ამაზე როგორ რეაგირებ, გარშემო მყოფებს როგორი რეაქცია აქვთ?

- უსიამოვნო კომენტარები ჩემზე ოდნავაც არ მოქმედებს, რადგან ვიცი, რას, რატომ ვაქვეყნებ და ამის მიღმა რა არის - რეალობაა ასახული თუ არა, ეს მხოლოდ მე ვიცი. ამიტომ, ვინ რას დამიწერს, ამასთან დაკავშირებით რამე პრობლემა რომ მქონდეს, საერთოდ არ ავტვირთავდი. ოჯახის წევრებს რაც შეეხებათ, ალბათ ყველაფრით ბედნიერები არ არიან, რასაც სოციალურ ქსელში ვტვირთავ, მაგრამ რას ვიზამთ? ზრდასრული ადამიანი ვარ - გადაწყვეტილებას მე ვიღებ და უწევთ შეეგუონ. თუმცა, ისეთს არაფერს ვაკეთებ, რომ ვინმესთვის ზედმეტად გამაღიზიანებელი იყოს.

- გაგვაცანი შენი შვილი.

- ლუკა 3 წლისა და 6 თვისაა. თავის ასაკთან შედარებით, დიდი ბავშვია. მხიარული, კეთილი, პოზიტიური, უსაყვარლესი პატარა ბიჭი გახლავთ (იღიმის).

img-0930-1643887624.jpeg

- თავს მარტოხელა დედად მიიჩნევ?

- ნამდვილად არა. ამ, ასე ვთქვათ, სტატუსს იმ ადამიანებს არ წავართმევ, რომლებიც მართლა გმირები არიან და რეალურად, საკუთარ შვილებზე ზრუნვა მარტოებს უწევთ. ამიტომ თავხედობად მიმაჩნია, ვთქვა, - მარტოხელა ვარ, ყველაფერს დამოუკიდებლად ვუმკლავდები-მეთქი. ჩემი ოჯახი მხარში მიდგას, მაქსიმალურად მამხნევებენ. რა თქმა უნდა, დამოუკიდებლადაც ბევრ რამეს გავუმკლავდი და ვუმკლავდები. ეს ზრდასრული ადამიანის ჩვეულებრივი ცხოვრებაა. ჩემი ყოფილი მეუღლეც შვილს მაქსიმალურად უდგას მხარში... მიმაჩნია, რომ საკმაოდ შემდგარი ვარ, ბედნიერი და წარმატებული ცხოვრება მაქვს. გამიმართლა, რადგან ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს და მყავს შვილი, რომელიც ძალიან მინდოდა, მყოლოდა (იღიმის).

- დედობის პასუხისმგებლობა როდის იგრძენი?

- რომ არ მოგატყუოთ, თავდაპირველად სრული შოკი მივიღე: ამხელა პასუხისმგებლობისთვის მზად არ ვიყავი. მერე ნელ-ნელა ეს პასუხისმგებლობა "მოვიდა". თან, დედობრივი ინსტინქტი, რომელიც მგონი, ყველა ქალს თანდაყოლილი გვაქვს, გამიმძაფრდა. თანდათან ჩემი შვილი გავიცანი, დავმეგობრდით, ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა...

- მასთან რამდენ დროს ატარებ?

- ბალეტს საკმაოდ ბევრი დრო სჭირდება. შეგნებული მქონდა, რომ ბავშვს ძირითადად ბებიებთან ყოფნა მოუწევდა. იმ მხრივ გამიმართლა, პანდემიის პერიოდში შინ ყოფნა დიდხანს მომიხდა. შესაბამისად, შვილთან ერთად, ბევრი დრო გავატარე.

- ორი ადამიანის განშორება უმეტესად, მაინც გულსატკენია. მეუღლესთან გაყრას როგორ გაუმკლავდი?

- ცხადია, გულსატკენია. ასე რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ეს უფრო უცნაური იქნებოდა... რა თქმა უნდა, განშორება გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ ამის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ მივიღე, როდესაც ეს ყველაფერი აბსოლუტურად გააზრებული მქონდა ანუ დაუფიქრებელი, სპონტანური ნაბიჯი არ გადამიდგამს. ამიტომ უკვე ზუსტად ვიცოდი, რაზეც მივდიოდი, რაც მელოდა... ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ განშორების გამო მქონდა რთული პერიოდი, რადგან საერთოდ, იმ დროს მსოფლიოში ვითარება ისეთი მძიმე იყო, მხოლოდ ჩემს პრობლემაზე ვერ ვიფიქრებდი - ასეთი ეგოისტი ვერ ვიქნებოდი (იღიმის)...

- ანუ განშორება თავად გადაწყვიტე?

- ასე გამოვიდა. ალბათ მე გადავწყვიტე, მაგრამ მასაც გავაგებინე. ასე ვთქვათ, მისთვის უცაბედი სიახლე არ ყოფილა.

- როგორ ფიქრობ, თქვენს ურთიერთობაში რა ვერ აეწყო?

- ეს მხოლოდ ჩემი პირადი ცხოვრება არაა - მისიცაა, ამიტომ რამის გამჟღავნების უფლება არ მაქვს და ამის გაკეთება სწორად არ მიმაჩნია, მაგრამ საერთოდ, ალბათ უმჯობესია, ადამიანთან ერთად ცოტა მეტი დრო გაატარო, რომ კიდევ უფრო უკეთ გაიცნო ისიც და საკუთარი თავიც მის გვერდით - რამდენად მზად ხარ ურთიერთობისთვის...

- თავისუფალი დრო გრჩება თუ მთლიანად შვილის მოვლასა და პროფესიულ საქმიანობაზე ხარ ორიენტირებული?

- ჩემი დროის 90% საქმეს და შვილს ეთმობა, რადგან კვირაში 6 დღე, დილიდან საღამომდე სპექტაკლები გვაქვს - რაც პანდემიის პერიოდში დაგვაკლდა, ვცდილობთ ავანაზღაუროთ. დარჩენილი მწირი დრო, ბუნებრივია, მინდა, მხოლოდ შვილთან ერთად გავატარო. შეიძლება ითქვას, რომ მეგობრები გადამემტერნენ, რადგან მათთვის დროის გამონახვას იშვიათად ვახერხებ (იცინის). ვცდილობ, მათთან ერთად, მაგალითად, კინოში წავიდე. ასევე, როგორც იცით, ტირით ვარ გატაცებული... ამჟამად, მთლიანად ბალეტზე ვარ გადართული: დეკემბერში ესპანეთში გასტროლი გვქონდა, იქაც "მაკნატუნა" "წავიღეთ". აბსოლუტურად ყველა ბილეთი გაიყიდა. მაყურებელი საოცარი ოვაციებით გვხვდებოდა, რაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნო იყო... პანდემიის შემდეგ საზღვარგარეთ პირველად გავედით - თითქმის 2 წელი არსად ვყოფილვართ. მარტში გასტროლი კიდევ იგეგმება... მოკლედ, სახელმწიფო ბალეტს დიდი გეგმები აქვს - წარმატება გვისურვეთ (იღიმის)...

- წარმატებას და მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ!..

ეთო ყორღანაშვილი