"ადამიანები ცხოვრებაში გაცილებით მეტს იტყუებიან, ვიდრე მსახიობები სცენაზე" - გზაპრესი

"ადამიანები ცხოვრებაში გაცილებით მეტს იტყუებიან, ვიდრე მსახიობები სცენაზე"

საუბრის განმავლობაში არაერთხელ გამიჩნდა განცდა, რომ ერთი მსახიობის თეატრს ვესწრებოდი, იმდენად არტისტული და ემოციური რესპონდენტია ბექნუ ქაფიანიძე. ამავე დროს, ძალიან უშუალო და გულწრფელი.

- „ბავშვობა მხოლოდ მაშინ აჩენს სინანულის გრძნობას, როცა კარგა ხნის დამთავრებულია იგი“ (ოთარ ჭილაძე).

- ალბათ კარგა ხნის დამთავრებული როდესაც არის, მაშინ უკეთესად გაქვს გაანალიზებული და ამიტომაც. ბავშვობა იმხელა ბედნიერება და აღტაცებაა, იმხელა წყაროა სიყვარულისა, სამყაროს შემეცნებისა, რომ წლების შემდეგ ეს ყველაფერი გენატრება. თანაც გენანება ამ ემოციების წარსულად აღქმა. მე ბედნიერი ბავშვობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად ბევრი რამ მაკლდა. ჩვენი ოჯახიც ჩვეულებრივად ცხოვრობდა, არავისზე მეტი არ გვქონდა, ნაკლები კი - შეიძლება...

- „მამა შვილის მიმართ ყოველთვის რესპუბლიკელია, დედა კი ყოველთვის დემოკრატი“ (რობერტ ფროსტი).

- ეს უფრო ინდივიდუალური მგონია. ჩვენს ოჯახში მთავარი შვილების ეროვნული შეგნების ამაღლება იყო, როგორც მამის, ისე დედის მხრიდან. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია თქმა, რომ ქვეყნის სიყვარული იყო ძირითადი ღირებულება, რომლის გონებაში ჩაბეჭდვასაც ცდილობდნენ, ყოველგვარი ურა-პატრიოტიზმის გარეშე. მათი მსოფლმხედველობა გაჯერებული იყო ეროვნულობითა და სამშობლოს სიყვარულით. მე ჯერჯერობით ვერც კი შევედრები მათ, როგორც მშობელი...

- „ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორით კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან“ (ნოდარ დუმბაძე).

- განა შეიძლება, ამ სიტყვებს რამე დავამატო? სამშობლო - „ენა, მამული, სარწმუნოება“ - ამ სამებაში გაერთიანებული ცნებაა, რომელსაც მთელი ცხოვრება უნდა ემსახურო და რაც არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს! სამშობლო ადამიანებია, სწორედ ადამიანია უპირატესი. დღეს კი, სამწუხაროდ, მოგვაკლდა იმის შეგნება, რომ ერთმანეთისთვის ვარსებობთ; რომ ერთმანეთი კი არ უნდა ვძიძგნოთ, პირიქით, ერთმანეთით და ერთმანეთისთვის უნდა ვიცხოვროთ! არ ვიცი, რატომ და როგორ, მაგრამ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი საქილიკო თემად გადავაქციეთ. ეს უგუნურებაა და ვერშეშნობაა იმ სიდიადისა, რაც გვაქვს. ღირსეულად ვერ ვატარეთ ის, რისი მოხდენაც გემოვნებიანად შეგვეძლო, ამან მიგვიყვანა ასეთ შედეგებამდე. როგორ შეიძლება, პატრიოტიზმი იყოს საქილიკო ან საერთოდ, ვინ მოგვცა ამის უფლება?! ჩვენ სიყვარული დაგვაკლდა, რაც ყველაზე მთავარია და სწორედ ეს არის მიზეზი ბევრი რამისა. ეს ქილიკიც არცოდნისა და ნაკლები სიყვარულის ბრალია, ჩემი აზრით. თუ თხემით ტერფამდე გიყვარს შენი ქვეყანა და ხალხი, მაშინ მოიხდენ შენს ისტორიას, ტრადიციებს, ქვეყანასაც გამოადგები და იმ ადამიანებსაც, რომლებიც შენ გვერდით არიან. სამშობლო შენი ოჯახია, მეზობელია, სოფელია, უბანია და მიწა-წყალია, სადაც ნებისმიერ კუთხეში ისე გრძნობ თავს, თითქოს საკუთარ სახლში ხარ. ტრადიციებში მხოლოდ ნაკლოვანების ძიება არასწორია. თუ რაღაც არ მოგწონს და ზედმეტია, კი ბატონო, დიდი სიფრთხილით გასწიე გვერდით, მაგრამ რაც ფასეულია, მას ხელი ჩაავლე და იამაყე იმით, რაც საუკუნეების მიღმა იყო...

- „კარგი მეგობრები, შესანიშნავი წიგნები და სუფთა სინდისი – აი, იდეალური ცხოვრება“ (მარკ ტვენი).

- არაჩვეულებრივი სიტყვებია. მხოლოდ იმას დავამატებდი, რომ იდეალური ცხოვრებისთვის კარგი იქნება, გქონდეს ნება და შესაძლებლობა ადამიანების საკეთილდღეოდ, მათთვის ბედნიერებისა და სიხარულის მოსატანად. აღარაფერს ვამბობ ოჯახზე, ეს უმთავრესია.

- „მე მიყვარს მსახიობობა. ეს გაცილებით რეალურია, ვიდრე ცხოვრება“ (ოსკარ უაილდი).

- აბსოლუტურად ვეთანხმები და გეტყვით, რატომ. რატომღაც ჰგონიათ, რომ მსახიობი მუდმივად არარეალურ, გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს, რომ არ მოსწონს რეალური ცხოვრება და მას შეუძლია მოიტყუოს. ასე არ არის. ადამიანები ცხოვრებაში გაცილებით მეტს იტყუებიან, ვიდრე მსახიობები სცენაზე. მსახიობი თვეების განმავლობაში რეპეტიციებზე აკეთებს მაქსიმუმს, რათა მისი სიტყვა თუ საქციელი სცენაზე მართალი იყოს, სიმართლეს ემსახურება. რაც უნდა დილეტანტი იყოს მაყურებელი, კარგად ხვდება, ვინ არის ყალბი და ვინ - ნაღდი.

- „პოეზია მუსიკაა სულისა“ (ვოლტერი).

- როგორ შეიძლება საპირისპირო აზრი ჰქონდეს ადამიანს, რომელიც პოეზიას ეტრფის? მან ხომ თქვა, პოეზია მუსიკაა სულისო, მე ვიტყოდი, რომ სულის ჰარმონიაა, მალამოსავით არის. სადღაც 9 მთას იქით ვიღაცის დაწერილი ლექსი შენს გუნება-განწყობაზე რომ მოქმედებს, შენი ტკივილისა და სიხარულის თანაზიარი რომ ხდება, გაძლევს უდიდეს ძალასა და ენერგიას, ეს ხომ საოცარია... ძალიან მიყვარს პოეზია, სულის საზრდოა და ვცდილობ, როგორც ვგრძნობ და რა ზემოქმედებასაც ახდენს ჩემზე ლექსი, ეს სწორად გადმოვცე. სხვათა შორის, ძალიან ვფრთხილობდი და ვფრთხილობ, რადგან შეიძლება, შენებურად გააზრებული სხვისთვის მისაღები არ იყოს. ბევრი ადამიანისთვის ჩემი წაკითხული ლექსები სასიამოვნო და გულში ჩამწვდომი აღმოჩნდა, ამიტომ მივეცი თავს უფლება, პოეზიის საშუალებით გამომეხატა ემოციები. მიხარია, რომ ჩემებურად გააზრებული და წაკითხული ასე მოსწონს მსმენელს. არ ვარ პოპულისტი და ამას არ ვაკეთებ პოპულიზმის გამო - შემეძლო, მხოლოდ საკუთარ თავთან ახლოს მქონოდა ლექსები, მაგრამ რაკი სხვებსაც მალამოსავით მოედოთ გულზე, რამდენჯერმე გავბედე და წავიკითხე. როგორც კი მივხვდები, რომ აღარ მოსწონთ, აღიზიანებთ ან ზედმეტად გადაპრანჭულია, შევწყვეტ და დავრჩებით კვლავ მე და ჩემი ლექსები.

- „ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში. ამიტომ სჭირდება ქალი – ყველაზე სახიფათო სათამაშო“ (ფრიდრიხ ნიცშე).

- როგორ შეიძლება, ნიცშეს არ დავეთანხმო, მაგრამ სახიფათო სათამაშოზე მეტად, მე არსებობის წყაროს უფრო დავარქმევდი ქალს. იმდენად სასიკეთოდ ცვლის მამაკაცის ყოფასა და გუნება-განწყობას, იმდენად გვმატებს ჭიდილისა და ბრძოლის უნარს, რომ მეტი ეპითეტით შევამკობდი. ქალი არის მაცოცხლებელი ძალა მამაკაცისთვის და თუ გვერდით არ გყავს ან გონებაში არ არსებობს ის, ვისთვისაც ცხოვრობ, ჩამქრალი იქნები. ქალი საოცრებაა, მაცოცხლებელი ძალა, საყრდენია, ცხოვრების სტიმული, რა ვთქვა მეტი?.. ქალის გარეშე წყალსაც წაუღია ყველაფერი ამ ქვეყანაზე.

- „კაცები მოწყენილობის გამო ქორწინდებიან, ქალებს ინტერესი აწუხებთ, ბოლოს კი ორივე იმედგაცრუებული რჩება“ (ოსკარ უაილდი).

- ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები. პრობლემა მერე ჩნდება, როდესაც დიდი სიყვარულის შემდეგ გრძნობების გადათამაშება ხდება, შეიძლება, ცოტა გადასხვაფერდეს კიდეც. სიყვარული ტრანსფორმაციას განიცდის, დროთა განმავლობაში წყვილს შორის უამრავი პრობლემა ჩნდება, რის გამოც შეიძლება გრძნობები გაცივდეს. ამ დროს მოწოდების სიმაღლეზე უნდა დადგე. ეს არის ეტაპობრივი ბარიერები, ცოლ-ქმრის ურთიერთობაში გარდატეხის პერიოდი დგება და ორივე ღირსეულად უნდა გაუმკლავდეს.

- „ცხოვრება გვასწავლის, რომ საკუთარ მეწყვილეს გავიცნობთ, როცა დავშორდებით; საკუთარ ძმებს გავიცნობთ, როცა მემკვიდრეობას გავიყოფთ; საკუთარ შვილებს - როცა დავბერდებით; საკუთარ მეგობრებს - განსაცდელის ჟამს, ხოლო იდიოტებს - არჩევნების დროს“ (ებრაული სიბრძნე).

- წარმოშობით რაჭიდან ვარ, სადაც ბევრი ებრაელი ცხოვრობს და ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს, უჭკვიანესი ხალხია, მაგრამ დავიტოვებ უფლებას და არ დავეთანხმები ამ სიტყვებს. აი, ბოლო საკითხი კი დასაფიქრებელია... მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ადამიანები ტყუილს იოლად იღებენ ჩვენს ქვეყანაში - ან იმიტომ ვენდობით, რომ გვინდა, რაღაც შეიცვალოს და ვცდებით, ან იმიტომ, რომ განათლების დონე გვაკლია. კარგი იქნება, ვისწავლოთ ადამიანების შეცნობა, ვინ მტყუანია და ვინ მართალი, ამის გარჩევა. ჩვენზე მეტად დამნაშავე ის არის, ვინც გვატყუებს. მამა იტყოდა ხოლმე, როდესაც ამხელა უნდობლობა არსებობს საზოგადოებაში, ხელისუფლება უნდა ეცადოს, თავისი საქმის პროფესიონალი, ღირსეული ადამიანები დაიყენოს გვერდით და მათ დაეყრდნოსო. ხშირად ეკითხებოდნენ, ვის შეიძლება ვენდოთ, ვის დავეყრდნოთო და ამაზე გიჟდებოდა, შენს სამშობლოში ჭკვიანი და დასაყრდენი კაცი თუ ვერ ნახე, ეს უკვე შენი ბრალიაო. ხელისუფლების ვალდებულებაა, მოძებნოს ასეთი ადამიანები.

116583472-10158709878820984-3424955036433262303-n-copy-1643887793.jpg

- „ფული არ გაგაბედნიერებთ. მე ახლა 50 მილიონი მაქვს და ზუსტად ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორიც როცა 48 მილიონი მქონდა“ (არნოლდ შვარცენეგერი).

- როგორც მახსოვს, ყმაწვილკაცობიდან წარმატებული ცხოვრება აქვს და რატომაც არ დაასკვნის?!. მე არამატერიალისტი ვარ. როგორ შეიძლება ფული ბედნიერების მიზეზი იყოს? განა არ გინახავთ მდიდარი და უბედური ან ღარიბი, მაგრამ ბედნიერი თავისი ოჯახის, შვილების, მეგობრების სიყვარულით? ფულმა დაღუპა ადამიანები, მაგრამ შეგიძლია მისი საშუალებით სხვებისთვის ცხოვრების შეცვლა. თუ შენთვის ბედნიერების მიზეზი სხვისი დახმარებაა, მაშინ ფული ამის შესაძლებლობას გაძლევს. მთავარია, როგორ გამოიყენებ. როდესაც კარგ საქმეს ვაკეთებ ადამიანებისთვის და მათ თვალებში ვარსკვლავებს ვხედავ, ეს მაბედნიერებს, გადაჭარბების გარეშე ვამბობ.

- „არაფერი ინანო! - აი, ეს არის ყოველგვარი სიბრძნის სათავე“ (ბიორნე).

- არაფერი ინანო, რადგან ეს შენ დაგანგრევს, კიდევ მესმის, მაგრამ დაუშვა შეცდომები და არ ინანო, ასე ცხოვრება ჩემთვის წარმოუდგენელია. თუ განიცადე შენი შეცდომილი ნაბიჯი, ესე იგი, ლოგიკურად სინანულში გადადიხარ. გვემაში გადასული სინანული შემოქმედებითობის, არსებობის საშუალებას გისპობს და ასეთ სინანულს არ ვგულისხმობ, მაგრამ შეცდომის გააზრება ნამდვილად ბევრ არასწორ ნაბიჯს აგარიდებს.

- „და სადაც სიყვარულია, იქ სიწმინდეა, ღმერთია“ (აკაკი წერეთელი).

- დიდება უფალს, სიყვარულით სავსე გვატაროს ადამიანები - ჩემი ყველაზე დიდი თხოვნა უფალთან სწორედ ეს არის!

ნინო ჯავახიშვილი